მხიარულების შემომტანი და ნიჭიერების ზეიმი - გზაპრესი

მხიარულების შემომტანი და ნიჭიერების ზეიმი

შეუდარებელი და გენიოსი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 28 თებერვალს იყო დაბადებული და სულ ამბობდა, ნეტავ 29-ში დავბადებულიყავი, იშვიათად გადავიხდიდი დაბადების დღეს, თანაც, როგორს და ასაკიც 4 წელიწადში ერთხელ მომემატებოდაო. "დედაჩემს სული გავუმწარე, მართლა 28-ში დავიბადე-მეთქი? იმდენჯერ ვკითხე, ერთხელ მითხრა, - თავი დამანებე, ნეტავ, სულ არ დაბადებულიყავიო. - დედაჩემო, იქნებ 12 საათს გადასცდა, ამას გეკითხები-მეთქი. დილით დაიბადე, კაცო, დილით და რა ვქნა ახლა, ჰკითხე მამაშენსო".

რამაზ ჩხიკვაძე იუმორით სავსე ადამიანი იყო, მასთან ურთიერთობას ცხოვრებაში თუ სცენაზე ყველა სიამოვნებით იხსენებს. სცენური ხიბლი, მუსიკალურობა, მშვენიერი გარეგნობა, ნიჭიერება - ეს თვისებები იყო მისი როლების წარმატების საწინდარი. "მე ისეთი ბედი დამყვა, როლები ყოველთვის თავზე საყრელი მქონდა. ჩემი პირველი სპექტაკლი "დიადი მომავალი" იყო. მე და გურამ საღარაძე გამოვედით და დიდ სცენაზე პირველი სიტყვა ვთქვით. აქედან დაიწყო, მერე კი აგორდა და აგორდა..."

ჯემალ ღაღანიძე:

"პირველად როდის შევხვდი რამაზს? გურამ საღარაძემ დამპატიჟა საკურსო სპექტაკლზე "ფიგაროს ქორწინება". გურამი და რამაზი თანაკურსელები იყვნენ, ძალიან კარგი ჯგუფი იყო. ამ სპექტაკლში ვნახე რამაზი. გავიდა ხანი და მე თავად გავხდი მსახიობი. ჩემი დებიუტი შედგა რუსთაველის თეატრის სპექტაკლში "ფილოსოფიის დოქტორი", სადაც მე და ზინა კვერენჩხილაძე მიშა თუმანიშვილმა ჩაგვიყვანა. პირველ რეპეტიციაზე დამხვდნენ: ეროსი, რამაზი, მედიკო, ჟუჟუნა დუგლაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი. იმ დღიდან დაიწყო რამაზთან ურთიერთობა. ერთი ასეთი ჩვეულება ჰქონდა: სცენაზე გასვლის წინ კედელზე დაკიდებულ ჭედურ ნამუშევარს - ნიღაბს აუცილებლად სამჯერ დაარტამდა ხელს და ისე გადიოდა. შემთხვევით თუ დაავიწყდებოდა, გამოიქცეოდა უკან, შეასრულებდა თავის რიტუალს და გაბრუნდებოდა.

რამაზს ტექსტებთან პრობლემები არ ჰქონდა, მაგრამ რიჩარდის როლზე ამბობდა, როცა გამოცხადდება სპექტაკლის დღე, ტანში მაჟრიალებსო. ტექსტს სახლიდან თეატრამდე სულ იმეორებდა და ფაქტობრივად, როლს თამაშობდა მანქანაში. "რიჩარდ III" ავსტრალიაში რომ ვითამაშეთ, ხუთი წლის მერე, იქ მასტერკლასის ჩასატარებლად მიიწვიეს. რამაზმა გადაწყვიტა, სპექტაკლიდან ნაწყვეტები გვეთამაშა, წავედით 12 კაცი. ჩავფრინდით სიდნეიში, აეროპორტიდან მინიავტობუსებით დავიძარით. ქალაქში შესვლისთანავე ვხედავთ უზარმაზარ შენობას, სადაც დაახლოებით 4 სართულის სიმაღლეზე ჩამოფენილია პლაკატი - რამაზი რიჩარდის როლში და დიდი ასოებით წერია: "რამაზ ჩხიკვაძე". ეს არა მარტო ჩვენი სიხარული, არამედ ქართული თეატრის ტრიუმფი იყო. გასტროლის დროს სასტუმროში რომ დავბინავდებოდით, იქიდან გამომსვლელი აღარ იყო. თუ წამოვიდოდა ან რეპეტიციაზე, ან სპექტაკლზე. მაღაზიებს მხოლოდ გასტროლის დამთავრების შემდეგ ესტუმრებოდა.

