"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვარ" - ნა­ნობს თუ არა ხა­ტია წე­რეთ­ლის კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "მის­ტერ პლა­ნე­ტა" - გზაპრესი

"ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვარ" - ნა­ნობს თუ არა ხა­ტია წე­რეთ­ლის კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "მის­ტერ პლა­ნე­ტა"

ქართველებს "მისტერ პლანეტა" გვყავს: 28 წლის ზურა წილოსანმა 44 უცხოელ კონკურსანტს აჯობა, რომ ეს ტიტული მოეპოვებინა. ზურა ხატია წერეთლის სკანდალური კლიპიდანაც გვახსოვს... როგორ მოახერხა ქართველმა კონკურსანტმა კარგად მომზადებული, ნავარჯიშები უცხოელების დამარცხება, როგორ ცხოვრობს "მისტერ პლანეტა" და საიდან მოხვდა ხატია წერეთლის კლიპში, ამის შესახებ თავად გვიამბობს:

- 3 წელია, რაც კონკურსი - "მის და მისტერ პლანეტა" საქართველოში ტარდება. წელს, საერთაშორისო კონკურსისთვის კასტინგზე სამოდელო სააგენტო "კატრინმა" მე შემარჩია. შემდეგ "მის და მისტერ პლანეტა" ჩატარდა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. მონაწილეები 44 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მე საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე - "მისტერ პლანეტა" გავხდი. გამარჯვებულად საერთაშორისო ჟიურიმ ამირჩია. "მის პლანეტა" პორტუგალიელი გოგონა გახდა. ფინალი ბათუმის თეატრში გაიმართა. მანამდე ჟიურის წევრები კონკურსანტებს 6 დღის განმავლობაში გვაკვირდებოდნენ, ქულებს გვიწერდნენ... ტურისტული განვითარების თვალსაზრისითაც კარგია, რომ ეს კონკურსი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა.

- "მისტერ პლანეტის" სტატუსი შენთვის რას ნიშნავს?

- ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან კონკურსი საქართველოში ტარდებოდა და საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი. ფიზიკურად ძალიან კარგად მოვემზადე, ბევრს ვშრომობდი მანერებზე, ქცევებზე... ვვარჯიშობდი, სწორი კვების რეჟიმს ვიცავდი... დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ ბოლოს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟიურიმ აღნიშნა, რომ ერთადერთი ბიჭი ვიყავი, რომელიც ყველანაირ კრიტერიუმს (სიმაღლე, სხეული, თავდაჯერებულობა, გარეგნობა) ვაკმაყოფილებდი... მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიყავი მომზადებული, "მისტერ პლანეტის" ტიტულს არ ველოდი... თუ შესაძლებლობა მექნება, მეტ წარმატებას მივაღწევ.

- კონკურსის დასრულების მერე, თავს "მისტერ პლანეტად" გრძნობ?

- ბევრმა დამირეკა და გამარჯვება მომილოცა, ჩემთვის ეს დიდი სტიმული იყო. "მისტერ პლანეტა" ისეთი სტატუსია, რომ რა ვიცი (იცინის)... კმაყოფილი ვარ. მაგარი ხალხი გავიცანი. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მხარი დამიჭირა.

- კონკურსში გამარჯვების შემდეგ, შენი კარიერა უფრო მეტად ვითარდება?

- კი, ვითარდება, უფრო მაღლა და მაღლა "მიდის". გარკვეული შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ იმაზე ვიქნები ორიენტირებული, რაც ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნება. ამ ეტაპზე, ცოტა ხნით ვისვენებ. კონკურსზე დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან 44 ქვეყნის წარმომადგენელთან მომიხდა კონკურენცია. ევროპიდან ძალიან კარგად მომზადებული ხალხი ჩამოვიდა...

- მანამდე სამოდელო სფეროში რა გამოცდილება გქონდა?

- ორმაგი კონტრაქტი მაქვს: სამოდელო სააგენტოებთან - "გოლდენ ბრენდთან" და "კატრინთან" ვთანამშრომლობ. ჩემი კარიერა "გოლდენ ბრენდში" დაიწყო, შემდეგ "კატრინმაც" დიდი გამოცდილება მომცა.

- რა გამოცდილებას გულისხმობ, ჩვენებებში, კონკურსებში მონაწილეობდი?

- რა თქმა უნდა. "გოლდენ ბრენდის" კონკურსში, სადაც ავტომობილი თამაშდებოდა, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე - მეორე ადგილი დავიკავე, "კატრინზე" კი უკვე გიამბეთ - "მისტერ პლანეტისთვის" ამ სააგენტომ შემარჩია.

- როგორც "მისტერ პლანეტამ", პრიზი თუ მიიღე?

- თავდაპირველად, როცა "კატრინმა" შემარჩია, ჩემი პრიზი 2.500 ლარი იყო. საერთაშორისო "მის და მისტერ პლანეტას" რაც შეეხება, 1.000 ევრო, 800 ლარი და კიდევ სხვა საჩუქრები გადმომცეს. პლუს, "კატრინმა" სასტუმროში 8-დღიანი ცხოვრება დამიფინანსა. საინტერესო პრიზებს კიდევ ველი...

- სამოდელო სფეროში სერიოზული მიზნები გაქვს?

- საქართველოს ნაკრების წევრი ვარ ფიტნესსა და ბოდიბილდინგში. სხვადასხვა წელს, შეჯიბრებებში მეორე და მესამე ადგილი მაქვს დაკავებული. აქტიურად ვმუშაობ. ფიტნესშიც და სამოდელო სფეროშიც სერიოზული მიზნები მაქვს. პარალელურად, მწვრთნელი ვარ - გოგონებსა და ბიჭებს დარბაზში ვავარჯიშებ.

- იციან, რომ მათ "მისტერ პლანეტა" ავარჯიშებს?

- კი, უკვე ბევრმა იცის, მომილოცეს... ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

- რაც "მისტერ პლანეტა" გახდი, შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზარდა?

- კი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - გასაკვირი არ არის.

- შეყვარებული გყავს?

- ხშირად ბევრი ცნობილი ადამიანი მალავს, რომ შეყვარებული ჰყავს. ამბობენ, - არ გვყავსო (იცინის). ამ სტერეოტიპს დავამსხვრევ და გეტყვით: შეყვარებული მყავს. 2 წელია, ერთად ვართ.

- ვინ არის შენი რჩეული, როგორ გაიცანი?

- მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა კარგად დაიწყო და მშვენივრად ვითარდება. ის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს - მესამე კურსის სტუდენტია. ასევე, სპორტდარბაზში ვარჯიშობს. სხვათა შორის, ჩემი შეყვარებულის პირადი მწვრთნელი ვარ.

- ეჭვიანია?

- ისეთ სფეროში ვარ, რომ მის ადგილას, ბევრი გოგონა იეჭვიანებდა, თუმცა ამ მხრივ, პრობლემა აღარ გვაქვს.

- მის მიმართ ეჭვიანობას თავად თუ ამჟღავნებ?

- რაღა დაგიმალოთ და - არა. ძალიან ერთგული ვარ. ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა, ყველაფერში მეხმარება...

- სოციალურ ქსელში შენთვის უხამსი წინადადებებით მოუმართავთ?

- კი ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.

- მამაკაცებიც გწერენ?

- დიდად არა. არც მათ ვაქცევ ყურადღებას.

- შენს მთავარ შარმად რას მიიჩნევ?

- რა თქმა უნდა, გააჩნია, დიზაინერი როგორ ჩაგაცმევს, მაგრამ ბოლო დროს მოდის სფეროში ტენდენცია შეიცვალა - მოდელის სიმაღლესა და ნავარჯიშებ სხეულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. წინათ ცოტა სხვანაირ ბიჭებს ირჩევდნენ. ახლა, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცურობას აქცევენ ყურადღებას - მაღალი, ნავარჯიშები ბიჭები მოსწონთ.

- შენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მამა ბიზნესმენია, დედა - პედაგოგი. დაც მყავს, რომელიც გათხოვილია. ჩემი ძმა სწავლობს.

- ოჯახს შენი პროფესიული არჩევანის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ძალიან კარგი. ბედნიერები არიან, რომ "მისტერ პლანეტის" ტიტული "მივუტანე". ამაყობენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ და არიან.

- ვარჯიშის გარდა, კიდევ როგორ უვლი თავს?

- უმეტესწილად, მაინც ვარჯიშზე ვარ ორიენტირებული. სწორი კვების რეჟიმს ვიცავ...

- სილამაზის სალონს ხშირად სტუმრობ?

- თუ ჩვენება ან "ივენთი" მაქვს, სალონში ამ შემთხვევაში მივდივარ, ისე კი - თმის შესაჭრელად, წვერის ან წარბის შესასწორებლად თუ შევივლი.

- ზურა, ხატია წერეთლის კლიპში როგორ მოხვდი?

- შემთხვევით. კასტინგი ჩატარდა და 6 ბიჭი შეგვარჩიეს.

- კლიპი მოგწონს?

- როგორ გითხრათ, მხიარული, საზაფხულო, ნორმალური კლიპია.

- მასში მონაწილეობას ხომ არ ნანობ?

- თავდაპირველად, როცა კლიპს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ვნანობდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგისკენ "შეტრიალდა". ახლა არ ვნანობ. რაღაცები მარკეტინგულად ვერ გავთვალე, რაღაცები სწორად არ იყო გადაღებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხატია წერეთელი მხიარული ადამიანია, რომელიც თავის საქმეს აკეთებს.

- ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, ჭორები ხშირია. ახლა უკვე ყველაფრისთვის მზად ხარ თუ კიდევ შეიძლება, რამე ინანო?

- ეს ბარიერი გადავლახე, მაგრამ გზაში თუ შემეფეთება, კიდევ გადავლახავ. ადამიანი სხვაგვარად ვერ განვითარდები. რაც მოგწონს, ის საქმე უნდა აკეთო...

ეთო ყორღანაშვილი