ქართველების ცხოვრება კუბაზე - რეალური ურთიერთობების ხიბლი, "დაბრუნება" კომუნიზმში და მისაბაძი პოზიტივი - გზაპრესი

ქართველების ცხოვრება კუბაზე - რეალური ურთიერთობების ხიბლი, "დაბრუნება" კომუნიზმში და მისაბაძი პოზიტივი

25 წლის ანა დე არსე ლომიძე მომავალი დიპლომატია. ის ამჟამად კუბაზე, საქართველოს საელჩოში მუშაობს. ახალგაზრდა, მიზანდასახულ ქართველ გოგონას წარმატებულ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ, ინტერნეტით დავუკავშირდით. ანა მხიარული, საქმიანი და რაც მთავარია, სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც იმედი გვაქვს, მომავალში არაერთხელ გვასახელებს და მის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგონებთ.

შორს სამშობლოდან...

ცოტა რამ ანაზე: დაიბადა საქართველოში და გაიზარდა ესპანეთში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მადრიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ასევე, გაცვლითი პროგრამით ერთი წელი სწავლობდა დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. 2014 წელს მოხვდა ქართული დიასპორის სტაჟირების პროგრამაში და შესაბამისი კურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში გაიარა, სადაც პირველად ჰქონდა პრაქტიკული შეხება დიპლომატიასთან.

- 2015 წელს, კოპენჰაგენში სწავლის დროს გავიარე სტაჟირება საქართველოს საელჩოში დანიაში. სწავლის დასრულების შემდეგ მივიღე შემოთავაზება, კუბაზე ახალგახსნილ საქართველოს საელჩოში ხელშეკრულებით მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირველი სამსახურია, ზუსტად იმ განხრით, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, ესპანურის ცოდნამაც დიდი როლი ითამაშა.

უჩვეულო გარემო მადრიდის სკოლაში

- მახსოვს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეები პედაგოგს შენობით მიმართავდნენ და ეს, როგორც შემდეგ ამიხსნეს, იმის ნიშანი იყო, რომ მათთვის არ არსებობდა იერარქიული კიბე, ისინი ყველანი თანასწორები იყვნენ და თანაბარი უფლებები ჰქონდათ. პატივისცემა არ ითვალისწინებდა ავტორიტეტის მიმართ შიშს. ყველას შეეძლო აზრის გამოთქმა, არავინ ჰყვებოდა დაზეპირებულ ტექსტს, ყველაფერი გააზრებული, ნაკლებად თეორიული და უფრო მეტად პრაქტიკული იყო. მოსწავლეებს შეეძლოთ აერჩიათ ის საგნები, რომლებიც უფრო აინტერესებდათ და მომავალი პროფესიებისთვის მეტად გამოადგებოდათ. სკოლაში არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა. ყველა ცდილობდა დამხმარებოდა, რათა ენის ბარიერი მალე დამეძლია და ასევე, მალე მომხდარიყო ინტეგრაცია, მქონოდა სამეგობრო წრე, ამისთვის ჩამწერეს კლასგარეშე აქტივობებში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოშიც არანაკლებ გამიმართლა პედაგოგებსა და კლასელებში, ამიტომაც, ძალიან მენატრებოდნენ თბილისში დატოვებული თანაკლასელები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.

რატომ წავიდა ანას ოჯახი საქართველოდან

- მოგეხსენებათ ორიათასიანი წლების დასაწყისი საქართველოსთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. დედას სამსახურის გამო მოუწია მადრიდში გადასვლამ, ჩემს უმცროს ძმასთან და ჩემთან ერთად, მაშინ მე 13 წლის ვიყავი. ამჟამად, ჩვენი ოჯახი დაკავებულია კერძო ოჯახური ბიზნესით ქალაქ მადრიდში. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოსთან კავშირი არ გაგვიწყვეტია, შეძლებისდაგვარად ჩავდივართ და ვნახულობთ ნათესავებს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს თბილისში. მადრიდში ცხოვრების პერიოდში, თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი საქართველოში. თუმცა, ახლა ძალიან შორს ვარ, რთულია ჰავანიდან თბილისში გადაფრენა.

განსხვავება ძველ და ამჟამინდელ საქართველოს შორის

- საქართველოში ცხოვრებამ მომიწია ჩვენი ქვეყნისთვის არცთუ ისე კარგ პერიოდში. ბუნდოვნად მახსოვს უშუქობა, ქუჩებში გვიან სიარულის შიში, სკოლაში - სიცივე... ბოლოს საქართველოში ვიყავი 3 წლის წინ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი განსხვავებაა მაშინდელ და ახლანდელ საქართველოს შორის. ახლა ბევრად განვითარებული და თანამედროვეა ყველაფერი, არა მარტო დედაქალაქში, არამედ სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში. მაგალითად, ინფრასტრუქტურა, ქუჩებისა და თუნდაც, სადარბაზოების სისუფთავე თვალში საცემია, ღამით განათებულია ეზოები... დღევანდელ თბილისს ბევრი საერთო აქვს ევროპის სხვა დედაქალაქებთან და ასევე, ქართველ საზოგადოებას ევროპელ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს სამუშაო, მაგრამ პროგრესის არსებობა ნამდვილად უდავოა.

