ქარ­თ­ვე­ლი "ხელ­ბედ­ნი­ე­რი" ემიგ­რან­ტის პო­ზი­ტი­უ­რი წე­რი­ლი - გზაპრესი

ქარ­თ­ვე­ლი "ხელ­ბედ­ნი­ე­რი" ემიგ­რან­ტის პო­ზი­ტი­უ­რი წე­რი­ლი

საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა "ხელბედნიერი" შემარქვეს. როდესაც ვიკითხე, რაში გამოიხატებოდა ჩემი "ხელბედნიერობა" მიპასუხეს, - რასაც ხელს ჰკიდებ, ყველაფერი ბედნიერად მთავრდებაო. ალბათ მხედველობაში ჰქონდათ ჟურნალ "გზაში" დაწერილი სტატია ახალგაზრდა მომღერალ თამთა გოდუაძეზე, რომელმაც საბერძნეთში პოპულარობის პიკს მიაღწია. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თამთა უკვე გამარჯვებული იყო ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტ  SUPER AIDOL-ში. უბრალოდ, პირველი მე ვიყავი, ვინც გააჟღერა ჟურნალ "გზაში" მასზე ეს სასიხარულო ინფორმაცია...

შემდეგ იყო სტატია ტელეწამყვანთა კონკურსში მეორე ადგილზე გასულ გიორგი სულხანიშვილზე, მერე ახალგაზრდა ფერმწერ ირმა ქვლივიძეზე, რომელმაც უამრავი ეკლესია-მონასტერი მოხატა საბერძნეთში, მოგვიანებით ახალგაზრდა მომღერალ ნინი შერმადინის გამარჯვებაზე ბერძნულ "X ფაქტორში"... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩემი "ხელბედნიერობა" მარტო ჩემი დამსახურება არ ყოფილა და ამაში ჩვენს საყვარელ ჟურნალ "გზასაც" მიუძღვის უდიდესი დამსახურება. ასე რომ, დიდი სიამოვნებითა და დიდი სიყვარულით გიწილადებთ ამ ტიტულს. ახლა კი მინდა მოგიყვეთ ორ არაჩვეულებრივ ქალბატონზე, რომელთაგან ერთი ყოფილი ემიგრანტია და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში დაბრუნდა და აქ აგრძელებს მოღვაწეობას. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, ის დღესაც ემიგრაციაში იმყოფება და მართლაც, რომ არაჩვეულებრივი ნიჭით გამოირჩევა, რომელმაც უცაბედად იფეთქა მასში. მაშ ასე, უნდა გაგაცნოთ ყოფილი ემიგრანტი ნინო ჯიშიაშვილი და იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა მხატვარი ლიკა ცაბაძე.

ნინო ჯიშიაშვილი:

- 1973 წლის 8 აპრილს, ქალაქ თბილისში, უძველეს ლამაზ უბანში დავიბადე. დავამთავრე თბილისის მესამე გიმნაზია (132-ე საშუალო სკოლა), 16 წლის ასაკში ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როდესაც საქართველოში დადგა უშუქობისა და გაჭირვების პერიოდი, გავემგზავრე გერმანიაში, სადაც 2 წელი ვიცხოვრე. იქიდან დაბრუნებული ვმუშაობდი კერძო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 1998 წელს ისევ წავედი ემიგრაციაში, ამჟამად საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, სადაც 2011 წლამდე დავრჩი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დავიწყე სასჯელაღსრულების სამინისტროში. პარალელურად, სულ ახლახან, თბილისის მეოცე საჯარო სკოლასთან ჩამოვაყალიბე საბავშვო თეატრი, რომელსაც ჩემი "პირველი თეატრი" დავარქვი, უჩვეულო რეპეტიციებით, განათებებით, პერსონაჟებით, ზღაპრებით, გასაოცარი ამბებით, ნამდვილი აფიშებით და ბილეთებით. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ემიგრაციაში ვიცხოვრე 15 წელი და ემიგრაციაში ჩემი ცხოვრება გადმოვიტანე ჩემს ნოველებში, რომელსაც სულ მალე წიგნად გამოვცემ და რომლის პრეზენტაციასაც გავაკეთებ თბილისში და რადგანაც საუბარზე კარგად წერა გამომდის, ჩემს სათქმელს ამ ჩემი ნოველებით გადმოგცემთ.

