რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება - გზაპრესი

რა ხდება ჰარემის კარს მიღმა - არაბი ცოლების რეალური ცხოვრება

პოლიგამია და ჰარემები, განათლების არარსებობა და უკიდურესად შეზღუდული უფლებები, ბრილიანტები, ჰიჯაბები - არაბი ცოლების შესახებ იმდენი სტერეოტიპი არსებობს, რომ ძნელია განსაზღვრო, რა არის სიმართლე და რა - მითი.

მართალია, ქალების უფლებები მუსლიმანურ ქვეყნებში ძალიან შეზღუდულია, თუმცა, ხშირად, საკუთარი ცხოვრების განკარგვა ქალებს თავადაც შეუძლიათ.

გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, ლამაზი და იდუმალებით მოცული აღმოსავლელი ქალების შესახებ.

ქორწინება გარიგებით

ქორწინების უმეტესობა არაბულ ქვეყნებში კვლავ გარიგებით ხდება, - მშობლების გადაწყვეტილებით. საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ გოგონას აზრი არავისთვის არის საინტერესო, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება - თუ პატარძალს არ მოსწონს საქმრო, შეუძლია, მასთან დაოჯახებაზე უარი თქვას.

საქორწინო კონტრაქტის დადება, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არაბულ სამყაროში სავალდებულოა.

არაბი ქალები იშვიათად ქორწინდებიან სხვა სარწმუნოების აღმსარებელ მამაკაცზე. კაცებს მეტი პრივილეგია აქვთ და შეუძლიათ, ქრისტიანი ანდა - იუდეველი ქალი მოიყვანონ ცოლად, თუმცა, ამ შემთხვევაში ქალი ვერ მიიღებს მოქალაქეობას და დაშორების შემთხვევაში, ბავშვები მამასთან დარჩებიან.

არაბული ქვეყნების უმეტესობაში ქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელია.

ქორწილი

საქორწინო ცერემონიალების ტრადიციები ყველა ქვეყანაში სხვადასხვა გვარია, თუმცა არაბი პატარძლები და მათი ქმრები დაქორწინებას ცალ-ცალკე აღნიშნავენ, შესაძლოა - სხვადასხვა დღესაც კი.

მამაკაცების სუფრაზე არის ჩაი, ყავა, ვახშამი და წვეულება მაქსიმუმ 4 საათს გრძელდება.

ქალების მოლხენა კი უფრო მასშტაბურია, ისინი დიდ ქალაქებში რესტორნებში იკრიბებიან, თანამედროვე დიზაინერების სამოსში საგანგებოდ გამოწყობილები, ბრილიანტის სამკაულებით. იმის გამო, რომ წვეულებაზე მხოლოდ ქალები არიან, შეუძლიათ, ჰიჯაბების გარეშე იყვნენ და თამამად აჩვენონ გარშემო მყოფებს ძვირფასი სამკაული და სამოსი.

პოლიგამია

ქორწინებების უმეტესობა მონოგამიურია. ყველა არაბ მამაკაცს არა აქვს სურვილი და საშუალება, ჰყავდეს რამდენიმე ცოლი. ისლამი ნებას აძლევს, დაქორწინდნენ 4 ქალზე, თუმცა ყველა მათგანმა ქმრისგან თანაბრად უნდა მიიღოს საჩუქრები, ყურადღება, სამკაული... რამდენიმე ცოლი შეიხებისა და ძალიან მდიდარი ადამიანების პრივილეგიაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ქორწინებაა. იმის მიუხედავად, რამდენი ცოლი ეყოლება შემდგომში არაბ მამაკაცს, პირველი ქორწინება რჩება ყველაზე `დიდად~ და პირველი ცოლი არის `უფროსი~.

თუ მამაკაცი სხვა ქალზე დაქორწინდება, დანარჩენმა ცოლებმა ქალი უნდა მიიღონ. ისინი უნდა დაემორჩილონ ქმრის ნებას და არანაირი ემოცია არ უნდა გამოხატონ. როგორც წესი, ცოლები სხვადასხვა სახლში ცხოვრობენ და ერთმანეთს ხშირად არ ხვდებიან.

განქორწინება

ძველი ტრადიციის თანახმად, მამაკაცმა, რომელსაც სურს, ცოლს გაშორდეს, სამჯერ ხმამაღლა უნდა თქვას ფრაზა `მე შენ გშორდები~. ამის შემდეგ, ცოლს შეუძლია, გაჩერდეს ქმრის სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დარწმუნდეს, რომ ორსულად არ არის. ამ ხნის მანძილზე, ქმარს შეუძლია `დაიბრუნოს~ ცოლი ძალიან მარტივი ნათქვამით - `მე შენ უკან გიბრუნებ~.

ქალს შეუძლია, განქორწინებაზე შეიტანოს საბუთები, თუ ქმარს მისი უზრუნველყოფა სათანადოდ არ შეუძლია. ასეთ საქმეებს სასამართლო დიდი სიფრთხილით განიხილავს და უმეტეს შემთხვევაში, ქალის მოთხოვნას აკმაყოფილებს. არაბულ სამყაროში კაცები სიყვარულს არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ - ოქროთი და სამკაულითაც გამოხატავენ. მაგალითად, ქმარმა უნდა წაიყვანოს ცოლი რესტორნებში, უყიდოს ძვირფასი საჩუქრები, ტანსაცმელი...

სამოსი

ქალებმა უნდა დამალონ სხეული გრძელ, ფართო სამოსში. მათ შეუძლიათ ეცვათ ნებისმიერი რამ აბაიას ქვეშ - მოკლე კაბები, ჯინსები, შორტები... თუმცა, ქუჩაში გასვლის შემთხვევაში მხოლოდ სახე, ან თვალები უნდა უჩანდეთ.