ყველაზე სასიამოვნო და დაუვიწყარი მოვლენა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში - გზაპრესი

ყველაზე სასიამოვნო და დაუვიწყარი მოვლენა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში

სწორედ ასეთი წამები აიძულებს ადამიანს, ცხოვრება განაგრძოს და ყველა ტკივილს თუ განსაცდელს შეებრძოლოს. ბუნებრივია, ასეთი წამები ცნობილი ადამიანების ცხოვრებაშიც ყოფილა.

"თბილისის გარეშე ერთ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ"

ვანო ჯავახიშვილი: GzaPress

- საერთოდ, შვილის დაბადება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და სასიამოვნო მოვლენაა. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ: ყველაზე ბედნიერი და შეუდარებელი მოვლენა ჩემთვის ნიკოლოზის ამქვეყნად მოვლინება იყო. რაც შეეხება სასიამოვნო დღეს, ასეთი ადამიანს შეიძლება ყოველდღე ჰქონდეს, განსაკუთრებით, როცა იუმორისტების გარემოცვაში გიწევს ყოფნა, სადაც კურიოზი და ხუმრობა ცხოვრების წესია. ჩემი პროფესიის წყალობით, სასიამოვნო დღეები არ მაკლია, თუმცა ყველაზე სასიამოვნო მოგონებები ჩემთვის პარიზთან არის დაკავშირებული, სადაც მეუღლესა და შვილთან ერთად ვიყავი. მე და ჩემს მეუღლეს ფრენის შიში გვაქვს და როცა სადმე მივდივართ, ეს ორივესთვის სერიოზული გამოცდაა. ამ რამდენიმე წლის წინაც გავრისკეთ და არც გვინანია: მსოფლიოს ყველაზე საოცარი ქალაქი გავიცანით. პარიზი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია, ის თავისი არქიტექტურითაც შეუდარებელია და კოლორიტითაც. თქვენ მეკითხებით - გადავიდოდი თუ არა პარიზში საცხოვრებლად, კარგი სამსახური რომ შემომთავაზონ? - ალბათ, ამაზე ბევრს ვიფიქრებდი, რადგან თბილისის გარეშე ერთ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ. როდესაც ზღვაზე ან ბაკურიანში მივდივართ, 7-8 დღეში თბილისის მონატრება მეწყება და ყოველთვის ვჩქარობ, რომ აქ დავბრუნდე. ამიტომაც მიკვირს, ადამიანები უცხოეთში რომ მიდიან და იქ წლობით ძლებენ. უცხო ქალაქების ნახვა კარგია, მაგრამ ჩემი ქალაქი მაინც თბილისია.

"ანტონიო ბანდერასს და დევიდ ლინჩს საქმიან ვახშამზე შევხვდი"

ხატია შამუგია:

- ჩემს ცხოვრებაში მრავალი ბედნიერი და გამორჩეული მოვლენა ყოფილა, თუმცა გამოვყოფდი შეხვედრებს ჩემს კერპებთან - ჟან პოლ გოტიესთან, ანტონიო ბანდერასსა და რობი უილიამსთან. ჩემს ბავშვობაში ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ოდესმე მათ შევხვდებოდი. სხვათა შორის, ანტონიო ბანდერასთან რამდენიმე სელფის გადაღებაც მოვახერხე: მას შემთხვევით შევხვდი ბარსელონაში, სადაც სამსახურიდან გამგზავნეს. როდესაც დავინახეთ, რომ დარბაზში, უზარმაზარ საქმიან ვახშამზე ანტონიო ბანდერასიც იმყოფებოდა, მივედით, ავტოგრაფი ჩამოვართვით და ფოტოებიც გადავიღეთ. ასევე, განუმეორებელი იყო ჩემი შეხვედრა დევიდ ლინჩთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში გავიცანი. დევიდ ლინჩის ყველა ფილმი მაქვს ნანახი. 1990-იან წლებში ვერც კი გავიფიქრებდი, რომ მასთან ერთად ვახშამზე მოვხვდებოდი, ხელს გადავხვევდი და ვეტყოდი, რომ მისი ფანი ვარ. ეს ჩემთვის ბოლო დღეების ყველაზე შთამბეჭდავი და "ცხელი ამბავია". მიხარია, რომ დევიდ ლინჩმა იმედი არ გამიცრუა: მოგეხსენებათ, დიდი ადამიანები განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩევიან და ისიც ასეთი აღმოჩნდა.

