"ხალასი განწყობის მიღმა ძალიან დარდიანი იყო" - გზაპრესი

"ხალასი განწყობის მიღმა ძალიან დარდიანი იყო"

ეთერ კაკულია 29 ნოემბერს 75 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მის უახლოეს მეგობრებს შევეხმიანეთ - მათ, ვინც ბოლომდე გვერდით ედგა და სიცოცხლის ბოლო დღეებს უმსუბუქებდა, ვისაც ბევრი თბილი და სახალისო მოგონება აკავშირებდა მომღერალთან.

დალი თუშიშვილი:

- ეთერი სიცოცხლის ხალისსა და სტიმულს აძლევდა ყველას. ყოველთვის ამაყობდა თავისი მეგობრებით და უყვარდა მათი ერთმანეთთან დაკავშირება. ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანი მისი წყალობით. ხშირად ვიკრიბებით და ვიხსენებთ ჩვენს პოზიტიურსა და ხალას მეგობარს, გასახსენებელი კი მართლაც, ბევრი გვაქვს.

ბინაზე მქონდა გამოძახება პაციენტთან. დასვენების დღე იყო და მე და ეთერი რაღაც ღონისძიებაზე ვიყავით დაპატიჟებული. შევთავაზე, პაციენტთან წავალ და იქიდან გამოგივლი-მეთქი. - მეც წამოგყვები და მანქანაში დაგელოდებიო, - მითხრა. კორპუსთან რომ მივედით, დავრეკე და ეზოში დაგვხვდა ქალი, რომელიც მანქანაში ეთერის დანახვაზე გადაირია: დედა, ქალბატონო ეთერი, გეხვეწებით, თქვენც ამობრძანდით ჩვენთანო. ეს ქალი ავადმყოფის მომვლელი აღმოჩნდა. მოკლედ, პაციენტი 85 წლის მოხუცი იყო. სახლში არავინ დაგვხვდა ამ მოხუცისა და მომვლელი ქალის გარდა: მაღალი თანამდებობის პირები არიან შვილები და გვიან მოდიანო, - გვითხრა. პაციენტთან შევედი გასასინჯად. ეთერი მისაღებ ოთახში შეიყვანა იმ უცხო ქალმა. ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, გამოვედი და რას ვხედავ? - სუფრაა გაშლილი, ეთერი ზის, კარგად უბერავს და მეც მეპატიჟება: მოდი, მოდი, ეს ქალბატონი მეგრელი ყოფილა, რა კარგი საჭმელების კეთება სცოდნია... რომ იცოდე, რა ხარჩო მოუმზადებია, დააგემოვნე და თან, შავი ღვინოც დააყოლეო. მოკლედ, ამ უცხო სახლში კარგად მოვილხინეთ. კარგად ვიქეიფეთ და წამოვედით. საღამოს დამირეკა მასპინძელმა: ვაიმე, ქალბატონო დალი, ჩემთან როგორი სტუმრები ყოფილხართ და მე არ დაგხვდით. გეხვეწებით, კიდევ გავაკეთებ გამოძახებას და გავიმეოროთ სუფრაო. ამით რა მინდა ვთქვა, იცით? ეთერი იმდენად თავმდაბალი და ადამიანის მოყვარული იყო, რომ არ ითაკილა სრულიად უცხო ადამიანთან დამჯდარიყო და მოელხინა.

რაიონებში ხშირად დავდიოდით ერთად და გზის პირას გამართულ ბაზრობებზე რომ ვჩერდებოდით, ყველა გვეპატიჟებოდა, ეთერს ყველაფერს უფასოდ აძლევდნენ. ხალხს მართლაც ძალიან უყვარდა. მახსოვს, ერთხელ მანქანიდან ეზოს ცოცხის საყიდლად გადავედი. მეც გადმოვალო, - მითხრა. ეთერი რომ დაინახეს, მთელი მანქანა ეზოს ცოცხებით გაგვივსეს, აღარ გვეტეოდა მანქანაში და ვიცინოდი: ამდენი არ მჭირდება, მეეზოვედ კი არ ვიწყებ მუშაობას-მეთქი. არ ეზარებოდა სურათების გადაღება, უარს არავის ეტყოდა. ერთხელ ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომელმა სთხოვა, თქვენთან გადავიღებ სურათსო. სხვებმა რომ დაინახეს, მათაც მოუნდათ, გვერდით "პროფილაქტიკიდანაც" გამოცვივდნენ ტაოტით დათხუპნილი მუშები. უნდა გენახათ, რა ხდებოდა - ეთერი იდგა მათ შუაში, ბრჭყვიალა კაბით და ბედნიერი სახით.