ახლა კი გთავაზობთ მის ერთ-ერთ ნოველას:

ცალბორბლიანი ჩემოდანი

"...ჩვეულებრივი არ იყო. სულ რაღაც, ორი საკეტით... სულში ჩარჩენილი, ბავშვობის აუხდენელი ოცნებასავით გახუნებული, რუხი, მონაცრისფრო, ნაცრისფერი... აი, ისეთი, ოდესღაც ცისფერი რომ იყო და რუხში გადავიდა ბევრი ფიქრების რეცხვისგან... უკვე ჩვევაში გადასული ლოდინის ფერი... ცალბორბლიანი იყო - მარტოხელა ქალივით, ცხოვრების გზაზე საკუთარი ცალობა რომ სტკივა, მაგრამ მაინც არ იმჩნევს!.. ისე ამაყად გაივლის ხალხის დასანახავად, მარტო მისნაირი თუ მიუხვდება, როგორ უჭირს ნაბიჯების გადაგმა! ჩემოდანი - ისეთი, საოცრად ორიგინალური, არასტანდარტული ფორმის, უცნაური სახელურით, პატრონი უნდა ყოფილიყავი, რომ გაგეხსნა. რაღაც სხვაგვარი ხმა ჰქონდა, უცებ დაიძახებდა - "ტკაც" და ვერაფრით გააღებდი, ჩაიკეტებოდა, მხოლოდ ერთი ციცქნა გასაღებით თუ შეეჭიდებოდი, რომელიც სადღაც სახელურთან ჰქონდა საიდუმლოდ ჩატანებული. არა!.. არაფრით ჰგავდა სხვა ჩემოდნებს... ამრეზით გადახედავდნენ ხოლმე დიდი, ძვირფასი, არაპრაქტიკული ჩემოდნები - "მოსეროს". ...უცნაური ჯიბეები ჰქონდა, ოთხი სხვადასხვა ზომის... თითოეულს შიდა ჯიბე დაჰყვებოდა, მერე კიდევ იყო შიგნით, უფრო პატარა და ასე... ბოლოს სულ ერთი ციცქნა ჯიბით მთავრდებოდა, რომელზეც ოქროსბურთულიანი კალამი ეკიდა, ისიც - ნაცრისფერი... ფიქრიანი ქალის ცხოვრებას ჰგავდა ჩემოდანი...

GzaPress

ჩემოდანს რაღაცნაირად მედიდური იერი ჰქონდა, სხვანაირად გამორჩეული, მაშინაც კი, სულ ბოლო თაროზე რომ იყო შემოდებული და მტვერდადებული... ისეთი დგომა ჰქონდა, ვერ შეამჩნევდი, ცალი ბორბალი თუ აკლდა... გააყოლებდი თაროს მწკრივს მზერას და უნებლიეთ, ისევ მას უბრუნდებოდი... მაღაზიის მეპატრონე არც სთავზობდა ვინმეს, თუ შეამჩნევდნენ, ერთი სიტყვით იფარგლებოდა - ძველია!.. ელოდა, რაღაცას ან ვიღაცას... ის ან ვერ, ან სულაც არ მოდიოდა... ანდა იქნებ, არც ყოფილა საერთოდ... მაინც იდგა! ამაყი... ძველ ჩემოდნებს არასდროს ჰქონიათ ბორბლები! მას ჰქონდა, თანაც ორი... უბრალოდ, არ მოუარეს, არ უპატრონეს, არ გაუფრთხილდნენ... მოიხმარეს, გაახუნეს და მიატოვეს... ლოდინისთვის გამეტებული, ცალ ფეხზე მდგარი და ფერდაკარგული გრძნობდა, როგორ იკავებდა ახალი და მოდური ჩემოდნების ადგილს... ვერდავიწყებული პირველი პაემნის ფერი ჰქონდა, ოდნავ მოიისფრო დაჰკრავდა... რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს მაღაზიის ხანში შესული მეპატრონე და ნაცრისფერი ჩემოდანი...

პატარა მაგიდა ორი ადამიანისთვის გაწყობილ, ჩაის ულამაზეს ფინჯნებს იხდენდა... ორივე ქალი იყო... - წვიმს! - თქვა პირველმა და ჩაი დაასხა. - ჰო! წვიმს!.. -გამოეპასუხა მეორე, პირველზე ბევრად მაღალი ქალი. - მიყვარს წვიმა!.. მეც დამისხი, მოვდივარ! - თქვა და თაროებს გადახედა... ჩაი ესიამოვნათ. - რად გინდა ის ძველი ჩემოდანი? - წამოიწყო პირველმა. - რომელი? - აი, ის, მონაცრისფრო. ვერ გაიგებ, რა ფერია, თან ერთი ბორბალი აკლია. ტყუილად იკავებს ადგილს! - ტყუილად? ეს ჩემოდანი ისტორიაა, ჩემი პირადი ისტორია!.. თავი გვერდზე გადახარა და გახედა ყველაზე მაღალ თაროზე შემოდებულ, საშუალო ზომის, უცნაური ფორმის ჩემოდანს... ფინჯანი ფრთხილად დააბრუნა მაგიდზე და უცებ დაიწყო:

