რო­მან რუ­რუ­ას უნ­გ­რე­ლი მე­ტო­ქე-მე­გო­ბა­რი - გზაპრესი

რო­მან რუ­რუ­ას უნ­გ­რე­ლი მე­ტო­ქე-მე­გო­ბა­რი

უნგრელი ფალავანი იმრე პოიაკი გასული საუკუნის 1950-60-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე იყო. გივი კარტოზიასა და როსტომ აბაშიძის გარდა კლასიკურ ჭიდაობაში მხოლოდ მან შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის სამჯერ მოპოვება. აი, ოლიმპიურ თამაშებში კი აშკარად არ უმართლებდა. ზედიზედ სამჯერ იჭიდავა ოლიმპიურ ტურნირებში და სამჯერვე ვერცხლის მედალი ერგო.

1952 წელს, ჰელსინკში რუს იაკობ პუნკინთან დათმო პირველობა. ოთხი წლის შემდეგ მელბურნის ხალიჩაზე რომან ძნელაძემ დააკარგვინა ოქროს ჯილდო, ხოლო მომდევნო, რომის ოლიმპიადაზე თურქმა მუზახირ სილემ აჯობა. 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის ბოლო შანსი ჰქონდა, თუ მასზე გაცილებით ახალგაზრდა, ათი წლით უმცროსი, რომან რურუას შეტევებს გაუძლებდა.

ამ დღეებში მსოფლიოს ოთხგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონს, რომან რურუას 75 წელი შეუსრულდა, ეს ეპიზოდი კი იმიტომ გავიხსენე, რომ უნგრელ ფალავანთან შეხვედრამ მის სპორტულ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. იუბილართან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ბატონო რომან, თქვენი და პოიაკის ის ორთაბრძოლა, არაობიექტური მსაჯობის გამო, ფრედ დამთავრდა. უნგრელი, როგორც იქნა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო თქვენ ვერცხლის მედალი გერგოთ. ალბათ ძალიან გაბრაზებული იყავით პოიაკზეც და მსაჯებზეც. საინტერესოა, შემდგომში თუ შეხვედრილხართ უნგრელ მოჭიდავეს და როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- მსაჯებმა მაშინ ძალიან გამამწარეს, არავის დანახვა აღარ მინდოდა, მაგრამ თავად პოიაკი ვაჟკაცი კაცი იყო და ჩვენ შემდგომში ძალიან კარგი ურთიერთობაც გვქონდა. გული არ მწყდება, ის რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კარგი მოჭიდავე იყო, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის სამჯერ მოპოვება ასე ადვილი ნამდვილად არ არის. მანამდე არც ოთხ ოლიმპიადაზე გამოსულა ვინმე. ტოკიოს ოლიმპიადა მისი ბოლო შანსი იყო და ყველაფერი გააკეთეს, ამ შანსის გამოსაყენებლად. ვიდრე მე გამოვიდოდი ხალიჩაზე, პოიაკი ჯერ იუგოსლავიელ ბრანკო მარტინოვიჩს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მარტინოვიჩმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და არ იჭიდავა. ჩემი და უნგრელის ფინალური შეხვედრა რომ დაიწყო, ორთაბრძოლა გავაჩერე. მივხვდი, უნგრელს ტანზე ქონი ჰქონდა წასმული და ხელები გაქონილი მქონდა. არც ვიცოდი, თუ ასეთ რამეს აკეთებდნენ მოჭიდავეები. ხელები პირსახოცით კი გავიწმინდე, მაგრამ იმას ქონს როგორ მოაშორებდი? ერთთავად ხელი მისრიალებდა და გამირბოდა მის ტანზე. წესით, მსაჯებს შეჯიბრებიდან უნდა მოეხსნათ. საბოლოოდ, ფრედ დასრულდა შეხვედრა. მახსოვს, ხალიჩის კუთხეში ვიდექი და ჩემთვის ვფიქრობდი, - ეს არის თქვენი ოლიმპიადა? მე ხომ არც ერთი შეხვედრა არ წამიგია და მაინც მეორე ადგილზე გავედი. აი, მაშინ გავხდი ნამდვილი მოჭიდავე. სინამდვილეში სამი ქულა ავართვი, თუმცა, არც ერთი არ ჩამითვალეს. მეორე დღეს ოლიმპიურ სოფელში პოიაკი თავად მოვიდა ჩემთან. ბოდიში მომიხადა. ახალგაზრდა ხარ, შენ კიდევ გახდები ჩემპიონიო, მითხრა. კონიაკი ამოიღო, ერთად დავლიეთ. მაინც კაცურად მოიქცა, მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს. წლების შემდეგ ვიყავი ბუდაპეშტში, აეროპორტში დამხვდა, შინ მიმიწვია. თავისი მედლები მანახვა. ტოკიოს ოლიმპიადის ოქროც იქ იყო. ალალი იყოს მისთვის. უნგრელ ჟურნალისტებს ბევრჯერ უკითხავთ ჩვენი ჭიდაობის შესახებ, სინამდვილეში ვინ მოიგოო? არასდროს მითქვამს, რა მოხდა, ყოველთვის ვპასუხობდი, იმრე ღირსეული ჩემპიონი არის-მეთქი.

- მესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ყველასთვის რთულია, მით უმეტეს, ზედიზედ ოთხჯერ, მაგრამ ყველა ტიტულს თავისი ისტორია აქვს. გამორჩეულად თქვენ რომელი დაგამახსოვრდათ?

- ყველა ტიტული მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს დროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამარჯვება უფრო რთული იყო, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებში. ჩემს წონაში, მაგალითად, მსოფლიოს ექვსი ჩემპიონი ვჭიდაობდით და ამიტომ ამ კონკურენციაში გამარჯვება უფრო ძნელი იყო, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ალბათ 1967 წლის ბუქარესტის მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გამოვყო, სადაც მსაჯებმა უბრალოდ არ მაჭიდავეს მასპინძელთა კერპ, სემიონ პოპესკუსთან. საერთოდ, მე გამძლეობა და ტემპი მეტოქეებზე მეტი მქონდა. ეს იცოდა პოპესკუმ და დასვენების საშუალება რომ ჰქონოდა, ერთთავად სიმულანტობდა, წარამარა ექიმს მიმართავდა. ერთ წუთს იჭიდავებდა, ორს ისვენებდა. კიდევ იჭიდავებდა და ისევ ისვენებდა. თან მე რომ წამოვიწყებდი ილეთს, მსაჯი მაჩერებდა, წესი დაარღვიეო, კვლავ შევუტევდი და ისევ სასტვენი. არც მე მომცეს ქულა და არც პოპესკუ გააფრთხილეს. შეხვედრა ფრედ დამთავრდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას ოთხნი შემოვრჩით. მე იაპონელ ჰიდეო ფუძიმოტოს უნდა შევხვედროდი, ხოლო პოპესკუ თურქ მეტინ ალაკოჩის. მე აუცილებლად სუფთად უნდა მომეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონელსა და რუმინელს შორის შესაძლოა, ტურნირის მთავარი ჯილდო გათამაშებულიყო.

ფუძიმოტო ფრთხილობდა და მარცხენა ხელს კეტავდა. პირველი პერიოდი მარჯვენაზე ვეჭიდავე. ტაქტიკა არც მეორე პერიოდში შემიცვლია და ერთ მომენტში ის მაინც შეცდა, მარცხენა გამოსწია. წამში უკუღმა მოგვერდი გავუკეთე და ხიდზე დავაყენე, თუმცა ბეჭებზე ვერ დავაწვინე. ამ დროს შევამჩნიე, რომ ცხვირი ჩემს მუცელზე აქვს მოდებული. ოდნავ გადავიხარე, ცხვირი ჩაეკეტა, ვეღარ სუნთქავდა და დამნებდა კიდეც. ჩემპიონი მე გავხდი.

- როგორც მახსოვს, სწორედ ფუძიმოტოსთან გქონდათ გადამწყვეტი შეხვედრა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ჩემპიონი გახდით.

