დღესასწაული, როცა თითქოს ყველა ერთი ასაკის ხდება... - ახალი წელი ბავშვობაში და დღეს.. - გზაპრესი

დღესასწაული, როცა თითქოს ყველა ერთი ასაკის ხდება... - ახალი წელი ბავშვობაში და დღეს..

ახალი წლის შესახებ ცნობილი ადამიანები, ბავშვობის დროინდელ და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის მოგონებებს გვიზიარებენ. ზოგი მათგანი კი დღევანდელ განწყობაზეც გვესაუბრება.

რატომ არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეს ჩარკვიანების ოჯახში

გელა ჩარკვიანი:

- ჩვენი ოჯახისთვის ახალი წელი ყოველთვის იყო და დღესაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. საშინელი ახალი წელი გავატარეთ სამოქალაქო ომის დროს, როცა მე და ნანა ინგლისში ვიყავით, ბავშვები - თბილისში. ჩვენ კი შევხვდით ახალ წელს, მაგრამ თვალი სულ ტელევიზორისკენ და ყური - რადიოსკენ მქონდა, რა ხდება თბილისში-მეთქი? ახალ წელს მხოლოდ მაშინ შევხვდი სხვაგან. საერთოდ ყოველთვის ვცდილობდი, სახლში ვყოფილიყავი. ახალი წელი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და რატომ? დავიბადე და ვიზრდებოდი მთავარი კომუნისტის, რესპუბლიკის პირველი პირის ოჯახში, სადაც მხოლოდ საბჭოთა დღესასწაულებს - პირველი მაისი, 7 ნოემბერი - აღნიშნავდნენ. დაბადების დღეებს არ გვიმართავდნენ, რადგან ეს ითვლებოდა წვრილბურჟუაზიული მეშჩანური ყოფის გადმონაშთად (იცინის). რა არის მეშჩანური ყოფა? საჩუქრების მიცემა, სახლში იადონი რომ გყავს გალიაში, თუ გაქვს პატარ-პატარა `სტატუეტკები~... ფაქტობრივად, ისე გამოდიოდა, რომ ჩვენთვის ერთადერთი დღესასწაული ახალი წელი იყო. დიდ ნაძვის ხეს მოიტანდნენ და მას ჩვენ თვითონ ვრთავდით, ეგეთი სიამოვნება ბავშვობიდან არ მახსოვს. გვყავდა ასევე, ძალიან დიდი თოვლის ბაბუა და რასაკვირველია, ახალი წლის დილას გვჩუქნიდნენ საჩუქარს, რომელიც არ ითვლებოდა მეშჩანობად. ბავშვობის სათამაშოებიდან არაფერი შემრჩა. სათამაშოები კი მართლაც საუკეთესოები და ულამაზესები მქონდა. დღეს რომ ამბობენ, მაშინ სადად ცხოვრობდნენო, არ არის მართალი. მაღალი თანამდებობის პირები ისე ცხოვრობდნენ, როგორც ეკადრებოდათ, ანუ რასაც გულისხმობდა მათი სტატუსი. მახსოვს, წარმოუდგენლად ლამაზი ელექტრომატარებელი მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა, ის მთელ ოთახში დადიოდა.

ჩემი შვილები - ირაკლი და თეონა როცა დაიბადნენ, მათთვის თოვლის ბაბუის როლს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ასრულებდა. თავიდან ბავშვებს ნამდვილი თოვლის ბაბუა ეგონათ. ვინ არისო? რომ მეკითხებოდნენ, რა ვიცი-მეთქი, - ვეუბნებოდი. ჩემი შვილიშვილი, პატარა ნანა, წლების მანძილზე სანტა კლაუსს ინგლისურად სწერს, რა უნდა საჩუქრად. სანტას საჩუქარი მე უნდა ვიყიდო, რაც ზოგჯერ საკმაოდ ძვირია (იცინის). ამას წინათ, ერთ-ერთი წინა წლის წერილი ვნახე და მის არქივში ჩავდე. ნანა ლონდონში სწავლობდა, სკოლაში იქ შევიდა და ამიტომ აქვს სანტა კლაუსი გამჯდარი.