- როცა აღმოვაჩინე, რომ მისი სიყვარულისთვის მსოფლიო დამიპირისპირდა, მოვკიდე ხელი ჩემს ჩემოდანს, შემოვბრუნდი და მასთან ერთად განვუდექი სამყაროს!

- რას ამბობ, ქეთ? ეს არასდროს მომისმენია! - უკვირს პირველს...

- ჰო, ასე იყო... ჩემი სიყვარულის ტოლია ეს ცალფეხა... - უკვე არამიმიკურ ნაოჭში იკარგება ღიმილი... - იმ ღამეს ყველაფერი გადავწყვიტე, ვიცოდი, სამყაროს ვინგრევდი თავზე, მაგრამ მიყვარდა! - გაასწორა მზერა მეორემ...

- ის ხომ არ დაბრუნებულა, ქეთ? - უნებლიეთ, სათვალისკენ წაიღო ხელი პირველმა...

- ის ვერ დაბრუნდა, ჩემო ძვირფასო, ვერ!

- მერე რა იყო? - სათვალე მოირგო, როგორც იქნა, პირველმა და მეგობარს დააკვირდა.

- მერე?.. არც არაფერი, ისეთი!.. ავდექი და ჩემი ხელით მოვტეხე ბორბალი მის ნაჩუქარ ჩემოდანს, - მოგონებამ გაკვანძა ჰაერი ტუჩთან.

- შენ?.. - კინაღამ ჩაი დააქცია პირველმა.

- ჰო, როცა მომიტანა, მითხრა: ამ ლამაზი ჩემოდნით უნდა შემოგატარო მსოფლიოო... მე იმ ღამით კიბეზე დამიცდა ფეხი და სამუდამოდ დავკოჭლდი...

- დაკოჭლდი? ნუ მაცინებ, ქეთ, შენ კოჭლი არასდროს ყოფილხარ. ამდენი წელია, გიცნობ!

- ჰო, კოჭლი ვარ და... არც ის მოვიდა... ვერც ვიცეკვებდი!.. ჰოდა, რაღა საჭირო იყო ორი ბორბალი!.. მახსოვს ის განცდა, საკუთარ სულში აყუდებულ სიამაყესა და ქალობას ვამტვრევდი, იმ ბორბალთან ერთად... დავმარცხდი... და სამყარო შევიძულე!.. ავდექი და მოვიქნიე... დედამიწა ხურდა ფულივით ავაგდე ჰაერში და არ დაველოდე "არიოლ-რეშკას"

- და გადააგდე ბორბალი?

- არა! ვერ გადავაგდე, - წლები ჩალაგდნენ ხმაში. ბორბალი ყველაზე პატარა ჯიბეშია შენახული...

- ჯიბეში? ამდენი წელი? არასდროს გაუკეთებ? - ემოციას ვერ გაუძლო პირველის ხელებმა და ახლა მართლა დაიღვარა ჩაი...

- შეკეთებული ჩემოდანი? მისი ფასი ხომ არაფერი იქნება... არაფერი! გაუფასურდება მთლად!.. ასე კი უფრო ლამაზია, აი, შეხედე!.. ადგა. ჩამოიღო. ხელი ისე გადაუსვა, თითქოს პატარა ბავშვს ეფერებოდა... - დააკვირდი, ცხოვრებას ჰგავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შედგა, რომ ერთის არდაბრუნების გამო, მსოფლიო მივატოვე... თორემ აბა, ბორბალი რა შუაშია?.. უბრალოდ, მერე ჩვენ, ორივე მივეჩვიეთ ცალ ფეხზე დგომას. თანაც ისე, რომ ვერავინ ამჩნევდა ამას... - ყველა "არამიმიკური" გასწორდა და სიამაყის ფერი მოირგო მზერამ....

- საოცარი ქალი ხარ, ქეთ... - აშკარად შურისფერი იყო ხმა...

