"ო­ჯა­ხის უფ­როს კაცს თუ­შის ქა­ლე­ბი გარ­შე­მო ვურ­ბენთ" - თუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით სოფ­ლის ახ­მა­უ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ - გზაპრესი

"ო­ჯა­ხის უფ­როს კაცს თუ­შის ქა­ლე­ბი გარ­შე­მო ვურ­ბენთ" - თუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით სოფ­ლის ახ­მა­უ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ

სოფელი ზემო ალვანი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეზე მდებარეობს. ლევან მეფეს ალვანის ველი თუშებისთვის საზამთრო საძოვრებად უწყალობებია, საუკუნეების შემდეგ კი ის მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ქცეულა. სოფელი დაპლანულია და ძალიან ლამაზია. ზემოდან რომ გადახედოთ, ვენახს მიამსგავსებთ. ბევრგანაა შემორჩენილი ადგილობრივი ფიქალი ქვით ნაშენები სახლები, რომლებსაც სიძველის ელფერი დაჰკრავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს სოფელი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. უხვადაა ღირსშესანიშნაობებიც: ბზიანის საყდარი, კვირაცხოვლის, ნათლისმცემლის, სამებისა და ღვთაების ეკლესიები, წმინდა გიორგის ეკლესია და ლევან კახთა მეფის აგურით ნაშენი სასახლე ცხრაკარა, რომელიც დანგრეულია... ცხრაკარა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მაგრამ უპატრონობისგან მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი - აღარც გადახურვა, აღარც იატაკი, აღარც სარკმელი...

თუშებისა და თუშური დღესასწაულების განუყოფელი ელემენტია გარმონზე შესრულებული მელოდიები. ვახუშტი ბაგრატიონის თქმით, თუშები გულადი ხალხია, მტერს მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, უყვართ შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა, აზროვნებენ დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილები არიან, მოქმედებაში - მარდნი. ეს იქაურებმაც დამიდასტურეს, სწორად დაუნახავს ბაგრატიონს ჩვენი ხასიათიო. სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარებია: ცისკარიშვილი, ლაგაზიძე და აბაშიძე - აბაშიძეები სოლომონ მეფეს გამოქცეული იმერელი თავადები არიან.

ჩემი მასპინძლები 75 წლის ფატიმა წოტოიძე და მისი შვილიშვილი თამარ ჯამარიშვილი იყვნენ. უნდა გაგიმხილოთ, რომ ახალგაზრდობისას ამ ქალბატონისთვის მასზე შეყვარებულ ალვანელ მთქმელს, პოეტ იოსებ ლონგიშვილს მიუძღვნია ლექსი: "შატილის ასულო", თუმცა ამ ამბავს "გზის" სხვა ნომერში გიამბობთ... ფატიმა ბებო საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- დიდ სიღარიბეში გავიზარდე. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით. ჯერ მამა დაგვეღუპა, მერე ჩემი ორი და. უფროსი და მერვე კლასში იყო, როდესაც დღის სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადა და ღამის სკოლაში გადავიდა. მის მეგობარ გოგოს დედინაცვალი ჰყავდა და ცუდად ექცეოდა. ერთ ღამეს ჩვენთან დარჩა, მეორე ღამესაც და მერე თავის სახლში აღარ დაბრუნდა: თქვენი ვიქნები, სახლში დაბრუნება აღარ მინდაო და იმ დღიდან ჩვენთან იზრდებოდა. ჩვენთან ცხოვრობდა გაუთხოვარი დეიდაც. მოკლედ, 6 ქალი ვიყავით სახლში. დედა ტუბდისპანსერში დამლაგებლად მუშაობდა. ახლაც მახსოვს, 28 მანეთი ჰქონდა ხელფასი და იმით გვინახავდა. მაშინ ყველას უჭირდა, ვინ დაგვეხმარებოდა? 18 წლის ვიყავი, მეურნეობაში სამუშაოდ რომ გავედი. მკათათვე იყო, გაუსაძლისი სიცხე და მეზობლის ქალმა დამიძახა, - წამოდი, დღეს სამუშაოზე წავიდეთ, გრილი დღეაო. წავედით და ისეთი პაპანაქება იყო, კინაღამ დავიხოცეთ. ფულს ვხარბდებოდით, რომ ხელფასი მეტი გამოგვსვლოდა. აი, ხომ ასეთი გაჭირვება გვქონდა და რომ ვფიქრობ, მაინც ის ძველი დრო სჯობდა ახლანდელს. ტკბილი დრო იყო, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი. აბა, წარმოიდგინეთ, ვიღაც უცხო ადამიანი შეგვეცოდა, შევიკედლეთ და ჩვენთან წლები ვაცხოვრეთ. დღეს ვინ გააკეთებს ამას? ერთი "კუშეტკა" გვქონდა და ოთხივე ვეტეოდით იმიტომ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი. დედამ ფანდურის დაკვრა იცოდა, ჩვენ ვმღეროდით... ახლა სად არის ის სიტკბო და სიყვარული? ტელევიზორში ვუსმენდი, ზედმეტი მზერა ცუდიაო. მეუბნებიან, - ბებო, ზედმეტად არ უნდა უმზირო არავისო.

