"დავდიოდით მე და რომანოვის გოგო და ბიჭები უკან დაგვყვებოდნენ" - გზაპრესი

"დავდიოდით მე და რომანოვის გოგო და ბიჭები უკან დაგვყვებოდნენ"

"საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ არ უნდა გავჩერდე, სულ მოძრაობაში უნდა ვიყო. ადამიანი უკან სვლას იწყებს, როცა ცუდ ხასიათზეა, დეპრესიაშია, დათრგუნვილია... ამ დროს სხვები წინ მიიწევენ. ვისწავლე, რომ ნეგატივს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდე", - ამბობს მსახიობი გიორგი იარაჯული. რა დარიგებები ახსოვს მამისა და პედაგოგისგან, რა არის მისთვის მიუღებელი, რისი ეშინია ყველაზე მეტად და რატომ იზიდავს მისტიკა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1987 წლის 22 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ მამას სურდა, სტომატოლოგი გამოვსულიყავი. V კლასში ვიყავი, როცა სკოლაში საბავშვო სპექტაკლში დამაკავეს, მეციხოვნის როლს ვთამაშობდი. მაშინ მივიღე პირველი აპლოდისმენტები. ამან ძალიან იმოქმედა, დამაფიქრა. როგორც ჩანს, ჩემში მსახიობობის მარცვალი მაშინ აღმოცენდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ანტიკვარიაო (იცინის), მისი მსგავსი დედამიწაზე არავინ დადისო. ისეთ რამეებს ვაკეთებ, რასაც ყველა არ აკეთებს. შემიძლია შუა სუფრიდან ავდგე, ვისეირნო და დავბრუნდე. მეძებენ ხოლმე, სად წავიდაო? სულ ფათერაკებში ვარ. ახლახან აზერბაიჯანში მთელი დასი გაუშვეს, მე კი არა. ჩამოვედი, ახალი პასპორტი ავიღე და უკანვე გავბრუნდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ქართულის პედაგოგს - მერი გორგაძეს, ვინც ამ საბავშვო სპექტაკლში დამაკავა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და რომ ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახით, მხარში ერთგული ადამიანები მიდგანან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ნებისყოფა. სირთულეებს არ ვუფრთხი, არ ვნებდები, სულ მოქმედებაში ვარ. არ მინდა, ერთ ადგილზე გავიყინო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...(პაუზის შემდეგ) მრცხვენია, ასეთს ვერაფერს ვიხსენებ. არადა, აშკარად მექნება.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...მედროვეობა. ძალიან ამაზრზენია, როცა მაღალფარდოვან დარიგებებს გასცემენ, ჭკუას პათეტიკური სიტყვებით გასწავლიან, ამ დროს თავად საშინელებებს სჩადიან.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი და საქმის სხვის დასანახავად კეთება. დაგვიანება მჩვევია, სამწუხაროდ.

- მეშინია...

- ...ბანალურია, მაგრამ საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მსოფლიოს ყველა ქვეყანა ვნახო. ბევრს ვმოგზაურობ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გრამატიკულად გამართული რუსული და ვერ ავიღე მართვის მოწმობა.

- მეზარება....

- ...არაფერი მეზარება, ეგ სიტყვა ჩემს ლექსიკონში საერთოდ არ არის.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მახსენდება ერთი მომენტი ჩემი ბავშვობიდან. ერთ ბავშვს სათამაშო კურდღელი მოვპარე და ეს ამბავი გაიგეს, მაშინ მეოთხე კლასში ვიყავი.

- ვნანობ...

- ...მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საქმეს ვაკეთებ. ზოგჯერ დრო მაინც ფუჭად მეკარგება.

- ძალიან მინდა...

- ...უცხოეთში სასწავლებლად წავიდე.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ერთხელ ძმაკაცმა მითხრა, ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავ და იტოვებო. ამას ის ნაკლად მითვლის. მე ვთვლი, რომ ჩემს პროფესიაში, ყველაფერი შეიძლება გამოგადგეს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...არ მომწონს. შეიძლება ეს ჩემი სისუსტეა. სიხარულის განცდას უხერხულობა თრგუნავს. არ მიყვარს ეკრანი, მიუხედავად ჩემი პროფესიისა. მირჩევნია, სცენაზე ვჩანდე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვიხსენებ, მაგრამ ცუდად არაფერი მახსენდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც არა - სხვის, არამედ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ბევრი რამ, განსაკუთრებით - პროფესიაში. შეცდომებზე ვისწავლე, რომ არ უნდა გავჩერდე, სულ მოძრაობაში უნდა ვიყო. ადამიანი უკან სვლას იწყებს, როცა ცუდ ხასიათზეა, დეპრესიაშია, დათრგუნვილია... ამ დროს სხვები წინ მიიწევენ. ვისწავლე, რომ ნეგატივს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდე.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...

