რა­ტომ ის­წ­რაფ­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წი­ე­რი სი­ხა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბის­კენ - გზაპრესი

რა­ტომ ის­წ­რაფ­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წი­ე­რი სი­ხა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბის­კენ

სიხარულის განცდა ორგვარია - მიწიერი და სულიერი. ადამიანი მაშინ განიცდის ჭეშმარიტ სიხარულს, როდესაც მასში უფალი ხარობს. ამ სიხარულს კი მხოლოდ ღვთის სიხარული და მისდამი მსახურება შობს...

- საიდან დაედო სათავე ადამიანში სიხარულის განცდას?

მამა პეტრე:

- ადამიანში სიხარულის განცდა ედემიდან იღებს სათავეს, როდესაც ადამი მთელი ედემის საგანძურის მემკვიდრე იყო. ედემში დამკვიდრებული ადამიანის სული უდიდეს სიხარულს განიცდიდა უფალთან ურთიერთობით. ვიცით, რომ ადამი ხვდებოდა უფალს, ესაუბრებოდა მას და ეს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა. როდის ხვდება ადამიანი ყველაფრის ფასს? როდესაც კარგავს, რაც აქვს. ადამმაც ცოდვით დაცემის შემდეგ შეიმეცნა, რაოდენ დიდი ბედნიერება და სიხარული დაკარგა - სიხარული უფალთან ურთიერთობისა.

- რა იყო ამის მიზეზი?

- ადამიანის ჯერ კიდევ სულიერი ჩვილობა. ადამს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ არ იცოდა, - ვინ იყო ღვთის გარეშე. როდესაც ღვთის გარეშე აღმოჩნდა და საკუთარი თავი დაინახა, მწუხარებაში ჩავარდა. ღვთის გარეშე არარაობა გამოჩნდა. უფალი ადამიანს არ ტოვებს სამუდამოდ უნუგეშო მდგომარეობაში, მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში. ედემში დამკვიდრებულ ადამიანს არ სჭირდებოდა რწმენა, რომ უფლისმიერი, სულიერი სიხარული განეცადა. როგორც ანგელოზებს არ სჭირდებათ რწმენა, რადგან მუდმივი სიხარულის წყაროსთან იმყოფებიან, ასევე იყვნენ პირველი ადამიანებიც. ადამიანმა მოკლე გზა ვერ დაინახა, ვერ შეიშნო და უფრო შორ გზაზე სავალი გახდა, თუმცა, მისთვის ეს ნუგეში იყო. უფალმა ნუგეშად მისცა ადამიანებს, რომ ამ გზის რწმენით გავლით, უფლის სასოებით, ღმერთზე მინდობითა და სიყვარულით, კვლავ მიეახლებოდნენ უფალს და დაიბრუნებდნენ იმ სიხარულს, რომელიც ედემში მყოფ ადამიანს უდიდეს ბედნიერებაში ამყოფებდა. მას შემდეგ მიილტვის ადამიანის სული, რომ კვლავ მიეახლოს სიხარულის წყაროს და დაიბრუნოს ის სიხარული და ბედნიერება, რომელიც ერთ დროს ედემში ჰქონდა.

- მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ედემი დაკარგეს, ადამიანებს შორის სიხარულის შემეცნების სხვადასხვა გზა გაჩნდა. არსებობს სულიერი და მიწიერი გაგება, განცდა სიხარულისა... ადამიანთა ნაწილს სიხარულის მხოლოდ მიწიერი აღქმა აქვს. რამ გამოიწვია ეს?

- სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ უფალმა კურთხევად მისცა ადამს, - ამიერიდან პიროფლიანი ჭამდე პურსო. თუ ადრე ყველაფერი თავისით მოდიოდა, დაცემის შემდეგ ადამიანმა შრომით, ჯაფით, ოფლის ღვრით უნდა მიიღოს ყველაფერი. უკვე ვნებები გაჩნდა ადამიანში, მეტი მოთხოვნილება გაუჩნდა მიწიერი სურვილებისა, მაგრამ ადამიანს ახსოვდა, რომ უფალს არ დაუტოვებია სამუდამოდ ადამის მოდგმა. კურთხევის შესრულება იყო საჭირო იმისათვის, რომ გამრავლებულიყო, ეშრომა და ეს ყველაფერი უფლისთვის მიეძღვნა. ადამის შვილები, აბელი და კაენი სასინჯი ქვა გახლდათ. მათ რწმენით, სიხარულითა და მადლიერებით უნდა მიეძღვნათ თავიანთი შრომა ღვთისთვის და სულიერი სიხარული განეცადათ, მაგრამ კაენში ეს სიხარული დაიკარგა. არადა, მიწასთან ურთიერთობა ორივეს ჰქონდა, ორივე შრომობდა, მაგრამ საუკეთესოს ღვთისადმი მირთმევით მადლიერება მხოლოდ აბელმა გამოხატა. წმინდა მამები ამბობენ, იცხოვრე ისე, რომ უფალზე ფიქრს შენთვის მუდამ სიხარული მოჰქონდესო. როდესაც აბელი შრომობდა, ფიქრობდა ღმერთსა და უკვდავების დაბრუნებაზე. კაენს ეჭვი შეეპარა. ხშირად ასევე გვეპარება ჩვენც ეჭვი. უფალიც ხომ გვეუბნება სახარებაში, ცათა სასუფეველი დედამიწიდანვე უნდა დაიწყოსო. ადამიანი იწყებს შრომას, ცხოვრებას წუთისოფელში და ბოროტების მთელი მანქანები ერთვება, რომ ნელა-ნელა გადაახვევინოს ღვთისკენ სავალი გზიდან, იცხოვროს მიწიერებაში, ხორცისთვის და არა სულის მარადიულობისთვის. მთავარია შინაგანი ბრძოლა, რომელიც ადამიანს გულში ეპარება, სიყვარული მიწიერებისა, სიმდიდრის დაგროვებისა. აქ სერიოზული გადახვევა ხდება და სულიერი სიხარულის ნაცვლად, ჩნდება მიწიერი სიხარული, სულიც ემონება და მკარნახებელი მატერიალური, მიწიერი გრძნობებია.

