თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი წლე­ბის წინ და... ახ­ლა - გზაპრესი

თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი წლე­ბის წინ და... ახ­ლა

რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრი მოზარდი მწერდა, რომ აქვთ თვითმკვლელობის სურვილი, სიშავისადმი მიდრეკილება, სხვებისთვის უჩვეულო, მათთვის კი ჩვეულებრივი სურვილები თუ მოთხოვნილებები, რის გამოც გარშემო მყოფები ვერ უგებენ. მოზარდები ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდნენ. თითოეული იმედს იტოვებდა, რომ მათი წერილების დაბეჭდვის შემდეგ, ხალხისგან განსჯის ნაცვლად, ღირებულ რჩევას მიიღებდნენ. "გზის" მკითხველები შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ მათ დახმარებას...

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვთხოვე მოზარდებს ჩემთან გასაუბრება. მაინტერესებდა, დრომ შეცვალა თუ არა მოზარდების დეპრესიისკენ მიდრეკილება. მით უმეტეს, ბევრ მათგანს სადარდებელიც ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ რაღაცას იგონებდა, რომ თავი ცუდად ეგრძნო.

ამჯერად შევეცადე, პარალელები გამევლო ძველ და ახალ რესპონდენტებს შორის. ამ მიზნით, ახლებს ჯერ ძველების წერილები წავაკითხე და მათი სატკივრის შეფასებაც ვთხოვე - სიმართლე გითხრათ, ამჯერად ახალგაზრდებმა გამაოცეს და იმედი მაქვს, თინეიჯერების უმეტესობა მათსავით, პოზიტიურად არის განწყობილი და სიცოცხლით აღსავსე...

მოზარდი, რომელსაც საკუთარი ფიქრები აფრთხობდა...

ლუკა:

"გამარჯობა. არ ვიცი, ჩემს დახმარებას შეძლებთ თუ არა, მაგრამ უცნაური რამ მჭირს და ამაზე აუცილებლად უნდა გელაპარაკოთ. ცნობისათვის, კარგი მშობლები მყავს. ისინი ჩემთვის სიცოცხლესაც არ დაიშურებენ, თითქმის ყველა სურვილს მისრულებენ. შესანიშნავი მეგობრებიც მყავს და შეყვარებულიც, მაგრამ რატომღაც, ყოველთვის სიკვდილზე ვფიქრობ. არა, თვითმკვლელობის ძალიან მეშინია, მაგრამ სურვილი მაქვს, უბრალოდ მოვკვდე. ხშირად ეს სურვილი ჩემს ოცნებებში მიხდება. ასეთ დროს წარმოვიდგენ, თუ როგორ დამიტირებენ საყვარელი ადამიანები, როგორ ჩაიცვამენ ჩემ გამო შავს, როგორ თბილ სიტყვებს იტყვიან და ბლომად ცრემლსაც დამაყრიან. თქვენი აზრით, ეს ყველაფერი ნორმალურია? ჩემი დახმარება ვინმეს შეუძლია? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ნორმალური არ ვარ. ამ თემაზე ვერავის ველაპარაკები - ამის მრცხვენია.

ერთხელ შეყვარებულს ვუთხარი: სიკვდილი მინდა ან ის მაინც, რომ ერთი დღით მოვკვდე და ვნახო, როგორ დამიტირებ-მეთქი. ჩემმა სიტყვებმა ისე შეაშინა, რომ სახე "წაეშალა" და სასწრაფოდ გადავთქვი: გეხუმრე, რა დაგემართა-მეთქი? გამაფრთხილა, - ასე აღარასდროს მეხუმრო. შენ რამე რომ დაგემართოს, თავს არც მე ვიცოცხლებო. ჰოდა, ახლა, როცა ოცნებებში ვიძირები, იმაზეც ვფიქრობ, ჩემი იმ ქვეყნად წასვლის შემდეგ, თუ ჩემი რჩეულიც მოიკლავს თავს, მერე ხალხი კიდევ უფრო რომ "ადუღდება" და დაიღვრება ცრემლად...

