"დაუშვებელია ყველა უკუღმართობის გამართლება იმით, რომ XXI საუკუნეა!" - გზაპრესი

"დაუშვებელია ყველა უკუღმართობის გამართლება იმით, რომ XXI საუკუნეა!"

გივი ჩ. პენსიონერია, მაგრამ ფიზიკურად დღემდე მუშაობს. მის ოჯახს მატერიალურად დიდად არ უჭირს, საჭმელი არასდროს მოჰკლებია, მაგრამ მაინც წუხს: ლუკმა არ მერგება და ყელში მეჩხირება, როცა ვიცი, ჩემს მეზობელს უჭირს, შია, მე კი იმდენი არ მაქვს, რომ ოჯახიც მაძღარი მყავდეს და სხვებსაც დავეხმაროო. ბატონი გივი იმის გამოც ბრაზობს, რომ ქართველმა კაცმა მამაკაცზე იქორწინა და ძველი ტრადიციული სამოსის შებღალვა სცადა. როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს: "დაუშვებელია ყველა უკუღმართობის გამართლება იმით, რომ XXI საუკუნეა!"

- როდის იყო, ჩემნაირი უბრალო ადამიანის სიტყვას ფასი ჰქონდა საქართველოში ან სხვაგან სადმე, მაგრამ მაინც მინდა, სათქმელი ვთქვა. საქმე ის გახლავთ, რომ პირადად მე, მატერიალურად ძალიან მიჭირს, საქმეც მაქვს და შემოსავალიც, მაგრამ როცა შენი ანაზღაურება ვერ სწვდება გასაცოდავებული მეზობლის ან მეზობლების დახმარებას, გამოდის, რომ შენც საცოდავი ხარ. როცა ვჭამ, ლუკმა ყელში მეჩხირება, რადგან ვიცი, გვერდით ოთახში ადამიანები შიმშილობენ. არაფერი აბადიათ არა იმიტომ, რომ მუშაობა ეზარებათ, არამედ იმიტომ, რომ სამსახური სამი ოჯახის წევრიდან არც ერთს არა აქვს და მხოლოდ ერთი მოხუცებულის პენსიაზე არიან დამოკიდებული, სოციალური დახმარების აღებას კი არც ფიქრობენ, - ქვეყანაში ჩვენზე გაჭირვებულებიც არიან. ვშიმშილობთ, მაგრამ პატარები მაინც არ გვყავს და იოლად გავალთ იმათთან შედარებით, რომლებსაც შინ ბავშვები ჰყავთ და უწევთ იმის ყურება, თუ როგორ ლოღნიან ისინი სხვების გადაყრილი პურის ყუასო. ადამიანებო, ხალხი შიმშილობს და სინდისი არ დაუკარგავს, მე კი გარშემო ბევრ ისეთ მაძღარს ვიცნობ, ვისაც ასეთი ფიქრები თავში არც მოუვა: ისე იღებენ სოციალურ დახმარებას, თითქოს ეს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოს და ამაყად ამბობენ, - სახელმწიფოს რასაც დავცინცლავთ, მაინც კარგიაო. და ვისია ეს სახელმწიფო, შე კაი ადამიანო? მტრისაა? შენი სულაც არ არის? მაშინ რა გინდა ასეთ ქვეყანაში? პატრიოტების ნიღბებს ამოფარებულები, უამრავ ცუდ საქმეს ვაკეთებთ და საკუთარ სამშობლოს ძირს ვუთხრით იმ მავნებელივით, რომელიც მცენარის ფესვს შეესევა და ამაყად მდგარ მწვანე საფარს ანადგურებს. ყველაფერი, რაც ტრადიციული და ლამაზი გაგვაჩნდა, განადგურების პირასაა და საღლიცინოდ ვიყენებთ, უცხოელი ტურისტები კი სწორედ იმიტომ ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, რომ ისტორია იზიდავთ, ძველი ტრადიციები და ნამდვილი ქართული ფოლკლორი უმღვრევს მათ სულსა და გონებას, იზიდავს ჩვენი სამშობლოსკენ. ადრე ყველაფერში განსხვავებულები ვიყავით და თითით საჩვენებლები. სხვებისგან ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა ჩვენი მამა-პაპა, ახლა კი რა გამოდის, იმ ძველ სამოსსაც ვიღაც ბრიყვი მასხრად იგდებს და იმისთვის იყენებს, რომ ხალხი აალაპარაკოს. ფუი, იმ თაობას, რომელიც აიტანს წინაპრების აუგად ხსენებას და მათ დაცინვას.

