"თანამედროვე მონობა" და შეუსაბამოდ მცირე საფასური
font-large font-small
"თანამედროვე მონობა" და შეუსაბამოდ მცირე საფასური
ყველაფერი კონტროლდება, ყველა სიტყვა, ქცევა, მიმიკა


"შეიძლება, ცუდად გამომდის, მაგრამ არც ახალი წელი და არც სხვა დღესასწაულები აღარ მიხარია. დარწმუნებული ვარ, არც ჩემი პროფესიის ადამიანებს... ყველა გამყიდველი თუ მოლარე მონურ პირობებში ვართ და შეუსაბამო ანაზღაურებას ვიღებთ... ეს მხოლოდ მე არ მაწუხებს, ყველას, ვინც ამ სფეროში მუშაობს, იგივე პრობლემა აქვს, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, რომ დაღვრემილი სახეებით გემსახურებიან. სხვები არაფერ შუაში არიან, მაგრამ დილის 9-დან საღამოს 10-მდე რომ თავაუღებლად მუშაობ, ვერ გრძნობ, ისე უხეშდები... მარტში თურქეთში მივდივარ სამუშაოდ, იმ იმედით, რომ იქ ადამიანურად მომეპყრობიან..." - ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ბრენდული მარკეტის თანამშრომელი გოგონა.


საქართველოში მონური შრომის პირობები ახალი არ არის, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ ერთ სფეროს არ ეხება, ასევე აუტანელი სიტუაციაა სხვაგანაც...
შევეცადე გამერკვია, რას ითხოვს ქართველი დამსაქმებელი, რას წერს კონტრაქტში და რას ავალდებულებს შემდეგ დასაქმებულს.

ნათია, 24 წლის:

- სწავლის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში, ვითომ დროებით დავიწყე მუშაობა იქამდე, ვიდრე რამე უკეთესი გამოჩნდებოდა და ის "ცოტა ხანს", დიდხანს გაგრძელდა... გარდა იმისა, რომ მთელი დღე შესვენების უფლება არ გვაქვს... გადარბენით ვჭამთ, რადგან თუ ადმინისტრატორი არ არის ხასიათზე, შეიძლება, ის ორი ლუკმაც არ შეგვარგოს. ადმინისტრატორს ზემოდან აქვს წნეხი, ის კი ჩვენ გვწნეხავს... კონტრაქტში არ გვიწერია, რომ ღამის ცვლაში მაცივრები უნდა ვწმინდოთ, თაროები ვხეხოთ და კონტეინერებში ჩალაგებულ მზა კერძებს ყოველ ნახევარ საათში უნდა ვურიოთ, სიშავე რომ არ შეეტყოს. არადა, გვიწევს გაკეთება. სამაგიეროდ, ერთი თვის ხელფასს, რომელსაც ყოფენ და თვეში ორჯერ, ნახევარ-ნახევარს გვაძლევენ, ვერასდროს ვიღებთ სრულად, რადგან არავინ იცის რაში გვექვითება: ხან თურმე რძე ყოფილა ძველი ან მაცივარს წყალი გასდიოდა, ან შესვენებისას, რომელიც 15-წუთიანია, თურმე, 4 წუთი დავაგვანე და კამერამ დააფიქსირა. 12 საათი ვმუშაობთ და 4-წუთიანი დაგვიანების გამო, 10 და 20 ლარს გვაკლებდნენ... ერთი სიტყვით, ჯარიმისთვის მიზეზს ყოველთვის პოულობენ...

- არ აპროტესტებთ?

