დედა-შვილის ემოციური შეხვედრა, 10-წლიანი განშორების შემდეგ - გზაპრესი

დედა-შვილის ემოციური შეხვედრა, 10-წლიანი განშორების შემდეგ

"თქვენ აქ მუშაობთ?" - მკითხა პირტიტველა ახალგაზრდამ აეროპორტში. უარი თავის გაქნევით ვანიშნე. "ხომ არ მიირთმევთ?" - მაწვდის პაკეტით არაქისს. ისევ ვიუარე. მივხვდი, ახალგაზრდას კითხვები აწუხებდა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჩურჩხელა მივაწოდე. უარის თქმას გამორთმევა ამჯობინა. ბავშვური ჟინით მოკვნიტა ტკბილეული და პირველივე ლუკმის გადაყლაპვის მერე კითხვები დამაყარა. ყველაფერი აინტერესებდა: ფრენის დრო, მომსახურების პირობები, ავარიულად დავშვებულვარ თუ არა... მეც დაუზარებლად ვუხსნიდი ყველა დეტალს.

თუ შესაძლებელი იქნება, ადგილს გავცვლი და თქვენ გვერდით დავჯდებიო. თანხმობის ნიშნად გავუღიმე და გამახსენდა ეგვიპტეში ჩაფრენა. ხურგადის აეროპორტში დაფრენამდე შასი არ გაიხსნა და დამატებითი ერთი "დაკრუგვა" დასჭირდა პილოტს. ეს ცხადია, არ მითქვამს გიორგისთვის.

- 18 წლის ვარ და დედასთან მივფრინავ, მამა არალეგალურადაა კვიპროსში. ჯერ მამა წავიდა საქართველოდან, მერე დედაცო, - მითხრა. როგორც ჩანს, წინა დღეებშიც მოუსვენრობდა და უძინარს ფრენის დროს ღრმად ჩაეძინა. ჯერ აჩქარებულად სუნთქავდა, მერე მშვიდი და ღიმილიანი სახით ნეტარ ძილს მიეცა. დაფრენამდე გაეღვიძა, ელექტრონული ფოსტა მთხოვა, მოგწერ ხოლმეო. პატარა ბლოკნოტში გაკრული ხელით ჩავუწერე ელექტრონული მისამართები და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ თვალსაწიერიდან დამეკარგა. აეროპორტის დატოვებადე ისევ შევამჩნიე გიორგი, ქალს ეხვეოდა. დედაა, გავიფიქრე და სიხარულიანმა ნაღველმა დამრია ხელი. ვინ იცის, რამდენი წელია, ერთმანეთი არ უნახავთ და ახლა, როცა ვაჟი სრულწლოვანი გახდა, შეხვედრის შანსი გამოიყენეს.

დავარცხნილ-მოწესრიგებული გერმანიის დათვალიერებამ გიორგი დამავიწყა. არც გამახსენდებოდა ალბათ, ახლახან ელექტრონულ ფოსტაზე რომ არ მენახა მისი წერილი. მის ბავშვობას დიდობის ელფერი რომ გადაჰკრავდა, თავიდანვე შევატყვე, მაგრამ წერილი სრულად ხატავდა გიორგის ბიოგრაფიასა და ხასიათს.

"დედასთან შეხვედრის სიხარულმა სულ დამავიწყა, მადლობა მაინც მეთქვა თქვენთვის. გამიგებთ ალბათ, 10-წლიანი განშორების მერე დედა უნდა მენახა. დანახვისთანავე გენდეთ...

მამა მეზობელმა 12 წლის წინ წაიყვანა კვიპროსში. მე მაშინ შევედი სკოლაში და ვიდრე ემიგრაციაში წავიდოდა, სკოლის კარამდე მაცილებდა ხოლმე. უფრო მეტად ბებია და დედა მიმაცუნცულებდნენ სკოლაში. მამამ, ერთხელაც, სამსახურიდან დამითხოვესო, თქვა და ყრუ კედელს მუშტი გამეტებით დაარტყა. შემეშინდა ძალიან. მაშინ არც ვიცოდი, რა იყო სამსახური. მე მისი მოქნეული მუშტის გამო ავღელდი და საწოლის ქვეშ შევძვერი, თან სათამაშო ძაღლი შევითრიე, რბილი და ძველი სათამაშო... დედა ამშვიდებდა, - ნუ დარდობ, რამე საშველი იქნებაო. ცოტა ხნის მერე აღმოჩნდა, რომ მშობლებს ოქროს ნივთები გაუყიდიათ საზღვარგარეთ წასასვლელი ფულის მოსაგროვებლად. აბა, შენ იცი, ჩემო ბიჭოო, - თმაში ოდნავ მომქაჩა ერთ დილას და წავიდა. მამისგან პირველი სამი თვე არაფერი ისმოდა. ახალი წელი ახლოვდებოდა, როცა პირველი გზავნილი გამოჩნდა და ყველამ ამოისუნთქა სახლში. ორმაგი სიხარული გვეწვია, მამაც ცოცხალია და ცოტა ფულიც გვაქვს! ახალი წლის მერე, ყოველ თვეში ერთხელ, ცოტა ფული ჩნდებოდა სახლში. ჩვენ გვყოფნიდა, არ გვშიოდა და ეს არ არის ახლა ცოტაო, - ამბობდა ბებია.

