"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი - გზაპრესი

"ვამბობდი: 2 შვილი მყავს, არ უნდა მოვკვდე-მეთქი" - ხალისიანი შშმ პირის საოცარი ოპტიმიზმი

ავარიის შემდეგ ბევრი რამის სწავლა თავიდან მოუხდა. მარტოხელა დედა იყო, 2 შვილი ჰყავდა მოსავლელი და ცდილობდა დამოუკიდებლად, ცალი ხელით გაეკეთებინა ყველაფერი. დარწმუნდა, რომ თურმე, ყველანაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, ბოლო 2 წლის მანძილზე ფიზიკურსა თუ სულიერ ტკივილებს როგორ მოერია და გადარჩა... მოინდომა და ყველა სირთულე დაამარცხა...

უამრავი პრობლემა აქვს- ვერ შოულობს სამსახურს; ყოველი თვის ბოლოს ფიქრობს, როგორ გადაიხადოს ბინის ქირა; არ იცის, მეორე დღეს რითი იარსებოს, მაგრამ არასდროს წუწუნებს.- უბედურებაზე ადვილი არაფერია. ბევრი მიზეზი მაქვს, ცუდად რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ "ხელმეორედ დაბადებულმა" სიცოცხლის მშვენიერება მთელი ძალით შევიგრძნო. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გჯეროდეს და გწამდესო,- ამბობს 34 წლის შშმ პირი სალომე გოგეშვილი, რომელსაც ახლოს თუ გაიცნობ, საკუთარ შეუზღუდავ შესაძლებლობებში უფრო შეგეპარება ეჭვი ადამიანს.

- ბედის სამდურავი როგორ არ წამომცდენია, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უფალმა უკეთესად იცის, ვის მოუვლინოს განსაცდელი. ჩემმა მდგომარეობამ მართალია, მიწაზე დამანარცხა, მაგრამ მომცა განვითარების მეტი შესაძლებლობა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ახალი გზები მაჩვენა. ადრე სულ სხვანაირი ვიყავი. მარტივად მწყინდა, მერე ამ წყენას გულში ვიდებდი და ადვილად ვერ ვპატიობდი შეცდომებს. ახლა, როდესაც ადამიანები ცუდად იქცევიან, ძველებურად სამდურავს კი არ ვეუბნები მათ, არამედ ვცდილობ, გავიგო მიზეზი, რატომ მატკინეს გული და რატომ არ შეეძლოთ უკეთესად მოქცევა. მე შემიძლია სიბნელეში სინათლე შევიტანო! მე ეს შემიძლია და მგონია, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გაფანტო სიბნელე.

- მომიყევი, როგორ ცხოვრობდი ავარიამდე?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მართლაც უდარდელი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვმღეროდი, გამოვდიოდი კონცერტებზე, სილამაზის კონკურსებში ვმონაწილეობდი. არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა მყავდა. მათი დამსახურებაა, ჩემში ამდენი სიყვარული რომ არის. მეცხრე კლასის დასრულებისთანავე ჩავაბარე კონსერვატორიის ათწლედში, ვოკალის განხრით და იმ წელს გავთხოვდი კიდეც- მომიტაცეს. ჩემი ქმარი მაშინ 16 წლის იყო, მე- 14-ის. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ბავშვი უცებ, ქალად ვიქეცი და ოჯახური ცხოვრება დავიწყე. მომწონდა კიდეც სახლში ფუსფუსი და მიხაროდა, სადილების მომზადებას რომ ვსწავლობდი. 16 წლისას შემეძინა მარიამი. ვერაფერს შევადარებ დედობას, ეს საოცარი გრძნობაა... ახლა მარიამი 18 წლისაა, დავსხდებით ხოლმე და ერთად ვგეგმავთ ყველაფერს, როგორც მეგობრები. მეორე გოგონა, სოფიო კი 11 წლისაა.

- სწავლა აღარ გაგიგრძელებია, არა?

- ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ იმაზე ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებდი. დამაინტერესა ფსიქოლოგიამ. მაშინ ინტერნეტი არ იყო და თუკი სადმე რამეს მოვიძიებდი, ყველაფერს ვკითხულობდი. დავდიოდი ტრენინგებზეც. მთელი ცხოვრება თითქოს, რაღაც ჩარჩოებს ვუწესებდი საკუთარ თავს. ახლა ვერ ვხვდები, რატომ მქონდა ასეთი განწყობა. მერე სოციოლოგიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა ინტერვიუერად. დამაინტერესა ადამიანის ტიპაჟმა. იმ პერიოდში ვნახე ფილმი "საიდუმლო", რომელმაც ჩემი ცნობიერება შეცვალა. ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ფიქრებს ჩვენი მომავლის შეცვლა, ანუ პოზიტიური აზროვნება რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ განსაზღვრავს იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება... ბევრს უთქვამს: შენ რატომ დაგემართა ეს ამბავი? შენ არ უნდა დაგმართოდა... რა ვიცი, ალბათ, რომ არა ეს ტრაგიკული შემთხვევა, არ ვიქნებოდი ისეთი სალომე, როგორიც დღეს ვარ- ასეთი ძლიერი, თავდაჯერებული. ადრე ბევრი კომპლექსი მქონდა- ვიხედებოდი სარკეში და საკუთარი თავი არ მომწონდა: არც სახე, არც ტანი, არც ფეხი... აი, ახლა კი ვფიქრობ, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ღმერთმა ჩამიფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაწილი მაკლია.

- მტკივნეული იქნება კიდევ ერთხელ იმ დღის გახსენება...

- 2015 წლის 15 აგვისტოს მოხდა ეს ამბავი. სამსახურიდან წამოვედი, ბავშვებისთვის რაიონში ტკბილეული უნდა გამეგზავნა. ნაწვიმარი იყო და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ღვედი არ მეკეთა და ამან გადამარჩინა, დარტყმისას მძღოლის მხარეს გადავვარდი, თორემ მარტო ხელს კი არ წამაცლიდა, რკინის ჯებირი ალბათ პირდაპირ გამჭრიდა შუაზე. ინსტინქტურად ავწიე მარჯვენა ხელი, რომ სახეზე ამეფარებინა, მაგრამ... მახსოვს, თავი რომ ავწიე, რაღაც ბურუსში ვიყავი, ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, თუმცა ვხვდებოდი, რაღაც საშინელება მოხდა. ვიღაც უცნობი მამშვიდებდა: ნუ გეშინია, გადაგარჩენთო და მე ვეუბნებოდი: არ უნდა მოვკვდე, 2 შვილი მყავს-მეთქი. ადამიანის სახეებს ვერ ვარჩევდი, მხოლოდ ყვირილი მესმოდა. ისეთი საშინელი დასანახავი ვიყავი, ვერავინ მეკარებოდა. მერე ერთმა ბიჭმა მაისური გაიხადა და ხელზე შემომიჭირა. "სასწრაფო" მანქანაში სახელი, გვარი და სისხლის ჯგუფიც კი ვუთხარი, მერე კი გავითიშე. მახსოვს, ჯერ ნაცრისფერი გახდა ყველაფერი და რაღაცნაირი საოცარი სითბო ვიგრძენი, მერე სიბნელე იყო... თვალები რომ გავახილე, უამრავი თეთრხალათიანი დავინახე. ფეხებს ვგრძნობდი, მარცხენა ხელსაც ვამოძრავებდი, თითქოს მეორესაც, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ იყო... ჯერ კიდევ ნარკოზით გაბრუებულს მესმოდა სიტყვები: ამპუტაცია, ამპუტირებული. ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ექთანს ვანიშნე, პირიდან ეს აპარატი ამომიღე-მეთქი.- ხელი აღარ მაქვს?- ეს იყო ჩემი პირველი შეკითხვა. ექიმი მომეფერა და დამაიმედა: ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, გადარჩი, მკვდარი გაგაცოცხლეთო. რეანიმაციიდან პალატაში რომ გადამიყვანეს და ჩემები სანახავად მოდიოდნენ, ყველა ჩუმ-ჩუმად ტიროდა და შეშინებულები მიყურებდნენ. არ დამიჯერებთ, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გადავრჩი! ხომ ვიგრძენი, როგორ ვტოვებდი აქაურობას... მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა და მივხვდი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი...