- თავდაპირველად გავაპროტესტე, მაგრამ ძველმა თანამშრომლებმა მისაყვედურეს, რაც უფრო ხმამაღლა იყვირებ, მეტს წააგებ ანუ ადმინისტრატორი ამოგიჩემებსო... მართლაც ამომიჩემა. ბანკის სესხს ვიხდიდი და სხვა გზა არ მქონდა, სტაბილური სამსახური მჭირდებოდა, თორემ სხვა შემთხვევაში, იმ პირობებში არასდროს გავჩერდებოდი. ერთხელ, მთელი ღამე საწყობს ვალაგებდი, ყუთებს ვათრევდი, ბინძური კედლები და იატაკი ვხეხე. მაშინ მივხვდი, რომ თანამედროვე მონა ვარ და ჯერჯერობით ვერაფერს ვცვლი... კიდევ კარგი, ის მენეჯერი სხვა ფილიალში გადაიყვანეს. ახლა ახალი გვყავს, ის უფრო დიპლომატია, თითქოს ჩვენზეა გადაფარებული, ზრუნავს ჩვენზე, გვიფრთხილდება და ჩვენც ვცდილობთ, ამაგი დავუფასოთ, უფრო მეტი მონდომებით ვმუშაობთ... მას არც ნერვების მოშლა და ჩვენთან კამათი უწევს, პირიქით, ოღონდ არ უსაყვედურონ და საწყობს კი არა, სარდაფსაც დავულაგებთ... რაც ყველაზე მთავარია, ეს მძიმე შრომა ანაზღაურებადი არ არის. უბრალოდ, რატომღაც, კონსულტანტებს გვეკუთვნის, რომ დავალაგოთ და რატომ, არ ვიცი... გოგონებიც და სხვათა შორის, ბიჭებიც, რომლებიც ჩემსავით რეგიონებიდან არიან ჩამოსული, უნივერსიტეტში სწავლას მუშაობასაც უთავსებენ. ბევრმა სწავლა დაამთავრა, მაგრამ იმის გამო, რომ რაიონში ყველაფერი ჩამკვდარია, აქ ეძებენ სამუშაოს... ეტყობა, ამით სარგებლობენ მარკეტის მეპატრონეები და მონებად გვაქციეს... ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, ვიდრე დღის ცვლის კონსულტანტები მოვლენ, პურის დისტრიბუცია მოდის, რომელიც შემოსასვლელში დაგვიყრის პურს და ჩვენ ვეზიდებით... რომელი ერთი ჩამოვთვალო? კოშმარში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით მძიმეა ახალი წლისა თუ სხვა დღესასწაულები. დაქანცული, ნაწამები და ნერვებმოშლილი ვასრულებთ წელს. მომხმარებელს შეუძლია, ყველაფერზე გვეჩხუბოს, მათ შორის - ფასების მომატებაზე, რომელსაც ჩვენ არავინ გვეკითხება. გაუღიმებ, რას იკრიჭებიო; სერიოზული ხარ, რას მიბღვერო... დღესასწაულის დღეებში საქმე უფრო მეტია, რადგან მომხმარებელი მეტია და შესაბამისად, ძალიან ვიღლებით...

- იმ დღეებში დამატებითი კადრი არ მოჰყავთ?

- კი, ზოგჯერ, ერთი კვირით ან რამდენიმე დღით, მაგრამ რა და როგორ უნდა გააკეთონ, არაფერი იციან და მაინც ჩვენ გვიწევს ძირითადი საქმის შესრულება. ზოგჯერ შავი სამუშაოს შესრულებაში თუ წაგვაშველებენ ხელს...

- იმ დღეებში დამატებითი ანაზღაურება არ გერიცხებათ?

- კი, გვერიცხება, ხან 30, ხანაც 50 ლარი, მაგრამ ისევ და ისევ გაურკვეველი დაქვითვების გამო, დაახლოებით ამდენივე გვაკლდება ხელფასიდან.

მედეა, ფარმაცევტი:

- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სამსახური. უფროსები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი გაგაყიდვინონ, მათ შორის ისინიც, რომლებიც მხოლოდ რეცეპტით იყიდება. უნდა გაყიდო, მაგრამ ჩუმად, უხმაუროდ, თორემ რამე თუ მოხდება, შენ იქნები დამნაშავე, მეპატრონე და მენეჯერი კი, ძალიან კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი. ყველანაირად უნდა ეცადო, რომ მომხმარებელი არ გაუშვა. თუ რამე მედიკამენტი არ გვაქვს, შემცვლელი უნდა შევთავაზოთ. ამის გამო ბოლო დროს მომხმარებელი გვეჩხუბება და ამიტომ მიდგომა შევცვალეთ, პირდაპირ ვეუბნებით, რომ ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს ბაზაშიც არ არის, რადგან იმავე შემადგენლობის, სხვა მედიკამენტი შემოიტანეს, რომელიმე წამყვანი ქვეყნიდან... მენეჯერმა რეკომენდაცია მოგვცა, როდესაც მომხმარებელი ამა თუ იმ მედიკამენტს იძენს, ურჩიეთ, რომ ის დამცავთან ერთად უნდა მიიღოს, თორემ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს, მოქმედებს გულზე, არტერიულ წნევაზე, მოკლედ, ბევრ რამეზე... ისიც შეშინებული, ჯერ ფასს კითხულობს და თუ ძალიან არ არის თანხაში გაჭედილი, აუცილებლად მიაქვს... განსაკუთრებით ახალი წლის დღეებსა და დღესასწაულებშია ასეთი მომხმარებელი ბევრი, რადგან ამ პერიოდში ქოლესტერინიან საკვებს იღებენ, მამაკაცები ალკოჰოლს ეპარებიან და წნევის, გულისა და სხვა პრობლემების კონტროლი სჭირდებათ.

