ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კი­ბო და­ა­მარ­ცხეს - გზაპრესი

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კი­ბო და­ა­მარ­ცხეს

ეკა ნ-ძე იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, ვინც სიმსივნე დაამარცხა. ის დღესაც მღელვარებით იხსენებს დღეს, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა: "8 წლის წინ, სრულიად მოულოდნელად, სარძევე ჯირკვალში უცხო წარმონაქმნი შევნიშნე. რა თქმა უნდა, ძალიან შევშინდი და მეორე დღესვე ექიმს მივმართე. დიაგნოზი თავზარდამცემი გახლდათ - სარძევე ჯირკვლის კიბო. ოპერაცია აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. საბედნიეროდ, სიმსივნე ჯერ განვითარებული არ იყო და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა. ძუძუ მომკვეთეს და ამის გამო საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ დღეს მაინც კმაყოფილი ვარ: ოპერაცია საწყის ეტაპზე გავიკეთე და დღეს ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. თავიდან გადაწყვეტილი მქონდა პლასტიკური ქირურგისთვის მიმემართა და სარძევე ჯირკვალი აღმედგინა, მაგრამ გადავიფიქრე. მთავარია, ცოცხალი ვარ და ვიცი, რომ არ ღირს კიბოს დიაგნოზის გამო წინასწარ ვინმე გამოვიგლოვოთ".

ნუნუ მანჯგალაძე, ონკოლოგი:

- ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა - "კიბო", რადგან ყველა სიმსივნე კიბო არ არის და არც თვითონ კიბოა განაჩენი. ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, ქართველები ამ დაავადებას ძალზე ემოციურად და ტრაგიკულად განვიცდით, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ სიმსივნეს მოერიოს. აუცილებელია, დროული მკურნალობა და პრევენცია, რომ მეტასტაზები ორგანიზმში არ გავრცელდეს - ამ შემთხვევაში ჩვენი პაციენტები პრაქტიკულად ჯანმრთელები რჩებიან. სულ ვფიქრობ: რატომ ჰგონიათ, რომ კიბოა განაჩენი და არა რევმატიზმი, ან დიაბეტი, რომლის დროსაც ადამიანი მთელი ცხოვრება წამალზე დამოკიდებული რჩება?

- ამ დაავადებაზე ხალხში უამრავი ცრურწმენა და ცრუ წარმოდგენაა გავრცელებული. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- გეთანხმებით. იმასაც ამბობენ, რომ კიბოს დანა არ უნდა შეეხოსო, მაგრამ ეს აბსურდული აზროვნებაა. ოპერაციით ნამკურნალევი არაერთი პაციენტი მყავს, რომელიც თავს კარგად გრძნობს. მე მყავს ერთი პაციენტი - სრულიად ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაციას არ იკეთებდა - ამბობდა, ქმარი მიმატოვებსო. ლამის დავუჩოქე, ვეხვეწე და ძლივს დავარწმუნე. რად გინდა ისეთი ქმარი, რომელიც შენს სიცოცხლეზე წინ გარეგნობას აყენებს-მეთქი, საბედნიეროდ, დამიჯერა. მერე ქიმიას არ იკეთებდა - თმა გამცვივდებაო. თმა მართლაც გასცვივდა და ცოტა არ იყოს, განაწყენებული იყო ჩემზე, მაგრამ ახლა კარგად არის, ახალი თმაც ამოუვიდა და შემომირიგდა. ასეთი რამ ონკოლოგების ცხოვრებაში ხშირად ხდება.

- ქალბატონო ნუნუ, ყველაზე რთული კიბოს რომელი ფორმაა?

- არსებობს სიმსივნის ოთხი ხარისხი: არადიფერენცირებული, დაბალდიფერენცირებული, საშუალო დიფერენციაციის და მაღალი დიფერენციაციის სიმსივნე. მაღალი დიფერენციაციის სიმსივნეს ყველაზე კარგი მიმდინარეობა ახასიათებს, მისი პროგნოზიც საიმედოა, ასევეა საშუალო დიფერენციაციის სიმსივნე. ძალიან ცუდია არადიფერენცირებული და დაბალდიფერენცირებული სიმსივნეები. ამიტომ, მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რომ მეტასტაზები არ განვითარდეს. ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს: პირველ წელს 4-ჯერ უნდა მიმართოს თავის ექიმს, მეორე წელს - ორჯერ, ხოლო შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები.

- სამწუხარო შედეგს იძლევა სტატისტიკა: სიმსივნით გარდაცვლილ პირთა რაოდენობა თანდათან იზრდება. რისი ბრალია ეს?

