"რომ არ ამომეთქვა, გული გამისკდებოდა" - ბექა ჭყოიძის უძილო ღამეები და შოკის მომგვრელი სიხარული - გზაპრესი

"რომ არ ამომეთქვა, გული გამისკდებოდა" - ბექა ჭყოიძის უძილო ღამეები და შოკის მომგვრელი სიხარული

"ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მწვრთნელი ვარ. ბავშვებთან მუშაობა რთულია, რადგან ძნელია, რამე გამოაპარო, მათი სიყვარული მოიპოვო, სპორტი შეაყვარო და კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარო... აკადემიაში ასეთი წესია, ვარჯიშის მიმდინარეობისას ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება, მეც ვემორჩილები, წესების კაცი ვარ, ბავშვებსაც მაგალითს ვაძლევ, სხვაგვარად დისციპლინას ვერ ისწავლიან. დღესაც მოუთმენელმა ლოდინმა ჩაიარა და სანატრელ ვარჯიშზე ავედი. 21:23-ზე ტელეფონმა დამირეკა. სამჯერ არ ვუპასუხე"... - ეს ამონარიდია ბექა ჭყოიძის სტატუსიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამბავს უცნაური და ამაღელვებელი გაგრძელება აქვს.

10 წუთის შემდეგ, ბექამ შემოსულ ნომერზე დარეკა. აღმოჩნდა, ერთ-ერთი გათამაშებიდან ურეკავდნენ, მისი ნომერი ამოვიდა, პრიზი - 2017 წლის "ჰიუნდაი აქცენტი" იყო. ეს ამბავი აქ არ სრულდება, დანარჩენს ბექა თავად გვიამბობს.

- ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე. პროგრამისტობა მინდოდა და დღეს კალათბურთის მწვრთნელი ვარ. სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, ჩემს ცხოვრებაში იყო "კავეენი", შემდეგ სცენარისტად ვმუშაობდი, მერე ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მესამე კურსზე ვარ.

- ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში როგორ აღმოჩნდი?

- კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში უეცრად არ გაჩენილა. მთელი ცხოვრება სპორტის ამ სახეობით ვიყავი გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ სცენარისტად მუშაობის პერიოდში, შინ მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, ღამე კალათბურთის თამაშებს ვუყურებდი. არდადეგების დროს ხარაგაულში ჩავდიოდი. იქ მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი", კალათბურთის პოპულარიზაციას ვეწეოდით, ტურნირებს ვატარებდით. ადრე კალათბურთს სულ 5-6 ბავშვი თუ თამაშობდა, წელს ზაფხულზე ჩემპიონატი რომ ჩავატარეთ, 10 გუნდი დიდებში გვყავდა, 8 - პატარებში და თითო თამაშს 300-მდე მაყურებელი ესწრებოდა. მოედანი საკუთარი ხელით მოვაწყვეთ, ფარიც თავად ავაწყვეთ. ხარაგაულში არის სპორტის სასახლე, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, დასავლეთ საქართველოში საუკეთესოა. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ივარჯიშონ.

ძალიან მინდოდა, კალათბურთში ჩემი ცოდნა მხოლოდ მოყვარულის დონეზე არ დარჩენილიყო, მეტად გამეღრმავებინა. მწვრთნელის ლიცენზია რომ ამეღო, სამწვრთნელო გამოცდილება უნდა მქონოდა.

არსებობენ სკოლები, სადაც შეგიძლია, ლიცენზიის გარეშე იმუშაო, გამოცდილება დააგროვო და შემდეგ გამოცდაზე გახვიდე. მე არავინ მყოლია ისეთი, ვინც დამეხმარებოდა და სადმე "გამჩითავდა".

ერთ დღეს საქართველოს ნაკრების ასისტენტ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, სოციალურ ქსელში მივწერე, რომ მწვრთნელად მუშაობის სურვილი მქონდა. ანაზღაურების გარეშე მუშაობაზე თანახმა ვიყავი. გამოხმაურებას დიდად არ ველოდებოდი, მაგრამ ბატონმა კოტემ დამირეკა და მითხრა, მყავს მეგობარი, რომელიც ყურადღებას მოგაქცევს და ცხოვრებაში კარგ შანსს მოგცემსო. მან ამ აკადემიის ერთ-ერთ წარმომადგენელს შემახვედრა. იმ პერიოდში სამსახურიდან წამოსული ვიყავი, ვსწავლობდი, თან ახალ სამსახურს ვეძებდი, შემოთავაზებაც მქონდა, 3 დღეში მუშაობა უნდა დამეწყო, არც თუ ურიგო ადგილზე, ნორმალური ანაზღაურებით.