- მორჩა, დამთავრდა ყველაფერიო,- ერთხელ მაინც არ დაგეუფლა ასეთი სასოწარკვეთილება?

- როგორ არა! მახსოვს, პალატაში ჩემი მეგობარი შემოვიდა და ხელი ჩამჭიდა.- ასეთი აღარავის დავჭირდები და აღარავის ვეყვარები-მეთქი,- შევჩივლე. ვიგულისხმე მშობლები, შვილები, დედმამიშვილები. ვფიქრობდი, ზედმეტი ტვირთი ვიქნები-მეთქი ყველასთვის. ჩემი ხომ გჯერაო?- მკითხა. მჯერა-მეთქი.- ჰოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. იმ წუთში საოცარი ძალა მომცა მისმა სიტყვებმა... საავადმყოფოში მნახველებს თავად ვამხნევებდი. არ შემეძლო გაუთავებელი ტირილი და გოდება. დაბინტულ მკლავზე გარედან სმაილიკი მივიხატე მარკერით და ყველას ვეუბნებოდი, ჩემს ხელს პოზიტურად შეხედეთ. გაიღიმეთ-მეთქი. პირველად რომ დამოუკიდებლად შევედი სააბაზანოში, პალატაში წავიცეკვე კიდეც სიხარულის ნიშნად. ფაქტობრივად, სიცოცხლის მეორე შანსი მომეცა, მეორედ დავიბადე და აბა, რა უფლება მქონდა, ყურები ჩამომეყარა? შინაგანი ტრანსფორმაცია განვიცადე, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. სულ სხვანაირი, ახალი სალომე გავხდი.

- რა განსხვავებაა ძველსა და ახალ სალომეს შორის?

- ძველი სალომე მოსაწყენი და უჟმური გოგო იყო (იცინის), ახლანდელი კი ძალიან მხიარული და პოზიტიურია, მთელი სამყარო უყვარს! მინდა ყველას ჩავეხუტო; სურვილი მაქვს, ადამიანებს გულები უფრო მეტად გაუთბეთ ერთმანეთის მიმართ. მთელი დღის მანძილზე ერთი ადამიანი მაინც რომ გავაღიმოთ, უკვე კარგია. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება სამყარო, ასე რომ მოვიქცეთ. ამ სიყვარულს ბევრი ვერც იგებს. მომდის ნეგატიური წერილებიც. მსაყვედურობენ,- შენი პოსტები და ბედნიერება გულწრფელი არ არის, ასეთი ნაკლი გაქვს და როგორ შეიძლება, ბედნიერი იყოო? ან კიდევ,- ვიცით, რომ არც სახლი გაქვს, არც სამსახური და მაინც, რატომ ხარ ბედნიერიო? ეს ამბავი ბევრ რამეზე მაფიქრებს. ნუთუ, მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა განსაზღვრავს ჩვენს განწყობასა და ბედნიერებას? იმის გამო, რომ ფული არ მაქვს და რაღაც მაკლია, განწყობას ვერ გავიფუჭებ, ვერც თვითგვემას მივეცემი და ვერც უბედური გავხდები. როდესაც უამრავი მიზეზი მაქვს ბედნიერებისთვის, რატომ ავირჩიო უბედურება ცხოვრების წესად? თქვენც და სხვა ადამიანებსაც ვურჩევ, აწარმოონ მადლიერების დღიური და ყოველ საღამოს გაიხსენონ, რისთვის არიან დღევანდელი დღის მადლიერები... როდესაც ამ ჩანაწერებს გადახედავ, მიხვდები, რამდენი მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო. ამ ავარიამ მომცა შანსი დამენახა, რომ ბევრად ძლიერი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. შენ წარმოიდგინე, შემომთავაზეს საზღვარგარეთ ხელის პროთეზის გაკეთება და უარი ვთქვი. იმდენად ბედნიერი ვარ შინაგანად და იმდენად კარგად ვგრძნობ თავს, რომ არ მესმის, რატომ "ჩამოვიკიდო" მხოლოდ ეს პროთეზი, რისთვის მჭირდება?