GzaPress

ერთხელ ესპანეთში ვართ და სუვენირები მინდა ვიყიდოო, - გვითხრა. კვირადღეს ბაზრობა იმართებოდა, სადაც საქონელი ძალიან იაფი ღირდა. მასწავლეს, როგორ მიმეგნო ამ ბაზრობისთვის. მოდი, კვირას წავიდეთ-მეთქი. ეს აზრი ნატაშამაც აიტაცა. მივედით ბაზრობაზე, რომელიც ტარდებოდა მუსიკის თანხლებით და საკმაოდ მხიარულად. გავიხედეთ და ერთი ჯგუფი დგას ცალკე. მივუახლოვდით, კაცი ჭრელ, ლამაზ, ავტომატურ ქოლგებს ყიდის. ქოლგას დააჭერ ხელს და უსტვენს, ღირს 1 დოლარი. რა კარგია, ვიფიქრეთ, საჩუქრებად ვიყიდით 10 ცალს მაინც. უცებ, ვიღაც რუსი მოგვიახლოვდა და გვეკითხება, "ტეატრ რუსთაველი?" გვიცნო. არ იყიდოთო, გაგვაფრთხილა, ეგ კაცი თვითონ უსტვენსო... ჩვენ, ვინც რამაზის გვერდით ვიდექით, ბედნიერები ვართ, რომ მასთან ერთად ვთამაშობდით და მისი წარმატებების თვითმხილველები ვიყავით".

კახი კავსაძე:

"რამაზი მარტო ნიჭიერი არტისტი კი არა, ცხოვრებაშიც ნიჭიერი კაცი იყო. რას არ მოიგონებდა და რას არ იტყოდა. ერთხელ, ქორწილი "ჩაშალა"... გია მატარაძემ საკუთარ სახლში გადაიხადა ქორწილი, "დინამო" სტადიონთან ერთოთახიანი ბინა ჰქონდა. მაშინ რესტორნებში გადახდის საშუალება არ იყო. მთელი თეატრი იქ მივედით. ერთ დიდ ოთახში ვისხედით, სადაც ყველანი პაპიროსს ვეწეოდით და იქაურობა გაიბოლა. რამაზი ქორწილში ცოტა დაგვიანებით მოვიდა. რა არის ეს ბოლიო? - თქვა და მოხდენილად დაამატა: ჰიტლერი ტყვეებს გაზის კამერებში, ამისთანა ბოლში ახრჩობდაო. ეს ცოტა გაბრაზებით კი თქვა, მაგრამ ყველამ გავიცინეთ. ამას მოაყოლა, ახლა ჰიტლერი ჩვენს ქორწილში რომ მოვიდეს, რა საინტერესო იქნებოდაო და ამაზე ააწყო და ააწყო... მერე კიდევ რაღაც მოაყოლა. უთხრეს, ბარემ შენ ითამადეო. რამაზმა ილაპარაკა, ილაპარაკა და მოკლედ, რომ დავასრულო, ქეიფი დილამდე გაგრძელდა. ყველანი სახლებში დავბრუნდით მშივრები და ფხიზლები. რამაზმა 8 საათის მანძილზე მიირთვა, სვა, გაერთო, ჩვენ - სიცილით დავიხოცეთ".