ჩვენ ტრადიცია გვაქვს - 3 დღე ზედიზედ ვქეიფობთ და არ გაგვიცდენია არც ერთი ახალი წელი. პირველ იანვარს ყოველთვის ვიკრიბებით ოჯახის წევრები, შვილიშვილები, ერთი ან ორი ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცით არის დაკავშირებული ჩვენს ოჯახთან. მაგალითად, ქალბატონი ნანდა ნიკოლაიშვილი, რომელმაც გამაცნო ჩემი ნანა. ის მეუღლესთან ერთად მოდიოდა ხოლმე, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა, ნანდა მარტო მოდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სამი დღის განმავლობაში, აქ მოხვდეს ყველა უახლოესი ადამიანი. ძალიან გადაღლილი ვარ და პირველად დავფიქრდი, შევძლებ თუ არა ამას? უნდა შევძლო, ტრადიცია ტრადიციაა! მისი დარღვევა ნიშნავს, რომ საქმე უკვე ცუდადაა (იცინის).

საახალწლო გადაცემა

გია აბესალაშვილი:

- მე, გოგა პიპინაშვილი და ჩვენი პატარა ჯგუფი `არტ სტუდიო~ იბერვიზიაში ვმუშაობდით. ერთხელ 29 დეკემბერს დაგვავალეს, რომ 31-ში ერთსაათიანი გადაცემა უნდა გვქონოდა, თუ არადა, დავტოვებდით ტელევიზიას. გოგას ვუთხარი, ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ-მეთქი. წავედით ჩემთან სახლში, მარნიდან ავიღე 20-ლიტრიანი კასრი, მიკროფონს ჩვენი ჯგუფის წარწერიანი ღრუბელი ჩამოვაცვი (თვითონ გავაკეთე) და ქუჩაში გავედით. გავაჩერებდით ვინმე კარგ ტიპაჟს, მივაწვდიდი პატარა ყანწით ღვინოს და ვეტყოდი, - `დაილოცე, ხალხს მიულოცე ახალი წელი!~ ასე შევაგროვეთ ახალი წლის სადღეგრძელოები მე და გოგამ. თუმცა, მარტო ქუჩის ამბებით არ დავკმაყოფილდით. წავედით სამშობიაროში, მივადექით ექიმს, რომელიც ჯერ კიდევ სახეს იწმენდდა და მივაწოდე ყანწი: `ვინ დაიბადა, აბა, დალოცეთ!~ აქ ვინ შემოუშვა ესენიო? - კაცი გაგიჟდა. ისე გავთავხედდით, რომ მილიციაშიც მივედით. მილიციის უფროსი ზის დიდი ამბით. რა ხდებაო? გვკითხა, ბოცით რომ დაგვინახა. - `ახალი წელი მოდის და მიულოცე შენს ახლობლებს, მეგობრებს, ქართველებს, არაქართველებს~. - აა, ძაღლის წელი მოდის და იმიტომ შემოხვედით, არა? კარგი, აბა, გაგიმარჯოთო... იქ ვიღაცა, კამერაში იჯდა. იმ პატიმარს შეიძლება, დავალევინოთ-მეთქი? (იცინის). ღვინო არ შეიძლებაო, - გვითხრა, მაგრამ მერე დაგვრთო ნება. პატიმარს გისოსების აქედან ვუჭახუნებდით, მალე გამოსვლა ვუსურვეთ...

2000 წელი...

