"ამ ქვეყანაში კონტროლიორს კიდევ კონტროლიორი ჰყავს..." - თავმოყვარეობაშელახული ქალბატონის სატკივარი - გზაპრესი

"ამ ქვეყანაში კონტროლიორს კიდევ კონტროლიორი ჰყავს..." - თავმოყვარეობაშელახული ქალბატონის სატკივარი

ამბობს, რომ მის თავმოყვარეობაზე ეს ცუდად მოქმედებს და ცდილობს, მისი პრობლემების შესახებ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა იცოდეს. როცა ტრანსპორტში ადის, სოციალურად დაუცველის ბარათს ისე იყენებს, რომ არავის დაანახვოს, არადა, ხშირად ეს შეუძლებელია, რადგან კონტროლიორები ბილეთის ნახვით არ კმაყოფილდებიან, სთხოვენ სამგზავრო ბარათს, მერე კი ცხვირწინ იტრიალებენ და დიდხანს აკვირდებიან იმის დასადგენად, სხვისი ბარათით ხომ არ სარგებლობს მგზავრი - ქალბატონი მაგული ამას ძალიან განიცდის და ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო, მგზავრობა შესძულდა. მისი წერილის სტილი დაცულია:

"სრული განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. უკვე აღარ ვიცი, რა ვთქვა. გული მიწუხს, ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენისგან. გამოსალოცები ვართ, ღმერთმანი. ერთი ხელისუფლება რომ მიდის, მეორე ყოველთვის მასზე უარესია. აბა, რას ჰგავს დღევანდელი საქართველო? რაც გაკეთდა რამდენიმე წლის წინ, უკვე გაპარტახებულია და ხელახლა გასაკეთებელი. ხალხის ბრალიცაა ეს, არ ვუვლით ჩვენს ნივთებს და საზოგადოებრივი რაღაცები ხომ სულ მთლად არ გვაინტერესებს, - მეტს რას აკეთებს მთავრობა? გამოცვალოსო! იმას არ კითხულობთ, ვისი ფულით გამოცვლის? რაც ნაკლები ხარჯი და მოწესრიგებული ქუჩები თუ ტრანსპორტი გვექნება, მით უფრო მდიდარი არ იქნება ქვეყნის ბიუჯეტი? ჰოდა, იქნებ მსოფლიო ვალების გასტუმრებაც მოვახერხოთ ნელ-ნელა...

ეს ავტობუსები რომ შემოიყვანეს თბილისში, ძალიან კარგია, მაგრამ მძღოლმა არ იცის, როდის უნდა ჩართოს გათბობა, როდისაა ვენტილაცია საჭირო და ა.შ. იმდენი მექანიზმი აქვს, რომ დარწმუნებული ვარ, მძღოლების უმეტესობა ყველა ღილაკების ფუნქციებში ვერ ერკვევა. ჰოდა, ვიდრე ამ ტრანსპორტზე გადასვამდით მძღოლებს, კარგი იქნებოდა, ტრენინგი გაევლოთ...

ახალი რომ არის და შედარებით კომფორტული, ყველას ასეთ ავტობუსში უნდა ასვლა და ტრანსპორტში ლამის ცემა-ტყეპაა გაჩაღებული (ახლა რომ ცუდად შეხებაზე ან დაჟინებულ მზერაზე კანონი უნდა მიიღონ, მერე ნახეთ ავტობუსიდან საეჭვომზერიანების ჩაყვანა-დაჭერა. იქ ხომ ყველა ყველას ეხუტება და ხშირად, ვიღაცამ შეიძლება, უნებურად გაგკრას ხელი უადგილო ადგილას - ჰოდა, ამიტომ უნდა დაისაჯოს? როგორ უნდა დაამტკიცო, რომ მაგალითად, მე ქალმა, შემთხვევით გავკარი ხელი კაცს სხეულზე და არა - აგზნებულმა? ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს! ყველანაირი საცოდაობა ჩვენ როგორ უნდა მოვიფიქროთ. ასაკში ვარ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ისე გავსაცოდავდე, კაცმა არ შემომხედოს). ცხადია, ესეც მთავრობის ბრალი ვერ იქნება, მაგრამ ხელისუფლების ბრალი იმაშია, რომ თუ ცვლიდნენ, ყველა უნდა გამოეცვალათ. რა, ვალის აღება გაუჭირდებოდათ თუ?.. სატირალია: იმდენი ვალი გვაქვს, რომ ყელამდე ჩავეფალით უკვე და შვილიშვილებიც კი ვერ შეძლებენ მის გასტუმრებას, არათუ ჩვენი შვილები. თუმცა, ეს სხვა საკითხია...

