ახალგაზრდა მოლაშქრის თვალით დანახული დაავადებული ბუნება - გზაპრესი

ახალგაზრდა მოლაშქრის თვალით დანახული დაავადებული ბუნება

როგორც თავად ამბობს, მთელი საქართველო ფეხით შემოიარა და რაც უფრო მეტს დადის, უფრო მეტ პრობლემას აწყდება ბუნებაში, მოსახლეობაში, ყოველდღიურობაში და წუხს, რომ რაც უფრო პოპულარული ხდება ესა თუ ის ადგილი, მით უფრო სწრაფად იცვლება იქაურობა, ოღონდ - ცუდისკენ. ახალგაზრდა მოლაშქრემ, მირიან თედორაძემ ტყის განადგურებისგან გადასარჩენად, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო, ხეზე დაქორწინებას აპირებს, რათა საზოგადოებას დაანახვოს, რომ მცენარე ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია და მწვანე საფრის განადგურებით, საკუთარ თავსაც ვანადგურებთ...

მირიან თედორაძე:

- თუ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს არ ჩავთვლით, მართლა მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი... ბევრ ადგილას, მართლაც ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ავედით პირველად. ჩვენ გავავრცელეთ, რომ ამა და იმ ადგილას ულამაზესი ლანდშაფტი, ჩანჩქერი ან კანიონი იყო. თავდაპირველად, ეს გვიხაროდა, მაგრამ შემდეგ, სანანებელიც გაგვიხდა.

- რატომ?

- ამ ადგილების შესახებ ინფორმაცია რომ გავრცელდა, ის ადგილები თვალის დახამხამებაში დანაგვიანდა, შემდეგ, იქაურობას ვიღაც კერძო მეპატრონეები გამოუჩნდნენ და უსახური ფაცხები ჩადგეს, იქაურობა საქეიფო ადგილად აქციეს... რა თქმა უნდა, პოპულარიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ყველაფერს კომერციული, გამოყენებითი კუთხით უყურებენ... სახელმწიფო, ასეთი ადგილების დაცვისთვის, თავისებურ გზას მიმართავს - იქაურობას დაცულ ტერიტორიად აცხადებენ და ეს ერთადერთი გამოსავალია... ერთი სიტყვით, რასაც ადამიანის ხელი ეხება, ყველაფერი იცვლება და უმეტესწილად, ცუდისკენ. თუნდაც, კინჩხის მაგალითი ავიღოთ: იმ სოფელში ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, ყველა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ბუნებას, 2004 წლამდე იქ თევზაობაც კი აკრძალული იყო. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც ფოტოები გავავრცელეთ, იქაურობა ერთბაშად შეიცვალა - მთელი საქართველოდან დაიწყო ხალხმა დინება. თევზაობას ვინ ჩივის, მხოლოდ კალმახს იჭერდნენ, სხვას არც კადრულობდნენ... გზა გაიჭრა. თანდათან ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის, ადგილობრივებიც... ბუნებისგან ნაჩუქარი სილამაზის შემოსავლის წყაროდ ქცევა გადაწყვიტეს და ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ბუნებაზე. სახელმწიფოც, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ჯებირებით შემოღობა იქაურობა. რამდენიმე ადგილას შესვლა ფასიანიც გახადეს, რამაც ტურისტების რაოდენობა შეამცირა.

- გარდა იმისა, რომ მუდმივად `ველად გაჭრილი ხარ~, ვიცი, რომ ცდილობ, ეს სიამოვნება სხვამაც მიიღოს...

- დიახ, მთელი ზაფხული ბევრი ადამიანისგან მესმოდა, რომ ერთი დღით მაინც უნდოდა ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ლაშქრობებზე სიარულთან ერთად, ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის პროდუქციაც მთელ საქართველოში ვრცელდებოდა და იმავდროულად, მთელი ქვეყნის გამორჩეულად ლამაზ ადგილებში, ვიდეოს იღებდნენ. მე გამყოლი ვიყავი, თან ვიდეოსაც ვიღებდი. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიმუშავე იქ, შემდეგ კი წამოვედი. რა თქმა უნდა, შემოსავალი დამაკლდა, მაგრამ თავისუფლებით ბედნიერი ვიყავი. მაშინ დავფიქრდი იმ ადამიანებზე, ვინც სამსახურის დაკარგვის შიშით, ბევრ რამეს ითმენდა. ასეთს ბევრს ვიცნობდი, მათი დიდი ნაწილი შაბათ-კვირასაც მუშაობდა და ქალაქიდან გასვლაზე ოცნებობდა... ერთხელაც ვიფიქრე, იქნებ ერთი დღით მაინც შევცვალო ეს ადამიანები-მეთქი. ვცადე ავტოიმპორტიორობა - იმან, ვინც უნდა `შემეცვალა~, ერთ დღეში მასწავლა სამუშაო სპეციფიკა და მეორე დღეს მე ის `შევცვალე~.

ასევე, ერთი დღით `შევცვალე~ ჩემი მეგობარი, ბუღალტერი გოგონა, ძალიან ჩახლართულ ანგარიშებს არ შევჭიდებივარ, მაგრამ ინვოისებსა და ზედნადებებს მშვენივრად გავართვი თავი. გადარიცხვებიც გავაკეთე და სხვა წვრილმანი საქმეებიც... კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს, ის ბიჭი მთლიანად ვერ `შევცვალე~, მაგრამ მივეხმარე და 3 დღის საქმეს დღე-ნახევარში მოვრჩით. ჰოდა, ის ბიჭი ლაშქრობაში ჩვენთან ერთად წამოვიდა... როდესაც ადამიანს ბუნება გულწრფელად უყვარს და მასთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს, შემიძლია, ყველაფერში დავეხმარო, ოღონდაც მან სულიერად დასვენება შეძლოს. ასე მგონია, ასეთ ადამიანებს ცუდის გაკეთება არ შეუძლიათ... GzaPress

- ვიცი, რომ არაორდინარული გეგმები გაქვს...

- დიახ, ძალიან მალე ვაპირებ ხეზე დაქორწინებას, რომ მწვანე საფარი გადავარჩინო (იცინის)...

- სახლში იციან?

- კი, იციან და ისიც იციან, როგორი ვარ, ამიტომ არც გაჰკვირვებიათ... სხვათა შორის, `ის~ ხვალ უნდა ვნახო... თავად თანახმაა, რადგან ჩემგან განსხვავებით, დიდი არჩევანი არ აქვს, თან - ჩემზე უკეთესი ვინ უნდა იპოვოს? თუმცა, კანონმდებლობა და ჩემი ყოფილი შეყვარებული გვიშლის ხელს, უფრო სწორედ, კანონმა `მომცელა~, მცენარეზე დაქორწინების უფლებას არ იძლევა... ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილობრივ, ხეზე დაქორწინებას ნამდვილად ვაპირებ, რასაც გარემოსდაცვითი დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ისეთი გენიოსი, როგორიც არის ვაჟა-ფშაველა, რომელმაც ბუნება აამეტყველა და მისი სატკივარი ადამიანურ ენაზე გადმოგვცა, მაინც ბევრს არ ესმის, რომ ხე და ზოგადად, მცენარე არის ჩვენი არსებობისთვის აუცილებელი... მუდმივად დავდივარ და საქართველოს ყველა კუთხეში ერთსა და იმავე პრობლემას ვხედავ - ტყე ნადგურდება. ასეთი `გამოსავალი~ ვიპოვე, რათა ადამიანებს ვუთხრა, რომ მწვანე საფრის გარეშე, არაფერს აქვს აზრი, არც კომფორტს, არც კარიერას, რადგან მცენარე და ბუნება არის ჯანმრთელობის საწინდარი და თუ ჯანმრთელობა არ გაქვს, ყველაფერი წყალსაც წაუღია; მწვანე საფარს თუ არ გავუფრთხილდით, წაიღებს კიდეც... ისევ და ისევ, ჩვენი დაუდევრობის გამო, რასაც ადამიანი ვერ ანადგურებს, იმას ან სტიქია ანადგურებს, ან ავადმყოფობა, რომელსაც უკვე ეპიდემიის სახე აქვს - წელს შარშანდელზე ბევრად მეტი ხეა დაავადებული და მომავალ წელს, უფრო მეტი იქნება... ტყეებში იმაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე თბილისიდან ან ზოგადად, ბარიდან ჩანს: ჩეხენ, ხანძრებს აჩენენ და ან თავისით ავადდება, მოუვლელობის გამო... ასე რომ, ფატა უკვე ნაშოვნი მაქვს, ხეზე დაქორწინებით მინდა საზოგადოებას დავანახვო, რომ მცენარეს, მხოლოდ გამოყენების თვალსაზრისით არ უნდა მიუდგე (რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ).

- ხის ასაკი იცი?

- რადგან ვაპირებ მთელი ცხოვრება მის გვერდით გავატარო, დაახლოებით ჩემი სიმაღლის ხე უნდა იყოს, `დამა ხე~ არ მინდა, მაინც თავს შევიკავებ, ასაკობრივი განსხვავება დიდი რომ არ იყოს (იღიმის)...

- კონფლიქტის საზღვარზე მცხოვრებ, მოწყვლად ოჯახებში დადიხარ, არა?

- დიახ, ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ თბილისში, ვისაც უჭირს, ასეა თუ ისე, მაინც აგებინებს საზოგადოებას თავის გასაჭირს და შესაბამისად, მადლობა ღმერთს, ეხმარებიან კიდეც... იქ კი, თითქმის ყველას უჭირს, თანაც ძალიან, მაგრამ ვერავის აწვდნენ ხმას. არადა, სოფელ შინდისში ვნახე ბავშვი, რომელიც უფანჯრო ვაგონში ცხოვრობდა. ასევე, ვნახე ბავშვი, რომელსაც ფეხსაცმელი არ ჰქონდა და ეს რამდენიმე დღის ან კვირის ამბავი კი არ იყო, თვეების განმავლობაში ფეხშიშველი დადიოდა. ასევე, ვნახე მოხუცები, რომლებიც პენსიის ასაღებად ვერ მიდიოდნენ და პური ენატრებოდათ. ბავშვებს ვიღაც მაინც მოჰკრავს თვალს, მოხუცი კი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, განწირულია მარტოობისთვის... რეგიონებში გაჭირვება უფრო თვალში საცემია... საბედნიეროდ, არც ერთი ინიციატივა არ დარჩენილა გამოხმაურების გარეშე, ადამიანებს ჯერ კიდევ მიაქვთ გულთან სხვისი გასაჭირი და შესაბამისად, ჯერ კიდევ ვახერხებთ მათ დახმარებას.

ლალი პაპასკირი