- მეხიკო ზღვის დონიდან 2240 მეტრზე მდებარეობს და იქ განსაკუთრებული კლიმატური პირობებია, სუნთქვა ჭირს. გუმანით ვიგრძენი, რომ ზედმეტად არ უნდა მევარჯიშა და წვრთნებისაგან გათავისუფლება ვთხოვე. არ დამაძალეს და მთელი კვირა ვისვენებდი. ტურნირის სტარტზე ზედიზედ ოთხი შეხვედრა სუფთად მოვიგე, ორშიც ქულებით გავიმარჯვე და ფუძიმოტოსთან ფრეც მყოფნიდა გამარჯვებისათვის. დავიწყეთ თუ არა ჭიდაობა, სულმა წამძლია და თამამად დავიჭირე მეტოქე, მაგრამ მაშინვე გავუშვი ხელი. გავუშვი თუ არა, კონტრილეთით ორი ქულა ამიღო. ჯვარედინი ჩავლებით ანგარიში გავათანაბრე. ფუძიმოტო ვაჟკაცურად იბრძოდა, მაგრამ ვერას გახდა, ქულა აღარ მოგვიპოვებია და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. მეხიკოში იმდენად დამაჯერებლად ვიჭიდავე, რომ ექიმებმა ორჯერ შემამოწმეს დოპინგ-კონტროლზე. ფინალის შემდეგ მთავარმა სპეციალისტმა მკითხა, დოპინგი ხომ არ მიგიღიაო? კი ბატონო-მეთქი, ვუთხარი და გასახდელიდან ქართული `ბორჯომი~ მოვუტანე. ჭიდაობის ჩემებური მანერა მქონდა. ერთ ფანდს რომ გავაკეთებდი, მაშინვე მეორეს მივაყოლებდი, შემდეგ მესამეს და ასე, ილეთების კასკადით ვაგროვებდი ქულებს. მარ-დელ-პლატას მსოფლიოს ჩემპიონატზე დასავლეთგერმანელ ვერნერ ჰეტიშთან 9:0 ვიგებდი, მაგრამ ბოლო პერიოდის წინ მწვრთნელებმა შეამჩნიეს, რომ ჩემი ქულები მეტოქისათვის დაუწერიათ. გავაპროტესტე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. 3 წუთი რჩებოდა და დაიწყო თუ არა ბოლო პერიოდი, ჰეტიში მძლავრად დავიქნიე, მარწუხებში მოვაქციე და ზედიზედ რამდენჯერმე გადავატრიალე. გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, რომ ანგარიში ჩემს სასარგებლოდ უკვე 16:9 იყო.

- ათწლეულებია, ხალიჩაზე აღარ გამოდიხართ. ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ცვლილებები?

- სამწუხაროდ, ჭიდაობამ დეგრადაცია განიცადა და უარესობისკენ შეიცვალა. იმ ქვეყნებს, რომლებსაც კარგი მოჭიდავეები არ ჰყავდათ, ჭიდაობის ფედერაცია ხელოვნურად დაეხმარა და ეს დახმარება მექრთამეობაში გადაიზარდა. იმავე მიზნით შემცირდა ჭიდაობის დროც. ჩვენ 12, 10, 9 წუთი ვჭიდაობდით, დღეს 6 წუთია. არა აქვთ ტექნიკა, ტაქტიკა და თუ ვინმეს ძალა აქვს, მეტოქეს მიაწვება, ხალიჩის გარეთ გაიყვანს და ქულას აიღებს. ერთხელ გაიყვანს, ერთ ქულას მისცემენ, 100-ჯერ გაიყვანს, 100 ქულას დაიმსახურებს ანუ 100 პასიურობაზე 100-ჯერ მისცემენ გაფრთხილებას და შეჯიბრებიდან არ მოხსნიან. ამიტომაც აპირებდნენ ჭიდაობის ოლიმპიადების პროგრამიდან ამოღებას. კლასიკურ ჭიდაობას ყველაზე მეტი აზროვნება, კარგი შემსრულებელი სჭირდება, მაგრამ ამ კარგ შემსრულებლად ყველა ვერ იბადება.

- ბატონო რომან, ფეხბურთი და ფეხბურთელები ყოველთვის პოპულარულები იყვნენ საქართველოში. გულშემატკივართა სიმპათიები არც მოჭიდავეებს გაკლდათ. დღეს თუ გცნობენ ქუჩაში?

- მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, დავით ყიფიანი თუ რამაზ შენგელია ვარსკვლავები იყვნენ. ხალხისა თუ ჩინოსნების ყურადღება არც სხვა სპორტსმენებს გვაკლდა. ბაზარში ვიყავი. ვიღაც კაცი მომაშტერდა. მერე ახლოს მოვიდა, თვალს არ მაშორებდა. ბოლოს მკითხა, - ეს შენ ხარო? როგორც ჩანს, გვარი ვერ გაიხსენა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. იტირა და წავიდა.

გოგი ფრანგიშვილი