ეს დაავადება მე აღმოვუჩინე, მაშინ ლისის ტბაზე, ონკოლოგიურ ცენტრში ვმუშაობდი და ერთხელ ჩემთან რომ მოვიდა, ვუთხარი, - რამდენი ხანია, რაც ექიმთან არ ყოფილხარ, მოდი, პროფილაქტიკისთვის მაინც გაესინჯე-მეთქი. დამთანხმდა. ჩემმა კოლეგამ სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება ურჩია და მე გამიბრაზდა: ეს სად მომიყვანეო? არაფრით დაიჯერა, რომ სიმსივნე ჰქონდა და ამ ხვეწნაში, რომ მიეხედა თავისთვის, ერთი წელი გავიდა. მერე უკვე დაავადების გამოვლინება რომ დაეწყო, შეშინდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. თავიდანვე რომ დაეჯერებინა ჩვენთვის, დღეს ცოცხალი იქნებოდა. სულ დარდობდა, რატომ არ დავუჯერე დალის, ეს რა გავაკეთეო...

ერნა წიფურია:

- სიცოცხლე არანორმალურად უყვარდა, ძალიან პოზიტიური იყო. მაშინაც კი არ ჩამოსტიროდა სახე, როდესაც პრობლემები ჰქონდა. ისეთი ამაყი იყო, ვერც ათქმევინებდი, თუ რამე უჭირდა. ბავშვები ძალიან უყვარდა. ერთხელ ვუთხარი: შენ ალბათ, ბევრი შვილი უნდა გყოლოდა-მეთქი და დამეთანხმა. - როგორ შევცდი, რომ კიდევ ორი-სამი ბავშვი არ გავაჩინე, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი დღესო... კონცერტი გვქონდა სამეგრელოში, აივანზე გამოვიდა და ეზოში ძროხა რომ დაინახა, მთელი სერიოზულობით იკითხა: ეს ძროხა ქალია თუ კაციო?

ერთხელ ოჯახის წევრებს უთქვამთ, მაცივარში სოფლის ქათამია და გაზზე მოსახარშად შედგიო. ჩაუდვია ქვაბში გამოუშიგნავი ქათამი და ხარშავს თურმე. მიყვებოდა, ისეთი სუნი გაუშვა, ლამის სახლიდან გავაქციე ყველაო. წასულა მერე და სხვა ქათამი უყიდია... უაღრესად კეთილი იყო. ყოველთვის ცდილობდა, კონცერტზე ბავშვები, მომავალი თაობა გამოეყვანა და გზა გაეკვალა მათთვის. მახსოვს, ერთხელ, კონცერტის მეორე დღეს მოვიდა ჩემთან და ფული მომიტანა: შენმა ბავშვებმა რომ იმღერეს ჩემს კონცერტზე, ეს მათი ფულიაო. უყვარდა საჩუქრების მიძღვნა ახლობლებისთვის, გაცემა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. კოლორიტი იყო, თუნდაც საუბრის მანერით. ამიტომაც იყო სახალხო მომღერალი...

მამუკა ლომაშვილი:

- 2004-2005 წლები იყო. მიშას ხმით დავურეკე, დაიჯერა, რომ პრეზიდენტი ვიყავი და დიდხანს ვილაპარაკეთ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა და მომღერალმა. ბოლოს ვუთხარი, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. რომ მოვკვდებით, რა გვეშველება-მეთქი? პაუზის შემდეგ მკითხა: რომელი ხარო? - ეთერი ვარ, კაკულია-მეთქი. - საინტერესოა, აბა, მე ვინ ვარო? - ასე ტელეფონით გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. "ეთეროლოგი" ვიყავი, მას ბევრი რამ ავიწყდებოდა და მე ვახსენებდი სად, რა, როდის...

სატელევიზიო გადაცემებში რომ მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ვპასუხობდი: როგორც დიდი ეთერი იტყოდა, დადებითად და პოზიტიურად-მეთქი და ამაზე გიჟდებოდა, ისე მოსწონდა ფრაზა: "დიდი ეთერი"... ერთხელ შუაღამისას მირეკავს და მეკითხება: მამუკა, ჩვენ რომ გარდავიცვლებით, იქაც ვიმეგობრებთ და იქაც ნაზის (ჩვენი საერთო მეგობარია ნაზი ალასანია) მანქანით ვივლითო?

