უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა - გზაპრესი

უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა

ეს იდეალური ადგილია წიგნების წასაკითხად", - ამბობს მსახიობი მარიამ კიტია და დასძენს, რომ თიანეთში ზაფხულის დასვენების დღეებს კითხვაში ატარებს. მისი საყვარელი ავტორები ჩეხოვი და ჟან ანუი არიან.

- კითხვა ძალიან მიყვარს. როდესაც ახალ ნაწარმოებს ვიწყებ, ბოლომდე შევდივარ იმ გარემოში, რომელსაც მწერალი აღწერს.

5 წლიდან თეატრში ვარ. ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. წიგნებისადმი ჩემი ინტერესი მამისა და პედაგოგების დამსახურებაა. ბავშვობაში მხოლოდ ზღაპრებით არ ვინტერესდებოდი. ასაკისთვის შეუფერებელ ლიტერატურასაც ხშირად ვეცნობოდი. ძალიან ბევრ პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობდი. გამუდმებით ვეცნობოდი პიესებს, ლიტერატურას რეჟისურაზე... ის, რაც მაშინ წიგნებიდან ვისწავლე, შემდეგ გამომადგა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 5 წლიდან როლის სიღრმეს ვეძებდი, ვცდილობდი, პერსონაჟის ხასიათს ბოლომდე ჩავწვდომოდი. წლების მატებასთან ერთად, თეორიულად ნასწავლს გამოცდილებაც დაემატა. წიგნებიდან ძალიან ბევრი რამ შეიძლება ისწავლო.

პერიოდულად წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნება მჩვევია. მასში რაღაც ახალს ყოველთვის ვპოულობ. ემოციური ვარ და წიგნის კითხვის დროს არაერთხელ მიტირია.

ძალიან ბევრი ნაწარმოები მაქვს წაკითხული, მაგრამ ზოგიერთი აღარც მახსოვს.

პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, ზოგიერთთან დიალოგს გავმართავდი, ზოგიერთს რჩევებს მივცემდი, ზოგიერთთან ვიმეგობრებდი, კითხვებს დავუსვამდი. ანტიგონესთან, ჟანა დ"არკთან, პატარა უფლისწულთან, ანა კარენინასთან ვიმეგობრებდი. ანას როლს სცენაზეც სიამოვნებით ვითამაშებდი. დოსტოევსკის პერსონაჟებთანაც ვიმეგობრებდი. ძირითადად, რუსულ ენაზე ვკითხულობ. რომელ ნაწარმოებსაც ვეცნობი, ის მწერალი თითქოს ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდება, ე.წ. უარყოფითი პერსონაჟების მიმართ თანაგრძნობის განცდა მაქვს, მეტიც - მათი კარგად მესმის.

მამაკაცი პერსონაჟებიდან მიშკინი შემიყვარდებოდა (პაუზის შემდეგ), ო! ოტელო და მერკუციოც აუცილებლად შემიყვარდებოდნენ.

შინ ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. მამა ხშირად წიგნებს მოსკოვიდან იწერდა და ჩამოჰქონდათ.

ნაწარმოების ელექტრონულ ფორმატში კითხვა არ მიყვარს, ვერ ვისიამოვნებ. წიგნის კითხვას სულ სხვა განცდები ახლავს.

არაერთია ისეთი ნაწარმოები, რომელმაც მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. მსგავსი კითხვა ვინმეს ბავშვობაში რომ დაესვა, აუცილებლად დიუმას ნაწარმობებს დავასახელებდი. შემდეგ - ლევ ტოლსტოის შემოქმედებას. "ომი და მშვიდობა" ის წიგნია, რომელმაც ძალიან ჩამითრია. დღის განმავლობაში 8 საათს მაინც ვკითხულობდი და როცა წიგნთან არ ვიყავი, მაშინაც წიგნის სამყაროში "ვცხოვრობდი".

წასაკითხად წიგნებს ხან განწყობის მიხედვით ვარჩევ, ხან - ინტუიციურად. მივდივარ კარადასთან, ვიღებ, გადავშლი და ვიწყებ კითხვას.

- ამ ხის რტო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშაზეა გამოსახული და მშვიდობის სიმბოლოდ მიიჩნევა. რომელ ხეზეა ლაპარაკი?

- ზეთისხილზე.

- დაასახელეთ ფრანგი მწერალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო მფრინავი იყო.

- ეგზიუპერი.

- ისინი რუსი თავადაზნაური რევოლუციონერები იყვნენ, ბატონყმობისა და თვითმმართველობის წინააღმდეგ იბრძოდნენ. 1825 წლის დეკემბერში პეტერბურგში შეიარაღებული აჯანყება მოაწყვეს.

- დეკაბრისტები.

- რას მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ 1871 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილები - "გამოცანები"?

- არ მახსოვს.

- მამათა და შვილთა ბრძოლას. დაასრულეთ რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭკვიანი ადამიანები სურნელოვან ყვავილებს ჰგვანან, ერთი სასიამოვნოა და თაიგულმა შეიძლება თავი..."

- ვერ დავასრულებ.