ჩემი წერილის კითხვისას ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ გიჟი ვარ და მე "გზის" ფურცლებზე წერილის დაბეჭდვის უფლება არ მქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, სხვა მხრივ ნორმალური ადამიანი ვარ. ჩემი ოცნებები ზოგჯერ თავადვე მაწუხებს და ამის შესახებ ამიტომაც გწერთ. მეთერთმეტე კლასში ვარ, ცხოვრებას ახლა ვიწყებ და წესით, სულ სხვა რაღაცებზე უნდა ვოცნებობდე, მაგრამ არ ვიცი, რა მეტაკა ან როდის შემოიჭრა ჩემში გიჟური ფიქრები. ფაქტი ერთია, რაზეც უნდა დავიწყო ოცნება, საბოლოოდ მაინც სიკვდილს ვნატრობ. ვწერ მოთხრობებს, ლექსებს. ბევრი მეუბნება: ალბათ ტერენტი გრანელს ჰბაძავო. არადა, აქამდე გრანელის არაფერი მქონდა წაკითხული. როცა მას ბევრმა შემადარა, წიგნი მოვიძიე, რომლის წაკითხვის შემდეგ მივხვდი - ისინი მართლები არიან, ჩვენ შორის არის რაღაც მსგავსება... მომავალში ჩემს დღიურსაც მოგაწვდით, მაგრამ მანამდე, ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? როგორ წარვმართო ჩემი ფიქრები და ოცნებები სიცოცხლის სურვილისკენ? წინასწარ გიხდით მადლობას!"

ზურა დანელია:

- არ ვიცი, ადამიანს ასეთი სურვილი რატომ უნდა ჰქონდეს, თუ ფსიქოლოგიურად ყველაფერი წესრიგში აქვს. თუ კარგი მშობლები ჰყავს და უზრუნველად ცხოვრობს, თუ შეყვარებული მხარში უდგას და ამ მხრივაც არ აქვს პრობლემები, არ მესმის, სიკვდილზე რატომ უნდა ფიქრობდეს? ჩემი აზრით, რაღაცას იგონებს იმისთვის, რომ მისი წერილი ჟურნალში დაიბეჭდოს. მყავს ბევრი ისეთი ნაცნობი, რომლებიც ილუზიებს აჰყვებიან ხოლმე და მერე თავიანთ ტყუილებს ისე იჯერებენ, რომ სიმართლე ჰგონიათ.

- მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ბევრი შენი თანატოლი ცდილობს, თავი დეპრესიულად მოგვაჩვენოს. დეპრესია თითქოს მოდურია...

- მე ასეთი მეგობრები არ მყავს და ვერაფერს ვიტყვი. პირიქით, თუ ადრე ასეთები მრავლად იყვნენ, ახლა მერწმუნეთ, რაც უფრო მხიარული ხარ, მით მეტად გაფასებენ და ბუზებივით გეხვევიან გარშემო. დეპრესიული და მოტირალი არავის უყვარს. ისედაც, გარშემო გამუდმებით დაძაბული სიტუაციაა, სულ ტრაგედიების, კრიმინალური შემთხვევების შესახებ საუბრობენ უფროსები და თუ ასეთი რამ არ ხდება, მაშინ პოლიტიკის გამო ლანძღავენ ხან სხვებს და ხანაც - ერთმანეთს. ჰოდა, მომავალში თუ ასეთი ცხოვრება გველის ჩვენც, ახალგაზრდობა მაინც გავატაროთ ღლიცინში, ეს თავის დამძიმება რა საჭიროა?

- ლუკას წერილი თავის დროზე რომ წაგეკითხა, რა რჩევას მისცემდი?

- ვეტყოდი: ე, ბიჭო, აზრზე მოდი და სისულელეს შეეშვი-მეთქი. აბა, სხვა რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელსაც პრობლემა არ აქვს და მხოლოდ იმიტომ ნატრობს სიკვდილს, რომ ახალგაზრდა წავა და უამრავ ადამიანს დასწყვეტს გულს. აი, ასეთ კაცს რაზე უნდა ელაპარაკო? მას ფსიქოლოგის დახმარება აუცილებლად დასჭირდებოდა ან რაღაც ისეთს სვამდა ან ეწეოდა, რომ აზროვნების უნარი ჰქონდა დაკარგული. მე ასეთებთან არ ვმეგობრობ. ჩემთვის და ჩემი სამეგობროსთვის ჯანსაღი ცხოვრების წესია მიღებული!

