რო­მე­ლი მხა­რის უფ­ლე­ბე­ბია დარ­ღ­ვე­უ­ლი? - გზაპრესი

რო­მე­ლი მხა­რის უფ­ლე­ბე­ბია დარ­ღ­ვე­უ­ლი?

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის აზრით, 19 წლის მსმენელი ანზორ სვიანაძე, ცენტრიდან ჰომოფობიური ხასიათის "ფეისბუკ"-სტატუსების გამო გაირიცხა. ამ ფაქტს პოლიტიკოსი, სანდრო ბრეგაძე და მსახიობი დავით ქაცარავაც გამოეხმაურნენ.

სანდრო ბრეგაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ანზორს, რომელიც, მისი აზრით, მხოლოდ იმიტომ გარიცხეს, რომ მამათმავლობა არ მოსწონს. დავით ქაცარავამ მოუწოდა სრულიად საზოგადოებას, ამ ახალგაზრდის დასაცავად ხმა ამოიღონ: "ნუთუ მართლა თვლით, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის მოსწავლე უნდა გაირიცხოს სკოლიდან? აქ მნიშვნელობა არა აქვს გადმოცემის ფორმას. ვუშვებ ასევე იმ აზრს, რომ არ მოგწონთ ის, რაც ხდება, მაგრამ რატომ ხართ ჩუმად? ხომ არ გეშინიათ ლგბტ თემის? ხომ არ გეშინიათ სამსახურების დაკარგვის? ... გაიღვიძეთ დღეს! ხვალ გვიანი იქნება!"

ანზორ სვიანაძე:

- სასწავლებლიდან მხოლოდ იმის გამო გამრიცხეს, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი ლგბტ პირებზე - 5 ნოემბერს ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე დავდე ასეთი სტატუსი: "LGBT - არ ვიცი, შევაქო და ჩემი "ფეისბუკ" თუ ისე მეგობრები გავახარო, თუ დავამხო გამზრდელი თავზე? მგონი, შექება ჯობია. მირჩიეთ". დირექტორმა, ნატალი პატარიძემ ჩემი ყველა სტატუსი დასქრინა, თავის გვერდზე გადაიტანა და ჩემი გარიცხვის შესახებაც ისაუბრა. მხოლოდ მას შემდეგ წაშალა ეს სტატუსი, როდესაც უამრავმა ადამიანმა გამლანძღა და დამამცირა. ის ცრუობს, როდესაც ამბობს, გავაფრთხილეო. არც ის უთქვამს, რომ სტატუსი ამეღო და არც ის, რომ სასწავლებლიდან გარიცხვას მიპირებდა. დიახ, ლგბტ არ მომწონს, თუმცა ქვებსაც არ ვესვრი მათ. საპროტესტო აქციები დავაანონსე და ვიცი, ბევრი დამიდგება გვერდში, ბევრმა ღია მხარდაჭერა უკვე გამომიცხადა, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ვინც ფიქრობს, რომ დაირღვა ჩემი უფლებები და მოხდა ჩემი დისკრიმინაცია. ვალდებულები ვართ, სიტყვის თავისუფლება ყველამ დავიცვათ!..

ნატალი პატარიძე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი:

- სკოლის პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც დაადასტურებენ, რომ ანზორი მუდმივად ლაპარაკობდა სიძულვილის ენით. მისი მხრიდან იყო ქსენოფობიური განცხადებებიც - ვერ იტანს თურქებს და არ ერიდებოდა ამის ხმამაღლა თქმას.

- მაშინ რატომ არ გარიცხეთ სკოლიდან?

- ბევრჯერ გავაფრთხილეთ და შანსი მივეცით, გამოსწორებულიყო, მაგრამ რაკი არ გაითვალისწინა, გავრიცხეთ. ჩვენი მთავარი ღირებულებაა, ახალგაზრდულ ცენტრში იყოს ძალადობისგან დაცული ტოლერანტული გარემო.

- ის, ვინც სიძულვილის ენაზე საუბრობს, ძნელად ფარავს ამ სიძულვილს. მე ვნახე ანზორის სტატუსები, მაგრამ იქ შესაშფოთებელ-აღსაშფოთებელი არაფერი შემინიშნავს.

- ძალიან ბევრი სტატუსი წაშლილია მისი გვერდიდან. მაგალითად, სტალინს რომ მოუწოდებდა, დაეხვრიტა ლგბტ; რომ საქართველო უყვარს მამათმავლების გარეშე; რომ საქართველო გმირების ქვეყანაა და მისივე სიტყვებით, "აქ პიდარასტების ადგილი არ არის" და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ არაფორმალური განათლების სფეროს, სადაც ნებისმიერ თემაზე სიძულვილის ენის ტირაჟირება იკრძალება შიდაგანაწესით და როცა სტუდენტი არ ემორჩილება, ჩვენ უარს ვამბობთ მისგან მიღებულ შემოსავალზეც კი.

- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ პოზიციას ჩვენ, ბევრნი ვაფიქსირებთ სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში და მაშინ ყველა უნდა დაგვითხოვონ სასწავლებლებიდან და სამსახურებიდან?

- ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სიძულვილის ენით.

P.s. 16 ნოემბერს, ჟურნალის გამოსვლის დღეს, 17.00 საათზე იყო დაანონსებული ანზორ სვიანაძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში. ანზორი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად და იმასაც დასძენს, რომ სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციამ მას უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა...

ნინო ჯავახიშვილი