- ალბათ იმისთვის, რომ უფრო გაგიადვილდეს ყოველდღიურობა...

- (იცინის) მე გურული ვარ, საკმაოდ სწრაფი და ერთი ხელითაც ძალიან კარგად ვასწრებ ყველაფერს. სად მაქვს იმდენი მოთმინება, რომ პროთეზიანი ხელი ნელა ვამოძრაო? თავიდან ვფიქრობდი, თუ პროთეზი მეკეთებოდა, ხალხი ყურებას აღარ დამიწყებდა ქუჩაში. უცხო ადამიანების შესაბრალისი მზერა მაღიზიანებდა. ყოველთვის მოფარებული მქონდა რაღაც, რომ ვინმეს არ შეემჩნია ეს ნაკლი, მაგრამ ეს უხერხულობაც გადავლახე.

- რა დაგეხმარა ან ვინ მოგცა ძალა ამ ყველაფრის გადასატანად?

- ერთხანს ჩემს სამყაროში სალომეს კვლავ ორი ხელი ჰქონდა... არ მინდოდა რეალობისთვის თვალის გასწორება. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ იმ სამყაროს კარი სამუდამოდ ჩამეკეტა და მიმეღო, შემეყვარებინა ახლანდელი სალომე. პარაოლიმპიურ ცენტრში მივედი და ვარჯიში დავიწყე. თავიდან მკლავჭიდში ვვარჯიშობდი, თუმცა ამჟამად პარამძლეოსნობაში- სირბილში ვცდი ბედს. სწორედ ვარჯიშის დროს შევხვდი ადამიანებს, რომელთაგან ზოგს არც ერთი ხელი არ ჰქონდა, ზოგს ფეხები არ ჰქონდა და აი, მაშინ საკუთარ თავს შევუძახე: სალომე, გონს მოდი! რატომ ემალები ადამიანებს? შენ არ ხარ მახინჯი, ეს არ არის ნაკლი-მეთქი. დავდგებოდი ხოლმე სარკის წინ და საკუთარ თავს ვამხნევებდი... ჩანაწერებსაც ვაკეთებდი და მშველოდა განცდების ფურცელზე გადატანა, ვცეკვავდი, ვვარჯიშობდი, ვაქტიურობდი სოციალურ ქსელში და ვწერდი პოსტებს, რომლებითაც ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფებს ვასწავლიდი, როგორ ებრძოლათ. ამ ყველაფერმა დიდი ძალა მომცა, ტკივილი დამემარცხებინა... და კიდევ, იცით, რამ მომცა დიდი ძალა? ჩემმა პატარა გოგომ საავადმყოფოში იმდენი იტირა და ისე ინერვიულა, რომ აღარ მინდოდა, შვილებს მოწყენილი და მტირალი ვენახე.

GzaPress

- ახლა ის მითხარი, ჯერ საცეკვაო დასში და შემდეგ- "ნიჭიერში" როგორ მოხვდი?