- ...სპექტაკლის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ვწვები სცენის ცენტრში - ეს დაძაბულობას მიხსნის. რომ ვდგები, სხეული, გონება მთლიანად სპექტაკლისკენაა მიმართული. წარსულში სუხიშვილებში ვცეკვავდი. ფილარმონიაში კონცერტი გვქონდა. ყველანი გადაღლილები ვიყავით, კუნთები დაძაბული გვქონდა და დაწოლა მომინდა. იქვე სცენაზე დავწექი. ზოგიერთი განათებას აყენებდა, ზოგიერთი ვარჯიშობდა, ბიჭები ჩემს თავზე "დაფრინავდნენ" და ამ დროს თითქოს, სხვა სამყაროში გადავედი. საოცრად ენერგიული წამოვდექი. მას შემდეგ სულ ასე ვაკეთებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი მიყვარს.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- ...პროფესიულ თეატრში პირველი როლი იყო თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში, სტრინდბერგის "მამა". ეს პერსონაჟი ჩემთან ძალიან ახლოს იყო. საინტერესო გამოვიდა ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი სპექტაკლში "სიკვდილის შედეგ შეყვარებულები", სადაც ანდრეის როლს ვასრულებ. ძალიან მისტიკური და საინტერესო სამუშაო იყო. პიესის კითხვისას, ვერაფრით მივხვდი, ავტორი შურისძიების რომელ ფორმას აირჩევდა. ბოლოს ყველანი დიდი სისასტიკის მოწმენი ვხდებით. საინტერესოა, ავტორს ეს რამ შთააგონა.

- ვიბნევი, როცა...

- ...ნაკლებად ვიბნევი. თვითმფრინავში ტურბულენტობის დროს, ხალხი პანიკაში რომ ვარდება, მსგავსი რამ არასდროს მემართება. მეტიც, ამ დროს ყველაზე მეტად მობილიზებული ვხდები.

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს...

- ...ავიდე მთაწმინდის ანძაზე, ეს დღემდე ვერ მოვახერხე.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ფლორენციაში, შტატებში, კვიპროსზე, ტაილანდში...

- სიყვარული ეს...

- ...ისაა, რასაც ვაკეთებ. ერთხელ სტუდენტებს პედაგოგმა გიგა ლორთქიფანიძემ გვითხრა, რასაც არ უნდა აკეთებდე, სიყვარულით თუ აკეთებ, მაყურებელი ამას უეჭველად იგრძნობსო, მართლა ასეა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...10 წლის ვიყავი. რომანოვის გოგო მიყვარდა. უბანში ვამბობდი, რომ ის ჩემი შეყვარებული იყო, უბნის ბიჭები ჩემს დაცვად დავნიშნე. დავდიოდით მე და რომანოვის გოგო და ბიჭები უკან დაგვყვებოდნენ.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- სასურველი გოგო უნდა იყოს...

- ...ცოტათი არანორმალური, სიგიჟეების ჩადენა უნდა შეეძლოს, ფლუიდებს უნდა აფრქვევდეს, შეგრძნებით თავის არსებაში უნდა მიწვევდეს.

- ვრისკავ...

- ...ხშირად, ადრენალინი მიყვარს, მისტიკა მიზიდავს... გადავმხტარვარ სიმაღლიდან ისე, არ ვიცოდი, გადავრჩებოდი თუ არა, მაგრამ ჩემი თავის მჯეროდა. თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს, ვიცი, აუცილებლად გადავრჩები.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ მეგობრებს ვერ ვნახულობ. ოჯახის წევრები მსაყვედურობენ, - სახლიდან რომ გადიხარ, მთელი დღე სად დადიხარო?

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, ამ დროს გონება როგორ გადამიტრიალდებოდა, რას გავაკეთებდი.

- თავისუფლება არის...

- ...თვითმფრინავი, მოგზაურობა... 4, ხანაც 5-6 ადგილზე ვმუშაობ, ამ ყველაფრის მიღმა მოგზაურობასაც ვახერხებ. როცა ყოველდღიურობას თავს ვაღწევ, სადღაც მივფრინავ, თვითმფრინავი რომ ჰაერში იწევა, აი, ეგაა თავისუფლება. როცა ვიცი, სულ სხვა რეალობაში ჩავფრინდები.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, რა როგორ მოვასწრო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი ბავშვობიდან ერთი მომენტი მახსენდება. სახლში ვიყავი, ცივი ამინდი იყო, ვიწექი. მამა ნასვამი მოვიდა და მითხრა, - სიგარეტის მოწევა გინდაო? უბანში ჩემ ირგვლივ, ბევრი ბავშვი ეწეოდა. მამამ მითხრა: თუ გინდა, მოსწიე, ჩავალ ამოგიტან, მაგრამ იცოდე, არ ვარგაო. ეს იყო, სხვა არაფერი. არ ვეწეოდი, არც მინდოდა მომეწია. მაშინ, როცა ჩემს თანატოლებს ეჩხუბებოდნენ, უკრძალავდნენ, ისინი ჩუმად მაინც ეწეოდნენ, აგრესია უჩნდებოდათ. ჩემი და მამას ურთიერთობა განსხვავებული იყო. მწეველი ახლაც არ ვარ, იშვიათად თუთუნს თუ გავაბოლებ შოკოლადის არომატით.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გააკეთეთ ყველაფერი, რაც გინდათ, სხვაგვარად ცხოვრების გემოს ვერ გაიგებთ. ოღონდ არ შეზღუდოთ სხვისი თავისუფლება და არავის ღირსებას არ გადაუაროთ!

თამუნა კვინიკაძე