ტერორისტული ჩანასახი და საფრთხეები, რომლებიც კვალიფიციურმა კადრებმა უნდა შეაფასონ - გზაპრესი

ტერორისტული ჩანასახი და საფრთხეები, რომლებიც კვალიფიციურმა კადრებმა უნდა შეაფასონ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ჩატარებული სპეცოპერაცია კვლავ რჩება ბოლო კვირების ერთ-ერთ მთავარ თემად და მის შესახებ მედიით ყოველდღიურად ახალ-ახალი დეტალები იკვეთება, ყველა მათგანი ცდილობს, "სანდო წყაროზე" დაყრდნობით საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდოს, სიმართლის დადგენაში კი მოგეხსენებათ, ქართულ მხარეს აშშ ეხმარება, რადგან საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება და მისი ერთობლივად გამოძიება მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როდესაც ასეთი შემთხვევა საქართველოს რეალობაში პირველია. მოვლენების შეფასება და ანალიზი სამხედრო ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს ვთხოვეთ.

- ბატონო ნიკა, როგორ შეაფასებთ გასულ კვირას ჩატარებულ სპეცოპერაციას, სხვა ქვეყნების პრაქტიკას რომ შევადაროთ, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი?

- პირველ რიგში, დიდ გულისტკივილს გამოვხატავ დაღუპული სპეცრაზმელის გამო, ის ნამდვილი გმირია და ყველა სპეცრაზმელს ჩემს დიდ პატივისცემას ვუდასტურებ. საინტერესოა თვითონ ის, თუ რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია 22 საათს, ოპერატიულ ნაწილზე საუბარი ჩემთვის ძნელია, თუმცა პოლიტიკური კუთხით შემიძლია შევაფასო. სპეცოპერაცია შეიძლება დიდხნიანი იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, ბინაში შეჭრა და მისი შტურმით აღებაც არ იყო იოლი, რადგან არსებობდა საფრთხე, მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალებულიყო, მაგრამ მეორე მხრივ, თუ საუბარია იმაზე, რომ აღნიშნულ პირებზე თვალთვალი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, კარგი იქნებოდა, რომელიმე წარმომადგენლის ქუჩაში აყვანა, თუმცა, შესაძლოა ამას სხვების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყოლოდა და სახლში ვინმე მძევლად აეყვანათ, შემდეგ კი გაცვლა მოეთხოვათ.

- რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ტერორისტულ დაჯგუფებას ჩვენს ქვეყანაში?

- მიზანი რამდენიმე შეიძლებოდა ყოფილიყო: ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი და შესაძლოა, ისინი საქართველოს გავლით აპირებდნენ გადასვლას. მეორე ვარიანტია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები, მას შემდეგ, რაც ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგეს, ცდილობენ ტაქტიკა შეცვალონ, გარკვეული ქსელები, "ფილიალები" გახსნან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და სატრანზიტოდ გამოიყენონ, რადგან არსებობს გარკვეული კავშირი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და კავკასიაში მოკალათებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის. მესამე ვერსიაა, რომ რუსეთი იყო დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობით და ამიტომ მას შეიძლება ჰქონოდა კავშირი აღნიშნულ ბოევიკებთან და გარკვეულწილად ხელი შეეწყო საქართველოში მათი შემოსვლისთვის.

- საინტერესოა, როგორ მოხვდა ამდენი ასაფეთქებელი ნივთიერება მათ ხელში? თქვენი აზრით, როგორ მოახერხეს ამ ყველაფრის მობილიზება და ამდენი ტყვია-წამლის შუაგულ ქალაქში, კორპუსში ასე მარტივად შეტანა? როცა ქალაქში ამდენი სამართალდამცავი მოძრაობს... საზღვარზე როგორ გადმოიტანეს ან აქ თუ შეიძინეს, შესაბამის სამსახურებს როგორ გამოეპარათ? ყველაზე მთავარი ალბათ სწორედ ესაა.

- არ არის გამორიცხული, რომ სწორედ რუსეთი მონაწილეობდა ჩვენს ტერიტორიაზე ამ ბოევიკების შემოსვლაში. მეტი ალბათობით, მათ ლეგალური გზით, სხვა პასპორტებით შემოაღწიეს ან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი 44 ბილიკიდან რომელიმეთი. იარაღი კი ადგილზე მიიღეს.

- თუ იარაღი საქართველოში მიიღეს, დასაშვებია, რომ მათი მოკავშირეები თუნდაც ქართველებს შორის ყოფილიყვნენ?

- შესაძლებელია, ან პანკისელებს, ქისტებს შორის. შავ ბაზარზე იარაღის შეძენა შესაძლებელია.

- რა მოჰყვება ამ ფაქტს? რა საფრთხეების წინაშე ვართ დღეს? რამდენად გავხდით ამიერიდან ტერორისტების სამიზნე და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან? სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?

- ტერორისტების სამიზნე ვიყავით და დღესაც ვართ. საფრთხეები მომდინარეობს როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან, რუსეთიდან და ე.წ. ისლამური სახელმწიფოდანაც. პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სამსახურები. დაუშვებლად მიმაჩნია ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება; ყოველდღიური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ცალკეულ დეპარტამენტებს შორის. საგანგებო სიტუაციების სამსახური საფრთხის გათვალისწინებით, პროფესიონალი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. მეორე მხრივ, მძლავრი ანალიტიკური სამსახური უნდა არსებობდეს, რომელიც შეაფასებს კონკრეტულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს ხელისუფლების მიმართ. აუცილებელია მათი დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით. გარდა ამისა, აუცილებელია დამატებითი ტექნოლოგიების შეძენა, ტერორისტების გამოვლენა რომ გაადვილდეს.

თამთა დადეშელი