ორი მსახიობის ტანდემი სცენაზე და ცხოვრებაში - სასწაული, რომელსაც ლაზარეს აღდგინება უწოდეს - გზაპრესი

ორი მსახიობის ტანდემი სცენაზე და ცხოვრებაში - სასწაული, რომელსაც ლაზარეს აღდგინება უწოდეს

10 დეკემბერს ახმეტელის თეატრის სცენაზე "აივანს" უჩვენებენ. სპექტაკლი მსახიობ მამუკა მაზავრიშვილის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. კოლეგები არტისტის 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ, აქედან ოთხ ათეულ წელზე მეტი, სცენაზე აქვს გატარებული.

მისი პიროვნებიდან გამომდინარე, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვობაში რთულად აღსაზრდელი ყოფილა, რის გამოც პოლიციაში, აღრიცხვაზე იმყოფებოდა. ერთ დღეს თეატრში რეკვიზიტორის ვაკანსიაზე მისული, სცენაზე აღმოჩნდა, როლზე მუშაობა თამაშად აღიქვა და როგორც თავად ამბობს, მაშინ "მოიწამლა". მისთვის სცენა არის ადგილი, სადაც ცოცხალი ემოციები მეფობს.

მამუკა მაზავრიშვილთან ინტერვიუ მის სცენურ და ცხოვრების პარტნიორ თამარ ბეჟუაშვილთან ერთად ჩავწერე.

მამუკა მაზავრიშვილი:

- ერთ დღეს უბნის ინსპექტორი მოვიდა და გვითხრა, მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეკვიზიტორის ადგილი გათავისუფლდა, მამუკა, მუშაობა უნდა დაიწყო, თეატრალურში ჩაბარება ხომ გინდოდა და უარი არ თქვაო. მივედი თეატრში და აღმოჩნდა, რომ რეჟისორი თენგიზ მაღალაშვილი "გოგო და ბიჭის" რეპეტიციებს იწყებდა და ბიჭის როლზე მსახიობი არ ჰყავდა შერჩეული. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა, მაინც დამაკავა. თენგიზ მაღალაშვილი და ასისტენტი ნანი ქუთათელაძე იყვნენ ადამიანები, ვინც ეს პროფესია შემაყვარა.

- ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, სცენაზე თამაში არ გაგიჭირდათ?

- მაშინ ამ საქმეს ვუყურებდი, როგორც გართობას, სიღრმისეულად არ ვუდგებოდი. შემდეგ ამ სპექტაკლს სხვა როლებიც მოჰყვა. თეატრალურშიც ჩავაბარე და ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. რეჟისორებში გამიმართლა, დღემდე მიმართლებს. პროფესიული არჩევანის გამო, სინანული არასდროს მქონია, სხვა სფეროში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია.

- რატომ, სცენას ასეთი რა ძალა აქვს?

- ჩვენ რთული პერიოდი გამოვიარეთ, ეს საქმე თითქოს რეალობას გავიწყებს, სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ, მით უმეტეს, როცა გიყვარს და ბოლომდე ჩართული ხარ, როცა თეატრში ხელფასის გამო არ მუშაობ.

- როლზე მუშაობას როგორ იწყებთ?

- ყოველი როლი ახალი გამოცდაა. ეს არის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება სწავლობ. დღევანდელი გადასახედიდან წარსულში ნათამაშებ როლებს სხვაგვარად შევასრულებდი. ნაკლს გამოცდილი თვალი მეტად ხედავს. ტელესპექტაკლში ან ფილმებში საკუთარ თავს თავჩაღუნული ვუყურებ და ვფიქრობ, რას ვაკეთებ? რთული პროფესიაა, ყოველდღიური სწავლებაა.

- სცენაზე გასვლის წინ რიტუალი თუ გაქვთ?

- გავთქვა? ყველასგან შეუმჩნევლად, პირჯვარს ვიწერ.

- როლი, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ.

