უბრალო ადამიანის უქმე დღეები - გზაპრესი

უბრალო ადამიანის უქმე დღეები

მიუხედავად იმისა, რომ არც განათლება აკლია და თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალმა მეუღლემ ჟურნალ "საქართველოს ქალის" ყდაზე გამოქვეყნებული ფოტოს წყალობით იპოვა... უბრალო ადამიანის უბრალო ამბები უნდა გადმოგცეთ და მსუბუქი იუმორის გარდა, მასში იმ რეალობასაც დაინახავთ, რომელშიც ცხოვრება გვიწევს:

"ამას არ ერქვა შაბათი! დილიდან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ამბავმა დამზაფრა, მერე რამდენიმე წრე დავარტყი უბანს ამა თუ იმ პროდუქტისთვის. შემდეგ ერთი-ორი საათი დამჭირდა ქალაქში. მოვედი სახლში, მივუჯექი კომპიუტერს და ვიფიქრე: "სახლი ჩემი ციხესიმაგრეა". ჩემმა კატამაც კარგად მოთელა ჩემს კალთაზე დასაწოლი ადგილი და ფშვინვა ამოუშვა.

ამ დროს მესმის კარზე ზარი. აი, შინაურიც რომ არ დარეკავს - ისეთი.

ბოდიში მოვუხადე ჩემს მძინარე კატას, ჩამოვაბრძანე მუხლებიდან და გავეშურე კარის გასაღებად. გავიხედე. ქალის სილუეტია. ვინ არის-მეთქი? - ამოვიკნავლე. "მე ვარ, მეო!" - ისეთი შემომიტია კართან მდგომმა, ვიფიქრე, სირცხვილი ჩემი, ვერ ვიცანი-მეთქი. ვაღებ კარს. შემოდის ქალბატონი. აშკარად, თეატრალურად გაფორმებული ჩაცმულობით. უკვე ვხვდები, რაც ხდება, მაგრამ არ ვიმჩნევ. შემოდის ჰოლის ნახევრამდე. ვუყურებ და ვფიქრობ, - ნეტავ, რას იტყვის?

თვითონაც მიყურებს და, - უი, ამერია სადარბაზოო?! მივასწავლე, სადაც უნდა მისულიყო.

დავუბრუნდი კომპიუტერთან ადგილს. კატას კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე. დავისვი ისევ კალთაში და გავიფიქრე: "ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა".

გადის დრო და კარზე ისევ შინაურებისთვის დამახასიათებელი აქტიურად თამამი ზარია. ისევ ბოდიში მოვუხადე ჩემს კატას, ისევ გადავსვი ჩემი მუხლებიდან და მივაშურე კარს. კართან დიდი დავთრით ხელში, ჭანჭურის კიბესავით მაღალი და გამხდარი ბიჭი დამხვდა, - სანეპიდსადგურიდან ვართო... ქვემოთ ტიპი შევნიშნე, ადრე ვენახს რომ წამლავდნენ, ზურგზე დაახლოებით ისეთი მოწყობილობა ჰქონდა აკიდებული. - მწერებს ვწამლავთ და უნდა გადაიხადოთო, - წარბი არ შეუხრია.

ამ სიტყვების თქმა და, იმ ქვემოთ მყოფმა აამუშავა თავის "ზურგჩანთა" და მიაშხაპუნ-მოაშხაპუნა. დიდი თანხა კი არ უთხოვიათ, ორ ლარზე იყო საუბარი, მაგრამ იმ ორ ლარს გაჭირვებულს მივცემ ქუჩაში და არა ვიღაც თაღლითს, რომელიც ნოემბრის ბოლოს სადარბაზოს "მიწამლავს" მწერების საწინააღმდეგოდ. რა მწერებს წამლავთ ამ ყინვაში, ვინ გამოგიძახათ? - შევბედე. - მაშინ, სხვა დროს აღარ მოვალთო.

ვაიმე, ოღონდ ეგ არ ეთქვა! ხომ ვიცი, მთელი ღამე არ დამეძინება!..