- არა, ფატიმა ბებო, მაგას ხარბ მზერაზე ამბობენ, არ შეიძლება კაცმა ქალს დაჟინებით უცქიროსო...

- ჰოდა, აბა, ეგ როგორ იქნება? ჩვენს დროსაც უყურებდნენ ერთმანეთს, მაშ, როგორ? ხარბად ყურებაც იყო და სიტყვების თქმაც, მაგრამ პირადად მე, ისეთი ბუნების ქალი ვიყავი, რომ მსიამოვნებდა სხვების ყურადღება. ლხინის სუფრაზე იმიტომ ვმღეროდი, რომ ვიღაცას მოვწონებოდი, მოლხენა ძალიან მიყვარდა. ამას წინათ ექიმთან ვიყავი, ჩიყვი მაქვს და ექიმმა მითხრა, - ბევრი ილაპარაკე, აუცილებელია! თუში ხარ და სიმღერაც გეცოდინება, სიმღერაც შეგიძლიაო. მაშინვე დავიწყე სიმღერა და ვხედავ, ექიმს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები: ეს რანაირად მიმღერე?! დედა ახლახან დამეღუპა და ისე იმღერე, ამატირეო.

- რა იმღერეთ ასეთი?

- "შენ რომ პირველად წარმოსთქვი აღუ,/ ცას სიხარულით ეწია დედა,/ თავს გევლებოდა, გითევდა ღამეს,/ იავნანაში გფუთნიდა, გხვევდა./ რა სიხარულით ამბობდა: დგას, დგას,/ შენ რომ პირველი დაგედგა ბიჯი,/ როდესაც შენიც დადგება ჯერი,/ შენც რომ გაათევ ღამეებს თეთრად,/ როცა დაგქანცავს შვილებზე ზრუნვა,/ მაშინღა იტყვი: საბრალო დედა".

- ახლა როგორ ცხოვრობთ, სოფელში რით ირჩენთ თავს?

- ახალგაზრდები გაკრეფილები არიან სოფლიდან. რაღაცას წამოიწყებენ, მაგრამ არაფერი გამოსდით. მწვანილისა და კიტრის მოყვანით ხომ ვერ არჩენენ ოჯახებს? ჩემი შვილიშვილი მეუბნება: რა გზას დავადგე, რა გავაკეთო, სულ ვფიქრობო. კაი ცხოვრება ყველას უნდა, მაგრამ არაფრის საშუალება აქ არ არის. ვაჭრობის დაწყება მინდოდა, მაგრამ ვაჭრობას მყიდველი უნდა, აქ კი ხალხი აღარ არის. წინათ ბიჭი ეუბნებოდა ხოლმე გოგოს, 1000-კომლიან სოფელში აგარჩიეო.

თამარ ჯამარიშვილი - ფატიმა ბებოს შვილიშვილი ჟურნალისტიკის მესამე კურსის სტუდენტია. ის ძალიან აქტიურად არის ჩართული სოფლის ცხოვრებაში, ხშირად სტუმრობს მშობლიურ ალვანს და კარგად იცის იქაურების პრობლემები. არის დამფუძნებელი ფონდისა "დაასწარი სიკეთე" და სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მოძიებული თანხებით უკიდურესად გაჭირვებულებს ეხმარება.