მანანა სურმავა:

- ამ დღესასწაულის მიმართ დღემდე განსაკუთრებული განწყობა მაქვს. ახალი წელი ის დროა, როცა შენ ქმნი იმ ატმოსფეროს, სადაც ზღაპრული სამყარო რეალობა ხდება. მთელი წლის მანძილზე ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც მირაჟი ხელშესახებია და ამაში ჩართულია შენი ტვინი, სული, გული და ყველაფერი, ასევე გარშემო მყოფი ადამიანები. ასეთი განუმეორებელი და განსხვავებული დღესასწაული როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს? სულ მგონია, რომ ახალი წელი ბავშვობის გაგრძელებაა, აქ უფროსებიც მეორდებიან თავიანთ ბავშვობაში, საჩუქრებს უძღვნიან პატარებს. გაიგივება ხდება - თითქოს ყველა ერთი ასაკისაა და ერთნაირად უხარიათ.

ბავშვობაში ჩემი ახალი წელი ყოველთვის დღესასწაული იყო, სადაც იყვნენ მშობლები, ბებიები, მათი მეგობრები. გახარებული ადამიანების ეს დიდი სივრცე ზღვა სიკეთეს იტევდა და გასცემდა. აქ ვინ რა პროფესიისა იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა, აღმაფრენას ყველა ერთნაირად განიცდიდა, ყველა ერთმანეთს ანებივრებდა. ერთხანს ბებიასთან ვცხოვრობდი ოპერის უკან. არ დამავიწყდება, ვეებერთელა ნაძვის ხე იდგა იმ ოთახში, სადაც მეძინა.

თეატრში საახალწლო სპექტაკლები პირველ ან ორ იანვარს რომ ინიშნებოდა მაშინ რუსთაველის თეატრში ვიყავი და მახსოვს, დილაუთენია `მერი პოპინსი~ უნდა გვეთამაშა. მსახიობების უმრავლესობა გამოუძინებელი და ნაბახუსევი იყო, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი ჰქონდა. განსაკუთრებულად 2000 წლის ახალი წელი მახსენდება. რა საოცრება იყო, ათასწლეული შეიცვალა. ჩემი მეგობრები: თეონა ჯაფარიძე, ნინო კოპაძე და მე თავისუფლების მოედანზე შევხვდით ახალ წელს. მაშინ ქუჩაში ბევრი ნაცნობი ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ მგონი, კონცერტიც არ ტარდებოდა. ახალი წელი კიდევ იცით, რატომ მიყვარს? ზოგჯერ 30 დეკემბერია და ვერ გრძნობ მის მოახლოებას. აი, უკვე კარს მოადგა და ისევ ვერაფერს გრძნობ, მაგრამ ბოლოს გაჯობებს და მაინც თავის ჭკუაზე გადაგიყვანს!

31 დეკემბერს ბიგ-ბენთან

ჯაპანა (დავით) ხურცილავა:

- ახალი წელი საოცარი შეგრძნებაა, იქვეა შობა. შობა-ახალი წელი ბავშვობაში უფრო ტკბილია. ცოტა უცნაური და მისტიკურია ის მოგონებები. მახსოვს პირველი ნაძვის ხის აწყობა. ერთ წელს, 29 დეკემბერს, ძალიან საყვარელი ბაბუა დავითი გარდამეცვალა, ვისი სახელიც მქვია. მაშინ 5 წლისა ვიყავი, ცუდი ახალი წელი გვქონდა. ბაბუის სახელი არ შემრჩა - ჯაპანას მეძახიან. გამზრდელი ბებია იყო 31 დეკემბერს დაბადებული და ორმაგად მიხაროდა ახალი წლის დღესასწაული. კარგად მახსოვს ერთი სათამაშო - ეტლიანი ცხენი მიყიდეს. ცხენზე (სკამი ჰქონდა) ვჯდებოდი, ფეხებს როგორც ველოსიპედზე, ისე ვამოძრავებდი და დამყავდა. მახსოვს ახალი წლის სამზადისი: იყო ლიმონათზე გაგზავნა, ხაჭაპურების ცხობა, გოჭის შეწვა `დუხოვკაში~... სუფრასთან მიტანამდე კუდის მოწიწკვნა გოჭზე, შეიძლება ყურისაც. ამას მოჰყვებოდა დატუქსვა...