სიჭრელისადმი ალერგიული ლირიკოსი:

"მიყვარს მუქი ფერები, სასაფლაოზე ღამღამობით ხეტიალი, მკვეთრი მაკიაჟი, ჩემი გრძელი შავი თმა და ტყავის სამკაულები - აი, ამის გამო ვერ მიგებენ უცხო ადამიანები. ვერასდროს და ვერაფრით ვიცვამ ფერად სამოსს. ასე მგონია, როცა წითელი მაცვია, ჯამბაზს ვემსგავსები, როცა მწვანე - ნაძვის ხეს, როცა ყვითელი - გოგრას (სხვათა შორის, ამაში ჩემი წონაც მიწყობს ხელს :)), ხოლო თუ ვარდისფერს ან ცისფერს მომიტანენ რამეს, ვფიქრობ, რომ ამით ჩემს სულში უხეშად ჩაძრომას ცდილობენ. არადა, გარშემო ყველას უნდა, შევიცვალო და უამრავ ფერად სამოსს, ნივთს მჩუქნიან, - იქნებ რამე მოეწონოს და ხელი წაუცდესო, მაგრამ ტყუილად ცდილობენ. მოკლედ, ფერადი სამოსის მტერი ვარ. სიჭრელისადმი ალერგიული გახლავართ.

მიუხედავად სიშავისადმი სიყვარულისა, ვერ ვიტყვი, დეპრესიული ვარ და თუ მარტო ვარ, ტირილის ხასიათზე ვდგები, სხვა შემთხვევაში კი პირიქით - ხალისიანი ვარ, თანატოლებისგან საუცხოო იუმორით გამორჩეული (ამას ყველა აღნიშნავს) და ალბათ ეს მშველის, რომ არ გამრიყონ. ხანდახან მიჩნდება სურვილი, მასას დავემსგავსო და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ფერად სამკაულს ვიკეთებ, მაგრამ ასეთ დროს ერთი სული მაქვს, შინ როდის დავბრუნდები - ეს ყველაფერი ჩემთვის არაკომფორტულია. მითხარით, ის რაც მე მჭირს, "ტეხავს"? თუ ასეა, როგორ ვაიძულო საკუთარი თავი, რომ ცხოვრება გავიფერადო?

გამოგიტყდებით და, რამდენჯერმე თვითმკვლელობაც ვცადე. ყოველთვის ბოლო მომენტში მიბრუნდებოდა საღი გონება და თავს ვაიძულებდი, გადაწყვეტილება შემეცვალა. ეტყობა, ჩემთვის ჯერ ადრეა სიკვდილზე ფიქრი. ალბათ შეყვარებული რომ მყავდეს, ის ბევრ რამეში დამეხმარებოდა, მაგრამ ჩემნაირი გარეგნობის გოგონებთან ურთიერთობას ბიჭები გაურბიან. მესმის მათი - სიშავისადმი ჩემი მიდრეკილება აშინებთ. არადა, გული და სული ჩვეულებრივი მაქვს, სხვებისგან არაფრით გამორჩეული - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია..."

ნია, 17 წლის:

- ჩემი აზრით, ამ ლირიკოსს სურს, სხვებისგან გამორჩეული იყოს და ამიტომაც იქცევა ისე, რომ უნებურად, ყურადღებას იქცევს. არ მეგულება ჩემი თანატოლი, რომელსაც ფერადი სამოსი არ უყვარს ან სამკაული მაინც. შავებს მეც ვიცვამ, მაგრამ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ჩემს განსხვავებულობას გავუსვა ხაზი - პირიქით, ასე მასაში ათქვეფილი ხარ. ქართველები ვერაფრით გადავეჩვიეთ შავი სამოსის სიყვარულს და ამით უფროს თაობას ვერ გააკვირვებ. ჩემს კლასში რომ შემოხვიდეთ, გესიამოვნებათ, იმდენ ფერს აღმოაჩენთ.