ერთხელ რაიონში მივდივართ კონცერტის ჩასატარებლად, გზის პირზე ხეები იყო აყვავებული. გაიხედა და მეუბნება: მამუკა, გაიხედე, ეს რეჰანი რამხელა გაზრდილაო. გავიხედე და ტყემლის ხეზე მეუბნება... იმ საღამოს ბაღდათში დავრჩით მეგობრის ოჯახში. მეორე დღეს კოპიტნარიდან უნდა გავფრინდეთ და ვიღაცამ იხუმრა: "კუკურუზნიკით" მივფრინავთ და ბიაზის ფრთები აქვსო. ეთერი მანქანიდან არ გადმოდიოდა, ძლივს დავითანხმეთ. დაჯდა ეთო და ყოველ წუთში კითხულობს, მივფრინავთ თუ არა? - ეთო, რა განერვიულებს? აგერ არის პარაშუტი, გაგიკეთებ და დაზღვეული იქნები-მეთქი. გაუხარდა და დამშვიდდა. ბოლოს ვუთხარი, მოდი, ერთი გავხსნათ შენი პარაშუტი, როგორ მუშაობს-მეთქი და გადმოიყარა ჩემი ტანსაცმელი. ჩემი ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული მთელი გზა და ეგონა, პარაშუტით მგზავრობდა. ამხელა ქალი როგორ გავსულელდი. ისე, პარაშუტიც რომ ყოფილიყო, იქიდან გადმომხტომი ვიყავიო? რუსთაველის თეატრში რაღაც შეკრება იყო, იქ გახლდათ პატრიარქიც. მოვიდა ეთერი, მაგრამ ძალიან შორსაა პატრიარქისგან, არადა, უნდა ხმა მიაწვდინოს და ეძახის: "ბატონო ილია, ბატონო ილია". ყველა გაშეშდა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ეთერი მიხვდა, რომ რაღაც ვერ თქვა სწორად და უნდა გამოიყვანოს თავი ამ უხერხული მდგომარეობიდან: - უკაცრავად, ბატონო კი არა, მამაო, თქვენ რომ დაგინახავთ, სულ ოფლი მასხამს ხოლმეო, ანუ თქვენს დანახვაზე ვნერვიულობო, უნდოდა ეთქვა. ხალხი სიცილისგან ლამის დაიხოცა.

უკრაინიდან ქართველი ემიგრანტი ბავშვები ჩამოჰყავდა ნაზი ალასანიას და დასახვედრად წავედით. ეთოს საქართველოს დროშა უჭირავს და ელოდება, როდის გამოვლენ ბავშვები, თან მღერის. უცებ ბავშვების მაგივრად გამოდის მამაო, ძალიან ახოვანი. ეთერის ღიმილი შეაშრა სახეზე და გაკვირვებულმა უთხრა: "ვაიმე, თქვენ როგორი ნაკვები მამაო ხართ?"

იცით, ის სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნაზე ზრუნავდა მუდამ, მაგრამ ეთერი ამ ხალასი განწყობის მიღმა ძალიან დარდიანი იყო - მას ჰქონდა პრობლემები და არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი...

გიორგი დარასელია:

- ეთერი საოცრად გულისხმიერი ადამიანი იყო. არ უნდოდა, პატრიარქს გაეგო მისი ავადმყოფობის შესახებ: უწმინდესს იმდენი ადამიანი აწუხებს, აღარ მინდა, ჩემი ავადმყოფობითაც დავამძიმოო. ეს სიტყვები პატრიარქს რომ ვუთხარი, იტირა და მითხრა, დაურეკე და თუ სახლში იქნება, მივიდეთ სანახავადო. ბოლო 2 წლის მანძილზე ფაქტობრივად, პატრიარქმა აცოცხლა. ამას წინათ მკითხა, შენ თუ გესიზმრებაო? მომერიდა მეკითხა, მაგრამ ალბათ, პატრიარქი ხედავს სიზმარში და ამიტომ მკითხა მეც... ხშირად მატანდა ხოლმე თანხას მასთან, იცოდა, რომ უჭირდა. მახსოვს, ერთხელ ფული რომ მივუტანე, მითხრა: წამლების ფული მაქვს მისაცემი და იმ ვალს მოვიშორებო. გული მწყდებოდა, რომ ეთერისნაირ მომღერალსა და ადამიანს ასეთ გაჭირვებაში უწევდა სიცოცხლის ბოლო წლების გატარება... ერთხელ ენციკლოპედიების უზარმაზარი ტომები იყიდა და ხელით ამატანინა მეხუთე სართულზე. ვარსკვლავის გახსნა არ უნდოდა - ვისაც გაუხსნეს, ყველა მოკვდაო, - ამბობდა და ხუმრობით დასძენდა ხოლმე, - ვარსკვლავი კი არა, მზე ვარ მეო...

ნინო ჯავახიშვილი