შევხვდი ირაკლი შანიძეს, ვილაპარაკეთ და მითხრა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია შენნაირ ახალგაზრდებს ეძებს, მთავარია, სურვილი გქონდეს. საწყის ეტაპზე ეს მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე იქნებაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ერთი წერილი კოტე ტუღუშთან, ერთი ზარი მისგან, ერთი შეხვედრა და მე უკვე კალათბურთის აკადემიაში ვიყავი. ეს შოკი იყო, ოცნებები სრულდება. ნაშოვნ სამსახურზე უარი ვთქვი. შევხვდი აკადემიის დირექტორს, მთავარ მწვრთნელს და მეორე დღესვე ვარჯიშზე მწვრთნელის დამხმარედ მივედი. თბილად მიმიღეს, კომფორტულ ზონაში აღმოვჩნდი. 3 თვის შემდეგ მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. წელს 6 გუნდს ვავარჯიშებ, 4 გუნდი 12 წლამდე მოზარდები არიან და 2 გუნდი - 16 წლამდე ბიჭების.

მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ბავშვების მეგობარი. მინდა აქ მოსვლა ყოველთვის უხაროდეთ. კალათბურთი ძალიან საინტერესო სპორტია და ბავშვს პირველ რიგში, ეს უნდა დაანახვო. მაგარია ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთი, მაგარია შენიანს პასს რომ მისცემ და ის ჩააგდებს, მაგარია, როცა დაცვაში თამაშობ, ბურთს ვერ ჩაგიგდებენ და თამაშს მოიგებ... ეს ყველაფერი ბავშვს პროცესში უნდა აჩვენო, აგრძნობინო.

- კალათბურთის სიყვარულის გარდა, ბავშვებს დისციპლინასაც ასწავლი.

- ყველას ვთხოვ, თასმები შეკრული ჰქონდეთ, ეცვათ ფორმა, არ ეკეთოთ არანაირი აქსესუარი, დარბაზში წყალი და პირსახოცი შემოიტანონ. საკუთარ თავსაც იმავე მოთხოვნებს ვუყენებ. შენ თუ არ ხარ მოწესრიგებული, ბავშვისგან ვერაფერს მოითხოვ. შეიძლება მოითხოვო, მაგრამ არ დაგიჯერებს.

- ახლა იმ დღეზე მიამბე, რა მიზეზითაც ჩვენი შეხვედრა მოხდა.

- ვარჯიშზე ზარებს არ ვპასუხობ, ტელეფონი იმისთვის შემაქვს, რომ დრო ვაკონტროლო, წამმზომის ფუნქციას ვიყენებ.

იმ დღესაც ასე იყო, ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ქალაქის ნომრიდან იყო და არ ვუპასუხე. მეორედაც დარეკა... ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ შემოსულ ნომერზე დავრეკე და გავარკვიე, რომ ერთ-ერთი გათამაშებიდან მირეკავდნენ. 4 ბილეთი მქონდა. სულ სამი პრიზი თამაშდებოდა: 1000 ლარი ერთჯერადად, აიფონ X და ავტომობილი... აღმოჩნდა, რომ მე 2017 წლის "ჰიუნდაი აქცენტს" ვიგებდი. ის ღამე არ მიძინია, წამიერად ჩამთვლემდა, უაზრო სიზმრებს ვნახულობდი, მეღვიძებოდა. სრული შოკი მქონდა. სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, რომ არ ამომეთქვა, გული გამისკდებოდა.

- შემდეგ რა მოხდა?

- მეორე დღეს 3 საათზე ვარჯიში მქონდა, ემოციები გარეთ დავტოვე, მაგრამ ტელეფონი ისევ თან მქონდა. "ფეისბუკზე" შეტყობინება მომივიდა, მე კი ყურადღება არ მივაქციე. ვარჯიშიდან რომ გამოვედი და გავხსენი, იმავე კომპანიისგან იყო მოწერილი: ბექა, აქ მაინც გვიპასუხე. გადავწყვიტეთ, საჩუქარი გაგიკეთოთ, 1.000 ლარი... ვიფიქრე, როგორი ჯიგრები არიან, თანხას მჩუქნიან-მეთქი. გავაგრძელე კითხვა და, - თქვენს პროფესიონალიზმს ვაფასებთ, 1 წლის მანძილზე ყოველთვე, ხელფასის სახით დაგერიცხებათო - ეს მეორე შოკი იყო.