- ახმეტელის თეატრში პირველი როლი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში" ვითამაშე. ზოგადად, გარეგნობიდან გამომდინარე, ერთფეროვან როლებს მაძლევდნენ. ოთარ ბაღათურია დგამდა ზღაპარს, რომელშიც მიშა სეთურიძე მგელს თამაშობდა, პრემიერის წინა დღეებში წაიქცა და მხარი მოიტეხა. მგლის როლი შემომთავაზეს. ვიუარე, როგორ უნდა შევასრულო-მეთქი? მაგრამ მერე მაინც დავთანხმდი. ამავე სპექტაკლში თამუნა (მსახიობი თამარ ბეჟუაშვილი) კურდღლის როლში იყო და ბუნებრივად დავდევდი (იღიმის). ამ როლის შემდეგ, რეჟისორებმა სხვა თვალით შემომხედეს. დარწმუნდნენ, რომ სახასიათო როლების შესრულება შემიძლია.

- ოთარ ბაღათურიას სპექტაკლში "მეფე ლირი თავშესაფარში" არკადის როლმა წარმატება მოგიტანათ, გადმოგეცათ პრიზი "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის"...

- დიახ. ლილი იოსელიანთან 2 წელი ვიყავი, შემდეგ ჩვენი ჯგუფი დაიშალა და ნაწილი გიგა ლორთქიფანიძესთან გადავედით. მან ეს სპექტაკლი ნახა, "პაკლონი" რომ დასრულდა, მერე გაიგო, არკადის როლი მე რომ შევასრულე, მოვიდა და მითხრა, - ის შენ იყავიო? ეს მსახიობისთვის დიდი კომპლიმენტია. სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ მახსოვს, უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, რეცენზიაში დაწერა, პროგრამას თუ არ წაიკითხავთ, ვერ მიხვდებით, რომ ამ სპექტაკლში მამუკა მაზავრიშვილი თამაშობსო. დავით ანდრულაძემ მითხრა, ასეთი კარგი რეცენზია, დიდ მსახიობებზეც იშვიათად დაწერილაო. ამ სპექტაკლში რუსოფილ ომის მოხუც ვეტარანს ვთამაშობდი.

თამარ ბეჟუაშვილი:GzaPress

- სპექტაკლის სანახავად ჩემი მეგობრები მოვიდნენ, ერთს დიდი ხნის უნახავი ვყავდი და უკითხავს, თამრიკოს ქმარი რომელი არისო? მამუკა რომ დაუნახავს, შეწუხებულა, - ასეთ ბებერს ცოლად რამ გააყოლაო?

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- 1998 წელს, ახმეტელის თეატრში მამუკა რომ მოვიდა, მე უკვე ამ თეატრის დასში ვიყავი. ერთი წელი ვმეგობრობდით, შემდეგ ჩვენ შორის რაღაცამ გაირბინა, მივხვდით, ერთმანეთთან უკვე მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებდა. ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მალე მივიღეთ. პატარები აღარ ვიყავით, ეს ორივე მხრიდან გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილება იყო. 2007 წელს ჯვარი დავიწერეთ, ქორწილი სახინკლეში გვქონდა.

- ბატონმა მამუკამ რით მოგხიბლათ?

- სულ ჩუმად იყო, ბევრს არ ლაპარაკობდა, არ ტინგიცობდა, არ ტრაბახობდა, როგორც ზოგიერთ არტისტს სჩვევია, "დურაკული" ამბიცია არ ჰქონდა. არტისტი კაცები არასდროს მომწონდნენ. თეატრში გატარებული არაერთი წლის განმავლობაში, პირველად ვნახე ასეთი კაცი, თან კარგი მსახიობი, ძალიან სიმპათიური, ერთგული. მამუკა ყველა შემთხვევაში მხარში მიდგას, მის გვერდით, ერთი წუთი ვერ იფიქრებ, რომ რაღაც შეიძლება გაგიჭირდეს. ყველა სპექტაკლში ერთად ვთამაშობთ. გამონაკლისია "დედა".

- "აივანში" ცოლ-ქმარი ხართ...

- დიახ. დიმიტრი ხვთისიაშვილის "პანთეონშიც" ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. ბოლო სცენაში მამუკას ჟანგბადის ბალიშით ვგუდავდი. ერთხელ, როგორც ჩანს, ვერ მოვზომე და გამწარებულმა ამომძახა, - გოგო, მართლა მახრჩობ, გაგიჟდი? ეგ ბალიში ცოტათი გასწიეო.

