"არ მიყვარს ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭები" - გზაპრესი

"არ მიყვარს ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭები"

წელს წლის ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე, რომლის ფინალური შოუ ჩინეთის ქალაქ სანიაში 18 ნოემბერს გაიმართა, საქართველო ყოფილმა "ვიცე-მის საქართველომ", 23 წლის ქეთი შეყელაშვილმა წარადგინა.

- 23 წლის ვარ. დავიბადე ქარელის რაიონ სოფელ ბისში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. ვსწავლობდი კულტურის კვლევებს (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

- მშობლები რა პროფესიის არიან?

- დედა - ლუიზა ჯაფარაძე პროფესიით ბუღალტერია, მამა - კახა შეყელაშვილი გეოლოგი. ამჟამად ორივე მეფუტკრეობას მისდევს.

- დედმამიშვილები გყავს?

- დიახ, ერთი ძმა მყავს. ჩემზე უფროსია, უკვე საკუთარი ოჯახი აქვს, თვის ბოლოს ძმისშვილსაც ველოდები.

- სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შენი სურვილი იყო თუ ახლობლებმა გირჩიეს?

- სილამაზის კონკურსში მონაწილეობა თავად გადავწყვიტე. თუმცა, ეს ჩემი მშობლების სურვილიც იყო. ისინი ყოველთვის პატივს სცემენ ჩემს გადაწყვეტილებას და არასდროს ეწინააღმდეგებიან.

- მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

- მოდელობა ცოტა არ იყოს გვიან, 20 წლიდან დავიწყე. ნამდვილად არ ველოდებოდი იმ წარმატებებს, რასაც ამ 3 წლის განმავლობაში მივაღწიე. 2016 წელს "მის საქართველოს" კონკურსზე "ვიცე-მისი" გავხდი.

- როგორც ვიცი, კარგად ცეკვავ...

- დიახ, ცეკვა ბავშვობიდან დავიწყე და ამჟამად ანსამბლ "ერისიონში" ვცეკვავ. დამთავრებული მაქვს მუსიკალური სკოლაც, ვუკრავ ფორტეპიანოზე.

- გარდა სილამაზისა, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ წარმატებული მოდელი გახდე?

- მოდელი, პირველ რიგში, განათლებული, პუნქტუალური, მიზანდასახული, კარგი ხასიათის, ენერგიული უნდა იყოს... პიროვნულ თვისებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

GzaPress

- ჩინეთში "მის მსოფლიო 2017"-ზე იმყოფებოდი, რა შანსები ჰქონდა ამ კონურსზე საქართველოს?

- მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმედგინა. ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

- რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა ამ კონკურსში?

- მონაწილეობას სულ 120 ქვეყანა იღებდა. ჩინეთში არაჩვეულებრივი გარემოა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. ვერ წარმომედგინა, ასე თუ აღვფრთოვანდებოდი იქაურობით. ჩემთვის ოცეულში მოხვედრაც დიდი წარმატება იქნებოდა. კონკურენცია ძალიან დიდი იყო.

- ფინალში რამდენი ნომინაცია გამოცხადდა?

- ფინალი 18 ნოემბერს გაიმართა. რამდენიმე ნომინაცია იყო: "ტოპმოდელი", "მის სპორტი", "მის ტალანტი", "საუკეთესო საქველმოქმედო პროექტი", "ხალხის რჩეული" და "მის მსოფლიო".

- როგორ ავლენენ "საუკეთესო საქველმოქმედო პროექტს"?

- "მის მსოფლიოს" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საქველმოქმედო პროექტი "სილამაზე სიკეთისათვის" გახლავთ. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზმანები ახორციელებენ განსხვავებული მიმართულების საქველმოქმედო ღონისძიებებს, რის შედეგადაც ვლინდება "მის ქველმოქმედება". კონკურსის დროს სპეციალური ჟიურის მიერ ფასდება ჩატარებული საქველმოქმედო პროექტები და ფინალურ ღონისძიებაზე სახელდება ამ ნომინაციაში გამარჯვებული.

- ფინალზე როგორი კოსტიუმით გამოხვედი?

- ფინალზე "მარიონელას" კაბა მეცვა. ვფიქრობ, რომ ლამაზი და ორიგინალურია.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა ვარ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როგორც ვიცი, ძალიან ჯიუტები და მიზანდასახულები არიან.

- ანუ ჯიუტი ხარ და მიზანდასახული?