- იმ მედიკამენტების მიღება საშიში არ არის?

- არა, ისეთია, რომ დალიო, არაფერს დაგიშავებს, მაგრამ რომც არ დალიო, არც მაშინ... ზუსტად ვიცით, რისთვისაც მიაქვს, მაგრამ მიამიტი სახეებით მაინც ვაძლევთ... რამდენჯერმე, მოხუცებისთვის იმ ე.წ. დანამატის რჩევა ვითომ დამავიწყდა და მაშინვე საყვედური მივიღე მენეჯერისგან. წარმატებულ ფარმაცევტებად ისინი ითვლებიან, ვინც მეტ მედიკამენტს გაყიდის...

თეა, სტილისტი:

- ახალი წელი მიხარია კი არა, ისე ვიღლები, ფეხზე დგომა მიჭირს... დღესასწაულის დღეებში ნამდვილი შემოსევა გვაქვს. თან მენეჯერი ცდილობს, არ გააძვიროს და სტაბილურ მომხმარებელს ჩვენს ხარჯზე ინარჩუნებს. წლებია, 29, 30 და 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე შევდივარ სახლში. მე და ჩემს თანამშრომლებს ადამიანის სახე არა გვაქვს და თუ ჩვენი უფროსი 50-50 ლარით დაგვასაჩუქრებს, ძალზე ბედნიერები უნდა ვიყოთ... ეს არის დაუფასებელი, მონური შრომა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვიტანთ, რომ სხვა საშველი არ გვაქვს. ბაზარი ათვისებულია და სამსახურის პოვნა რთულია. ეს იცის სალონის მფლობელმა და ამიტომაც გვიწევს ექსპლუატაციას, უდარდელად...

ბექა, მიმტანი:

- ვისაც წარმოდგენა აქვს, რა ხდება რესტორნის სამზარეულოში, რა შრომა გვიწევს, ალბათ მიხვდება, რამდენად მძიმე გრაფიკს ვერგებით... თითქოს, მხოლოდ მომხმარებლამდე კერძის მიტანა გვევალება, მაგრამ სინამდვილეში, ჭურჭელსაც კი ვრეცხავთ... იქ ყველას ყველაფრის გაკეთება უხდება, მზარეულის მიხმარებაც კი... ეს ყველაფერი 25 ლარად ჩვეულებრივ დღეებში, ახალი წლისა და დღესასწაულის დღეებში, 30 ლარად. ყველაფერი კონტროლდება, ყველა სიტყვა, მიმიკა, ქმედება, კამერებით გვაკვირდებიან. წინსაფარი არასწორად მქონდა შეკრული ან ქუდი არ მეხურა, ან მოწევის გამო 3 წუთი დავაგვიანე... საკმარისია, თეფში დავდგა არასწორად ან დანა-ჩანგლის დალაგებისას რამე ამერიოს, თვის ბოლოს, ხელფასის დროს აუცილებლად გავიგებ... სად გინდა გადახვიდე, როდესაც ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა? ამიტომაც, ვაგროვებ ფულს, რომ ქვეყნიდან წავიდე. სხვა ქვეყანაშიც მიმტანად ვიმუშავებ, მაგრამ ბევრად მეტი ანაზღაურება მექნება და ხელფასიდან ხელფასამდე ვალებით არ მომიწევს თავის გატანა...

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ლარა იანი - მოდელი, რომელიც მილანში ცხოვრებამ შეცვალა
თიკო მოსემღვდლიშვილი სიყვარულსა და თავისუფლებაზე
"ჩეკისტებთან ერთსაათიანი კონსილიუმი ნიკოს მეუღლეს თმის გათეთრებად დაუჯდა"
მოსკოვის ცნობილი თეატრი, "სოვრემენნიკი", თბილისს პირველად 1961 წელს ესტუმრა.
"თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე"
2017 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი