ყველაზე სევდიანი ახალი წელი... - გზაპრესი

ყველაზე სევდიანი ახალი წელი...

არც კი ვიცი, საახალწლოდ, როცა მხოლოდ ბედნიერებაზე უნდათ ფიქრი ადამიანებს, რამდენად მაქვს უფლება, ასეთი ამბებით სული აგიფორიაქოთ, მაგრამ ყველამ სულგრძელად მაპატიეთ და არ გამიბრაზდეთ...

ამ ამბის მოყოლის სურვილი კი ინტერნეტით გავრცელებულმა ინფორმაციამ გამიჩინა, სადაც ჰოსპისში (განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების უკანასკნელი თავშესაფარი! - ავტ.) მოთავსებულმა ათი წლის პატარამ ივლისში ახალი წელი ინატრა და კეთილმა ადამიანებმა მას ეს სურვილი აუსრულეს...

ისიც კი ვიფიქრე, რომ ვიღაცამ ჩემი ბავშვობის შესახებ იცოდა და გათანამედროვებულად ჰყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ჰოსპისში კი არა, ჩვეულებრივ საბჭოთა საბავშვო ბაღში მოხდა, სადაც მშობლები დამატარებდნენ და ჩემთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობდნენ. ყველაზე მეტნი რუსები, ებრაელები და ბოშები (ჯგუფი რუსულენოვანი იყო) იყვნენ...

გამოსაშვები ჯგუფი გვერქვა უკვე და ამიტომ განსაკუთრებული ღონისძიების მოწყობა გადაწყვიტეს ჩვენთვის საახალწლოდ მშობლებმა და მასწავლებლებმა. მზადება ლამის სექტემბერშივე დავიწყეთ და ვიყავით სასწაულის მოლოდინში, ყოველდღიურად...

მხოლოდ ლილია არ მონაწილეობდა ყოველივეში - ნახევრად ქართველი და ნახევრად ებრაელი გოგონა, ულამაზესი გრძელი ქერა თმითა და არაბუნებრივად ლურჯი თვალებით.

ის ყოველთვის ფიფქიას, კონკიასა და ფერიების როლებს ასრულებდა და რა გასაკვირია, რომ როცა საახალწლო მზადება დავიწყეთ, ყველამ მაშინვე ლილია მოვიკითხეთ - ჩვენი ფიფქია. მასწავლებლებმა და მშობლებმა დაგვზოგეს აშკარად, რადგან არ გაგვიმხილეს, რომ მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა: ლეიკემიის ბოლო სტადია, რომელიც ჩემს ბავშვობაში ფაქტობრივად განუკურნებელი სენი იყო. გვითხრეს, რომ ავად გახდა და ძალიან მალე დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ ჩაიარა სექტემბერმა, ოქტომბერმა. ნოემბერიც განახევრდა. ღონისძიებაც თითქმის მზად იყო. ლილია კი არა და არ ჩანდა. ერთ დღეს კი გვითხრეს, რომ ის საავადმყოფოში იყო და ჩვენი ნახვა უნდოდა. დაგვამწკრივეს ოცდაათამდე ბავშვი და მასთან წაგვიყვანეს. ძლივს დავეტიეთ პალატაში. პატარები კი ვიყავით, მაგრამ მაინც მივხვდით, რომ ძალიან ცუდად იყო ჩვენი მეგობარი - იმდენად ცუდად, რომ ბალიშიდან თავის წამოწევაც კი გაუჭირდა. ლილიას მოვუყევით, როგორ ვემზადებოდით ახალი წლისთვის და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებოდით.

დედას შეეხვეწა: ძალიან მინდა, ახალ წელს ბავშვებთან ერთად შევხვდე და ხომ შემისრულებ ამ თხოვნასო?

ორიოდე დღეში ჩვენმა აღმზრდელმა გამოგვიცხადა: მორჩა, გადაწყვეტილია, ახალ წელს დეკემბრის კი არა, ნოემბრის ბოლოს აღვნიშნავთ და ლილია აუცილებლად დაესწრება ზეიმსო!

სასწრაფოდ გააწყვეს მშობლებმა სააქტო დარბაზი, რომლის შუაგულშიც უზარმაზარი ნაძვის ხე აღმართეს და სტუმრებიც მოიწვიეს. როგორც მაშინ გვეგონა, "ნამდვილი" თოვლის პაპაც კი ნაადრევად ჩამოვიდა მთიდან, ლილიას ნატვრის ასასრულებლად...

ჩვენი პატარა მეგობარი სასწრაფო დახმარების მანქანით მოიყვანეს საბავშვო ბაღში. თან ექიმი ახლდა ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ მთელი ორი საათის განმავლობაში, სანამ ჩვენი "ახალი წელი" გრძელდებოდა, ერთხელაც არ გახსენებია ტკივილი: ლექსი თქვა და იმღერა კიდეც. ფიფქიას ფორმაც მოირგო და თოვლის პაპაც მის დაძახილზე შემოვიდა დარბაზში. ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან გვეგონა, სამუდამოდ დაგვიბრუნდა ჩვენი პატარა მეგობარი...

არც მისი გარდაცვალება გაუმხელიათ ჩვენთვის უფროსებს და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე მოზრდილმა, რომ ლილია ჩვენი ზეიმის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაცვლილა. ბოლო წუთებში სულ "ნაჩუქარ ახალ წელზე ლაპარაკობდა" თურმე და სიკვდილის სულაც არ შეშინებიაო! - დედამისს უთქვამს...

ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება მე და ჩემს მაშინდელ მეგობრებს ნაადრევად - ნოემბერში მოსული ახალი წელი და ულამაზესი ფიფქია-ლილია, ზღაპრიდან მოსული არაამქვეყნიური სილამაზით და ზღაპარშივე ნაადრევად დაბრუნებული...

ცხოვრება კი ერთ წრეზე ტრიალებს გამუდმებით, როგორც ჩანს და ამიტომაც გავრცელდა ინტერნეტში კიდევ ერთი მსგავსი ამბავი ნაადრევად მოსულ ახალ წელიწადზე...

ინგა ჯაყელი