- ალბათ იმ წყვილს გულისხმობთ, რომელმაც ამერიკაში იქორწინა...

- თქვენი აზრით, მათ შეიძლება ეწოდოს წყვილი?

- ორნი არიან და შესაბამისად, წყვილიც.

- ამ გაგებით, კი ბატონო, მაგრამ მე ასეთ ქორწინებას ვერაფრით ვეგუები. ისინი ჩემთვის იმ დროის მსახიობები არიან, როცა სცენაზე ქალის ადგილი არ იყო და ერთ-ერთ მსახიობ კაცს სთხოვდნენ, მანდილოსნის როლი შეესრულებინა. ამ ბიჭების ქორწინება იყო ცირკი, ხალხის გასაღიზიანებლად.

- თუმცა, მათ ბევრი დამცველიც გამოუჩნდათ. ამბობენ, რომ XXI საუკუნეში არ უნდა გვიკვირდეს "ელგებეტე" ქორწინებები.

- აი, რას გადაეკიდნენ ამ საცოდავ XXI საუკუნეს?! თითქოს საუკუნე და დრო განსაზღვრავს, რა არის სულის გარყვნა და რა - სიკეთე. შეეშვით საუკუნეს, ის არაფერ შუაშია! საერთოდ, ორიენტაციაარეულები ყოველ დროში ცხოვრობდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამის აფიშირება არ მიიჩნეოდა კარგ საქციელად. ახლა რა გამოდის? თუ გარყვნილი ხარ, რაც შეიძლება ბევრი უნდა იყვირო, რომ ხალხის ყურადღება მიიქციო და პოპულარული გახდე; უნდა გამოიწვიო ადამიანები, რაც შეიძლება მეტი ფულით რომ დაგაფინანსოს სხვადასხვა ორგანიზაციამ, როგორც ჩაგრული. ზოგი უბრალოდ, მოდასაა აყოლილი და ვერც აცნობიერებს, რას სჩადის. კი ბატონო, ცხოვრებისა და არსებობის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მე თუ არ გახვევ თავს ჩემს სექსუალურ მოთხოვნილებებს და ყოველდღე არ გიყვები, როგორ ვცხოვრობ საყვარელ ქალთან ერთად, შენ რატომღა გაჰკივი შენს მოთხოვნილებებზე? რატომ უნდა ვისმინო მე, უმრავლესობის წარმომადგენელმა შენი ბინძური საძინებლიდან გამოსული ხმა? რატომ მიზღუდავ თავისუფლებას?..

არადა, სასაცილო რა არის იცით, თავად გაჰკივიან, გვავიწროებენო! გეკითხებით, საბოლოოდ ვინაა შევიწროებული? ვის ართმევენ ხმამაღლა ლაპარაკის უფლებას? რატომ უნდა იყოს უმცირესობა პატივში, თუ ის ჩემთვის მიუღებელია და რატომ არ უნდა გაითვალისწინო ჩემი, უმრავლესობის წარმომადგენელის აზრი, თუკი ვამბობ, რომ იცხოვრონ როგორც სურთ, მაგრამ საკუთარ საძინებელში ნუ შემიყვანენ?! როგორ შეიძლება, მუდმივად ჩაგრულის პოზიციიდან ილაპარაკონ? მართლა ძალიან მაღიზიანებს ასეთი ხალხი, მაგრამ არასდროს ამიწევია მათზე ხელი. დარწმუნებული ვარ, ასეა ბევრი, მაგრამ ესენი ცდილობენ, წონასწორობა როგორმე დაგაკარგვინონ, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეთ, - აი, დამჩაგრესო, თორემ ცემით ჩემნაირებიც ბევრი გაულახავთ, ბევრიც მოუკლავთ და რა გამოდის, გეებს უნდა დავაბრალოთ და ჩვენც ის ვთქვათ, რომ განსხვავებულები ვართ და ამიტომ მოგვკლესო? ვფიქრობ, მთავრობა უნდა ჩაერიოს საქმეში და მათ თავისი ადგილი მიუჩინოს.

და კიდევ, ერთი რამ უნდა გავიაზროთ: ევროპელობა არ ნიშნავს გარყვნილებას. და თუ მაინც ამას ნიშნავს და ეს ჩემნაირმა უბრალო ადამიანებმა არ იციან, მაშინ არ გვინდა ბატონო ევროპელობა, გვერქვას ისევ აზიელები, ოღონდაც ნუ გადავალთ ცხოვრების სხვა რელსებზე და თაობების გადაჯიშებას ნუ შევუწყობთ ხელს, თორემ სულ მალე დადგება დრო, როცა მართლა რობოტები დაგვჭირდება კაცობრიობის გასამრავლებლად. მათ ბურთსაც ისე დაუთმობენ და მოედანსაც, რომ სულ მალე, კაცმა შეიძლება კაცი მოიტაცოს და ქალმა - ქალი. ეს ჩვენი ჭირია, რომელიც საძირკველშივე თუ არ ამოვძირკვეთ, მერე სარეველასავით მოედება და ყველაფერს გაანადგურებს.