- ბოლო წლებში სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევებმა მართლაც მოიმატა. ეს იმის ბრალია, რომ დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა. ადრე სიმსივნე მოხუცთა დაავადებად იყო მიჩნეული, ახლა კი, ახალგაზრდებსაც ხშირად ემართებათ. თუ ადრე ყოველ წელს 7 თასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა ეს რიცხვი 12 ათასამდეა გაზრდილი. რამ გამოიწვია ეს? - უამრავმა მიზეზმა: ჰაერის დაბინძურებამ, გამონაბოლქვმა, რომელიც კანცეროგენურ ნივთიერებებს შეიცავს, ვაი-ფაიმ და ახალმა ტექნოლოგიებმა - ყველა ოჯახში რამდენიმე მობილური მაინც აქვთ - ეს ყველაფერი ხომ ადამიანის დასხივებას იწვევს? სხვათა შორის, ჩვენ დღემდე ვიმკით ჩერნობილის ავარიის შედეგებსაც. არასწორმა რეჟიმმა და კვებამ გაზარდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეების რიცხვი. ამ ტიპის სიმსივნეები მთელ მსოფლიოში იმატებს, რაც სწრაფი კვების ობიექტების დამსახურებაა.

- როგორ ეუბნებით პაციენტს, რომ მას კიბო აქვს?

- ეს ყოველთვის მიჭირდა და ახლაც მიჭირს. მართალია, თავის დროზე ხელი მომაწერინეს, რომ პაციენტმა თავის დაავადებაზე ყველაფერი უნდა იცოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვუთხრა მის ახლობელებს, მაგრამ საქართველოში უფრო ხშირად ახლობლებს ვეუბნებით ხოლმე. წესით, პაციენტმა ყველაფერი უნდა იცოდეს თავის მდგომარეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფრად ჩათვლის და მკურნალობის პროცესს ზერელედ მიუდგება. ამიტომ, თავიდან შეფარვით ვეუბნები, ვცდილობ თანდათან შეეგუოს ამ აზრს. თავდაპირველად მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ საკმაოდ რთული დაავადება აქვს. თავიდან ყველა განიცდის, მაგრამ მერე გადახარშავენ ამ ყველაფერს და ბრუნდებიან.

- ვინ შედის რისკ-ჯგუფში - ვის შეიძლება აღმოაჩნდეს სიმსივნე?

- განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია ის ხალხი, ვისაც ეს დაავადება გენეტიკურად აქვს: თუ დედას, ბებიას, ბაბუას, ან ახლობელს ჰქონდა სიმსივნე, მათი შთამომავლობა უფრო ყურადღებით უნდა იყოს. ისედაც, 35 წელს ზემოთ, ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს მამოგრაფია, პაპტესტი გაიაროს და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიმოწმოს. არის ბევრი სიმსივნე, რომელიც 100%-ით იკურნება - ასეთია მაგალითად, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, თუ ის პირველ სტადიაზე დადგინდება და პაციენტს ოპერაციული მკურნალობა დროულად ჩაუტარდება. მე ბევრ პაციენტს ვიცნობ, რომელმაც ოპერაცია წლების წინ გაიკეთა, ახლა ასაკშიშესული სულ სხვა დაავადების გამო დადის კლინიკაში. ერთ-ერთი უკვე 80 წლისაა, ოპერაცია წლების წინ გაიკეთა და მერე არაფერი დასჭირვებია. თავის ექიმზე ხშირად ბრაზობს - ძუძუ ტყუილად მომაჭრაო, არადა, ამის გამოა კარგად. ხშირად მოდის შემოწმებაზე და მეც ვეუბნები: აღარა გაქვს კიბო, შენ შეჭამე-მეთქი. თვითონაც უკვირს, რომ სიმსივნის დამარცხება შეძლო. სწორი მკურნალობის შემდეგ ყველა პაციენტი პრაქტიკულად ჯანმრთელია, ოღონდ, თუ მეტასტაზები სხვა ორგანოებში არ გავრცელდება. ამ დროს დიდი როლი ენიჭება ავთვისებიანობის ხარისხს.

- რამდენად შესაძლებელია სიმსივნის პრევენცია?

- ფილტვის, პანკრეასის ან ღვიძლის სიმსივნის პრევენცია რთულია, რადგან საწყის ეტაპზე მათ გამოვლენას ძალიან ძვირი გამოკვლევები სჭირდება, მაგრამ კუჭის, საყლაპავი მილის, სარძევე ჯირკვლის, ან კანის სიმსივნის თავის დროზე გამოვლენა და რადიკალური მკურნალობა რთული არ არის, თანაც ეს სიმსივნეები განკურნებადია. მკურნალობისას რწმენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველა პაციენტს ვურჩევ იაროს წმინდა პანტანასას სახელობის ეკლესიაში, რომელიც ზაჰესში სპეციალურად ასეთი ავადმყოფებისთვის აშენდა. ეს მათ დაზიანებულ ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ბოლოს მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კიბო არ არის განაჩენი, თუ პაციენტი დროულად იმკურნალებს და თავის ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე