რას შეეწირა 11 ახალგაზრდის სიცოცხლე? - გზაპრესი

რას შეეწირა 11 ახალგაზრდის სიცოცხლე?

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. უმძიმესია გაჩენილი ხანძრის შედეგი - 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მომხდარს. აქედან 10 ქართველია, ერთი - ირანის მოქალაქე, რომელიც თავის ქვეყანაში გადაასვენეს.

ენით აღუწერელია ის ტკივილი, რასაც დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები განიცდიან. 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, სასტუმროს წინ არ წყდებოდა ხალხის მასა, მთელი დღე მიდიოდნენ ადამიანები სანთლებითა და ყვავილებით ხელში და პატივს მიაგებდნენ დაღუპულთა ხსოვნას. ყველა მხრიდან ხალხის მოთქმა-გოდება ისმოდა. ძნელია, ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებმა ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან გამოსვლა ვეღარ შეძლეს. მაშველები იქ მყოფი ადამიანების გადარჩენას დიდხანს ცდილობდნენ და 100-ზე მეტი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 20 საათზე შევიდა. როგორც ირკვევა, ცეცხლი საუნასთან გაჩნდა და ის შენობის მთელ ტერიტორიას სწრაფად მოედო. შემთხვევის ადგილზე უამრავი სახანძრო-სამაშველო მანქანა მივიდა. მალევე, დამატებითი ტექნიკა და ძალები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩაერთვნენ. სასტუმროში შუქი ჩაქრა, შემდეგ კვამლმა რამდენიმე სართული სრულად დაფარა, გაითიშა ლიფტი და საუბედუროდ, ლიფტში ჩარჩენილმა ადამიანებმა გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებიდან რვა - ლიფტში, ერთი - აუზში, ორი კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს.

სასტუმროში იმყოფებოდნენ "მის საქართველოს" კონკურსანტები, რომლებიც კონკურსისთვის ბოლო რეპეტიციას გადიოდნენ. საბედნიეროდ, ისინი ტერასაზე იყვნენ და სპეცტექნიკის დახმარებით მაშველებმა ყველანი სამშვიდობოს გამოიყვანეს.

გადარჩენილი მოქალაქეების ნაწილს ექიმების დახმარება დასჭირდა, ისინი კლინიკებში დროულად გადაიყვანეს. ცნობილია დაღუპულთა ვინაობაც: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, დავით ლორთქიფანიძე, დავით ქამადაძე, გიორგი ცინცაძე, ბექა შატაკიშვილი, ნუკრი ჩანჩიბაძე, გიორგი მორთულაძე, როინ ჯოყილაძე და მიშიკო ქავთარაძე.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. როგორც ამბობენ, ცეცხლი ღუმელს გაუჩნდა და მალე მოედო იქაურობას. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და ექსპერტიზების დასკვნის შემდეგ გახდება უფრო მეტი დეტალი ცნობილი.

სტიქაროსანი გიორგი ცინცაძე ბათუმელი იყო, ის მეგობართან ერთად წავიდა იმ საბედისწერო დღეს სასტუმროში სავარჯიშოდ. გიორგის მეუღლე და შვილები დარჩა, მას ტყუპი ბიჭი რამდენიმე თვის წინ შეეძინა. მეგობრებს ძალიან უჭირთ წარსულ დროში მასზე საუბარი. როგორც ირკვევა, სხვებთან ერთად ის ლიფტში შევიდა და რადგან შუქი გამორთეს, კაბინიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ბექა შატაკიშვილიც ეკლესიური ახალგაზრდა იყო და თურმე ბერად აღკვეცას აპირებდა. სოციალურ ქსელში მის ტრაგიკულად დაღუპვას საბერძნეთიდან მამა ირინეოსი გამოეხმაურა: "გუშინ ჩემთვის მოგიწერია, მაპატიე ბექა, რომ ვერ გიპასუხე, ვერ დაგემშვიდობე, ვერ გაგატანე უკანასკნელი სიტყვა მასთან, ვისთანაც გადაინაცვლე! რამდენი გვისაუბრია შენ სურვილებზე, ბერობაზე, მაგრამ არ იდარდო ჩემო ექვთიმე (სახელი მორჩილების დროს, მონასტერში ცხოვრებისას)! ზოგს გვინდა ანგელოზებრივი ცხოვრება, ზოგნი კი პირდაპირ ხდებით ანგელოზები! უფალმა ყველა დაღუპულის სული მართალთა თან დააწესოს!"

22 წლის ბექამ იმ საშინელ წუთებში დედას დაურეკა სულისშემძვრელი სიტყვებით: "დედა, მიშველე, ვკვდები, შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის" და მის შემდეგ კონტაქტი გაწყდა. გამწარებული დედა რეკავდა შვილის ნომერზე, მაგრამ მას არავინ პასუხობდა. მალე გაიგო, რომ ბექა ცოცხალი აღარ ჰყავდა. ალბათ მომხდარით განადგურებული დედა მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებს შვილის ბოლო სიტყვებს. ბექა დედისერთა იყო. სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, სტიქაროსანი იყო და ყველას ძალიან უყვარდა. როგორც მეგობრები ამბობენ, ბექა ხშირად დადიოდა მეგობრებთან ერთად სავარჯიშოდ. ბექასთან მეგობრობდა 21 წლის ჩოხატაურელი გიორგი (კუკური) მორთულაძე. მისი ცხედარი ჩოხატაურის სოფელ გოგოლესუბანში გადაასვენეს. ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა.

როგორც თანასოფლელი ამბობს, გიორგი ძალიან ნიჭიერი იყო: "საოცრად თბილი ადამიანი, რელიგიური, ორი წლის წინ სამრევლო სკოლა დაამთავრა და შემდეგ სწავლა ბათუმში სასულიერო სემინარიაში განაგრძო. ბავშვობიდან ხატავდა, საოცარი ნამუშევრები აქვს. გიორგი წლებია, სტიქაროსანია და თან ხატმწერი. ისიც მეგობრებთან ერთად სასტუმროში სავარჯიშოდ ყოფილა მისული. ამბობენ, რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა, მერე მეგობრებთან ერთად შესულა ლიფტში და ვეღარ მოახერხა ლიფტიდან გამოსვლა, რადგან შუქი ჩაქრა. გამორჩეული ბიჭები დაიღუპნენ, მათ ფოტოებს რომ ვუყურებ, გული მისკდება. ხომ უნდა აგოს ვინმემ პასუხი ამ ტრაგედიისთვის? 5-ვარსკვლავიან სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების ზომები როგორ არ უნდა ყოფილიყო დაცული?" - ამბობს გიორგი მორთულაძის ნათესავი.

"გიო, ჩემო დიდო ტკივილო, ჩემო უსაყვარლესო დეიდაშვილო... შენი მხიარული სახე არასოდეს დამავიწყდება და მხარში ამოდგომა. შენ ყოველთვის ძმად გთვლიდი და ასე იქნები მუდამ. არ მჯერა, რომ აღარ გვყავხარ, არ ვიცით, როგორ შევეგუოთ ამას, გული მტკივა და არა მარტო მე - ყველას. შენ ჩემს გულში ყოველთვის დარჩები ცოცხლად. იმ საბედისწერო დღეს დამირეკე, ეს ზარი არასოდეს დამავიწდება და შენი ხმა შენსას არ ჰგავდა, არასოდეს დამლაპარაკებიხარ ასე დაღონებულად და მოწყენილად... ალბათ გრძნობდი... ძლიერ მენატრები და შენი მონატრება ჩემში ყოველთვის ასე ძლიერად დარჩება", - წერს სოციალურ ქსელში გიორგის დეიდაშვილი, გოგიტა დიასამიძე.

28 ნოემბერს 5 ახალგაზრდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს და დაკრძალეს. უსაშველოდ დიდია მომხდარი ტრაგედიით გამოწვეული ტკივილი. საზოგადოება გამოძიებას ელოდება; ყველაზე მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - იყო თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება სასტუმროში. როგორც ამბობენ, ნორმები დარღვეული იყო. მაშინ ისმის კითხვა - რატომ მიიღო ასეთი სასტუმრო ექსპლუატაციაში ქალაქის მერიამ და რატომ ჰქონდა მას მინიჭებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსი.

როგორც გაირკვა, 2017 წელს "ლეოგრანდს" სარეკომენდაციო წერილი გაეგზავნა უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ და ის გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. თავად სასტუმროს ადმინისტრაცია ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყო. "ლეოგრანდი" 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. როგორც ირკვევა, არა აქვს დაკვამლიანების კიბე, რომელიც ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფი პირების ევაკუაციისთვის გამოიყენება.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ოჯახის წევრები დამნაშავეების გამოვლენასა და მათ დასჯას ითხოვენ. ალბათ მიზეზებს დაადგენენ სამართალდამცავები, დამნაშავეც მიეცემა პასუხისგებაში, თუმცა, ეს ვერანაირი ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, ვინც ოჯახის წევრები დაკარგეს.