- ლირიკოსს რას ურჩევდი?

- ვეტყოდი, რომ შეეშვას სისულელეებს. თავად აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ შავები უყვარს და ამის გამო პრობლემები აქვს, თორემ თუ მხიარულია, მეეჭვება, ამის გამო მასთან ურთიერთობა ვინმეს გაუჭირდეს. აი, ვერაფრით ვიმეგობრებ ადამიანთან, რომელსაც გამუდმებით ცხვირი აქვს ჩამოშვებული, სულ წუწუნებს, არაფრის გამო შეუძლია "დაგგრუზოს". მოიცა, რა, რა დროს ეგეთებია? სანამ დროა, ჯობია ვიზუზუნოთ, თორემ ვინ იცის, ცხოვრება ვის რას გვიმზადებს და "ვაის" ძახილი ზედმეტად რა საჭიროა?

- როცა თქვენს სამეგობროში ვინმეს გუნება უფუჭდება, მის გამხიარულებას როგორ ცდილობთ?

- ვარკვევთ, რა სჭირს და მერე ვცდილობთ, პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ, თუ პრობლემა რეალურად არსებობს. თუ ჩვენი გადასახედიდან რაიმე უმნიშვნელოს გამო დარდობს, აუცილებლად ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ ტყუილად ნერვიულობს. მეგობარი ხომ მხოლოდ ლხინში არ გვჭირდება, ერთმანეთს გასაჭირის დროსაც უნდა ამოვუდგეთ მხარში და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, ანუ მეგობრობის არსი ყველა თაობისთვის ერთია, ამ მხრივ გამორჩეულები არ ვართ... როცა ადამიანი შინაგანად მხიარული არ არის და ანეკდოტებს იზეპირებს, რომ ამით მიიქციოს ყურადღება და გაიჩინოს მეგობრები, მას ეს სიყალბე აუცილებლად დაეტყობა. ვფიქრობ, ყველანაირ ადამიანთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა, თუ რა თქმა უნდა, მის საქციელში სიყალბე არ არის. რას ვიზამთ, ყველას არ გამოსდის ანეკდოტების კარგად მოყოლა, მაგრამ ამის გამო უმეგობროდ არ რჩებიან...

მატერიალური პრობლემებისგან აფორიაქებული

ნუკა, 16 წლის:

"გამარჯობა. ძალიან დიდი პრობლემა მაქვს და იმედია, მის გადაჭრაში დამეხმარებით. ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები აქვს. მშობლები ბაზრობაზე დგანან და ვაჭრობენ, რათა თეთრები იშოვონ და შინ საჭმელი მოიტანონ, მე კი მათი მდგომარეობა მაგიჟებს. აღარ შემიძლია მათი საცოდაობის ყურება და ამიტომაც, სიკვდილზე ბევრჯერ მიფიქრია. რომ აღარ ვიქნები, ვეღარ დავინახავ, როგორი უნიათოებიც არიან და დავისვენებ-მეთქი. შვებას მანიჭებს სიკვდილზე ფიქრი. ხშირად სასაფლაოზე ავდივარ მარტოობის საძებნელად, სულის დასამშვიდებლად, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამას ღამით ვერ ვბედავ: სიბნელეში სასაფლაოზე სიარულის მეშინია...

ჩემი პრობლემა ისიც გახლავთ, რომ შეყვარებულმა მიმატოვა. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. მიმატოვა იმიტომ, რომ თურმე, ჩემზე უკეთესი მოძებნა. მასზე სიმპათიურს ბევრს ვიცნობდი, მაგრამ მე ხომ სხვისკენ არასდროს გამიხედავს?! ის მოღალატე ყოფილა და ვფიქრობ, უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა მისთვის ღირსეულ სასჯელზე ვფიქრობ, თავში ისეთი საშინელი აზრები მომდის, რომ შიში მიპყრობს. მირჩიეთ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე? შურისძიება ღირს თუ არა?.."

ნატუკა შავიშვილი:

- იცით, ამ გოგოს ბევრი პრობლემა ერთად დაატყდა თავს და ამიტომ მოგწერათ ასეთი წერილი. ეტყობა, მეგობარიც არ ჰყავდა ნორმალური, რომ ტკივილი მისთვის გაეზიარებინა. ეტყობა, შეყვარებულმა რომ მიატოვა, ამაშიც მშობლებს ადანაშაულებს - აბა, მდიდრები რომ ყოფილიყვნენ, ვინ გაბედავდა ასეთი დედ-მამის შვილისთვის ხელი ეკრა? არადა, ძალიანაც ცდება: ადამიანმა შენში სიმდიდრე და "მამიკოს ფულები" კი არა, შენ უნდა შეგიყვაროს. თუ მთელ ქვეყანაზე დაბოღმილი ხარ, ასეთის გვერდით ყოფნა ვის მოეწონება? ეტობა, მშობლებზე ცუდის ლაპარაკით იმდენად შეაწუხა ის ბიჭი, რომ გააქცია. ეს ბუნებრივია.

- როგორც ვიცი, შენი მშობლებიც ვაჭრობით არჩენენ ოჯახს...

- დიახ და ეს სულაც არ "მიტყდება". ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ მდიდარი არ ვარ, მაგრამ ამის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია. ახლა მხოლოდ ერთეულები ცხოვრობენ სიმდიდრეში და რა გამოდის, ჩვენ, საშუალო ფენის წარმომადგენლებმა მათთან ურთიერთობისგან თავი უნდა შევიკავოთ? სულაც არ მესირცხვილება, რომ ჩემი მშობლები ბევრს შრომობენ. მე ის უფრო "გამიტყდებოდა", სიმდიდრეში რომ ვიყო და ვიღაცამ წამომაძახოს, შენმა მშობლებმა ქურდობით ან რაიმე სხვა ცუდი გზით დააგროვეს ქონებაო.

დაბოლოს, გთავაზობთ 15 წლის ხათუნას წერილს, რომელიც მან საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე გამოაქვეყნა და თანატოლებს მოუწოდა, რომ სიტყვა "სუიციდი" სამუდამოდ ამოიგდონ გონებიდან (სტილი დაცულია):

"ხშირად დავდივარ ტაძარში. მოძღვრისგან ვიცი, რომ ყველაზე დიდი სისულელე და დანაშაული უფლის წინაშე - ეს თვითმკვლელობაა. როცა ვკითხულობ ან მესმის, რომ ჩემმა თანატოლმა საკუთარი სურვილით მოისწრაფა სიცოცხლე, სული მიდუღს, კივილი მინდება. რატომ იქცევით ასე? რატომ ემორჩილებით ეშმაკს ან ადამიანს, რომელსაც სული ეშმაკისთვის აქვს მიყიდული? აბა, მითხარით, სიცოცხლეზე ძვირფასი რა არის? როგორ შეიძლება, სიკვდილი გინდოდეს, როცა ამის ყველას ეშინია? გთხოვთ, დაივიწყეთ სიტყვა "სუიციდი", თქვენ ამისთვის ძეგლს არავინ დაგიდგამთ!..

ნუ მოიკლავთ თავს და ნუ უყურებთ ისეთ ვიდეოს ინტერნეტში, რომელიც "დაგგრუზავთ". ამას ჯობია, ვისწავლოთ პრობლემებთან გამკლავება და თუ სუსტი ხართ, ამას დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებთ, აუცილებლად უნდა გაენდოთ მშობლებს, მაგრამ თუ მათთან პრობლემები გაქვთ და ფიქრობთ, რომ ისინი ვერ გაგიგებენ, საახლობლო წრეში აუცილებლად იქნება ვინმე ისეთი, ვინც თქვენს დახმარებას შეძლებს და თუ გარშემოც არ გეგულებათ სანდო ადამიანი, მაშინ ტაძარში მაინც იარეთ, იქ აუცილებლად დაგეხმარებიან. ჯოჯოხეთში მოხვედრას ნუ ეშურებით".

P.s. საკუთარი გულისტკივილისა და პრობლემების "გზის" მკითხველებისთვის გაზიარების, ფსიქოლოგებისგან ან თანატოლებისგან რჩევის მიღების სურვილი გაგიჩნდებათ, მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com