წელიწადი რომ გავიდა, ფულის გამოგზავნის სიხშირემ მოიკლო. ბებია ამბობდა, ცხოვრება ძვირდება და ჩვენ უფრო გვაკლდება შემოსავალიო. წინა წლის ტანსაცმელი მიმოკლდებოდა, მაგრამ ახალს არავინ ყიდულობდა, ფეხსაცმელს კი წელიწადში ორჯერ მაინც ვიცვლიდი, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ფეხი მეზრდებოდა... ჩვენი სკოლა რიონის ახლოს იყო და შატალოზე წასული ლაწირაკები ქვებს უმიზნოდ ვყრიდით მდინარეში. შატალოს მეორე დღეს კლასის დამრიგებელი, სასაცილო სახელი რომ ერქვა - მარსელინა, გაგვლანძღავდა და მშობლებს დაიბარებდა სკოლაში, თუმცა, ვის მიჰყავდა მშობელი? ვიმიზეზებდით, რომ არ ეცალა დედას, ავად იყო ბებია და მამები ხომ საერთოდ არ დადიოდნენ სკოლაში იმდროინდელი დაუწერელი კანონის მიხედვით!

გაზაფხულზე, როცა ქუთაისში უკვე კარგად დათბებოდა, რიონი გაშმაგებით მოქუხდა და ჩემი საძინებლის ფანჯარაში მდინარის ხმა შემოდიოდა. დედა ყოველთვის გვიან შემომიწვებოდა ხოლმე, რაც უნდა ღრმად მძინებოდა, მაინც ვხვდებოდი და მარჯვენა ხელს კისრის ქვეშ შევუცურებდი ხოლმე. დილით დედა საწოლში არ მხვდებოდა, მაგრამ მისი სითბო და სუნი იდგა საბნის ქვეშ. ორსართულიანი სახლის დალაგების გარდა არაფერი საქმე მაქვს, ეგებ სადმე მუშაობა დავიწყოო, - უთხრა ერთხელაც ბებიას. ბებიამ, - აბა, სად უნდა იმუშაოო? ლიამ მითხრა, შაბათ-კვირას დარბაზს ჭურჭლის მრეცხავი სჭირდება, ეგ მზარეულია იქ და თვეში რვა დღე მომიწევს მუშაობა, მეტი არა. ნამცეცობასაც წამოვიღებ ხოლმე და ხელფასიც იქებაო. როგორც გული გითქვამდესო, - თქვა ბებიამ და თან მამაჩემზე საყვედური დასცდა, თუ არაფერი გამოუდის იქ, ჩამოვიდეს ქუთაისშიო.

დედამ მუშაობა დაიწყო. დარბაზის ჭურჭელს რეცხავდა და გვიან ბრუნდებოდა სახლში, ლია დეიდასთან ერთად. ლიას სულ გამზადებული საჭმლისა და უმი ხორცის სუნი ასდიოდა, დედას - ჭუჭყიანი ჭურჭლის, მაგრამ ვინ დაეძებდა ამას, საჭმელიც გვქონდა და ცოტა ფულიც. ლიას მსმელი ქმარი ჰყავდა, ხან სად მიიძინებდა, ხან - სად. ერთ დღეს მოგვაკითხა გამწარებულმა ქალმა, - აღარ შემიძლია ამის ყურება, უნდა წავიდე საზღვარგარეთო. ცოტა ხნის მერე საბერძნეთიდან შემოგვეხმიანა, კარგ ოჯახში დავიწყე მოხუცის მომვლელად მუშაობა, აქამდე რას შევაკალი თავი ჩემს ლოთს. შენც გაბედეო, - დედას აგულიანებდა. ბებია კიდევ უფრო დაპატარავდა, არ უნდოდა რძლის სახლიდან წასვლა, მაგრამ მამაჩემის უყურადღებობამ სამ თვეს რომ გადააცილა, სამ სტუდენტზე სახლის პირველი სართული დავაგირავეთ და იმ ფულით დედაც წავიდა.