პირველს ჯერ არ ჰქონდა არამიმიკური ღარები. - არა!.. - მოწყვეტით თქვა და გასწორდა, ხელში ლამაზად დაიჭირა ჩემოდანი... მერე უცებ გახსნა - "ტკაც" უპასუხა "მოსერომ", იქიდან კალამი ამოიღო, დახედა, მერე პირთან მიიტანა და ტუჩებში მოიქცია, გაშეშდა, თითქოს მუზას ელოდებაო....

- მე უბრალოდ ქალი ვარ, რომელიც ვერმოსულ სიყვარულს გაებუტა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერაფერი მოუხერხა რეალობას... და როცა უკვირთ, კითხულობენ, - რა ფერია ეს ჩემოდანიო? - გულში ვამბობ: ვერმოსული სიყვარულის ფერია. ის ერთადერთია, სპეციალურად ჩემთვის შეაკერვინა, იმ სასწაული მოგზაურობისთვის.... ოკეანის ფერი ჰქონდა, გესმის? პაწაწინა ცისფერი ბოქლომითა და გასაღებით... ის ერთადერთია... ჩემია!.. ჩვენ თითო გავჩნდით და როდის იყო გამორჩეულებს სიყვარული სწყალობდათ?!

პირველს ზომაზე მეტად გაცივებოდა ნახევრად დაღვრილი ჩაი... ...არაფერი აწუხებდა ჩემოდანს, პირიქით, მგონი, გახარებულიც იყო... უბრალო საქმე ხომ არაა - ქალის ისტორიის მთვარი გმირი იყო - "ცალბორბლიანი"...

- ბუნებაშია საქმე! ხასიათში!.. მე მაქსიმალური ბუნებით ქალი ვიყავი, ჩემო კარგო. გადამეტებით ქალი!.. წვიმაც ქალია ალბათ, თორემ აბა, რა აშხაპუნებს ასე?!.. - ღიმილი ჩააყოლა სიტყვას მეორემ და ფაიფურის ფინჯანი ისე მიიტანა ტუჩთან, მოსვა თუ აკოცა, ვერ მიხვდებოდი...

GzaPress

მოულოდნელად გამოჩენილი მხატვრობის ნიჭი

ერთ მშვენიერ დღეს, დილით, სამსახურში წასვლამდე ინტერნეტში შევედი, რომ თვალი გადამევლო სიახლეებისთვის, რაიმე არ გამომრჩენოდა. ჩემი ყურადღება ჩემს პირად გვერდზე "დაყრილმა" უცნაურმა ნახატებმა მიიქცია. ამან იმდენად დამაინტერესა და იმდენად შევყევი მის თვალიერებას, რომ სამსახურში დამაგვიანდა და როდესაც დამირეკეს, თავი მოვიმკვდარუნე, - ცუდადა ვარ და დღეს ვერ გამოვცხადდები-მეთქი. საათობით ვათვალიერებდი თითოეულ ნახატს და ვგრძნობდი, თვალს ვერ ვაშორებდი. არ ვიცი, რატომ ჩამითრია ასე ძალიან. ორი დღე ვათვალიერე ეს ნახატები, ბოლოს გადავწყვიტე დამერეკა და გამეგო, ვინ იყო ამ ნამუშევრების ავტორი და როგორ გაჩნდა ის ჩემს გვერდზე. სასიამოვნო ხმამ მიპასუხა. თვითონაც გაკვირვებული იყო, როგორ მოხვდა მისი ნამუშევრები ჩემთან. მერე აღმოვაჩინე, რომ ისიც ჩემსავით რუსთავიდან გახლდათ და რადგანაც ჩემი ქალაქიდან აღმოჩნდა, უფრო სწრაფად გამოვნახეთ საერთო ენა. ემჩნეოდა, რომ ძალიან მორიდებული იყო. ისიც ემიგრანტია, ჩემსავით, ოღონდ იტალიაში ცხოვრობს. მინდა, ლიკა ცაბაძე გაგაცნოთ:

- მამის გარდაცვალების შემდეგ, მე და დედამ გადავწყვიტეთ ემიგრაციაში წავსულიყავით და 2008 წელს გავემგზავრეთ იტალიაში, ქალაქ ნაპოლში, სადაც 2011 წლამდე დავრჩით. უკან დაბრუნებისას გამოვიარეთ საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, სადაც შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს და სუფრიდანვე გავიპარეთ.

- როგორ, პირველსავე ნახვაზე გაჰყევი უცნობ ადამიანს?