- ახლა უფრო მეტი, 4000-მდე კომლია, მაგრამ ალბათ, 2000-ზე ცოტა მეტი კაცი თუ ცხოვრობს მუდმივად. სოფელი უსიცოცხლოა, არაფერი შენდება, სამუშაო არ არის. მე ახალგაზრდა ვარ, 22 წლის და არ მეთაკილება ბოსტანსა და მინდორში მუშაობა. კარგი იქნება, თუ აქ დარჩენილი ახალგაზრდები შექმნიან კოოპერატივს და იმუშავებენ. იმდენი მატყლი გვაქვს და აღარც ჩამოაქვთ მთიდან მეცხვარეებს, რადგან ფასი არ აქვს. რომ გაკეთდეს გადამმუშავებელი საწარმო, ცუდი იქნება? ჯემპრებს ქართველები ვერ გამოვუშვებთ? ამ ბოლო დროს დაიწყეს ყველის დაფასოება. ახლახან მასწავლებელმა ქალებმა გააკეთეს პროექტი, რომელიც დაუფინანსდათ - ბოსტნეული მოჰყავთ. ისევ ქალები აქტიურობენ. მამაკაცებმა სამწუხაროდ, ფარ-ხმალი დაყარეს და ქალებს აჰკიდეს ოჯახის შენახვის ტვირთი.

- ფატიმა ბებო, ახლა ის მითხარით, ახლანდელი ახალგაზრდობა თუ მოგწონთ?

- ახლანდელებმა ისე ამიყოლიეს, რომ ყველაფერი მომწონს მაგათი: მოკლე კაბაც, სიტყვა-პასუხიც, "ფეისბუკიც" კი... შენი საქმე არ არისო, - მითხრეს, თორემ მეც გავხსნიდი...

გამოვემშვიდობე თბილსა და ხალისიან მასპინძელს და მე და თამარმა გეზი მეზობელ უბანში მცხოვრებ ავთანდილ გარსევანიშვილისკენ ავიღეთ: 80 წლის ავთანდილ ბაბუ ძალიან განათლებული და კარგი მოსაუბრეა.

ავთანდილ გარსევანიშვილი და ლამარა ლაგაზიძე უკვე 43 წელია, ერთად ეწევიან ცოლქმრობის ჭაპანს. ორივე ალვანელია და კარგად ახსოვთ, როგორი იყო უწინ მათი სოფელი. ოჯახის უფროსი პროფესიით მშენებელი ინჟინერი ყოფილა და 30 წლის მანძილზე თბილისში, საპროექტო ინსტიტუტში უმუშავია.

- ეეჰ, შვილო, მივტირი ძველ დროსა და ცხოვრებას. სოფლის ორღობეები სავსე იყო ბავშვებით, მუდამ ჟრიამული და ღრიანცელი ისმოდა და უფროსები გვეჩხუბებოდნენ: მოშორებით წადით და იქ ითამაშეთო. ახლა კი ცარიელია სოფელი. რომ გაიხედავ, კაციშვილს ვერ მოჰკრავ თვალს. წელს 12 ბავშვი მისულა პირველ კლასში. უწინ სოფელში ყველა თუშურად ლაპარაკობდა. ჩამოსახლებულებიც კი აქაურ ქუდს იხურავდნენ. მახსოვს, ქურთების ოჯახი ჩამოსახლდა, ჩემი ხნის ბიჭები ჰყავდათ. ისე ისწავლეს ჩვენებური, რომ თურმე, ქურთულად სახლშიც აღარ ლაპარაკობდნენ. ერთხელ მამამისს უჩხუბია მათთვის, თქვენს ენაზე ისაუბრეთო. იმ ბიჭებს კი თანატოლებისთვის შეუჩივლიათ: ეს ძაღლის ლეკვი (ამ გამოთქმას ხმარობდნენ თუშები, როცა ვინმეზე გაბრაზდებოდნენ) მამაჩვენი ჩვენებურად ლაპარაკს გვიშლისო, კაცო. ჩვენებურში თუშური იგულისხმეს...

- რა არის შემოსავლის ძირითადი წყარო აქაურებისთვის?

- 1970-იან წლებში, გათხრებისას სოფელ წაროში მეოთხე საუკუნის ქანდაკება იპოვეს - კომბლიანი კაცის ქანდაკება. ე.ი. თუშური მეცხვარეობა ძველ წელთაღრიცხვებში გადადის. ახლა ძირითადად, მიწაზე მუშაობენ, მოსავალი მოჰყავთ. ცხვარიც ცოტასღა ჰყავს, რადგან შემოსავალი ნაკლებია, შრომა კი - ბევრი. კატორღული სამუშაოა მეცხვარეობა და თან, თავს ძლივს ირჩენ. მატყლს უკვე მთაშივე ტოვებენ, რადგან ჩამოტანის საფასურადაც კი ვერ ყიდიან. ახლაც უჭირს ხალხს, მაგრამ ადრე უფრო მეტი გაჭირვება იყო. მახსოვს, მარილმოყრილი მჭადი იყო ჩვენი საჭმელი. ოჯახში 5 ბავშვი ვიზრდებოდით და დედაჩემს სკოლიდან მოსული რომ შევეკითხებოდი, - რა შევჭამო-მეთქი? წადი ყრუ მიჯნაზე (ადგილი იყო სოფელში), ბაყაყი დაიჭირე და შეჭამეო, - მეხუმრებოდა ვითომ... ჩასაცმელი არ გვქონდა. ფიზიკას კარგად ვსწავლობდი და შეჯიბრებაზე გავდიოდი ხოლმე ახმეტაში. ერთხელ მასწავლებელი სახლში მომადგა: გინდა თუ არა, წამოდიო. ვერ წამოვალ-მეთქი, - გავჯიუტდი. ვერ ვუთხარი, რომ ფეხსაცმელი არ მქონდა და რომ მელაპარაკებოდა, მაშინაც სველი მქონდა ფეხები. ყინვა იყო და ბათინკებში წყალი შემდიოდა. რომ აღარ მომეშვა, მერეღა გავამხილე ჩემი გაჭირვება...