- "...თავი აგატკიოს". 1865 წელს ლონდონში ცნობილი სამხედრო ქირურგი ჯეიმს ბერი გარდაიცვალა. იგი იყო არმიის გენერალური სამედიცინო ინსპექტორი, საველე ჰოსპიტალში ჰიგიენის ნორმების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი. ჰქონდა მძიმე ხასიათი და ცნობილი იყო, როგორც ჩხუბისთავი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ლონდონის მაღალ საზოგადოებაში დიდი სკანდალი აგორდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ამ სკანდალის მიჩუმათება მოახერხა. რით განსხვავდებოდა ჯეიმს ბერი სამხედრო კოლეგებისგან?

- ვერ გიპასუხებ.

- ის ქალი გახლდათ. ეს მდინარე თითქმის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიედინება. მას 300 შენაკადი აქვს და ევროპის დედამდინარესაც უწოდებენ.

- დუნაი.

- ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 40-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა 37-ჯერ.

- ძაღლი.

- ამ სითხეს, ბერძენი ჰიპოკრატე მედიკამენტის სახით, არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რომელ სითხეზეა ლაპარაკი?

- ალკოჰოლურზე?

- დიახ.

- ღვინოზე.

- სირბილში შეჯიბრებაში გაუსწარით მორბენალს, რომელიც იმყოფებოდა მეორე პოზიციაზე. თავად რომელ პოზიციას დაიკავებთ?

- მეორეს.

- შეიძლება თუ არა, მამაკაცი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, დაქორწინდეს საკუთარი ქვრივის დაზე, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს?

- არა, რადგან ის გარდაცვლილი იქნება.

- რისი შიშია გამოფობია?

- არ ვიცი.

- ქორწინების. ქართული თეატრის ისტორია საუკუნე ნახევარზე მეტს მოიცავს. რომელ შენობაში გამართა დასმა პირველი სპექტაკლი 1850 წლის 2 იანვარს?

- თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში.

- რას ნიშნავს არაბულად სიტყვა აშუღი?

- არ მახოვს.

- მიჯნურს. ზღაპრები გიყვართ?

- ბავშვობიდან მოყოლებული, ეს ჟანრი დღემდე გამორჩეულად მიყვარს.

- "ასფურცელა", "სამი გოჭი", "კომბლე", "წითელქუდა" - რომელ ზღაპარში არ ფიგურირებს მგელი?

- "ასფურცელაში".

- მგრძნობელობა ხელებზე უფრო მეტია თუ ტუჩებზე?

- ხელებზე მგონია, არა?

- ცდებით, ტუჩებზე 200-ჯერ მეტია. "სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება", რომელი ცნობილი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?

- "არსენა მარაბდელში".

- საფრანგეთში ამ ცნობილ მოდელიერთან ერთ-ერთ მოდელად გალაკტიონის მუზას მერი შერვაშიძეს უმუშავია. დაასახელეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- კოკო შანელზე.

- რა ჰქვია მკითხაობას ხელზე ხაზების მიხედვით?

- ქირომანიტია.

- წლების წინ, ღვინის სახელწოდება, ჩამოსხმის წელი და სხვა ინფორმაცია ბოთლის რომელ ნაწილზე იყო დატანილი?

- საცობზე.

- მონოპოლია ბერძნული სიტყვაა და ქართულად ითარგმნება...

- მარტო ვყიდი.

- "პორშე", "ტოიოტა", "რენო", "ოპელი", "ფერარი". რის მიხედვით დაერქვათ კომპანიებს ეს სახელები?

- დამაარსებლების მიხედვით.

- ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ისინი თავიანთ ცოდვებს სიმბოლურად თხას აჰკიდებდნენ და უდაბნოში უშვებდნენ. ამ ჩვეულების თანახმად, ისინი თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. სწორედ მაშინ წარმოიშვა ცნობილი გამოთქმა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომელ გამოთქმაზეა ლაპარაკი?

- ვერ გეტყვით.

- "განტევების ვაცი". ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს ნაადრევად გარდაიცვალა. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი" - სიკვდილის წინ ბოდვისას ეს სიტყვები წარმოთქვა. დაასახელეთ ეს პოეტი.

- ჯორჯ ბაირონი.

- "მომეცით ცარიელი გალერეა და მე გავავსებ მას". რომელ ცნობილ მხატვარს ეკუთვნის ეს სიტყვები?

- პაბლო პიკასოს.

- ქრისტიანული მსოფლმხედველობით მაცხოვრის მიერ დაწესებულია 7 საიდუმლოება. ნათლისღება, სინანული, მირონცხება, ზიარება, მღვდლობა, ზეთის კურთხევა და... დაასახელეთ მეშვიდე საიდუმლოება.

- ჯვრისწერა ანუ ქორწინება.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები". "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად მეტი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- "ქართველებისთვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც "დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს - დედაქალაქს. მკვიდრს და დიდბოძს სახლისას - დედაბოძს... რამდენად გაძლიერებული, გადიდებულია მნიშვნელობა დედისა, გაპატიოსნებულია, გაღონიერებულია და თავმოსაწონებელი. სიდიდე, სიმაგრე და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით. ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა. სიტყვა "ქალი" განა იმოდენას გვეტყვის, რასაც გვეუბნება "დედა" და მასთან ერთად "კაცი"?! რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე, ხომ?

- დიახ. დაბოლოს, დაასრულეთ ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ყველა ჩვენს ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...შეცდომას ვარქმევთ".