სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს რამ­დე­ნი­მე სამ­კა­უ­ლი მო­ე­წო­ნა და ვა­ჩუ­ქეთ - გზაპრესი

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძეს რამ­დე­ნი­მე სამ­კა­უ­ლი მო­ე­წო­ნა და ვა­ჩუ­ქეთ

32 წლის მზეონა შეთეკაური პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა ამჟამად ტიხრული მინანქრის სპეციალისტი გახლავთ. მზეონას თურმე ბავშვობიდანვე იტაცებდა ხელსაქმე, ხევსურული ქარგვა და თექა. ოსტატი თვლის, რომ მის საქმეში მთავარი ფერების შეხამებაა. რა სირთულეები ახლავს თან მის პროფესიას და რატომ აირჩია სამუშაო თემად ხევსურული მოტივები - ამაზე სასაუბროდ მზეონას სახელოსნოში მივაკითხე.

- ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად და საბედნიეროდ, მალე მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო. თავი დავანებე პედაგოგობას. ადრევე გამორჩეულად მომწონდა მინანქარი, ხშირად ვყიდულობდი ხოლმე სამკაულებს, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ კეთდებოდა. შემთხვევით შევიტყვე, რომ ერთ-ერთ პროფესიულ კოლეჯში უფასოდ შეიძლებოდა ტიხრული მინანქრის 6-თვიანი კურსის გავლა. კურსის დამთავრების შემდეგ პედაგოგმა რამდენიმე წარმატებულ მოსწავლეს მოგვიყარა თავი და დაგვეხმარა, რომ სახელოსნო გაგვეკეთებინა და გვემუშავა. ინდივიდუალურადაც ვმუშაობთ და ერთადაც ვიღებთ შეკვეთებს. არტგენზე აქტიურად ვმონაწილეობთ, ასევე ვაბარებთ სასტუმროებში, სადაც უფრო მეტად ტურისტები ყიდულობენ.

GzaPress

- ძირითადად, რა მასალაზე მუშაობ?

- ძირითადად, ვერცხლზე ვმუშაობ. მინანქარი სპილენძზეც კეთდება და ოქროზეც, მაგრამ სპილენძი სამკაულად არ გამოდგება, ოქრო კი ძვირია და არ ღირს, გააკეთო და მერე თვეობით ელოდო, როდის გაიყიდება.

- რამდენად საინტერესოა შენთვის მუშაობის პროცესი? ალბათ გარკვეული სირთულე ახლავს, ხომ?

- ჩემთვის მართლაც საინტერესოა მუშაობის პროცესი, თუმცა მინანქარი საკმაოდ რთულ და შრომატევად დარგად ითვლება, რის გამოც ბევრი თავს ანებებს. მინიატიურულ დეტალებზე დიდხანს გიწევს მუშაობა. ტიხრით უნდა დახატო და მერე ფერები დაადო. რთულია გაქლიბვა და დამუშავებაც. ერთ დღეში რამდენიმე ნამუშევარს ვერ გააკეთებ, შეუძლებელია, თუ ხელით მუშაობ.

- პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს?

- როგორ არ მახსოვს, დედაჩემს გავუკეთე პატარა გულსაკიდი, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს. როდესაც უკვე ჩემი გვერდი გავაკეთე და ნამუშევრები დავდე, შემიკვეთეს ბეჭედი ინიციალებით, მოოქრული. ეს იყო პირველი რეალიზებული ნივთი და მახსოვს, ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- ხევსურული მოტივები ჭარბობს შენს სამკაულებში... ამაში ალბათ წარმომავლობა გიწყობს ხელს?

- დიახ, ხევსური ვარ და ალბათ გენებში ყველაფერი ხევსურული მაქვს... ხევსურულ ნაქარგებს რომ ვუყურებდი, სურვილი მიჩნდებოდა, მინანქარში გადამეტანა ის საოცარი ფერთა შეხამება. გარდა ამისა, გაყიდვის თვალსაზრისითაც მომგებიანია, რადგან ბევრს მოსწონს და ინტერესდება.

- ვინმე ცნობილს თუ უყიდია შენი ნამუშევრები?

- არ ვიცი, სადაც ვაბარებ, იქ ვინ ყიდულობს ჩემს სამკაულებს. ერთხელ სახელოსნოში ერთ-ერთი გადაცემიდან სალომე ბაკურაძე გახლდათ სტუმრად, რამდენიმე სამკაული მოეწონა და ვაჩუქეთ. იმედია, ატარებს...

- შენს ფოტოებში პირველ ლედისთან - მაკა ჩიჩუასთან გადაღებული ფოტო შევნიშნე...

- ღვთისშვილთა კავშირის მიერ (მე მათი თანამშრომელიც ვარ და იქ ბენეფიციარებს - შშმ პირებს არტთერაპიას ვუტარებ) შეიქმნა სოციალური სოლიდარობის ორდენი, რაშიც პატარა წვლილი მეც შევიტანე - დავამზადე ორდენი, რაც ჩემთვის დიდი პატივია. სწორედ ამ ორდენით დაჯილდოვდა პირველი ლედი შარშან და რა თქმა უნდა, ხელიდან არ გავუშვით მასთან ფოტოს გადაღების შანსი.

- მზეონა, წარმატებებს გისურვებ!

ნინო ჯავახიშვილი