როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის გულის მოგებას
font-large font-small
როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის გულის მოგებას
პოეტის პედაგოგიური მოღვაწეობა მსოფლიოში უნიკალურ სოფელ ფარცხნალში
სულ რაღაც 200-300 კომლით დასახლებული, ხარაგაულის რაიონის სოფელი ფარცხნალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. ამ პატარა სოფელმა საქართველოს ოთხი აკადემიკოსი, ორმოცამდე პროფესორი, ხელოვნების, კულტურის, პედაგოგიური სფეროს არაერთი ღვაწლმოსილი ადამიანი აღუზარდა. ხუთი მათგანი საქართველოში სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებელი გახდა. მათ შორის არიან: ევგენი ხარაძე, ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი; მისი ძმა არჩილ ხარაძე, გამოჩენილი მათემატიკოსი; უდიდესი დრამატურგი - კიტა ბუაჩიძე; მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და რეჟისორი - რეზო თაბუკაშვილი; მისი შვილი ლაშა თაბუკაშვილი; ნადეჟდა ხარაძე - ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი... ჩამონათვალი ვრცელია... სიმბოლურია, რომ სწორედ ამ სოფელში 1910 წლის გაზაფხულზე დაწყებით სკოლაში მასწავლებლად გაანაწილეს 19 წლის გალაკტიონ ტაბიძე. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, ხარაგაულისადმი მიძღვნილი ოთხტომეულის ავტორი - იზა ვეფხვაძე მოგვითხრობს:

GzaPress- გალაკტიონი ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგად 1910 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. 19 წლის პოეტმა ხარაძეების უბანში, დიმიტრი ხარაძის სახლში დაიდო ბინა. ყველაზე პატარა და მყუდრო ოთახი აირჩია. მთელ მის ავლა-დიდებას მაგიდა, საწოლი და სკამი შეადგენდა. ოთახის ერთადერთი ფანჯრიდან სოფლის ულამაზესი ხედები იშლებოდა. 2007 წელს ამ სახლში გალაკტიონის ოთახი-მუზეუმი გაიხსნა... ოჯახის წევრები დღესაც მოწიწებით აღებენ ამ ოთახის კარს... ფარცხნალის დაწყებითი სკოლა სოფლის შუაგულში, ეკლესიის ეზოში, უხეირო ხის ქოხში ყოფილა მოთავსებული. სკოლის ინვენტარს ხელით გამოჩორკნილი ხის მერხები და სკამები შეადგენდა, რომელზეც ათიოდე ბავშვი იჯდა. ზოგიერთი მათგანი თურმე ლოდზე ჩამომჯდარი სწავლობდა. მოსწავლეებს ორი პედაგოგი ჰყავდათ: გალაკტიონი და ღვთისმეტყველების მასწავლებელი, დეკანოზი სიმონ ხარაძე. ღვთისმეტყველების მოძულე გალაკტიონი ვერ იქნა და ვერ შეეთვისა, ვერ გაუშინაურდა სიმონს. დეკანოზი ბრაზობდა, რადგან ვერაფერი მოუხერხა თავისუფლების იდეით შეპყრობილ ახალგაზრდა პედაგოგს, რომლის სიტყვა და მოწოდება ანდამატივით იზიდავდა ბავშვებს.

- პოეტი მოსწავლეების მიმართ მკაცრი იყო?
- მოსწავლეების მიმართ გამორჩეულად გულისხმიერი ყოფილა. ერთხელ, გაკვეთილზე გალაკტიონის საყვარელი მოსწავლე - ერმალოზ ბუაჩიძე არ გამოცხადებულა. გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი მის სახლში მისულა. ერმალოზის დედას მოუბოდიშებია: ერთადერთი შარვალი გავურეცხე, გაშრობა ვერ მოასწრო და გაკვეთილებიც ამიტომ გაუცდაო. გალაკტიონს ჯიბიდან 50 კაპიკი ამოუღია და ბიჭის მშობლებისთვის უთქვამს, - ამ ფულით ერმალოზს შარვალი უყიდეთო. ერთ დილას, სკოლის ეზოში შესულ გალაკტიონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია: წინაღამეს ძლიერ ქარს ეკლესიის ეზოში დარგული ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი ამოუგდია. გალაკტიონმა მიწის ფხოჭნა დაიწყო თურმე. ამ დროს ეზოში მისი მოწაფე, ერმალოზი შემოსულა. გალაკტიონს უთხოვია: არიქა, ერთი სარი მიშოვე სადმეო. მერე ცაცხვის ხისთვის მიწა მიუყრია, ჭიგო დაუსვია და ზედ მიუკრავს. განსაკუთრებით ჰპატრონობდა თურმე ცაცხვის ახალგაზრდა ნერგს - წყალს უსხამდა, ელოლიავებოდა. სოფელში ამ ცაცხვის ხეს დღესაც "გალაკტიონის ცაცხვს" ეძახიან. სხვებისგან განსხვავებით, გამორჩეული და მკერდგანიერია. თუმცა ამაში გასაოცარი არაფერია - ის ხომ გალაკტიონის ხელშენახებია!..

- ალბათ გალაკტიონის პედაგოგიური საქმიანობა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებით არ შემოიფარგლებოდა...
- ნამდვილად. ის სოფელში ხშირად აწყობდა ლიტერატურულ საღამოს, კითხულობდა ლექსებს. ასეთ საღამოებს ბავშვებთან ერთად, მათი მშობლები, სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. პოეტი პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების შესახებ საუბრობდა, მოსახლეობას ქართული ენის სიყვარულს უნერგავდა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე: კითხულობდა, წერდა, ფიქრობდა. დილით, ჯერ კიდევ მელანშეუმშრალ ფურცლებს მაგიდაზე ტოვებდა და სკოლისკენ მიიჩქაროდა. ამ პერიოდში ჟურნალ-გაზეთებში მისი ბევრი ლექსი დაიბეჭდა. პოეტი ჟურნალის - "თეატრი და ცხოვრება" რედაქტორს, იმედაშვილს სწერდა: "ძვირფასო იოსებ! სამი თვის განმავლობაში ჟურნალი მომდიოდა. მადლობელი ვარ. ამჟამად გიგზავნით ორ ლექსს. ჩამოსვლით კი, როგორც მსურდა, თბილისში ვერ ჩამოვდივარ! ბედმა უბრალო სოფლის მასწავლებლობა მარგუნა წილად... სოფლიდან ხალხურ ლექსებს გამოგიგზავნით, თუ მოვახერხე. მშვიდობით. მარად თქვენი პატივისმცემელი, გალაკტიონ ტაბიძე".

- სოფელში მის პირად ურთიერთობებზე თუ არის რამე ცნობილი?
- დღემდე ამბობენ, - გალაკტიონმა საცხოვრებლად ხარაძეთა უბანი იმიტომ აირჩია, რომ იქ სოფლის ლამაზმანები ცხოვრობდნენო. ვინ იცის, იქნებ, ასე არც იყო, ის კი დანამდვილებით იცოდნენ სოფლის ჭორიკანა დედაკაცებმა, რომ ყმაწვილ მასწავლებელს ბუაჩიძეთა და ხარაძეთა გაუთხოვარი ქალიშვილები ნამდვილად აწონებდნენ თავს. სოფლის წყაროსთან, სადაც სკოლისკენ მიმავალ გალაკტიონს უნდა გაევლო, მისი ყურადღების მისაპყრობად, ყმაწვილი ქალები მთელი დღე რეცხავდნენ. ამის შემხედვარე აბესალომ ბუაჩიძეს უხუმრია: ჩვენმა სოფლის მასწავლებელმა გოგონებს რეცხვა ასწავლაო. თავად გალაკტიონს სოფელში ხანმოკლე, მაგრამ მხურვალე გატაცება ეწვია. ეს იყო რაისა ჩიხლაძე, ქუთაისელი ლამაზმანი. წერილებსაც სწერდა რაისას, თუმცა გრძნობის აშკარა გამხელას ერიდებოდა, მხოლოდ საკუთარ პოეზიაზე ესაუბრებოდა. რაისა თავშეკავებული გახლდათ. მომავალში გალაკტიონს არასოდეს მოუხსენიებია ეს გრძნობა ამაღლებულად. ერთ წერილში ამ ურთიერთობას უარყოფითადაც კი აფასებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რაისას უნდა ვუმადლოდეთ რამდენიმე კარგი ლექსის დაბადებას... ფარცხნალში მუშაობის პერიოდში პოეტის მეხსიერებაში აღბეჭდილა ერთი შემთხვევა, რომელსაც თურმე ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა: "...როდესაც სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლოს, სოფელში მასწავლებლის ადგილი მომცეს. კვირა, უქმე დღეებში სოფლიდან სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები. საღამოობით თბილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ესეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად, რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან, მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რასმე ნაცნობების შესახებ. ერთხელ დიდხანს ვიდექი სადგურზე... ვსაუბრობდი, ვიცინოდით... მატარებელი მოვიდა. იდგა ჯგუფი ახალგაზრდა ქალებისა და მგზავრებს ათვალიერებდა. ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპიდან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა... აკაკი! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ. ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანს გაშეშებულნი ვიდექით, მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს. აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავ, რომ იგი დინჯად დაეშვა სავარძელში. ყველანი იმ კუპისაკენ გაექანნენ... ზოგმა მატარებელში შესვლა მოინდომა... დაიკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გაექანა სიპივით გალესილ რელსებზე... მე მატარებელს მივყევი ნელი ნაბიჯით... შემდეგ დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი". აი, მისი ლექსიც: "მახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური, მისი ყრუ სამკაული - აცვივნული აგური./ უშფოთველი ცხოვრება, წყნარი, როგორც გუგული,/ მესმის მოახლოებულ ორთქლმავალის გუგუნი".