მამუკა:

- ბედნიერი ვარ, რომ თამუნა უფალმა გამომიგზავნა. ცხოვრებაში რამე სიხარული თუ მქონდა, ეს ბოლო 17 წელია, მაქვს, ანუ რაც ერთად ვართ. ადამიანები სიკვდილის წინ წარსულიდან კადრებს რომ იხსენებენ, აი, ეს იქნება ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონება.

- შვილებზე რას გვეტყვით?

თამარი:

- ჩვენ არ გვყავს საერთო შვილი, მაგრამ ორივეს წინა ქორწინებიდან 2-2 შვილი გვყავს. ვამბობთ, რომ 4 შვილი გვყავს: თამუნა, გიორგი, სანდრო და მარიამი.

- სახლი, რეპეტიციები, სპექტაკლები... სულ ერთად ხართ, ზოგიერთი წყვილისთვის მსგავსი რეჟიმი ცოტათი მოსაბეზრებელია, თქვენთვის არა?

- როცა ადამიანი გიყვარს, როგორ შეიძლება, ის მოგბეზრდეს? წლები და სიახლოვე ადამიანს კიდევ უფრო მეტად გაყვარებს. ჰბეზრდებათ ის, ვისგანაც უნდათ დაისვენონ.

მამუკა:

- ჩვენი ურთიერთობიდან ერთ ეპიზოდს გიამბობთ: 7 წელი ხდება, რაც ოპერაცია გავიკეთე. ჩემი მდგომარეობა მძიმე იყო, იმდენად უიმედო, რომ უთხრეს, გასასვენებლად ბინა მოამზადეო. ნერვიულობის ფონზე თამუნას დიაბეტი დაემართა. ამით ხომ ყველაფერი ნათქვამია! ეს ძალიან ჩუმი მტკიცებაა იმ სიყვარულისა, წინ რომ ვერაფერი დაუდგება.

თამარი:

- თითქმის 2 თვე საავადმყოფოში ვიყავით, რთული ოპერაციები გაუკეთეს. ბოლოს ექიმმა მითხრა, გამორიცხულია, ვეღარ იცოცხლებსო. რეანიმაციაში რომ შევედი და შევხედე, ვიფიქრე, ალბათ დილამდე ვეღარ გაატანს-მეთქი. ექიმმა მითხრა, შედი პალატაში და დაიძინეო. 2 თვე არ მოვშორებივარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თეატრში მოვდიოდი.

ჩვენმა ახლობელმა, დედა მარიამმა მითხრა, ღვთისმშობლის ხატი აიღე და სულ ხელში გქონდესო. გამთენიისას ჩამთვლიმა. ხატი ბალიშის ქვეშ დავდე. სიზმარი ვნახე, ჩვენ რომ ურთიერთობა დავიწყეთ, იმ პერიოდში მამუკას წითელი მანქანა ჰყავდა. რომ გამომივლიდა, მანქანაში თავს შევყოფდი, ხელს მიქნევდა, მერე ვჯდებოდი და მივდიოდით. სიზმარში ზუსტად ეს კადრი ვნახე. გამომეღვიძა, საათს შევხედე, თერთმეტის ნახევარი იყო. ვიფიქრე, როგორც ჩანს, მამუკა აღარ არის, თქმას ვერავინ მიბედავს-მეთქი. ბალიშის ქვემოდან ხატი გამოვიღე, სულ დაკუჭული იყო - არ ვიცი, რამ დაკუჭა. რეანიმაციაში შევედი. ვხედავ, მამუკა საწოლზე ზის და ხელს მიქნევს...

დედა მარიამმა მითხრა, ეს არის ლაზარეს აღდგინება. მთელი ღამე ლოცვად დავდექი და უფალს შევთხოვე, არც წყალს დავლევდი, არც შევჭამდი, სანამ მამუკას მდგომარეობიდან არ გამოიყვანდაო.