- არა, ჩემს მომავალ მეუღლეს, ზურა ბაძაღუას ბავშვობიდანვე ვიცნობდი. ის ჩემი ძმის მეგობარი იყო და ყოველთვის დიდი სიმპათიით ვიყავით ერთმანეთის მიმართ განწყობილი. მე არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. 7 თვე დავრჩით სალონიკში და მერე ისევ იტალიაში დავბრუნდით. 2011 წლის 24 დეკემბერს, იტალიაში დაიბადა ჩვენი ქალიშვილი კატერინა და ამან უფრო მეტად გაალამაზა ჩვენი ცხოვრება.

- დედა და ძმა სად არიან ამჟამად?

- დედაც ემიგრაციაშია, იტალიაში, ძმა - პორტუგალიაში.

- ხატვა როდის დაიწყე?

- 27 წლის ასაკში.

- მე კი მეგონა, ბავშვობიდან ხატავდი...

- არა, მანამდე არასოდეს მიცდია ხატვა. ერთ დილას, სანამ კატერინას სკოლაში გავუშვებდი, ერთად დავიწყეთ რაღაცების ხატვა. ჩემი ჭკუით, ვეხმარებოდი და დავუხატე მზე, ყვავილები. როგორც კი ბავშვი სკოლაში წავიდა, მისი ფანქრები მოვიმარჯვე და ერთ საათში ნახატი მზად იყო. მე თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა, გაკვირვებული ვიყავი ჩემი მოქმედებით. მერე ყოველ დილით ველოდებოდი, რომ ბავშვი სკოლაში გამეშვა და მეხატა. ხატვა წელს, იანვარში დავიწყე, არადა, უკვე დაახლოებით 45 ნახატი მაქვს შესრულებული.

- რა საღებავებს იყენებ?

- როგორც გითხარი, ბავშვის ფანქრებს, შავ ფლომასტერს - კონტურებისთვის და თვალის ჩრდილებს ვიყენებ... მამის გარდაცვალებამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. დღე არ გავა, რომ მასზე არ ვიფიქრო და არ ვიტირო. მაინც მგონია, რომ სწორედ ამ ტკივილმა, მამაზე ფიქრმა და სევდამ დამაწყებინა ხატვა. თითოეული ნახატი ისეთი გამოდის, როგორ ხასიათზეც ვარ იმწუთას, როცა ხელში ფანქარი მიჭირავს.

- შენი სევდა რა ფერია?

- ჩემი სევდა წითელია.

- შენი ოცნება რა არის?

- მეც ვოცნებობ საქართველოში დაბრუნებაზე, ისევე, როგორც მსოფლიოში გაბნეული ქართველი ემიგრანტის უმეტესობა. ოღონდ მსურს, "გამართულ" საქართველოში ჩავიდე, სადაც შევძლებთ ადამიანურად ცხოვრებას და შვილების კარგად აღზრდას.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეს, რას ინატრებდი?

- მამას გავაცოცხლებდი. საქართველოს გავაბრწყინებდი და ყველას დაგაბრუნებდით სამშობლოში, რომ დარჩენილი წუთისოფელი ერთად გაგვეტარებინა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის მენატრება და რომელსაც ყოველ ღამე სიზმარში ვხედავ.

- დაბოლოს, რას უსურვებ ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

- პირველ რიგში, ჯანმრთელობას. თუ ჯანმრთელები ვიქნებით, მერე ყველაფერი იქნება. დიდი მადლობა გამოჩენილი ყურადღებისათვის...

P.s. ინტერვიუ კი ჩავიწერე, თუმცა მისთვის არ მითქვამს, რომ უნდა დამებეჭდა... ვიცი, ეს მისთვის სიურპრიზი იქნება და ღმერთმა ქნას, ჩემმა "ხელბედნიერობამ" აქაც ისევე გაამართლოს, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა.

მე ხელოვნებათმცოდნე არ გახლავართ და ვერ გეტყვით, რა მიმდინარეობაა ეს, ნამდვილად არის თუ არა ეს ნამუშევრები ღირებული, მაგრამ მან ჩემზე მართლაც, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს თქვენთვისაც მინდოდა გამეზიარებინა.

სულ ახლახან კი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მივიღე თვითონ ქალბატონი ლიკასგან: ერთი იტალიელი ხელოვანი დაინტერესებულა მისი ნამუშევრებით, რამდენიმე ნახატის შეძენისა და თანამშრომლობის სურვილი გამოუთქვამს. ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება და ღმერთმა ქნას, კიდევ ერთმა და არაერთმა ემიგრანტმა გვასახელოს, რაც ასე ძალიან გვჭირდება ქართველ ემიგრანტებს საზღვრებს მიღმა.

ლიგია მუშკუდიანი