- ბატონო გივი, კიდევ რა პრობლემებს ან წინგადადგმულ ნაბიჯებს ხედავთ ქვეყანაში? სასიკეთო არაფერი ხდება?

- აბა, რა გითხრა შვილო? სასიკეთო ის არის, რომ მთლად დაღუპულები ჯერ არ ვართ და ლომის ბოკვრებიც ისევ გვეზრდება ქართველებს. მთავარია, მომავალში არ მოუწამლონ მათ სული. მიხარია, რომ ახალი თაობა ცდილობს, პატარაობიდანვე გამოიმუშაოს საკუთარი ჯიბის ფული და ბევრი ბავშვი ისეთ საქმესაც არ თაკილობს, რომელსაც ჩემს ბავშვობაში ბევრი იუკადრისებდა. აი, მაგალითად, ჩემი შვილიშვილი ფლაერებს არიგებდა ქუჩაში და იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ ტანისამოსი თავად შეიძინა, ამით მშობლებსაც დაეხმარა და საკუთარ თავსაც. მისი მეგობრებიც სულ რაღაცის ძიებაში არიან, მუდმივად ჩხირკედელაობენ, ინტერნეტით რაღაც პროგრამებს ეძებენ, რაღაცების აწყობას ცდილობენ. მიზანდასახულები არიან - ეს დასაფასებელია! რაც შეეხება სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს: ბევრ რამეს აკეთებენ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მთავარია გათვალონ, რა არის პირველ რიგში მოსაგვარებელი და ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად მიჰყვნენ გეგმას. ვფიქრობ, ისეთი კანონები უნდა მიიღონ, რომელიც საქართველოში იმუშავებს, თორემ თუ კანონი არ შესრულდა, რად მინდა ასეთი რამ?

- მაგალითად, რომელ კანონს გულისხმობთ?

- კანონებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვხედავ, ქუჩაში გამვლელები ნაგავს ისევ ყრიან და მათ არავინ აჯარიმებს; აკრძალულ დროს ხმაურის გამო სამართალდამცავებს თუ დაურეკავ, ისე გაართულებენ ყველაფერს, ბოდიშს მოიხდი და ყურმილს გათიშავ: მათ მოსვლას ისევ ხმაურის ატანას ამჯობინებ. ალბათ, კიდევ ბევრი ისეთი კანონი გვაქვს, რომელიც უბრალოდ არსებობს და მათი გამოყენება კარგა ხანია, არავის უცდია...

აუცილებლად უნდა ვთქვა ამ ე.წ. ტერორიზმის საქმეზე. საინტერესოა, მართლაც, რა გზით მოახერხა ძებნილმა ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა. ფაქტია, ჩინოვნიკების ხელშეწყობის გარეშე, ამას ვერ მოახერხებდა, მაგრამ მე ერთი ეჭვი არ მასვენებს და მინდა, თქვენ გაგანდოთ: იქნებ, სპეციალურად შემოუშვეს ეს კაცი ქვეყნის მტრებმა, რომ სწორედ საქართველოში მომხდარიყო მისი ლიკვიდაცია და მერე სხვა ტერორისტები აეჯანყებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ საქართველოშიც მოხდეს მოქალაქეებზე თავდასხმა, რომ შურისმაძიებელი ტერორისტების კლანჭებში ქართველებიც მოვექცეთ, თორემ სხვანაირად როგორ გამოეპარა დაზვერვას მისი შემოსვლა საზღვარზე? და თუ მართლაც გაეპარა, ე.ი. ძალიან დაუცველები ვყოფილვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მტერს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს და დიდძალი იარაღიც შემოზიდოს. მაშინ, რაში ვუხდით ფულს ძალოვანებს? თუ მოქალაქის უსაფრთხოება დაუცველი იქნება, რად მინდა ასეთი თავდაცვის სამინისტრო ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან რას ვამუშავებთ საზღვარზე ხალხს? გავხსნათ ყველა კარი და მტერი თუ მოყვარე, ერთნაირად შემოვუშვათ, რატომ ვიტანჯავთ თავს? მხოლოდ ილუზიის შესაქმნელად, რომ ყველაფერი კარგადაა, ამიტომ არსებობს ეს სამსახურები? პირადად მე, ჩატაევის ლიკვიდაცია ძალიან მაშინებს. ვფიქრობ, მათ შეგნებულად არ ახლეს ხელი მშვიდობიან მოსახლეობას, თორემ აბა, რა დაუდგებოდა კბილებამდე შეიარაღებულ ხალხს წინ მძევალი აეყვანათ, რომელთა გაუვნებლება სპეცრაზმმა ორი დღე ვერ შეძლო? ისინი აქ სამტროდ არ იყვნენ ჩამოსულები, თორემ უფრო მეტ ადამიანს დავკარგავდით. თანაც, ხომ ამბობენ, რომ ჩატაევი წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული, რაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც დაადასტურა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას აქ გარკვეული კავშირები ჰქონდა...

თუ ჩემი და სხვა მოქალაქეების ზემოთ აღნიშნული შიში და ვარაუდი უსაფუძვლოა, მაშინ გამოვიდნენ ქვეყნის პირველი პირები და ნუ გვამკითხავებენ, აგვიხსნან, სინამდვილეში რა და როგორ მოხდა. მე არ მინახავს არანაირი მუქარის ვიდეო, მაგრამ ამბობენ, რომ ახლა აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები გვემუქრებიან, აწი ნახოს საქართველომ სისხლის მდინარეებიო. იმედია, ისინიც ხვდებიან, რომ მოქალაქეები არაფერ შუაშია. ყოველ შემთხვევაში, ჩინოვნიკებმა ახსნა-განმარტება მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მოგვცენ, რომ ჩვენ სიმართლე გავიგოთ, არამედ იმათაც უნდა გააგებინონ, რომ საქართველოში უბრალოდ არავის კლავენ - ეს ჩვენი, უბრალო ხალხის დასაცავად უნდა მოიმოქმედონ. მიშა რა, გიჟი კი არ იყო, ჩატაევი რომ გაათავისუფლა. შესაძლო საფრთხეები გათვალა მისმა გუნდმა, ასე მგონია და შარი აგვარიდა ქართველებს. ახლები ძველებს შეცდომებს ცხვირში ადენენ დღემდე, საკუთარ დირეს კი ვერც ერთი ვეღარ ხედავს.

სუს-ის ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია, უცხოურ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა:

"კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის თქმით, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩატაევმა მას შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რაზეც იდიგოვისგან უარი მიიღო, - ეს სახიფათოაო, მაგრამ ის თბილისში მაინც ჩამოვიდა...

რუსული მედია, როგორც ამას საინფორმაციო პორტალ ამბები.გე-ზე ვკითხულობთ, ჩატაევის საქართველოში შემოღწევაში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. მათი ცნობით, IშIშ-ის კვალის საქართველოში გამოჩენა, ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დააანონსეს.

ერთ-ერთი ვერსით, ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუსეთის კურატორთა ბრძანებით შეეძლო, თურქეთიდან საქართველოს გავლით და შემდეგ, ისევ რუსეთში დაბრუნებით. საქართველო მისთვის ერთგვარი დერეფანი იყო. რჩება მხოლოდ ერთი, ძალზე სარისკო ვარიანტი - რუსებმა ჩატაევი გაუშვეს ან გადაიყვანეს საქართველოს გავლით, "სახლში დაბრუნების უფლების აკრძალვით" და იმის იმედით, რომ მას ქართული სპეცსამსახურები გაანეიტრალებდნენ.

ამით რუსული სპეცსამსახურები არასასურველ მოწმესაც მოიშორებდნენ და მეორე მხრივ, მათთვის სასურველ ხმაურსაც ატეხდნენ, რათა შემდეგ, ეს საინფორმაციო აჟიოტაჟი მათივე მიზნების გასატარებლად გამოეყენებინათ. რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში გარკვეული სცენარების გათამაშება რომ უნდათ, ეს ახალი არ არის...

შესაძლოა, მოსკოვმა თავისი რუსულად მოსაუბრე ჩეჩენი "მიავლინა" IშIშ-ში, რათა ევროკავშირის ქვეყნებსა და მათ შორის, საქართველოში პროვოკაციებისთვის გამოეყენებინა... ვარიანტები, რასაკვირველია, ძალიან ბევრია, მაგრამ მათგან რამდენიმე პირდაპირ ზედაპირზე დევს", - წერს რუსული მედია.

ლიკა ქაჯაია