მისი გადარჩენა სასწაული იყო, ექიმები შოკში იყვნენ. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, დიდი ხანი დრენაჟი უნდა ჰქონოდა. დიდ დაკიდებულ მილებს წელზე ვახვევდი, ზემოდან ქამარს ვუკეთებდი და სპექტაკლებს ისე თამაშობდა. ქირურგმა მითხრა, ამდენი წელია, ექიმი ვარ და ასეთი ვაჟკაცური პაციენტი არ მინახავს, მსგავსი ბრძოლა სიკვდილთან და ასეთი გადარჩენა - სასწაულიაო. მაშინ მითხრეს, ერთი წელი იცოცხლებსო, უკვე 7 წელი გავიდა. ახლა ეუბნებიან, ჩვენი კლინიკის სიამაყე ხარო.

- ბატონო მამუკა, საკუთარ თავში ამის ძალა როგორ იპოვეთ და რაში დაგეხმარათ სცენა?

- ეს ძალა უფალმა მომცა. შეიძლება ეკლესიური ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ, მაგრამ მორწმუნე კაცი ვარ. საავადმყოფოში მანქანით მივედი, ის მანქანა იქვე, შენობასთან იდგა, ამდენი ბრძოლის შემდეგ რომ გამომწერეს, უკან დაბრუნება ისევ მანქანით მინდოდა. იტალიურ ეზოში მესამე სართულზე ვცხოვრობთ. თამუნა ფუსფუსებდა. ჩუმად ავდექი, ეზოში ჩავედი, მაგრამ უკან ასვლის ძალა აღარ მქონდა. თამუნა ოთახში რომ შევიდა და ვერ მნახა, ყვირილი დაიწყო, მე ავძახე, - მიშველე! ვეღარ ამოვდივარ-მეთქი. წარმოუდგენელია ჩემთვის სირთულე, რომელსაც ვერ მოვერევი. დანებება არ მჩვევია.

თამარი:

- ჩვენ ერთად ბევრი მძიმე დღე გავიარეთ.

- ის სიმძიმე წარსულში დარჩა, ახლა კარგ დღეებზე მელაპარაკეთ.

- ახალ წელს ტრადიციულად, მამაჩემის სახლში ვხვდებით. 31 დეკემბერს მამუკამ გადაღებიდან ფული აიღო. მე შინ ვტრიალებ, კერძებს ვამზადებ და მამუკა მირეკავს, - ერთი წუთით ჩამოდიო. ვიფიქრე, რაღაც მოიტანა და ამოტანაში დახმარება სჭირდება-მეთქი. მოუწესრიგებლად, სპორტულებით ჩავედი. - მანქანაში დაჯექიო. - რა გინდა-მეთქი? - წამოდიო. სამკაულების მაღაზიაში შემიყვანა, - აირჩიე, ბეჭედი მინდა გიყიდოო. ჩხუბი დავუწყე, - რა დროს ბეჭედია, სახლში იმდენი საქმე დავტოვე, ხარჩოს ვაკეთებდი-მეთქი... წარმოიდგინეთ, საშინელ ფორმაში ვარ, სუნელების სუნი ამდის, ეს გადაღებიდანაა წამოსული, მოწესრიგებული, გაპრანჭული, სოლიდურად ჩაცმული... მაღაზიის კონსულტანტი უცნაური სახით გვიყურებდა, ალბათ ფიქრობდა, ასეთი კაცი შენთვის ბეჭედს ყიდულობს და შენ ეჩხუბები, ამის ღირსი ხარო? ჯუჯღუნითა და ჩხუბით ავირჩიე ბეჭედი, გამოვედით მაღაზიიდან და მერე კიდევ ერთი კვირა ვეჩხუბებოდი, ამდენი ფული როგორ გადაყარე-მეთქი? რამეზე თუ ვიტყვი, მომეწონა-მეთქი, არაფერს მეტყვის, გავა ცოტა ხანი და მომიტანს, - სულ რომ მშიერი დავრჩენილიყავი, ამას მაინც გაჩუქებდიო.

- თქვენ როგორ ანებივრებთ?

- მრავალი წელია, ყოველ დილით, "გერკულესის" ფაფას ვაშლით მივართმევ, ეს უკვე განებივრებაა...

მამუკა:

- თამუნა თავისი არსებობით მანებივრებს. ამქვეყანად ჩემზე ბედნიერი ქმარი არ არსებობს.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის. ჩვენი რედაქციის სახელით, გილოცავთ იუბილეს და დღეგრძელობას გისურვებთ!

- გმადლობთ!

თამუნა კვინიკაძე