ერთ ახალ წელს, 31 დეკემბერს ლონდონში ბიგ-ბენთან, მსოფლიოს პირველ საათთან შევხვდით მარჯანიშვილის თეატრის რამდენიმე მსახიობი. ინგლისში მიწვეულები ვიყავით სპექტაკლით `როგორც გენებოთ~. ხალხი მღეროდა, ყვიროდა, დიდი აურზაური იყო. ამ გაწკრიალებულ ლონდონში უამრავი შამპანურის ბოთლი ეყარა. ყველაფერზე გვეპატიჟებოდნენ, სასმლიდან დაწყებული, ნარკოტიკით დამთავრებული. ბიგ-ბენთან დილის 5 საათამდე დავყავით, მერე დავბრუნდით სასტუმროში.

ამჟამად ჩართული ვარ საახალწლო პროცესებში, ხორცთან დაკავშირებული ამბები მეხება. ვთვლი, რომ გურმანი ვარ და თავადაც ვამზადებ ხორციან კერძებს. ქალებს ვეხმარები ხოლმე, გოზინაყისთვის ნიგოზი დამიჭრია. ახალი წელი ახლოვდება და ქუჩაში გასვლა საცობებისა და რიგების გამო მეზარება. ჩვენ არც ამდენი ასაფეთქებლები გვქონდა, დღეს არანორმალური სიტუაციაა ამ მხრივ. ახალ წელს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახლში ვხვდები, მერე არის გასვლები მეგობრებთან, ჩემს დასთან - დოდოშკასთან, ცოლოურებში. ერთი სიტყვით, მისვლა-მოსვლა მიდის, რა! უკვე დილისკენ კი მივაშურებ ლოგინს.

პირველი ახალი წელი ახალ ბინაში

ნიკა კუჭავა:

- ახალი წელი ბავშვობაში ყველაზე დიდი ზღაპარი და დღესასწაული იყო. ოჯახის ყველა წევრი ახალი წლის შემოსვლას, აუცილებლად სახლში და მთელი რიტუალებით ვხვდებოდით. არ მახსენდება არც ერთი ახალი წელი, რომელიმე ოჯახის წევრი რომ ჩვენ გვერდით არ ყოფილიყო. სხვათა შორის, თოვლის ბაბუისაც დიდხანს მჯეროდა. 12 წლისა ვიყავი, როცა ერთხელ ჩემმა მწვრთნელმა მითხრა: გიჟი ხომ არა ხარ? საქართველოს ჩემპიონი გახდი (ჩოგბურთს ვთამაშობდი) და თოვლის ბაბუის გჯერაო? კარგა ხანს მეგონა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა. მას წერილებს ვწერდი, ვუხატავდი რაღაცებს, ვეხვეწებოდი, რომ წერილზე ხელი მოეწერა...

ერთხელ უკრაინაში, ოდესაში ახლობლის ოჯახში შევხვდი ახალ წელს. ის დღე არაფრით გამოირჩეოდა. მახსოვს, მეორე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე - დერიბასოვსკაიაზე გავედით, სადაც მთელი ამბავი ხდებოდა, საოცარი ზეიმი იყო.

ახალი ბინა მაქვს და პირველად უნდა შევხვდე იმ სახლში ახალ წელს, ამიტომ ჩემებს - დებს და სიძეებს ვთხოვე, ჩემთან შევხვდეთ-მეთქი და დამეთანხმნენ. თუ ღამის 2-3 საათზე დავიშალეთ, შეიძლება მეგობრებთან წავიდე, მაგრამ არა მგონია, პირველ იანვარს ვერ მოვახერხებ. რესტორანი არ მიყვარს, ოჯახური სიტუაცია მირჩევნია.

ნანული ზოტიკიშვილი