"მე გამიგებენ, ალბათ ასე - სამას წლის მერე..." - გზაპრესი

"მე გამიგებენ, ალბათ ასე - სამას წლის მერე..."

ამ პოეტს საზოგადოება ბარსელის ფსევდონიმით იცნობს. ხშირად ეძალება ფიქრი ამაოებაზე, მისი პოეზია გროტესკია, ლაბირინთია, შინაგანი მდგომარეობის ამოძახილია, სადაც ყოველთვის იგრძნობა მუსიკა. 10 პოეტური კრებულის ავტორი, წიგნებს საკუთარ "შვილებს" უწოდებს. უმეტესად წერს მაშინ, როცა უჟმურ ხასიათზეა, მაგრამ მისი ხასიათი ლექსებში არ იგრძნობა. რა ესმის საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად, აქვს თუ არა განცდა, რომ ადამიანებს მისი არ ესმით, როდის ჯიუტდება, რა დროს რისკავს, რომელმა ცნობილმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ მოახდინა მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? - ამ ყველაფერს ბარსელის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 22 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ძალიან ჭკვიანი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ უჟმური.

- ვნანობ...

- ...იმაზე მეტი რომ არ ვიცი, ვიდრე დღეს ვიცი - ეს ჩემი ყველაზე დიდი სინანულია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტე მაქვს, მაგრამ ხასიათში ამ სისუსტეებთან ერთად, ბევრ სიძლიერესაც ვხედავ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიღებ მშვიდად, თავში არაფერი მივარდება. უხერხულობის განცდა მაქვს თუ არა? როცა მაქებენ, ძირითად შემთხვევაში არ ესმით, რას ამბობენ. მე რატომ უნდა ჩავვარდე უხერხულ მდგომარეობაში? მას გაცნობიერებული არ აქვს, რას ამბობს, ვუთვლი წყლის ნაყვაში და არა - კომპლიმენტში.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...მოვინდომებ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ბევრი კარგი საქციელით თუ დავფარავ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...დიდი გამოცდილება მივიღე. ვითომ ვისწავლე, რომ ის შეცდომა მეორედ აღარ უნდა გავიმეორო, ერთ დროს რომ დავუშვი და მძაფრად განვიცადე.

- ბოლოს თვალზე ცრემლი მომადგა...

- ...რამდენიმე დღის წინ. სენტიმენტალური ვარ, ცრემლი ჩემს თვალზე წარმოუდგენელი და ძალიან იშვიათი არ არის. შეიძლება ეს წერის დროსაც მოხდეს. ხშირად ხდება, როცა ვიხსენებ ბავშვობას, ჩემს ეზოს, საკუთარ თავს იმ ეზოში... საოცარი ემოციებია, სულ მინდა დავაბრუნო, მაგრამ... ამ წუთში, ამ გონებით, ამ გადასახედიდან ვხვდები, როგორი მდიდარი ბავშვობა მქონდა. ის პატარა ბიჭი როგორ უცნაურად აღვიქვამდი სამყაროს. ვაცნობიერებ, როგორი უჩვეულო მქონდა განცდები, დაკვირვებები, ინტერესები...

- ვიბნევი, როცა...

- ...ვიძაბები.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...აფექტური ვარ, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა უცხო რამ არ არის. რადიკალი ვარ - ან ცივი გახლავართ, ან ძალიან ცხელი. შეიძლება ოკეანე მოვითმინო და წვეთმა გამამხეცოს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იერუსალიმში, გოლგოთის მთაზე და იქ ის ტაძარი არ იდგეს. ვფიქრობ, ამ ადგილზე ტაძარი არ უნდა აშენებულიყო. უფრო მეტი საშუალება იქნებოდა, ადამიანებს იმ მთაზე ასვლით განეცადათ ის სასწაული, რაც მოხდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ახლო მომავალში იერუსალიმში წავიდე და შესაძლოა, ჩემს წარმოდგენაში ის ტაძარი გავაქრო.

- სიყვარული ეს...

- ...არის შემწყნარებლობა, სიბრძნე, თავისუფლება, სიყვარული... ღმერთი არის ძლიერი თანაბრად, მოსიყვარულე - თანაბრად, ბრძენი - თანაბრად. ეს ყველაფერი განუყოფელია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ერთი ციდა ვიყავი, ბაღის პერიოდი უნდა გავიხსენო. საოცარი განცდები მქონდა, ყველაფერი ნათლად მახსოვს. ახლა რატომღაც "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" გამახსენდა. როცა იმ ადამიანს ვხედავდი, მიწა მეცლებოდა. გაოცებული ვარ, იმ პატარა ასაკში მსგავსი განცდები და დამოკიდებულება როგორ მქონდა. ემოციას არც გადაუვლია, მთელი ცხოვრება მახსოვს.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? სულ შეყვარებული ვარ. ვიცი, ეს ტრაფარეტული პასუხია, მაგრამ ასეა. ჩემი საყვარელი ფრაზაა: "მე სიყვარული შემიძლია იმდენად, რამდენადაც..." ეს უნივერსალური ფრაზაა, ბევრნაირად შეიძლება გამოიყენო. მაგალითად, მე ბოროტი ვარ, იმდენად, რამდენადაც... მე კეთილი ვარ, იმდენად, რამდენადაც... ჩვენ ხომ ვერ ვწონით, რამდენად გვიყვარს, რამდენად ბრძენნი ან რამდენად კეთილები ვართ.