ყველაზე საჭირო ადამიანი მე და ბებიამ გავაცილეთ. ჭავჭავაძის პროსპექტზე ერთმანეთს დაგვაშორა უზარმაზარმა ავტობუსმა და მინდოდა, ამ მანქანას დავდევნებოდი ბოლო წერტილამდე და დამწუხრებულ დედას დავხვედროდი გულის გასახარებლად იქ, სადაც უნდა გაჩერებულიყო საბოლოოდ...

არც კი ვფიქრობდი, დედას გული სტკიოდა თუ არა, მე ჩემსას ვდარდობდი. ჩემთვის მინდოდა დედის სითბოც და სილამაზეც! იმ საღამოს ადრიანად დავწექი და მობუზულს ბებო მომიწვა გვერდით. თბილი ადამიანია ბებო, ყველა აფასებს, ძალიან შეგნებულიაო, მაგრამ მე დედა უფრო მინდოდა გვერდით. ჩემო პატარავ, დავრჩით მარტოო, - მითხრა მოხუცმა და დამალული ცრემლები მაინც შევამჩნიე მის სახეზე.

ცოტა ხნის მერე დედამ ფული გამოგვიგზავნა, - ლიამ დამახვედრა სამსახურიც და ცოტა ფულიც, არაფერი მოიკლოთ და ერთმანეთზე იზრუნეთო. ნახევარი წლის მერე მოგვწერა, ძალიან მენატრებით, მიყვარხართ, გავიგე ზურიკოს (მამაჩემს) კვიპროსში "რუს" ბერძენთან ერთად დაუწყია ცხოვრება, არც ვამტყუნებ, ახალგაზრდა კაცია, გაუჭირდებოდა უქალოდო... ბებია გაფითრდა, შეურცხვეს ნამუსი, ვიღაც ქალმა როგორ დაავიწყა ჩემი გიორგიო და გულში ჩამიკრა. ამ დროს უცნაურმა აზრმა გამიელვა თავში, მამას თუ უჭირდა უქალოდ ცხოვრება, დედასაც გაუჭირდება კაცის გარეშე-მეთქი...

ყოველ თვეში გადმოგზავნილი თანხის აღებისას ბებო უფრო და უფრო პატარავდებოდა, თითქოს დამნაშავე იყო, - ცეცხლად ჩამდის ყველა ლუკმა პირშიო. გასაოცარი ის იყო, არასდროს დამინახავს, რამე ეჭამოს. სახლიდან წასული რამდენსაც ვტოვებდი საჭმელს, თითქმის სრულად იგივე მხვდებოდა. როცა წამოვიზარდე, ვუთხარი, - თავს არაფერი დამართო, შენ რომ არა, დედას გამოგზავნილი ფულიც არაფერი იქნებოდა, თავი არ დაიავადმყოფო, რაც არის, არის-მეთქი. - გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, შენ რომ არა, დიდი ხნის წინ დავასრულებდი ჩემს ყოფნას ქვეყანაზეო. წარმოვიდგინე უბებიოდ ჩემი ცხოვრება და საკუთარი თავი ძალიან შემეცოდა. ავზლუქუნდი, - ბებო, ხომ იცოცხლებ-მეთქი? - კიო, - დამამშვიდა.

ერთ დღეს დედამ კომპიუტერი გამოაგზავნა. გვარიანად ნახმარი იყო, მძიმე და ტლანქი ეკრანი ჰქონდა, მაგრამ რას დავეძებდით! რამდენი ხანი არ გვყავდა დანახული დედა და ერთ კვირაში კაბელური ინტერნეტი შემოვაყვანინეთ... გვიანი საღამო იყო, როცა დედის სახე აირეკლა მონიტორზე. ვუყურებდით ერთმანეთს და სიტყვას ვერ ვძრავდით. ზურგს უკან ბებიას ტირილი გაისმა, მერე დედასაც გადმოსცვივდა ცრემლები და სულ ბოლოს, მეც ვერ შევძელი, სიცილ-ტირილი ამივარდა.

იმის მერე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. მარიგებდა, - ბებოს მიხედეო, ქუჩის გავლენის ქვეშ არ მოექცეო. შენ გამო ვარ აქ და წყალში არ ჩამიყარო შრომაო.