არეული შაბათის მერე დალაგებული კვირა ვის უნახავს? დილით, ჩვეულებისამებრ, გამოვაღე კაბინეტის ფანჯარა და კატას საჭმელი დავუყარე. ასევე, ჩვეულებისამებრ, ჩემმა კატამ ვერც ახლა მოთოკა ნერვები და საჭმლის მოზიარე სასაცილოდ წარბშეკრულ სტუმარ კატას სულ თავში უბათქუნა თათები. მერე გარაჟში გახსნილ პროდუქტების მაღაზიას მივაშურე. გაუყინავი ხორცის სპეციფიკური ნაწილი მქონდა შეკვეთილი. ეს ის ფარდულია, სადაც შესვლა თვალს ყოველთვის უხარია, მაგრამ ჯიბეს - არა. შორიდანვე ჩანს, პროდუქტებს "ცეცხლი როგორ უკიდია". ხორცი სახლში რომ მოვიტანე, მერეღა დავაფიქსირე, როგორ გამიმართლა, რომ გზაში ძაღლი არ შემხვდა. ჩვენს უბანში ისეთი "ჯენტლმენი" ძაღლები ცხოვრობენ, ვიცი, მაშინვე ჩამომართმევდნენ ხორციან პარკს (ოღონდ, სახლში ნამდვილად არ მომიტანდნენ). ქმრის მეგობრის დაბადების დღე იყო და მეუღლეს დავურეკე შეხსენების მიზნით. მივულოცე უკვე და ვუთხარი, - გილოცავ ძმის დაბადების დღესო. დავიბენი. ძმა რა შუაშია? თურმე, ტყუპისცალი ჰყოლია. ტყუპის ფენომენი მაინტერესებს და ვკითხე, ჰგვანან ერთმანეთს-მეთქი? - არა. ის სერიოზულია და ეს ლოთიო, - მის გასაგონად იხუმრა. არადა, გარეგნული მხარე მაინტერესებდა... მერე ცოტა კომპიუტერზე ვაკაკუნე, დოკუმენტში რამდენიმე ციფრის ჩაწერა ვერ მოვასწარი, კარზე ზარი გაისმა. სულ ვხუმრობ, რომ ჩვენს ოჯახში ერთი ადამიანი მარტო კარის გასაღებადაა საჭირო. გავედი. კართან ქალბატონი იდგა, საჭმელი ან პური მაინც ხომ არ გექნებათო? გავუტანე საჭმელი. ფული არ გექნებათო? - ცოტა არ იყოს, უხეშად მითხრა. ვიფიქრე, ასე კარდაკარ სიარულმა თუ გაუუხეშა სული-მეთქი და შემოვბრუნდი თანხისთვის. ფული რომ მივეცი, ის იყო, კარის მიხურვას ვაპირებდი და ქალი მეუბნება, - უი, მოიცადე, დამავიწყდაო. კარში თავი გავყავი და მივაშტერდი. მერე გამახსენდა, მიშტერება რომ წარსულს ჩაბარებული ქმედებაა და თვალებში კითხვის ნიშნები დავაპატარავე. დამავიწყდაო, იქნებ ტანსაცმელიც გქონდესო. მორბენალი სტრიქონივით ჩაიქროლეს გონებაში აზრებმა: ქალბატონო, მთხოვნელისთვის ზედმეტად კადნიერი ფორმები აგირჩევიათ, ჭკუანაკლებობა არ გეტყობათ, არც ფერ-ხორცი, თქვენი ზომის ტანსაცმელი ოჯახში ნამდვილად არ გვაქვს (თუმცა, ჭარბ წონაზე არასდროს ვაკეთებ აქცენტს, რადგან ბევრი ადამიანია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ან სხვა დაავადების გამო რომ სუქდება)... ბოლოს ჩემში ზრდილობამ გაიმარჯვა და სიმართლე ვუთხარი, ყოველ სეზონზე ტანსაცმელს ვახარისხებთ და ვარიგებთ, ამიტომ ახლა ვერაფრით დაგეხმარებით-მეთქი. კარი რომ მივხურე, რამდენიმე წუთი ვფიქრობდი, ტანსაცმელი რომ მქონოდა და მიმეცა, ამით დამთავრდებოდა მისი მოთხოვნები თუ შემდეგ იმას მკითხავდა, სახლში თავისუფალი ფართობი ხომ არ მქონდა?!."

როლანდ ხოჯანაშვილი