მხოლოდ ერთხელ შემხვდა ღვთისნიერი მძღოლი ამ ლურჯ ავტობუსში, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ასვლაშიც მიეხმარა და ჩასვლის დროსაც ყურადღება გამოიჩინა, ანუ ჩასასვლელთან რაღაც გაასწორა. სხვებმა კარში თუ არ მოგაყოლეს, ესეც დიდი საქმეა. ცალი ფეხი რომ გაქვს შედგმული, სწორედ მაშინ იწყებენ კარის დახურვას და ან ფეხს მოაყოლებს მგზავრს, ან ცხვირს და არის მერე ერთი ლანძღვა-გინება, წყევლა-კრულვა. მძღოლი გაბღენძილი იძახის: "სადაც გინდათ, იქ დარეკეთ და მიჩივლეთ", ან "ნერვებს ნუ მიშლით, თორემ ჩაგაგდებთ ავტობუსიდან". ისე ამბობს, თითქოს მის საკუთარ ავტომობილში ვიჯდეთ. ცხადია, მგზავრმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, მაგრამ მძღოლმაც ხომ უნდა იცოდეს თავისი საქმე და მოვალეობა? შენ რომ ნერვებმოშლილი მოდიხარ სახლიდან ან სამსახურში გაქვს პრობლემა, ეს რა მგზავრის ბრალია? მძღოლად ნერვებმაგარმა ადამიანმა უნდა იმუშაოს - ამაში მგონი, ყველა შევთანხმდებით და კარგი იქნება, თუ სატრასპორტო კომპანია ამას გაითვალისწინებს და კიდევ ერთი: ეს კონტროლიორი რომ ზის ავტობუსში, სხვებს რა ჰგონიათ, რატომ ზის? გვაკონტროლებს, ხომ? თანაც, მოქალაქეები უკვე მიეჩვივნენ, ტრანსპორტში ამოსვლისთანავე რომ უნდა აიღონ ბილეთი და ბოლო დროს იშვიათად თუ შემხვდება ვინმე, ვინც უფასოდ "გაძრომას" ცდილობს. არადა, კონტროლიორს კიდევ კონტროლიორი ჰყავს თურმე: ერთი მგზავრობისას შეიძლება, სამჯერ ამოგაღებინონ ბილეთი ჩანთიდან და ბარათიც, რა თქმა უნდა, თუ პენსიონერი ან მოსწავლე ხარ, ან სოციალურად დაუცველი და გაცრეცილი თუა მაგალითად ფოტო, ისე გამომცდელად გიყურებენ, ექიმები რომ იყვნენ, დაჟინებული მზერით აუცილებლად მოგარჩენდნენ. ცხადია, ასეთი რამ ადამიანის თავმოყვარეობაზე მოქმედებს (თუ თავმოყვარეობა შეგვარჩინეს საერთოდ!) და მერე ანერვიულებული, იტყვი საყვედურს ამის გამო, კონტროლიორი კი მოგაყრის და მოგაყრის, დაგცეცხლავს, მერე კი შენზე გაბრაზებული, სხვაზე იყრის ჯავრს და ახალამოსულ მგზავრს შესაძლოა, ბილეთის აღება არც დააცადოს, ისე ჩაიყვანოს შემდეგ გაჩერებაზე, რათა დააჯარიმოს...

აი, ასე გაგვიხდა ქართველებს საქმე, რომ ერთი მგზავრობისას რამდენჯერმე გვამოწმებენ და ის უცხოელი ტურისტი, ამას რომ უყურებს, თქვენი აზრით, რას იფიქრებს? მის ქვეყანაში ასე ხდება?

სანამ კანონებს დავაწესებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავთვალოთ, რომ ამან ქვეყნის იმიჯზე ცუდად არ იმოქმედოს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თავმოყვარეობადაკარგული ადამიანი მებრძოლად ვერ გამოგადგებათ...

ძალიან მინდა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ კანონის მორჩილები გავხდეთ, მაგრამ თუ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, მოქალაქეს ვერაფერს მოვთხოვთ. აი, მაგალითად, თქვეს, რომ ნაგვის დაყრაზე ხალხს დააჯარიმებდნენ და შეიქმნა სამსახური, რომელიც მოქალაქეებს გააკონტროლებდა. ერთი-ორი კაცი დააჯარიმეს, ყურიც აუწიეს, ვიღაც გააფრთხილეს და მერე... ნაგვის პრობლემა ისევე მიივიწყეს, როგორც სხვა დანარჩენი. ჰოდა, ახლა მე მაინტერესებს, ის სამსახური გაუქმდა, რომელსაც წესით, ამ პრობლემის აღმოფხვრა ევალებოდა, თუ როგორც ხდება ხოლმე, უმაქნისობაში იღებენ ფულს?

მოკლედ, საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც ერთმანეთს არავინ ენდობა. ამის კარგი მაგალითია ის, რომ მგზავრს აკონტროლებს ავტობუსში მჯდომი მწვანეჟილეტიანი კონტროლიორი, იმ კონტროლიორს - კიდევ რამდენიმე ლურჯქურთუკიანი, მათ კიდევ სხვა ვინმე, მერე კიდევ სხვა და ასე უსასრულოა უნდობლობის ჯაჭვი. არადა, სადაც ნდობა არ არის, იქ ვერც სიყვარული იქნება და ვერც - გაგება, რის სადღეგრძელოსაც ასე მონდომებით სვამენ ქართველი კაცები...

აი, ნამთვრალევ კაცებთან ერთად მგზარობა, ეს კიდევ ცალკე თემაა. სულ რომ არაფერი დაგიშაონ, ისეთი ოხშივარი ასდით, საკუთარი თავი შეგძულდება ადამიანს.

მინდა, მივმართო მთავრობის წევრებს: რაში გჭირდებათ ღირსებააყრილი ხალხის მეთაურობა? არ ჯობია, ისეთი ქვეყანა მართოთ, სადაც კანონს ყველა დაემორჩილება და სადაც ტურისტს პირია ღია დარჩება არა იმიტომ, რომ სახელმწიფო ასეა მოწადინებული ხალხის შემოწმებით, არამედ დაინახავს, რომ მთავრობა ენდობა მოქალაქეებს და თავადაც უფრო მეტად გაუჩნდება ნდობა. ერთადერთი, თავმოყვარეობა შეგვრჩა და ამასაც ნუ გაგვითელავთ, გთხოვთ..."

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, გულისტკივილი თუ სიხარული. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია