"სტუ­დენ­ტი ყვე­ლა არ უნ­და ხდე­ბო­დეს!.." - გზაპრესი

"სტუ­დენ­ტი ყვე­ლა არ უნ­და ხდე­ბო­დეს!.."

ცოტა ხნის წინ ქალბატონი დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა: რეპეტიტორი ვარ და მინდა, გულისტკივილი გაგიზიაროთ, თუ რამდენად არასწორი პოლიტიკა აქვს აღებული სახელმწიფოს, როცა ფაქტობრივად, ყველა მსურველი ხდება სტუდენტი...

თემა საინტერესო და აქტუალური მომეჩვენა და ამიტომაც, შეხვედრაზე დავთანხმდი. ქალბატონი ზეინაბი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა და მისი ნაამბობიდან ბევრი რამ მენიშნა მწარედ:

- სკოლიდან ხუთი წლის წინ წამოვედი. ბევრს გაუკვირდა ჩემგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან წარმატებულ პედაგოგად მივიჩნეოდი, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ მე მართლა შემტკივა გული სკოლაზე და გასულ წლებში რეფორმის სახელით იმდენი რამ გაკეთდა არასწორად, აშკარად ნგრევისკენ უფრო წაიყვანეს სისტემა, ვიდრე გამოსწორებისა და უკეთესობისკენ. ვისაც ნება მისცეს, გამოდის და სწავლების ძველ მეთოდებს ლანძღავს, უარყოფს. არადა, ახალი რაც შემოიტანეს, მთლად დააშტერეს ბავშვები. შეიძლება, კომპიუტერი და "დემოკრატიობანა" კი შეასისხლხორცებინეს (რასაც მე თავხედობას და ენის დაგრძელებას უფრო ვეძახი), მაგრამ წინა თაობებთან შედარებით, ზოგადი განათლების დონე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს და ისე მაღიზიანებდა ეს გზაკვალარეული სკოლა, ნერვები რომ დამეზოგა, საკუთარი ნებით წამოვედი. ამით იმ სულელურ გამოცდებსა და სქემებსაც ავარიდე თავი, სისხლს რომ უშრობს მასწავლებლებს და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას არაფერში ეხმარება. ორიოდე კვირის წინ არ მომითმინა გულმა და ერთ-ერთ ტრენინგს დავესწარი. ტრენერს, თავიდანვე რომ რიხით დაიწყო პედაგოგებთან საუბარი, რამდენიმე შეკითხვა დავუსვით და ბრინჯივით დაიბნა. სულ ერთსა და იმავეს ლუღლუღებდა: ეგ არ ვიცი და ამაზე არ მაქვს პასუხიო... არც აუხსნია, რას მოითხოვდა - რაღაც დავალებები მოგვცა და როცა ნიმუშის ჩვენება ვთხოვეთ, ამაზეც უარი გვითხრა: არც ნიმუში მაქვს და მე კი არ ვაბარებ გამოცდას, თქვენ იფიქრეთ, რას გააკეთებთო...

ეს ხომ იგივეა - მასწავლებელმა წიგნში უბრალოდ მოუნიშნოს დავალება მოსწავლეებს, არაფერი აუხსნას: ბევრი თავადაც არ ვიციო და მერე პასუხი მოსთხოვოს...

მოკლედ, იმ ტრენინგმა დამარწმუნა, რომ დროზე ვუშველე თავს, მაგრამ ამაში ჩემი სახელი დამეხმარა - ცნობილი რეპეტიტორი ვარ და ყოველ წელს ოცდაათ აბიტურიენტს მაინც ვამეცადინებ. წლის ბოლოს კი იმდენს ვიღებ, სკოლაში მუშაობით ათი წლის განმავლობაში რომ ვერ ავიღებდი, მაგრამ ეგ კიდევ ცალკე პრობლემაა და მე ახლა სხვა რამე უფრო მაწუხებს: რატომ სამჯერ ოცდაათ მოსწავლეს არ მოვამზადებდი და შემოსავალიც მეტი მექნებოდა, მაგრამ თუ შევატყვე, რომ ბავშვს სუსტი გონებრივი შესაძლებლობები აქვს, უარს ვეუბნები და ვცდილობ, მასაც და მის მშობელსაც ავუხსნა, რომ არ შეიძლება ასეთი შესაძლებლობების მქონემ ექიმობასა და ეკონომისტობაზე იფიქროს, მაგრამ... სხვასთან მიდიან მოსამზადებლად და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, თითქმის ყველა ხდება სტუდენტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სახელმწიფომ უმაღლესი განათლების მიღებაც ბიზნესად აქცია და ვინც გადაიხდის, რამდენიც უნდა, იმდენ დიპლომს მიიღებს. ჰოდა, ახლა ისეთი ბავშვები სწავლობენ სამედიცინო ფაკულტეტებზე, გული მისკდება - ძველი თაობის ექიმები რომ აღარ იქნებიან, რა ეშველებათ ავადმყოფებს და ასე ხდება ნებისმიერ სპეციალობაზე...

ოღონდ ნუ მეტყვით, რომ შეიძლება ადამიანმა თვრამეტი წლის ასაკში წერა-კითხვა და გამრავლების ტაბულა არ იცოდეს, მაგრამ მაინც მაგარი სპეციალისტი დადგეს მისგან. დამიჯერეთ, ეს თავის მოტყუებაა...

არ სჭირდება საქართველოს ამდენი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი. ოთხი-ხუთიც საკმარისია და იქ მხოლოდ ის ბავშვები უნდა ხვდებოდნენ, ვინც მხოლოდ ათზე და ცხრაზე დაამთავრებს სკოლას და რაც მთავარია, დიპლომის აღების შემდეგ დასაქმებასაც შეძლებს. მთელ საქართველოში წელიწადში მაქსიმუმ ხუთი ახალი ექიმი ან იურისტი დაგვჭირდეს და ამ დროს, ასობით ახალგაზრდა ამთავრებს ინსტიტუტს.

ჟურნალისტებმა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ ეს მისია და ბევრი წეროთ იმ უბედურებაზე, განათლების სისტემას რომ სჭირს ახლა. ახალგაზრდებიც და მათი მშობლებიც უნდა დაარწმუნოთ, რომ სერიოზულად მოეკიდონ სწავლას და მომავალი პროფესიის არჩევას, თორემ გადაყრილი ათასების მეტი არაფერი შერჩებათ ხელში. სახელმწიფოსაც არ უნდა მისცეთ მოსვენება და იმ არაფრისმომტანი რეფორმებით სკოლის ნგრევის საშუალება, ახლა რომ აკეთებენ. პასიურობით დანაშაულის თანამონაწილეები ვართ ყველანი...

ინგა ჯაყელი