- დიახ, მაქსიმალურად ვიყენებ დროს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი რამ ვისწავლო და საკუთარი ცოდნა გავიღრმავო. ჩემი მიზანდასახულობით ბევრს მივაღწიე. ეს თვისება საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს.

- რას მიიჩნევ შენს ყველაზე ცუდ თვისებად?

- ყველაზე ცუდი თვისება ალბათ, ჩემი სიჯიუტეა.

- გაგიფუჭებია რაიმე შენი სიჯიუტით?

- ამ თვისების გამო ახლობელი ადამიანისთვის მიწყენინებია.

- ადვილად პატიობ?

- დიახ, წყენის გულში ჩადება არ ვიცი. თუმცა, წყენასაც გააჩნია. უპატიებელი რაღაცებიც არსებობს.

- გიცდია შენი სიჯიუტე დაგეძლია?

- დიახ, მიცდია... სამწუხაროდ, ხან გამომდის, ხან - არა (იცინის). ვფიქრობ, ასაკის მატებასთან ერთად უფრო გამომდის ამ თვისების დაძლევა.

- შენი თვისებებიდან მეგობრებს ყველაზე მეტად, რომელი მოსწონთ?

- მხიარული ვარ... და ეს ჩემი მხიარულება მეგობრებს ძალიან მოსწონთ. ამბობენ, რომ ირგვლივ მყოფებს დადებით ენერგიას გადავცემ.

- რას აკეთებ იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში იყო?

- სისტემატურად დავდივარ ფიტნეს-დარბაზში და ვვარჯიშობ. ვარჯიში ძალიან მიყვარს. ყოველთვის ფორმაში ვარ და არასდროს გახლავართ მოდუნებული. დიეტები არ მჭირდება... კარგი მადა მაქვს, მაგრამ საბედნიეროდ, წონაში არ ვიმატებ.

- როგორ უვლი სახის კანს? ძვირად ღირებულ კოსმეტიკას ანიჭებ უპირატესობს თუ ბუნებრივ ნიღბებს?

- უპირატესობას ბუნებრივ ნიღბებს ვანიჭებ (თაფლი, ლიმონი, ალოე და ა.შ.). არასოდეს ვიძინებ მაკიაჟით. დილით და საღამოს, ძილის წინ ვიბან და ვიწმენდ სახის კანს. ყოველდღიურად კი მხოლოდ მსუბუქ მაკიაჟს ვატარებ.

- შეყვარებული გყავს?

- პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ. იმედია, არ მიწყენთ.

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი? როგორ გამოხატავენ ისინი შენ მიმართ სიმპათიას?

- თაყვანისმცემლების რაოდენობას არ ვუჩივი. ბევრი მყავს. სიმპათიას ძირითადად, ყურადღებით, საჩუქრებითა და სიურპრიზებით გამოხატავენ, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.

- ძნელია შენი გულის მოგება?

- ჩემი გულის მოგება ძნელია. მამაკაცის ხასიათში, ქცევაში თუ რამე არ მომეწონა, მაშინვე ვწყვეტ მასთან ურთიერთობას. არ მიყვარს ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭები.

- როგორი მამაკაცი შეძლებს შენი გულის მოგებას?

- მომწონს თავმდაბალი, კეთილი, განათლებული, შრომისმოყვარე ბიჭები. რა თქმა უნდა, სიმპათიური უნდა იყოს. თუმცა, ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სხვა დადებითი მხარეები.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- სადილების მომზადება კარგად გამომდის. მე და ჩემი რძალი ვმზარეულობთ ხოლმე. ბუნებით მოწესრიგებული ადამიანი ვარ, ვერ ვიტან უწესრიგობას და ყოველთვის ვცდილობ ირგვლივ ყველაფერში წესრიგი იყოს.

- რას ამზადებ ყველაზე გემრიელს?

- ყველაფერი გემრიელი გამომდის. ძირითადად, სალათებს ვამზადებ.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- ყველაზე დიდი გულშემატკივარი ალბათ, დედაა და ჩემი რძალი. ამ მხრივ, ორივე ძალიან აქტიურობს.

- კონკურსის შემდეგ რა გეგმები გაქვს?

- ბევრი გეგმა მაქვს, თუმცა ერთი ყველაზე გამოკვეთილია: მაგისტრატურაზე ჩაბარებას ვაპირებ.

- წარმატებებს გისურვებ!

სოფო ჭონიშვილი