- რამდენიმე თვის წინ თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასის შესახებ გავიგე. სულ მინდოდა მეცეკვა და რას ვიფიქრებდი, რომ 34 წლისა დავიწყებდი ცეკვის შესწავლას. ამ დასში შშმ პირებთან ერთად პროფესიონალები ცეკვავენ. ვდგამთ პერფორმანსს, მუსიკითა და ცეკვით გამოვხატავთ ჩვენს შეგრძნებებს. სასიამოვნო და ლამაზი საყურებელია. ხალხისგან უზარმაზარი სითბო მივიღეთ. გვინდოდა, ჩვენი შესრულება ხალხის გულებამდე მისულიყო და მიმხვდარიყვნენ, რომ ჩვენც, შშმ პირებსაც შეგვიძლია ვიცეკვოთ, ვიმღეროთ და ვიყოთ საზოგადოების სრულყოფილი წევრები. ვფიქრობ, გამოვიდა. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით.

- წარმატებებს გისურვებ! ახლა მითხარი, რა მიზეზით გეუბნებიან უარს დამსაქმებლები?

- რაღაც გადაულახავი ბარიერია ჩემსა და დამსაქმებლებს შორის, ისევე. როგორც საზოგადოებასა დ შშმ პირებს შორის და ზუსტად ვიცი, ამ ბარიერებს მალე დავამსხვრევ. ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ შემიძლია ბევრი რაღაცის გაკეთება, იმაზე მეტისაც კი, ვიდრე ადრე ვაკეთებდი, მაგრამ ეს ხომ არ იციან დამსაქმებლებმა? რადგან ინვალიდი ხარ, ფიქრობენ, რომ უნარები შეზღუდული გაქვს. ერთმა პირდაპირ მითხრა: თქვენი ვიზუალით ჩვენთან ვერ იმუშავებთო! ერთხანს ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად ვმუშაობდი, მაგრამ რადგან ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას, იქ მუშაობის პარალელურად კი ამას ვერ ვახერხებდი, იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა. მოქნილი გრაფიკი მჭირდება. ერთი ან ორი დღე რომ არ ვივარჯიშო, ხერხემლის ტკივილი მეწყება. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩემთვის სამსახურსაც, მაგრამ არა- ჯანმრთელობის ხარჯზე. არადა, უკვე აღარ ვიცი, როგორ ვიარსებო. აქამდე თუ დედა მეხმარებოდა, ახლა ის თავადაა სამკურნალო და მისახედი. მალე დავიწყებ პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის სკოლაში სწავლას. სწავლის საფასურის ნახევარს სკოლა მიფინანსებს, მეორე ნახევარს კი ერთ-ერთი ორგანიზაცია. საუკეთესო სამ სტუდენტს ფსიქოლოგიურ ცენტრშივე დაასაქმებენ. იმედი მაქვს, რომ მათ შორის მოვხვდები.

- მითხარი, რომ ხშირად გსაყვედურობენ თამამი ფოტოებისა და იმის გამო, რომ ნაკლს არ მალავ. რას ვერ გპატიობს საზოგადოება?

- ალბათ, ფიქრობენ, რომ რადგან შშმ პირი ვარ, მოუვლელი უნდა ვიყო. იმას, რომ კარგად გამოიყურები და ბედნიერი ხარ, რატომღაც არ გპატიობენ. მწერენ, ძალიან თამამ ფოტოებს დებ სოციალურ ქსელში, დამახინჯებული ხელი გიჩანს და რად გინდა, რომ საკუთარ ნაკლს აჩენო?.. სამაგიეროდ, არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც მწერენ: შენი შემართება გვშველის და გვამხნევებს, დღეებს გვიფერადებს შენი სიხალისეო,- და ეს უზომოდ მაბედნიერებს. ყოველი დილის გათენება მიხარია. სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულისთვის მიზეზებს არ ვეძებ!

P.s. სალომეს შემყურეს შენც მოგინდება პოზიტიური, სიხალისითა და სიყვარულით სავსე იყო და ყოველი დღით დატკბე. საწყენია, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულად არ ზრუნავს სალომესნაირი ადამიანების დასაქმებაზე, რათა მათ ცხოვრების გაგრძელება შეძლონ!

ნინო ჯავახიშვილი