რამდენიმე წლის მერე ლიაც და დედაც გერმანიაში გადავიდნენ სამუშაოდ. უფრო მეტ ფულს გზავნიდა დედა. ისწავლე და გამახარეო, - მეუბნებოდა. არ ვუმხელდი, რომ მეცხრე კლასის მერე სკოლაში არ დავდიოდი... არც იმას ვამხელდი, ბებია რომ ისევ ჩემთან იწვა ღამღამობით... მე კი არა, ბებოს უნდოდა ასე. ცხოვრების აზროო, სიცოცხლეო, - მეუბნებოდა ჩურჩულით და ასაკთან შედარებით ბევრად მომჭკნარ ხელს ლოყაზე გადამისვამდა მორიდებით.

წელს, შემოდგომაზე, უფრო მოტყდა ბებო. მოძრაობაც გაუჭირდა. ექიმთან წავიდეთ-მეთქი და ჩემი მორჩენა არ შეიძლება, მამაშენმა მომკლა დიდი ხანია, უბრალოდ, შენ გამო ვებღაუჭებოდი სიცოცხლეს, ახლა სრულწლოვანი ხარ და დედას შეგიძლია ჩააკითხო გერმანიაშიო. რაც უნდა მოხდეს, დედაზე მეტად არავინ გიყვარდეს, იცოდეო... ვერ მივხვდი, ამას რატომ მეუბნებოდა!

დედას გამოგზავნილი ფულით დავკრძალეთ ბებია. არც ვიცი, საიდან მოვიდნენ ამდენი ნათესავები, აქამდე მათი არსებობაც კი არ ვიცოდი...

დედამ, - ბილეთები იყიდე, ჩამოდი გერმანიაშიო. თქვენც კარგად იცით, როგორ ჩავფრინდით. ოთხსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს დედა. ბინაში მისვლისთანავე ვიგრძენი, რომ ამ ოთახებში მარტო ერთი ქალი არ ცხოვრობდა. დიდი ზომის ოთახის ჩუსტები, კართან ახლოს, ლამაზ კალათში მამაკაცის ქოლგა, კარადაში მამაკაცის ქურთუკი ამის დასტური იყო. აქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას სხვანაირად ვერ მოვიპოვებდიო, - მოკლედ ამიხსნა დედამ... ცხოვრება და მუშაობა ეგ არაფერი, მამას თუ სჭირდებოდა კვიპროსზე ცოლი, დედა რა გამონაკლისი იქნებოდა...

საღამოს მორიდებით შემოვიდა სახლში მაღალი, ქერა მამაკაცი. მივხვდი, ვინც იყო. ყელში მობჯენილი ბრაზი გადავყლაპე და ხელი ჩამოვართვი. დედა მეორე ოთახში გავიდა, ცრემლები დამალა. მამაკაცმა რამდენიმე ქართული სიტყვა მითხრა გერმანული აქცენტით, მე უაზრო ღიმილით თავს ვუქნევდი და მერე დედას გავაკითხე მეორე ოთახში. ტიროდა და შეშლილი სახით მეუბნებოდა, - მადლობა, შვილო, რომ გამიგე, შენ არ იცი, რა ნერვების ხარჯვის ფასად დამიჯდა ამ გადაწყვეტილების მიღებაო... გულზე მივიხუტე და მეც გადმომცვივდა ცრემლები. ვერც კი გავიგე, როგორ შემოგვიერთდა მესამე, როგორ ჩაგვიხუტა ორივე და როგორ გვაკოცა თავზე მორიგეობით - ჯერ მე, მერე დედას...

ახლა სამივე ერთად ვცხოვრობთ. უნდა გიშვილოთო, მითხრეს. გასაოცარია და, უნდა მიშვილონ... სხვანაირად გერმანიაში ლეგალურად ვერ ვიცხოვრებ!

არ ვიცი, ამას როგორ გაიგებენ საქართველოში, მაგრამ ეს გერმანელი კაცი სჯობს თუ კვიპროსელი ქალით დაბრმავებული მამაჩემი, რომ მკითხონ, მე პირველს მივანიჭებ უპირატესობას! როგორ დამივიწყა მამამ, ვერ ვხვდები..."

დიდხანს ვეძებდი საპასუხო სიტყვებს, რა უნდა მიმეწერა გიორგისთვის. ვერაფერი მოვიფიქრე განსაკუთრებული და კარგი ადამიანი ხარ-მეთქი, მშრალად ვუპასუხე. როცა წერილის დაწერის სურვილი გამიჩნდება, აუცილებლად მივწერ მეტს, ოღონდ, ჯერ კიდევ არ ვიცი, რას!

როლანდ ხოჯანაშვილი