ტელეფონის გამო განწირული მოზარდი - გზაპრესი

ტელეფონის გამო განწირული მოზარდი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკე რდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი იყო და კლასელმა ის რამდენჯერმე დაიბარა სალაპარაკოდ. ბოლო შელაპარაკება სასაფლაოზე მოხდა, რასაც მოზარდის გულის არეში დაჭრა მოჰყვა. დამნაშავე და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ. კონკრეტულად რის გამო მოხდა კონფლიქტი, ოჯახის წევრები ვერ ასახელებენ.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი დედისერთაა, დედამისი თურქეთში სამუშაოდ არის წასული. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.

ბიჭის ბიცოლა ამბობს, რომ კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო: დაკავებულმა მოკლულის ნაცნობს ტელეფონი მოჰპარა. მოკლული სასაფლაოს ჭიშკართან დატოვეს და ის გამვლელმა აღმოაჩინა.