- ახლა მესამე შოკზე მიამბე, იმ მთავარ ზარზე უცხოეთიდან.

- ჰო, იმ ღამესაც ვერ დავიძინე, ამჯერად წუხილი აღარ იყო, სიხარულისგან ვეღარ ვიძინებდი, დილით ჩამეძინა და 11 საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. უცხოური ნომერი იყო. ქართულად ვუპასუხე. ყურმილში ნაცნობი ხმა გაისმა, 12 წელია, რაც ზაზა ფაჩულია "ენბიეიშია". ყველა ინტერვიუ ნანახი მაქვს, მის ხმას როგორ ვერ ვიცნობდი? - ბექა, გამარჯობა, ზაზა ფაჩულია ვარო, - მომდევნო 4 წუთი და 52 წამი აღარ მახსოვს.

- ზაზამ გითხრა, რომ საჩუქარს გიკეთებდა?

- სიურპრიზი გვაქვს შენთვის და ყველაფერს გიორგი გეტყვისო. ტელეფონი რომ გავთიშე, აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ დამირეკა. ამ ადამიანებისთვის მადლობის გადახდა არასდროს მომბეზრდება, ზაზამ ჩემი ამბავი სავარაუდოდ მისგან გაიგო. მანამდე გვქონდა საუბარი, მკითხა, მანქანას რომ მოიგებდი, რას აპირებდიო? ვუთხარი, ბინა არ მაქვს, ქირით ვცხოვრობ, გავყიდდი და თანხას მშენებარე ბინაში შევიტანდი-მეთქი. მანქანის დაქოქვაც არ ვიცი. გიორგიმ დამირეკა და მითხრა, ჩვენ იმ მანქანის ღირებულებას ანგარიშზე ჩაგირიცხავთ და ბინა რომ გინდოდა, იქნებ რამე გამოგივიდესო.

იმ ღამესაც რა დამაძინებდა - აქ ყველაზე მთავარი მაინც დამოკიდებულებაა.

- იღბლიანი ყოფილხარ.

- ზარს რომ არ ვუპასუხე, იმ ღამეს მეგობარმა მომწერა, - ვერ გავიგე, იღბლიანი ხარ თუ უიღბლოო. იღბლიანი ვიყავი, რადგან ჩემი ნომერი ამოიღეს და უიღბლო გამოვდექი, რომ არ ვუპასუხე.

- აზარტული ხარ?

- მეტ-ნაკლებად.

- შენი თვალით დანახული მოზარდები როგორები არიან? როგორი თაობა მოდის?

- ძალიან ბევრი ამბობს, უზრდელი თაობა წამოვიდაო. არ ვეთანხმები, 25 წლის ვარ, მათთან ბევრი წელი არ მაშორებს. 750 ბავშვთან მაქვს შეხება. უმრავლესობა ძალიან კარგია, ზოგიერთი ცელქია, მაგრამ ბავშვია, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. სკოლა ოქროს მედალზე მაქვს დამთავრებული, მაგრამ გაკვეთილები მეც გამიცდენია. ზრდილობიანები არიან, იშვიათად - უზრდელებიც, როგორც ჩანს, არ ჰქონიათ შანსი გამოსწორებულიყვნენ. ისეთი პრობლემა არ არის, რომელიც მხოლოდ დღეს იგრძნობა და წარსულში არ ყოფილა. მგონი, პრობლემა ჩვენში უფროა.

- რას გულისხმობ?

- ზოგჯერ არასწორად ვუყურებთ მოვლენებს. გვგონია, ჩვენ უფრო მაგრები ვიყავით, ვიდრე ესენი არიან.

- ქართული კალათბურთი 10 წლის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია?

- ძალიან ბევრი "ენბიეის" თასი და ბეჭედი საქართველოში - ოპტიმისტი ვარ. ყველას აქვს შანსი იყოს საუკეთესო. ყველა ბავშვს ამას ვასწავლი, ის უნდა ფიქრობდეს, რომ იყოს პირველი. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევი, სიგარეტი არასდროს მომიწევია, ალერგია მაქვს, სასუნთქ გზებში კვამლი არ უნდა მოხვდეს; სხვამაც რომ მოსწიოს, შეიძლება გავიგუდო.

თამუნა კვინიკაძე