გიორგი შენგელაია:GzaPress

"რამაზთან მუშაობა ბედნიერებას გვრიდა რეჟისორს, პარტნიორს, გადამღებ ჯგუფს და მერე მაყურებელს ეკრანიდან. მუდამ სიხარული მოჰქონდა, უსაყვარლესი კაცი იყო. გადაღებაზე ყოველთვის მომზადებული მოდიოდა და არასდროს აგვიანებდა. ნიჭიერებასთან ერთად, ის პროფესიას პატივს სცემდა და შრომა უყვარდა. ხანდახან რაღაც "ხუშტუკებიც" ჰქონდა. ფილმში "მიდიოდა მატარებელი", თანამედროვე აფერისტს თამაშობდა. მეუბნება, აპრეხილი ულვაში უნდა გავიკეთოო. აი, იმგვარი, პანკეს რომ აქვს "ვერის უბნის მელოდიებში". კაცო აქ უნდა გქონდეს, დუგლას სერბენქსის ულვაში, - შევეწინააღმდეგე. არაო, დაიჩემა, ბოლოს კი დავარწმუნე, ძალიან რბილი კაცი იყო. რიჩარდის როლს რომ ასე ითამაშებს ადამიანი, დიდი მსახიობია, რა თქმა უნდა. აზდაკზე არაფერს ვამბობ, ის ცხოვრებაში იყო აზდაკი, მაგრამ უნიჭიერესი. სამწუხაროდ, ისეთი დიდი გაქანების როლები არ შემითავაზებია, როგორიც მას თეატრში ჰქონდა. უნივერსალური მსახიობი იყო, ყველაფერი შეეძლო. თუნდაც, მისი მუსიკალურობა რად ღირს. ერთხელ მირეკავს, - გევურქ (ასე მეძახდა), ოქროყანაში ამოდიო. ზახარ ზახარიჩი იყო კაცი, ვისთან ერთადაც ქეიფობდა ხოლმე. მათი დროს ტარება დილიდანვე იწყებოდა და ზოგჯერ შუაღამემდე გრძელდებოდა. ზურნა, დუდუკი, კარგი ღვინო, კარგი სუფრა... ჯიგარი კაცი იყო და ასე ცხოვრობდა".

ზურა ყიფშიძე:GzaPress

"ბატონი რამაზი საოცარი ადამიანი იყო. ფილმის "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" გადაღებაზე ჩავედი და ვის სად უნდა ეცხოვრა, უკვე განაწილებულები იყვნენ. ბატონმა რამაზმა მითხრა, - წამო კაცო, ჩემთან იცხოვრეო. შენობის მანსარდში ვცხოვრობდით. ჩემი ჭკუით, მას ვუვლიდი, ვეფერებოდი, გადასაფარებელს ვაფარებდი ხოლმე. პირველი დილა არ დამავიწყდება. გავიღვიძე, რაღაც ხმა მესმის, ვერ გავიგე, რა ხდება. ის დგას აივანზე, თბილი "პაშტანიკები" აცვია. პირდაპირ მთებია და ყვირის, "კრიჩალი ვოჟბუჟდიონიე ოქტიბრიატა"... ცოტა ბილწსიტყვაობა უყვარდა. ყოველ დილით ასე მეორდებოდა. ერთხელ, თურმე უფიქრია, აღარ ვიყვირებ, ზურას ეძინოსო. გამეღვიძა, ჯერ არ ვდგები და ველოდები, როდის იყვირებს, მერე მინდა, ძილი ისევ გავაგრძელო. ბოლოს ვუთხარი, - დაიყვირეთ, ბატონო რამაზ, რომ დავიძინო-მეთქი.

"ჭინჭრაქაში" მისი როლი როგორი შთამბეჭდავი იყო? ზღაპრის უცნაურ გმირს, სახელად ქოსიკოს ასახიერებდა. მისი ხმა, უცნაური მეტყველება, სიარული, მთლიანად გმირის პორტრეტი მაყურებელში უზარმაზარ ემოციებს იწვევდა. ამის ახსნა არ შეიძლება, ეს უნდა გენახა. საოცრებას ვეძახდი და მიპროტესტებდა, - ქალი ხომ არა ვარო?