სწავლის ძირი...

რა თქმა უნდა, თბილისიდან მადრიდში გადასვლა ადვილი არ იქნებოდა, მით უმეტეს, მოსწავლისთვის: ესპანეთის განათლების სისტემის თანახმად, უცხოელმა მოსწავლემ პირველ რიგში, უნდა ისწავლოს ესპანური ენა ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ უფლებას გააგრძელოს სწავლა იმ კლასში, რომელიც მის ასაკს შეესაბამება. თუმცა, ანა სამ თვეში გადაიყვანეს მისი ასაკისთვის შესაფერის კლასში, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე შეეძლო ესპანურად ქიმიის, ფიზიკის, ისტორიისა და სხვა საგნების სწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დამატებითი მომზადების გარეშე ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები და მოხვდა პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რომელშიც თავის დროზე დღევანდელი ესპანელი პოლიტიკოსებისა და სამეფო ოჯახის წევრების უმრავლესობა სწავლობდა.

GzaPress

საინტერესო ცხოვრება კუბაზე

- როგორია კუბა? საინტერესო! ალბათ, ასეთ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ მივიღებდი. ყოველთვის მინდოდა კუბის ნახვა, ჰავანაში ცხოვრება და ვიდრე აეროპორტში არ ჩამოვფრინდი, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა ჩემს თავს. საერთოდ, კუბაზე ცხოვრება რთულია, ქვეყანაში ყველაფრის დეფიციტია. მაგალითად, შეზღუდულია ინტერნეტის მოხმარება. ინტერნეტი აქვთ მხოლოდ დიდ სახელმწიფო უწყებებს და უცხოელ წარმომადგენლებს. ქალაქში თითზე ჩამოსათვლელი ადგილია, სადაც შეიძლება შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ინერნეტით ისარგებლო. თუმცა, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, თუნდაც, უინტერნეტოდ ყოფნასაც... მაქვს თავისუფალი დრო საიმისოდ, რომ ვიკითხო წიგნები, ვიარო ჩოგბურთისა და ცეკვის გაკვეთილებზე...

კომუნიზმიდან "გამოქცეული" ქვეყნის შვილის "კომუნიზმში დაბრუნება"

- თებერვალში გახდება ზუსტად 2 წელი, რაც ვმუშაობ საქართველოს საელჩოში კუბაზე. მე 1992 წელს დავიბადე, უკვე "არაკომუნისტურ" საქართველოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი მსმენია და მისწავლია ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ კონკრეტულ პერიოდზეც. კუბაზე ცხოვრება მართლაც ნიშნავს, დაბრუნდე საბჭოთა კავშირში და ის ყველაფერი, რაც უფროსებისგან გსმენია, ნახო საკუთარი თვალით. ამჟამად კუბის განვითარება საინტერესო ეტაპზეა. მე გავხდი მოწმე არაერთი ისტორიული მოვლენის: ობამას ვიზიტი, "როლინგ სტოუნზის" კონცერტი ქვეყანაში, სადაც ადრე ინგლისური მუსიკის მოსმენის გამო ციხეში ხვდებოდნენ, "შანელის" ჩვენება დანგრეული ძველი ჰავანის ქუჩებში... ასევე, დავესწარი ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ცერემონიებს, ვნახე ლათინური ამერიკის, კანადისა და ევროპის წამყვანი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები. არა მგონია, სხვა ქვეყანაში ასეთ მოკლე პერიოდში მიმეღო ასეთი გამოცდილება.

რაც შეეხებათ კუბელებს, ისინი ძალიან თბილი და გახსნილი ხალხია. იმის გამო, რომ შეზღუდულია ინტერნეტი და არც ბევრი სატელევიზიო არხია, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ ურთიერთობებს. ყველა ყველას იცნობს, ყველა მზადაა დაგეხმაროს, არა აქვს მნიშვნელობა, კუბელი ხარ თუ უცხოელი.

ტრადიციები და უცხო ქვეყნების გავლენა კუბაზე

- კუბაზე, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინეს ესპანელებმა, კოლონიზაციის დროს; მათ მიერ აშენებული არქიტექტურული ნიმუშები (ციხესიმაგრეები, საცხოვრებელი სახლები, ხიდები, სასახლეები) დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობაა კუნძულზე. ესპანელების მიერ აფრიკიდან გადმოსახლებულმა ტომებმაც დატოვეს თავიანთი კვალი. ბევრი აფრიკული რელიგია, ცეკვა და მუსიკა დღემდე არსებობს კუბაზე. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მეზობელი ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი გავლენა კუბურ კულტურაზე. მათ მიერ აშენებული ქალაქები, მდიდრული ვილები, ინდივიდუალური პროექტებით დაგეგმარებული კერძო საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, საავტომობილო გზები და ინფრასტრუქტურული სხვადასხვა ობიექტი დღემდე ფუნქციონირებს. ასევე, განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგენს წინა საუკუნის ამერიკული ავტომანქანების სიმრავლე. კუბის რევოლუციის შემდეგ, კომუნისტური მთავრობის საბჭოთა კავშირთან სიახლოვემ, აქაურ კულტურაზე გარკვეული საბჭოური ცხოვრების სტილის გადმოტანა განაპირობა. კულტურის ასეთი მრავალსახეობა განასხვავებს კუბას როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე რეგიონში არსებული მეზობელი ქვეყნებისგანაც.

ქარიშხალი "ირმა"

- კუბაზე სტიქიური მოვლენები ხშირი არაა. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ აქვს ადგილი ამა თუ იმ ქარიშხალს. კერძოდ, "ირმამ" დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეს და დააზიანა ტურიზმის სექტორი. მე ჰავანაში ვიყავი ქარიშხლის დროს, ღამით ძალიან ძლიერი ქარი იყო, ინტენსიურ წვიმასთან ერთად, ხოლო მეორე დღეს ნამდვილად შემზარავი სანახაობა დაგვხვდა: სრულიად დატბორილი და მიწიდან ამოგლეჯილი ხეებით დაფარული ქალაქის სახით.

რა შეიძლება იყოს პირად ცხოვრებაზე პრიორიტეტული?

- არ მყავს შეყვარებული. ამ ეტაპზე, ჩემთვის პრიორიტეტული კარიერაა. მყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ჰავანაში შევიძინე. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატია. სხვათა შორის, ბევრს ვსწავლობ მათთგან, ხშირად ვმოგზაურობთ ერთად, ვათვალიერებთ კუბის სხვადასხვა ქალაქს.

ცეკვა ქუჩაში - კუბაზე ცხოვრების ხიბლი

- კუბაზე არის ცეკვისა და მუსიკის კულტი. ადრე კლიშე მეგონა, აქ ცხოვრების შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს სიმართლეა, ყველა კუბელი კარგად ცეკვავს! ბავშვები სიარულთან ერთად, ცეკვას სწავლობენ. მეც, უკვე ერთი წელია, რაც "სალსას" და "ბაჩატის" გაკვეთილებზე დავდივარ. ეს ნამდვილად დამეხმარა უკეთ გამეცნო კუბური კულტურა. ძველი ჰავანის ქუჩებში ყოველთვის ისმის მუსიკის ხმა. ქარიშხალმა "ირმამ" ირგვლივ ყველაფერი რომ გაანადგურა, მეორე დღეს, როდესაც ქალაქის ქუჩები წყლით იყო დატბორილი, ჰავანელები წელამდე წყალში იდგნენ და ცეკვავდნენ, სვამდნენ რომს, თამაშობდნენ დომინოს, რა თქმა უნდა, სიგარით ხელში. ამ ადამიანების პოზიტიური განწყობა ნამდვილად მისაბაძია.

ქვეყანაში გამეფებული სიღარიბე

- აქ არის უფასო სამედიცინო და საგანმანათლებლო სისტემა. ყველა კუბელს ეკუთვნის გარკვეული რაოდენობის საკვები პროდუქტი, რომელსაც ტალონების მეშვეობით იღებენ სახელმწიფო მაღაზიებიდან. ამის მიუხედავად, ქვეყანაში დიდი სიღარიბეა. რიგითი კუბელის საშუალო ხელფასი 20-დან 30 დოლარამდეა თვეში, რაც ძალიან ცოტაა, მით უმეტეს, ჰავანაში, სადაც ცხოვრება ძვირად ღირებულია. ასეთი ხელფასით მხოლოდ სახელმწიფო მაღაზიებში შეიძლება პროდუქტების ყიდვა და რა თქმა უნდა, ამ მაღაზიებში არც პროდუქციის მრავალფეროვნებაა და არც ხარისხია სახარბიელო. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, კუბელები მათ კუბური პესოს ვალუტით იხდიან, რაც საკმაოდ იაფია. მოკლედ, ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანია. ამის გამო, ბუნებრივია, მოწყალების მთხოვნელებიც არსებობენ, თუმცა ეს არაა შემაწუხებელი. პოლიცია მკაცრად აკონტროლებს ამ ყველაფერს.

კუბა არის იზოლირებული გარე სამყაროსგან, სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ყველაფერს. როგორც უკვე ვთქვი, ქვეყანაში არის შეზღუდული ინტერნეტი, რაც ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობის მთავარი ნიშანია. ამასთან, ძალიან უმნიშვნელოა კერძო საკუთრების სექტორი. კუბის ბლოკადა შეერთებული შტატების მიერ, სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და ცხოვრებაზეც, აკრძალულია დოლარის გადარიცხვები, ქვეყანაში ბრუნავს ორი ვალუტა: კუბური პესო და კონვერტირებადი პესო, რომელიც უფრო მეტად, უცხოელებისთვისაა განკუთვნილი. ასევე, შეზღუდულია ექსპორტი და იმპორტი.

GzaPress

საშუალო ფენა

- საშუალო ფენა ბოლო წლებში გაჩნდა კუბაზე. ამ ფენის წარმომადგენლები არიან ისინი, ვისაც კერძო ბიზნესის ქონის უფლება დართეს. მაგალითად, სახლის გაქირავება ტურისტებზე ან ბარის გახსნა... ასევე, ამ ფენას მიეკუთვნებიან ისინი, ვინც ცხოვრობენ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხებით. ბევრ კუბელს ოჯახის წევრი მაიამიში ან ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჰყავს და მათი გამოგზავნილი ფულით ირჩენს თავს. ამ საშუალო ფენას კუბის მოსახლეობის უმცირესი ნაწილი წარმოადგენს, დანარჩენი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს. რაც შეეხება ძალიან მდიდრებს - ასეთების არსებობა ხალხისთვის ცნობილი არაა. როგორც მოგეხსენებათ, კომუნიზმი ყველანაირი ტიპის თანასწორობას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე, ე.წ. მდიდრები არ ან ვერ აფიშირებენ თავიანთ მატერიალურ მდგომარეობას.

რით იზიდავს კუბა ტურისტებს?

- ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი საკმაოდ განვითარდა. 2016 წელს კუბაში შემოვიდა ოთხი მილიონი ტურისტი. ტურისტული თვალსაზრისით კუბა უნიკალური ქვეყანაა, პირველ რიგში, მისი ისტორიითა და კულტურით. 2017 წელს ნახო ქვეყანა, სადაც ქუჩებში დადიან 20-50-იანი წლების ამერიკული მანქანები, რუსული "მოსკვიჩები" და ჩინური თანამედროვე ავტომობილები - ეს მხოლოდ აქ შეიძლება. ქალაქები სავსეა ჩეგევარას, ფიდელის, მარქსის, ლენინისგამოსახულებიანი ბანერებით და ეს ყველაფერი კოლონიური არქიტექტურის ფონზე...

აქ ამერიკელი მაფიოზების კვალსაც შეხვდებით, მათ მიერ აშენებულ უდიდეს სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში. ქუჩებში ისმის ლათინური მუსიკა და ამ ყველაფერს ემატება ცხელი ტროპიკული ჰავა, ულამაზესი პლაჟები. ასეთი მდიდარი კულტურა და ამასთანავე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟები, დამეთანხმებით, რომ ტურიზმისთვის ნამდვილად მიმზიდველია. თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

ფიდელ კასტროზე შეყვარებული კუბელები

- ფიდელ კასტრო ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა, მისი ისტორიული და იდეოლოგიური მნიშვნელობა კუბისა და მსოფლიოსთვის საკმაოდ რელევანტური იყო მანამ, სანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ქვეყნის ხელმძღვანელის ადგილი არ დაუთმო ძმას, რაულ კასტროს. დღემდე, კუბელების უმეტესობა მხარდაჭერას უცხადებს კასტროების ოჯახს და კომუნისტურ პარტიას, რომელსაც უკვე 59 წელი უსრულდება. დამეთანხმებით, რომ 59 წელი მმართველობაში ყოფნისთვის ცოტა დრო არაა, ამიტომაც, ახალ თაობას ცვლილებები და სიახლეები უნდა, რაც სრულიად ლოგიკურია.

ქართველები კუბაზე

- კუბაზე ქართული დიასპორა ძალიან პატარაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას პირადად ვიცნობთ და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი მოვალეობაა, რითაც შეგვიძლია, მათ დავეხმაროთ და ერთობლივად, ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აქვე გეტყვით, ჩვენ აღვნიშნავთ ხოლმე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ყოველწლიურად და რა თქმა უნდა, აუცილებლად ვეპატიჟებით კუბაზე მცხოვრებ ყველა ქართველს.

ლიკა ქაჯაია