- საუბრისას აღნიშნეთ, ადრე ხალხიც სულ სხვანაირი იყოო. მაინც, როგორები იყავით თუშები?

- ძალიან კანონმორჩილი და სერიოზული, დინჯი ხალხი ვართ, ყბედობა არ ვიცით, თუმცა ახლა აღარ არიან ასეთები.

- რატომ, რამ შეგცვალათ?

- იმდენი უცხოტომელი ქალი მოიყვანეს ცოლად, რომ აირია და გადაჯიშდა ხალხი. აი, მე ცოლად აქაური ქალი მოვიყვანე.

- სიყვარულით დაქორწინდით?

- (იცინის) შემაჩეჩეს, კაცო, რა სიყვარულით. უფროსი ძმა და რძალი სკოლაში მუშაობდნენ. იქ მუშაობდა ლამარას დაც და გამირიგეს. აქაური ქალი მინდოდა ცოლად, თან, უკვე 37 წლის ვიყავი და მეც აღარ გავჯიუტებულვარ.

ლამარა ლაგაზიძე:

- ოთხი ძმანი იყვნენ. ბებიის აშენებული, დანგრევის პირას მისული სახლი ჰქონდათ, მაგრამ კი არ შევუშინდით გაჭირვებას. მაშინ ყველა ერთნაირად ვცხოვრობდით. ახლა ან ძალიან მდიდრები არიან და ან ძალიან ღარიბები. კი, იმ დროსაც იყვნენ შეძლებულები, მაგრამ თითო-ოროლა, ისინი, ვინც კოლექტივისა და სახელმწიფოს ქონებას იპარავდა. მამაჩემი ბრიგადირი იყო, დახოცილი ცხვრის ტყავები საწყობში უნდა ჩაებარებინა და ერთხელ დედამ ეს ტყავები წინა საღამოს გაკრიჭა, მუთაქას მაინც შევკერავო. მამა ძალიან გაუწყრა ამის გამო: ამან უნდა გაგაძღოსო? ღამე ტკბილად უნდა მეძინოს, მოპარული არაფერი მინდაო... იმ დროს უფრო პატიოსანი ხალხი იყო.

- თქვენი შვილები სად ცხოვრობენ?

- ქალ-ვაჟი გვყავს, ორივე დასაქორწინებელია. ქალიშვილი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, ვაჟი კი კარგა ხანია, საზღვარგარეთ არის წასული. არ მინდა, ცოლად იქაური ქალი მოიყვანოს. თუ დამიჯერებს, სჯობს, თუშის ქალი მოიყვანოს, რადგან ჩვენ სულ სხვა ბუნების ვართ. ოჯახის უფროს კაცს თუშის ქალები გარშემო ვურბენთ, ვპატრონობთ ქმარსაც და შვილსაც, ასეთია წესი. ევროპაში კი ქალს უნდა ემსახუროს კაცი: აბა, რა ესიამოვნება, თვალებში უნდა უყუროს. აქაურები მეტყვიან ხოლმე: ქალაქში ბინა გაქვს და აქ რას უზიხარ, რატომ იქ არ მიდიხარო? მე აქაური მიწა მირჩევია კოლოფში ჯდომას. კია მეტი ჯაფა და წვალება, მაგრამ აქ ყველაფერი ჩემია და მშობლიური. ვნატრობ, ჩემს პატარაობაში ბავშვების ჟრიამული რომ ისმოდა დილიდან დაღამებამდე, ახლაც ისევ ისე ახმაურდეს ჩვენი სოფელი; საქმეს მოეკიდოს ყველა და სიყვარული, ნდობა გაჩნდეს ადამიანებს შორის!

ნინო ჯავახიშვილი