"ლოს-ანჯელესი - ოცნების ქალაქი"

კრისტი ყიფშიძე: GzaPress

- ორიგინალური არ ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ შვილის გაჩენას და პირველად დანახვას ვერანაირი გრძნობა ვერ შეედრება - ამას იტყვის ყველა ქალი, რომელსაც ეს ბედნიერება განუცდია. რაც შეეხება სასიამოვნო განცდას, ჩემთვის ასეთი განცდა მოგზაურობას მოაქვს. ეს ჩემი ჰობია. მოგზაურობა მარტო განტვირთვის საშუალება კი არ არის, ამ დროს ადამიანი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. განსაკუთრებით მიყვარს ისეთი ადგილები, სადაც მზე ანათებს და თბილა. ამ თვისების გამო ყოველთვის ცუდად მახსენდება ნიუ-იორკი: იქ თებერვალში მოვხვდი და ისეთი სიცივე დამხვდა, რომ ცხვირს გარეთ ვერ გაყოფდი. სამაგიეროდ, ძალიან მაგარი ქალაქია ლოს-ანჯელესი, სადაც ყოველთვის მზე და სითბოა. ამ ქალაქში ერთი თვე სტუმრად ვიყავი, ოჯახში ვცხოვრობდი და ყველაფერს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. ხშირად მიფიქრია, რომ ლოს-ანჯელესი ის ქალაქია, სადაც ჩემს ოჯახთან და ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად, სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მოგზაურობის დროს ჩემთვის მთავარია მზიანი ამინდები, კომფორტი, კარგი განწყობა და კარგი ადამიანების კომპანია. არ მიყვარს სადმე ტურისტად წასვლა, მირჩევნია სტუმრად ჩავიდე და ის ადგილები დავათვალიერო, რომელიც ჩემთვის საინტერესოა, არც ხალხმრავლობა მომწონს. თბილისშიც, სტუმრები რომ ჩამოდიან, შარდენის ქუჩაზე და ხმაურიან ადგილებში კი არ მიმყავს, არამედ იქ, სადაც თბილისური სული ყველაზე მეტად იგრძნობა, სადაც სიმშვიდე და სიმყუდროვეა.

"ის ჩემთვის მასწავლებელიც იყო და მეგობარიც"

ჯამლეტ ხუხაშვილი:

- ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და კარგი მოვლენა კოტე მახარაძის გაცნობა იყო, რომელმაც გამომზარდა და მერე ჩემი მეგობარი იყო 40 წლის განმავლობაში. ვიდრე ახლოს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ ის მთელ სამყაროში ერთ-ერთი პირველი კომენტატორი იყო, მაგრამ როცა გავიცანი, გავიფიქრე, რომ სრულიად უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, როგორც სპორტულ კომენტატორს, მაგრამ ამ უბრალოების გამო კოტე მახარაძე ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა. ის ჩემთვის მასწავლებელიც იყო და მეგობარიც. 17 წლით უფროსი იყო, მაგრამ როგორც თანატოლს, ისე მექცეოდა. ოჯახებით ვმეგობრობდით და ბოლო წუთამდე მხარში მედგა. კოტე მახარაძე 2002 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა და ყველა მის ახლობელს დიდი ტკივილი დაუტოვა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩემს ხსოვნაშია და ყველანაირად ვცდილობ, კიდევ უფრო მეტი შევმატო მის უკვდავებას.

"დედობა უდიდესი ბედნიერებაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება"

ნანიკო ხაზარაძე: GzaPress

- შვილის გაჩენა განუმეორებელ ემოციებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ვერანაირ განცდას ვერ შევადარებ. სწორედ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენა. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ბავშვის აღზრდას ახლავს, დედობა უდიდესი ბედნიერებაა და მიკვირს, როდესაც შვილის საქციელის გამო იმედი უცრუვდებათ. შვილის შეცდომები ან ცუდი ქმედება სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე იმედი გამიცრუვდება. რაღაც ეტაპზე ნებისმიერი ადამიანი იქცევა ცუდად, შეცდომებიც ყველას მოსდის და მშობელმა ამის პატიება უნდა შეძლოს. ჩემი შვილი უკვე 14 წლისაა და ვიცი - მას ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებ, რომ იმედი არასოდეს გამიცრუოს.

"ლივერპულმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა"

ზაზა ხუციშვილი: GzaPress

- მუსიკოსისთვის სცენაზე გამოსვლა განუმეორებელ განცდებთან არის დაკავშირებული. როდესაც პუბლიკა ახლოსაა და მის ემოციებს გრძნობ, ამას ვერაფერი შეედრება. გარდა ამისა, ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, როცა თბილისის "დინამომ" ევროპის უძლიერეს კლუბს - "ლივერპულს" მოუგო. ეს 1979 წლის შემოდგომაზე მოხდა. მე მაშინ სტადიონზე გახლდით და უკან განსაკუთრებული ემოციებით სავსე დავბრუნდი. ისედაც, ლივერპული ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია, როგორც "ბითლზების" სამშობლო და ცნობილი გუნდის - "ლივერპულის" მშობელი ქალაქი. ამიტომ, არასოდეს დამავიწყდება ამ ქალაქში სტუმრობაც: იქ 2007 წელს მოვხვდი და "ბითლზებთან" დაკავშირებული ყველა ადგილი მოვინახულე. ამ ქალაქმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა, იქ მიღებული შთაბეჭდილებები ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება.

ხათუნა ჩიგოგიძე