- ვრისკავ, როცა...

- ...რისკი ჩემი მეგობარია. ვცდილობ, უაზრო რისკი არ გავწიო. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, გადავმხტარვარ და ნაბიჯზე მერე დავფიქრებულვარ. ეს არასწორია, განგებას რატომ ცდი? რატომ ცდი ბედისწერას?

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ასეთი გულწრფელობაც არ შეიძლება. რომ წაიკითხავენ, ალბათ ღიმილი მოერევათ. ზოგჯერ მსაყვედურობენ, რომ ვარ ძალიან ცივი და უგულო, არ ვიცი მოკითხვა...

- ამ დროს მე...

- ...მეცინება. არავინ მავიწყდება. ამ წუთში, ბევრი ისეთი ადამიანიც კი მახსოვს, თავად რომ ვერ წამოუდგენიათ.

- განცდა, რომ ადამიანებს ჩემი არ ესმით...

- ...ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაქვს. დღეს რომ მოვდიოდი, მაგაზე ვფიქრობდი, აქედან რომ წავალ - ამაზე ვიფიქრებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...თვითმფრინავიდან არ ჩამოვიდოდი, დედამიწას შემოვივლიდი. ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი. ამ ქვეყანაში რას გავაკეთებდი? ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნიდი, დიდ ხელფასს გადავუხდიდი ადამიანებს, რომლებიც ამ ქალაქს, მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქალაქად აქცევდნენ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ძალიან ბევრ რამეს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ.

- თავისუფლება არის...

- ...შტაინერის სიტყვებს ვიტყვი, რომელიც უკვე ჩემია: "იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც ვართ თავისუფალნი". საოცარი გამონათქვამია, შეგვიძლია შევაბრუნოთ და ვთქვათ, - იმდენად ვართ თავისუფალნი, რამდენადაც ვართ ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ვართ ცხოველები. ტანსაცმელი რომ გვაცვია, ეს არაფერს ცვლის.

- როცა მარტო ვარ...

- ...ჩემი ფიქრების სიმძაფრე და მასშტაბი გაცილებით სხვა სფეროა და დიდია. პერიოდულად მიჩნდება განმარტოების სურვილი. მარტო ხშირად ვარ.

- ბედისწერა...

- ...რა თქმა უნდა, არსებობს. დედამიწას აქვს ბედისწერა და ადამიანი რატომ უარყოფს, მიკვირს. იესო ნაზარეველს ჰქონდა ბედისწერა, ჩვეულებრივი ადამიანი რა გამონაკლისია?!

- ინტუიცია...

- ...ძალიან კარგი მაქვს. ვფიქრობ, ადამიანმა ინტუიცია აზრებისა და სიღრმეების წვდომაში უნდა გამოიყენოს. მე ეს კარგად გამომდის.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...არასწორ დასკვნებსა და შეხედულებებს სიმართლედ ასაღებენ და მეუბნებიან, რომ მე ვცდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მთელი სახარება ჩემთვის დარიგებაა. სახარება არასოდეს დამავიწყდება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მუსიკოსი. მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, პოეზიაშიც ხომ მუსიკაა. ყველაზე უზენაესია პოეზია, მერე მუსიკა და შემდეგ - მხატვრობა. ძალიან მინდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი, მაგრამ ყველაფერი ისე არ აეწყობა ხოლმე, როგორც გვინდა. მინდა, კარგად ვფლობდე როიალს, ჩელოს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...შტაინერი. მან ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

- წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი...

- ასეთი ბევრია, მაგრამ ერთი განსაკუთრებულია, ეს შექსპირის სონეტებია. რომ არ დაეწერა, მე დავწერდი.

- ჩემი პირველი კრებული...

- ...ძალიან სუსტია... აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, პირველი კრებულის შესახებ მკითხავდი.

- ჩემი ბოლო კრებული...

- ...მხეცია.

- სტროფი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს...

- "...დავიღალე, აღარც დაღლა აღარ მშველის,/ აღარ ვაქცევ ყურადღებას აღარც სიკვდილს,/ ყველაფერი ავიკრძალე - არაფერში,/ არაფერი - ყველაფერში აღარ მიკვირს..."

ამაოებაზე ბევრს ვფიქრობ. ადამიანები რისთვის ირჯებიან? რისთვის იბადებიან? ეს ლექსი ვენის ცენტრალურ ქუჩაზე ყოფნისას დავწერე. იქ საოცარი ტაძარია, გარშემო ბევრი ტურისტი ირეოდა. ხალხის სიმრავლის გამო, ამაოებაზე ფიქრი მომეძალა. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და დავწერე. ეს ჩემი პოეზიის ერთ-ერთი ძლიერი ცხოვრებისეული დასკვნაა, მასში გროტესკია, ლაბირინთია, აქტუალური ამოძახილია. მიდი და გაიგე, - "არაფერში" და "ყველაფერში" რა იგულისხმება. ეს მატერიკული სივრცის აიწონა-დაიწონაა.

- დაბოლოს, გეტყვით:

- "...მე გამიგებენ, ალბათ ასე - სამას წლის მერე..."

თამუნა კვინიკაძე