- ყველა ადამიანი უფლისგან სულიერი სიხარულის მოპოვებისთვისაა შექმნილი, თუმცა შემდეგ მის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა სასუფეველს, სადაც მარადიული, დაუსრულებელი სიხარულია...

- ადამიანი თავისი ცხოვრებით უღებს უფალს კარს. როცა ადამიანში ცხოვრობს უფალი, გულის კარი ღია აქვს და ხვდება, რა არის ჭეშმარიტი სიხარული და ბედნიერება. როდის განიცდის ადამიანი ღვთიურ სიხარულს? როცა ღვთის მცნებებს შეასრულებს. თუ ადამიანი მიწიერებაზეა მიჯაჭვული, არც ფიქრობს თავის სულიერ მოვალეობებზე. უგუნური მდიდრის მაგალითი ავიღოთ: უფალმა წყალობა მისცა, იშრომა იმანაც და დიდძალი ქონება დააგროვა. უფალი მისგან კეთილ ნაყოფს ელოდებოდა, მაგრამ მისი გული და გონება კვლავ მიწიერ განცხრომასა და სიხარულს ეძიებდა. გადაწყვიტა, დაენგრია თავისი საუნჯეები და უფრო დიდი გაეკეთებინა, სადაც თავის განძს ჩაკეტავდა და ვნებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებდა.

- ადამიანები უმეტესწილად უფრო მიწიერი სიხარულის მოპოვებისკენ ისწრაფვიან...

- მიზეზი, რა თქმა უნდა, კვლავ ღვთის არკურთხევაში ცხოვრებაა. ადამიანთა უმეტესობა ხორციელ ვნებებშია გადაშვებული. უფალმა ადამიანს ათი მცნება და ცხრა ნეტარება სწორედ მიწიერებისაგან შემოსაღობად მისცა, რათა სულიერი სამყარო წუთისოფლის საცდურისგან დაიცვას. მათი დაცვა არის გარანტი, რომ ადამიანი მუდამ სულიერ სიხარულში იქნება, მაგრამ როდესაც ადამიანი ივიწყებს ამას, ივიწყებს სასუფეველს, თავის არსს - რისთვის მოვიდა ამქვეყნად. როცა ადამიანი ივიწყებს ამქვეყნად მოსვლის დანიშნულებას, მხოლოდ კომფორტისთვის ცხოვრობს. არადა, ჩვენი ნებისმიერი მიწიერი ქმედება, საქმე, ქონება უნდა ემსახურებოდეს ცხონების მოპოვებას. როცა ადამიანი ამას ივიწყებს, მასში ნელ-ნელა სულიერი სიბრმავე იწყება. ადამიანი თავისი ცხოვრებით უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სასუფევლის მოპოვებას და არა მიწიერი ქონების დაგროვებას. ათასგვარი დაავადება საიდან მოდის? იქიდან, რომ ადამიანები მიწიერებას არიან მიჯაჭვულნი. განსაცდელები ერთგვარი წამალია უფლისგან. როგორ შეიძლება შეაგონო ასეთ ადამიანს? განსაცდელებით. ზოგიერთი ვერ სწვდება და ამბობს, არაფერი ცუდი არ ჩამიდენია და რატომ მაქვს განსაცდელებიო? ადამიანს თუ განსაცდელები არ მიეცემა, საერთოდ დაივიწყებს ღვთის არსებობას. ყოველთვის გვახსოდეს, რომ ეს წუთისოფელია და არასოდეს ვამჯობინოთ ის, ჩვენს ზეციურ სახლს. მიწიერ საზრუნავებში ჩაფლულ ადამიანებს განსაცდელი ეძლევა, რათა მიხვდნენ, რომ ეს წუთისოფელი უსასრულო ტანჯვისა და ტკივილისკენ მიაქანებს, შეჩერდეს, დაფიქრდეს და დარჩენილი ცხოვრება მარადიული სიხარულის, ცხონების მოსაპოვებლად გამოიყენოს.

შორენა მერკვილაძე