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვინახულე. ეძინა და ვთხოვე, არ გაეღვიძებინათ. როცა გაიღვიძა და დამინახა, თვალები გაუფართოვდა. ერთი საათი ვისაუბრეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ. აკაკი ხორავაზე გიჟდებოდა, იმდენ რამეს ჰყვებოდა მასზე. ქეიფში და სუფრასთან მის გვერდით ყოფნა შეუძლებელი იყო. პირადად მე, მისი მონათხრობის გამო სიცილისგან ცრემლმორეული ხშირად ვყოფილვარ.

ბატონ რამაზს ჯაზმენს, ადამიან-ორკესტრს ვეძახდი. ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. ახალგაზრდები ვინც მას პირადად არ იცნობდნენ, მეცოდებიან თუნდაც იმიტომ, რომ უამრავ რამეს ისწავლიდნენ მისგან. სპექტაკლში "კავკასიური ცარცის წრე", რამდენჯერ ვნახე, ვერც ვიტყვი, აზდაკის სიმღერა რომ იწყებოდა, როცა ბატონი რამაზი იტყოდა: "...და რატომ შერჩათ ცრემლი მხოლოდ, წყლის ნაპირას მტირალ ტირიფებს, რატომ?" ამის შემდეგ პაუზა ჰქონდა და მერე რომ აგრძელებდა, იმ დროს ვვარდებოდი სკამიდან..."

დაბოლოს, გურამ საღარაძე რამაზ ჩხიკვაძეზე ჰყვებოდა: "რამაზი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. კაცი, რომელთან ერთად თითქმის 70 წელი გავატარე, დაწყებული პიონერთა სასახლიდან გარდაცვალებამდე. მის გენიალურ მსახიობობაზე არაფერს ვიტყვი. მაგრამ გეტყვით, რომ ვყავდი ამოჩემებული, ე.ი. მთელი ისტორიები და ანეკდოტები რაც არსებობდა, ჩემზე ჰქონდა მორგებული. პურ-მარილზე იწყებოდა თხოვნები: მოყევი, რა, გურამზე რამე. ისიც დაიწყებდა და აღარ ამთავრებდა, ხალხი ვეღარც ჭამდა, ვეღარც სვამდა, სიცილით იხოცებოდნენ. ვეუბნებოდი, - მე რომ არ დავბადებულიყავი, რა გეშველებოდა-მეთქი? მისი მეუღლე ნატაშა ჯერ მე გავიცანი და მერე გავაცანი რამაზს. ჩვენ, მე და რამაზს ათდღიანი შვებულება გვქონდა და მან მითხრა: მოდი, წავიდეთ ოდესაში. იქ ჩამოსულია ბრწყინვალე ჯაზ-ორკესტრი და კონცერტს დავესწროთო. - კი ბატონო, გენაცვალოს ჩემი თავი-მეთქი. ბათუმში დავსხედით გემზე და წავედით. იალტაში გემი გაჩერდა. ვხედავ, სიცილ-ხარხარითა და ბედნიერი სახეებით ახალგაზრდა გოგონები ამოდიან. გადავხედე ამათ და დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. წავედი მის გასაცნობად. მივესალმე და ჩამოვართვი ხელი. მერე მოვიყვანე მისი მეგობრები, ნატაშა და "პოჟალუსტა, პოზნაკომტეს ს მაიმ დრუგამ", - რამაზი გავაცანი. მთელი საღამო ერთად გავატარეთ. პატარა სუფრა გავშალეთ, ერთმანეთისადმი სიმპათიები გამოვხატეთ და ასე საუბარში გავათენეთ ღამე. რამაზი მომიტრიალდა და მითხრა: "იცი, ამ ქალს ცოლად შევირთავდი, დედას გეფიცები, არ გატყუებ!" ისინი შეთანხმდნენ შეხვედრაზე. გადაწყვიტეს, რომ ჯერ რამაზი წავიდოდა მოსკოვში, მერე ნატაშა ჩამოვიდოდა თბილისში და ასე, მაგრამ ცოტა ხნით გადაიდო მათი შეხვედრა. თუმცა მერე ერთმანეთს მაინც შეხვდნენ, დაქორწინდნენ და მათი სიყვარულის მსგავსი არსად მინახავს, ეს სასწაული იყო..."

ნანული ზოტიკიშვილი