რა დაუჯდებათ საახალწლო სუფრის გაწყობა ქართველებს? - გზაპრესი

რა დაუჯდებათ საახალწლო სუფრის გაწყობა ქართველებს?

აღმოსავლურ ჰოროსკოპს თუ დავუჯერებთ, 2018 - ოქროსფერი ძაღლის წელია. არავინ იცის, რას მოგვიტანს ქართველებს, თუმცა ახალი წლის აღნიშვნა საკმაოდ ძვირი რომ დაგვიჯდება, ამას წყალი არ გაუვა. ვინც ფიქრობს, რომ საახალწლო სუფრას ჩიტის რძეც არ უნდა აკლდეს, გაწბილებული დარჩება, რადგან ყველაფერი გაძვირებულია: ხორცი, ყველი, თაფლი, კაკალი - ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ამ რამდენიმე წლის წინ ღირდა. თუ სტუმრებს ელოდებით და ტრადიციული საახალწლო სუფრის გაწყობას აპირებთ, სულ ცოტა, 350-400 ლარი მაინც უნდა გქონდეთ გადანახული.

ეკონომისტები სურსათის გაძვირებას ლოგიკურ მოვლენად მიიჩნევენ. როგორც თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია ამბობს, გაზრდილ ფასებს ბოლო ხანებში მიმდინარე ლარის გამყარებაც ვერ უშველის:

- როგორც წესი, საახალწლო სუფრის გაწყობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ყოველდღიური, სტანდარტული სუფრისა. მით უმეტეს, თუ დღევანდელ ფასებს გადავხედავთ, ძალიან ბევრი პროდუქტის ფასი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მოსახლეობას აინტერესებს, რით აიხსნება ეს გაძვირება. ბოლო ხანებში მიმდინარე ლარის გაუფასურებამ იმპორტირებული პროდუქცია ძალიან გააძვირა. როდესაც ბიზნესი ხედავს, რომ ყველაფერი ძვირდება და ეროვნული ვალუტაც უფასურდება, ისიც ცდილობს, ფასებს მოუმატოს, ეს სრულიად გასაგები პოზიციაა, რომელიც მოსახლეობის მდგომარეობაზე ცუდად აისახება.

- ბატონო ვახტანგ, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა გამყარდა, თუ შეცვლის ეს სიტუაციას?

- გეთანხმებით, 1 დოლარი 2,70 ლარი ღირდა და ახლა 2,54 ლარი ღირს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ 2014 წლის ბოლოს ეროვნული ვალუტა 1,65 ნიშნულზე იყო, ამასთან შედარებით 2,55 არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი პროდუქტი გაძვირდა. ჩვენ დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ლარის გაუფასურებამ იმპორტირებული საქონლის გაძვირება გამოიწვია: თუ იმპორტიორი ადრე 1 დოლარში 1,65 ლარს იხდიდა, ახლა 2,54 ლარის გადახდა უწევს. ამ პირობებში ის იძულებულია, შემოტანილი პროდუქცია გააძვიროს.

- მიუხედავად ლარის გამყარებისა?

- მართალია, ბოლო დღეებში ლარი გამყარდა, მაგრამ იმპორტიორები წინასაახალწლო მარაგს უფრო ადრე იძენენ. თუ ეროვნულ ბანკს დავუჯერებთ, კომპანიებმა პროდუქციის მარაგი ჯერ კიდევ ოქტომბერში შეიძინეს, მაშინ ლარის კურსი ბევრად დაცემული იყო, ვიდრე დღეს. ამიტომ, მათი პოზიცია გასაგებია: ყველაფერი ძვირად აქვთ ნაყიდი და წინასაახალწლოდ ფასებს ვერ შეამცირებენ.

- 2-3 წლის წინანდელ ფასებთან შედარებით ლამის გაორმაგებულია კაკლის, ყველის, თაფლის ფასი - ეს პროდუქტები ხომ მაინც არ არის იმპორტირებული?

- შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში გაიზარდა საავტომობილო გაზის, თამბაქოს, საწვავის - იმ პროდუქტების ფასი, რომლებსაც თითქმის ყველა მოიხმარს. საწვავის გაძვირებამ სურსათის გაძვირება გამოიწვია, რადგან ის ნებისმიერი პროდუქტის ფასში შედის - ტრანსპორტირება ხომ ყველაფერს სჭირდება? მცირე მეწარმეები და გლეხები, რომლებმაც თავიანთი პროდუქცია საახალწლოდ შეინახეს და გასაყიდად ახლა გამოიტანეს, ცდილობენ, მოგება ნახონ და თავადაც იხეირონ. სწორედ ამიტომ არის ადგილობრივი ნაწარმი ასე გაძვირებული. ყველამ ვიცით, რომ წინასაახალწლოდ ფასები მატულობს, ამ დროს იმპორტიორებსაც და ადგილობრივ მეწარმეებსაც აქვთ საშუალება, რომ მოგების უფრო მაღალი მარჟა დააწესონ და რა გასაკვირია, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობენ?

- როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, ფასები მაშინვე იზრდება, მაგრამ როცა მყარდება, პროდუქციას აღარავინ აიაფებს. რატომ ხდება ასე?

- წესითა და რიგით, ლარის გამყარება იმპორტირებული საქონლის გაიაფებას უნდა ნიშნავდეს, რადგან შემომტანს მისი შეძენა შედარებით იაფი უჯდება, მაგრამ იმპორტიორები ხედავენ, რომ ლარის კურსი არასტაბილურია, რომ ის ხშირად 1-2 კვირით მყარდება და მერე ისევ ეცემა, ამიტომ, ისინი თავს იცავენ და ფასებს დაბლა აღარ სწევენ. ფასები რომც დასწიონ, რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ მოუწევთ გაძვირება, რაც მოსახლეობის უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომაც ცდილობენ, რომ სტაბილური ფასები შეინარჩუნონ. ჩემი აზრით, პრობლემა ის კი არ არის, რომ ახალი წლის წინა დღეებში გოჭი და ინდაური ღირს ძვირი, არამედ ის, რომ ოლიგოპოლიებს ანუ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს აქვთ საშუალება თავიანთი ფასები დააწესონ. ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისინი შეზღუდოს. ეს "ვიღაც" ხელისუფლება უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფალი ბაზრის პრინციპით დადგენილი ფასები არასოდეს გვექნება. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ ოლიგოპოლიებს, რომლებიც ფასს ხელოვნურად ზრდიან და ამით სიტუაციას ამძიმებენ. ადგილობრივი პროდუქციის სიძვირეც საერთო სიტუაციას უნდა დავაბრალოთ: როდესაც გლეხი ან ფერმერი ხედავს, რომ ყველაფრის ფასი იზრდება, ბენზინით დაწყებული, მედიკამენტებით დამთავრებული, ისიც იძულებულია, თავისი პროდუქცია ძვირად გაყიდოს. როცა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები ძვირდება, ვერც გოჭის, ინდაურისა და თაფლის ფასი ვერ იქნება დაბალი - ეს სავსებით ლოგიკურია.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ფასს, რომელიც ტრადიციული

საახალწლო სუფრის გასაწყობად აუცილებელია:

• გოჭი _ 90-100 ლარი

• ინდაური _ 70-80 ლარი

• ქათამი _ 10-12 ლარი

• საქონლის ხორცი _ 18-20 ლარი

• ღორის ხორცი _ 18-20 ლარი

• ნიგოზი _ 30-35 ლარი

• კაკალი (დასარჩევი) _ 8 ლარი

• თხილი _ 7-8 ლარი

• თევზი _ 8-9 ლარი

• იმერული ყველი _ 9-10 ლარი

• სულგუნი _ 15 ლარი

• თაფლი (1 კგ) _ 17-20 ლარი

• ბადრიჯანი _ 3 ლარი

• ბროწეული _ 3 ლარი

• ყურძენი _ 3-4 ლარი

• მანდარინი _ 2-3,5 ლარი

• კარალიოკი _ 1,30-1,50

• კარალიოკის ჩირი _ 10-12 ლარი

• ჩურჩხელა _ 2-2,5 ლარი

• ხახვი _ 1 ლარი

• კარტოფილი _ 1-1,20 ლარი

• ფქვილი _ 1-1,30 ლარი

• შაქარი _ 1,50-1,55

ხათუნა ჩიგოგიძე