- ერთი წლის შემდეგ რატომ დატოვა პოეტმა ფარცხნალი?
GzaPress- ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ არცთუ ისე წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას... სხვათა შორის, ამან გამოიწვია შეტაკება თედო ჟორდანიასთან, რომელსაც სკოლების ზედამხედველობა ევალებოდა. გალაკტიონს ღრმად ჰქონდა შეცნობილი განათლების მნიშვნელობა, მაგრამ ფაქტია, მასწავლებლობა მისი სტიქია არ იყო. როგორც თავად ამბობს, "ბავშვებთან მეცადინეობა ტვინს ულაყებს მხოლოდ". ერთ-ერთ წერილში წერდა: "საშინლად დავბერდი სოფელში. ერთი წელიწადი კიდევ და ბოლოს მომიღებს, თუ ადგილი სადმე ქალაქში არ მომცეს". მას ტანჯავდა "ძველი ცოდვები", ვერ გაამართლა დედის იმედი, ვერ დაამთავრა სემინარია. მატერიალურადაც ვერ ეხმარებოდა მშობელს. რაც მთავარია, მის საზოგადოებრივ იდეალებს ფრთები შეეკვეცა. ფარცხნალის გარემო მწერლის ფანტაზიასა და შთაგონებას ბევრს არაფერს აძლევდა. სულიერ საზრდოს მოწყურებული ახალგაზრდა, ხეირიანი წიგნის წაკითხვასაც ვერ ახერხებდა. ნაღველი გროვდებოდა და პოეტმაც ხსნა კვლავ ღვინოში დაინახა... ასე წერდა ძმას, აბესალომს: "ვუყურებ ჩემს საშინელ ხვედრს მიყრუებულ ადგილში, ცხოვრებას მოწყვეტილი. ირგვლივ ერთი კაციც არ არის, რომ ჩემი გაიგოს და იგრძნოს რამე... ერთი წიგნიც არ ჩაგივარდება ხელში წასაკითხად. სამაგიეროდ, ღვინო გაგიტაცებს ისე, როგორც ძველად ღმერთი აიტაცებდა ხოლმე მოსესა თუ ილიას, კარგად არ მახსოვს... მარა არც ისე ვთვრები, უგრძნობლად რომ იციან. ისე შევქეიფიანდები ხოლმე. ნააღდგომევს, სულო ცოდვილო, ერთხელ მომივიდა ცუდი საქმე. მე და ორი გიმნაზიელი, რომლებიც აქ დამხვდნენ, ერთად დაგვპატიჟეს სადღაც. ძალიან დავთვერით. როცა წამოვედით, საცალფეხო ხიდზე გადავვარდით ორნი, მესამე კი მოგვეშველა. წყალი დიდი არ იყო, როცა გადავვარდით არც კი გაგვიგია ეს. მეორე დღეს გვითხრეს ყველაფერი... ყველაფრის იმედი დამეკარგა და ყველაფერი მომბეზრდა. ამგვარი უმნიშვნელოა ჩემი ცხოვრება და უმიზნო. ამგვარი ერთფეროვანია და რა უნდა მოგწერო? რაც მოგწერე, იგინიც სისულელეებია, ღმერთმანი. კალმის ხელში აღებაც არ ღირდა. მშვიდობით! გისურვებ გამარჯვებულ ეგზამენებს. დედაჩემის ერთადერთი იმედი ეხლა შენა ხარ. მან დიდი ხანია, გამომიგლოვა... გული მიკვდება, რა ვქნა? არაფერი არ შემიძლია!" გალაკტიონს ნათესავები, ახლობლები თავშეკავებას სთხოვდნენ: "გალაკტიონ, დიდათ ვწუხვარ, რომ ღვინის სმას ესრეთ ჩაუთრევიხარ თავის უფსკრულში. რა გემართება? დაანებე თავი. იცოდე, რომ ეგ არაფერი მარგებელი არ არის... თუ გიყვარდე, გადააგდე ლოთობა!" - სწერდა მას მიხეილ ბოჭორიშვილი. პოეტის პედაგოგიური მოღვაწეობა ერთ წელში დასრულდა... მაშინ, როცა სკოლა დაიხურა. ზოგიერთი მისი ბიოგრაფის თქმით, გალაკტიონი მცირე ხნით ბათუმის მახლობლად მასწავლებლობდა, მაგრამ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. ფარცხნალის გარდა, გალაკტიონს პედაგოგად არსად უმუშავია.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
23.03.2016
კარგი სტატიაა. მადლობა ქალბატონო შორენა. ამდენ უბედურების მაცნე სტატიებს შორის, სიამოვნებით წავიკითხე.
სერგო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი