"მომაკვდავმა მამამ ძალა მოიკრიბა და დედას ეცეკვა" - სოხუმური ახალი წლის მონატრება
font-large font-small
"მომაკვდავმა მამამ ძალა მოიკრიბა და დედას ეცეკვა" - სოხუმური ახალი წლის მონატრება
დღევანდელი დღესავით მახსოვს. ისეთი სიყვარული და ბედნიერება იყო მშობლების მზერაში...

"1989 წლის 14 მარტი იდგა. მამა უკვე მომაკვდავია, მაგრამ ძალა მოიკრიბა და დედას ეცეკვა. 14 მარტი მამას დაბადების დღე იყო. ეს სცენა დღევანდელი დღესავით მახსოვს. ისეთი სიყვარული და ბედნიერება იყო მშობლების მზერაში..."
დაახლოებით 30 წლის წინ, დეკემბრის ბოლო დღეს ცა ჩვეულებრივზე მეტად გაშავდა სოხუმში. გვიანი შემოდგომის ხმელი ფოთლების ტახტი ზამთარმა მედიდურად დაიკავა და პირველმა ფიფქებმა მთელი ქალაქი გამოიყვანა გარეთ. ბუზღუნის გარეშე დაჰყვებოდნენ მშობლები პატარებს და უმანკო სითეთრეზე პარალელურად რჩებოდა დიდი და პატარა ნაფეხურები. 12 საათის დადგომამდე ნელ-ნელა ოჯახურ გარემოს დაუბრუნდა ყველა. მხოლოდ ერთი თვალებბრიალა ბიჭი, ირაკლი გუგუშვილი დააბოტებდა სოხუმისთვის უჩვეულოდ დიდ, მუხლამდე თოვლში გვიანობამდე. კარაქისფერი ედო ქუჩებს, ერთმანეთს ერეოდა თოვლის სიქათქათე და ქუჩის განათების ბლანტი სიყვითლე. 17 წლის ასაკში მოუწია სოხუმის დატოვებამ ირაკლის. მშობლიური მხარის მონატრება ბასრად ბევრჯერ გადაუვლის ხოლმე გულზე, მაგრამ მონატრება მონატრებად რჩება...
1975 წლის 13 აპრილს სოხუმში გუგუშვილ-ჯანგველაძეების დიდ და ტრადიციულ ოჯახში ვაჟი დაიბადა. სოხუმიდან ბედისწერამ დევნილის სტატუსით თბილისამდე ჩამოიყვანა. ახლა ზოგჯერ ხატავს, ზოგჯერ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ, თუმცა, სოხუმური წარსული ყველაზე მკვეთრი ფერებითაა ჩაწერილი მის ცხოვრებაში.

ირაკლი გუგუშვილის მოგონებები:
"დედა, ეთერ ჯანგველაძე ძალიან ლამაზი ქალი იყო. ვინც იცნობდა, ყველა მოხიბლული გახლდათ მისი სილამაზით. შემიძლია თამამად ვთქვა, ის იყო უნაკლო გარეგნობითა და სულით. პროფესიით მუსიკოსმა, სიცოცხლის ბოლომდე იდეალისტად დარჩენილმა აფხაზეთის ომის შემდეგაც არ დატოვა საკუთარი კერა იმ იმედით, რომ შეუნარჩუნებდა თავის შვილს ოდაბადეს, მაგრამ... 1997 წლის 6 თებერვალს უჩუმრად წავიდა და სოხუმის მიწას მიაბარეს უჩემოდ... გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ერთი თვით მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ ვერ გაჩერდა დედაქალაქში, სოხუმი თავისკენ ეძახდა!
მამა, რუდოლფ გუგუშვილი საინტერესო პიროვნება, დიდი ისტორიული წარსულით, დედით გუგუშვილი და მამით შვაბეთის მიწის გერმანელი თავადი, ალექსანდერ ფონ გერსტლეს ვაჟი გახლდათ. ბაბუა იდუმალებით მოსილი გზებით აღმოჩნდა ამიერკავკასიაში და საბჭოთა პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა. როგორც ვიცი, 1937 წელს მისივე უშუალო ხელმძღვანელის, ლავრენტი ბერიას ბრძანებით გადაასახლეს და როგორც უმეტესობა, ისიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა ციმბირის უკიდეგანო სივრცეში.
დედის დიდი ბაბუა, საველი ჟვანია საკმაოდ გავლენიანი ვაჭარი ყოფილა ფოთში და სასწავლებელიც კი გაუხსნია საპორტო ქალაქში მე-19 საუკუნის შუა პერიოდში გლეხთა ბავშვებისათვის. საველი ცნობილი იყო თურმე ქართველების განმანათლებლური წინსვლის ჟინით. მოგვიანებით მისი ვაჟი, მიხეილ ჟვანია გადადის სოხუმში საცხოვრებლად და სოხუმის ახლოს დიდი ნაკვეთების მფლობელი ხდება. საარქივო დოკუმენტაციაში მიხეილი სოხუმის მთავარ იურისტად მოიხსენიება და ერთ-ერთი ცნობილი ისტორიული შენობის, მასწავლებელთა სახლის მფლობელიც ყოფილა. ეს შენობა გამოირჩეოდა თავისი სინატიფითა და მასშტაბურობით...

ბაბუა, დედის მამა _ ბიქტორ ჯანგველაძე გახლდათ ქალაქის კოლორიტი, სოხუმის პირველი მეფაეტონე (არა გაჭირვების, არამედ სილაღის გამო). სხვათა შორის, ბაბუამ საპატიო წრეზე მოატარა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი სოხუმის სტადიონის გარშემო და ამ ფაქტით ძალიან ამაყობდა თავის დროზე.
სახელოვანი გვარიშვილი გახლდათ ბებიის უმცროსი და, ოლღა ჟვანია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მთავარი ლიტერატორი იყო აფხაზეთში და "ვეფხისტყაოსნის" აფხაზური თარგმანიც მას ეკუთვნის. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტი აფხაზ ლიტერატორებს მიაწერეს, გასაგები მიზეზების გამო...

უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ჩვენი ოჯახის ისტორიის დიდი ნაწილი აფხაზ თავად ლეიბებსა და ჯიკირბებს ეკუთვნის. ეს სახელოვანი გვარიშვილები გვენათესავებოდნენ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედის ნაპერწკალი არ ქრება ჩემს თვითშეგნებაში, რომ დადგება ის სანატრელი დღე, როდესაც ჩვენ გავერთიანდებით, ჭეშმარიტი აფხაზეთელები! შეუძლებელია, რომ ეს გენოფონდი ასე უმოწყალოდ დაიკარგოს ისტორიის მოუსავლეთში. შეიძლება გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ, მაგრამ ასე მსურს და მწამს! იქ ხომ ჩემი წინაპრების, ჩემი გამზრდელი დეიდებისა და მშობლების საძვალეა, ჩემი ბავშვობა, უამრავი ნათელი მოგონება, ოჯახი, მეგობრები, ჩემი ევკალიპტების, მაგნოლიებისა და აკაციების სურნელი, ჩემი სოხუმური ზღვა და ყავა, რომლის გარეშე მამა, სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესიით ისტორიკოსი და ფოტოჟურნალისტი წუთს ვერ ძლებდა! მამა ჭეშმარიტი სოხუმელი იყო!

შემდეგ იყო დევნილობა, სიბნელე, უშუქობა, მაგრამ ბევრი ჭეშმარიტი ახალშეძენილი მეგობარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ეს იყო ყველაზე მძიმე და იმავდროულად ყველაზე ბედნიერი წლები. ჩვენ, სტუდენტები მაშინ, პირდაპირი გაგებით, ერთ ფუნთუშას ვიყოფდით და მართლა გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა გულწრფელად და ანგარების გარეშე... სად წავიდა დღეს ეს სიყვარული, თანადგომა? დღეს ხომ ასე თუ ისე, გაცილებით გაუმჯობესდა ცხოვრების დონე, მაგრამ ეტყობა, ადამიანები თავისთვის ცხოვრებას უფრო შეეჩვივნენ!
მძიმე წარსულის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემ გარშემო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც ყველაზე ახლობელი და სანუკვარი ვიყავი... გამზრდელი დეიდები აგრაფინა, ვალენტინა, თალიკო და სამედიცინო ბიბლიოთეკის დამსახურებული მეცნიერ-მუშაკი, 84 წლის მარგარიტა, რომელიც შემომრჩა ჩემი დიდი ოჯახისგან. დეიდა მარგარიტას ერთხელ პირადად შეხვედრია გალაკტიონი. ამას ყოველთვის დიდი მოწიწებით იხსენებს დეიდა. სოხუმში ისვენებდა თურმე პოეზიის მეფე და ბიბლიოთეკაში შესულა. სიფრიფანა მარგარიტასთვის უკითხავს, _ გალაკტიონის რომელიმე წიგნი თუ გაქვთო? შეკითხვაში ფარულად ისმოდა, ნეტავ, თუ მიცნობს ეს ახალგზრდაო?.. დეიდას მიუწოდებია ერთ-ერთი ტომი, შესაძლოა, სულაც "არტისტული ყვავილები". გადაუკითხავს რამდენიმე ლექსი დიდ პოეტს, მერე წვერზე ხელი ჩამოუსვამს და დამშვიდობებია დეიდას, რომელმაც თითქოს ვერ იცნო გალაკტიონი...

მახსენდება, ჩვენს სახლში ჩატარებული ლიტერატურული საღამოები, გიტარასა და ფორტეპიანოზე ჟღერდა კლასიკური და ქალაქური ჰანგები. შეიძლება ვინმემ გადაჭარბებად მიიღოს ჩემი ნათქვამი, რომ მე ვარ ადამიანი-ორკესტრი. ნუ ჩამითვლიან ამ სიტყვებს ტრაბახად ან ლუი დე ფიუნესის ნაცნობი ფილმის სათაურის გადამღერებად. ისტორიკოსისა და სამართალმცოდნის პროფესიების გარდა, ძალები მოვსინჯე ვოკალში, ტელევიზიაში, სერიალებში, თეატრში, რეკლამებსა და კლიპებში, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა პატრონის როლი ლაშა თაბუკაშვილის პიესაში "ათვინიერებენ მიმინოს".
ხშირად მახსენდება ახალ ათონში ბავშვობის დროინდელი გასეირნება. 10 წლის ვიყავი მაშინ. იდგა ზაფხულის ლამაზი დღე და მიხაროდა, რომ ჩემ გვერდით იყვნენ ჯანმრთელი, ულამაზესი მშობლები... ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასი რომ იყო, ეს 1989 წლის 14 მარტს გავიგე! ეს დღე მამას დაბადების დღე იყო და ავადმყოფობის მიუხედავად, ის მაინც წამოდგა და ეცეკვა დედას... დღევანდელი დღესავით მახსოვს ეს ფაქტი. ბედნიერება იყო მათ მზერაში, აკოცეს ერთმანეთს და მაშინ მეც მივვარდი, ჩავეხუტე ორივეს. რა ვიცოდი, რომ სამ დღეში მამა ამქვეყნად აღარ იქნებოდა!
ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურობა. ყველაფერი უნდა დავაფასოთ. დღეს რაც გვაქვს, ხვალისთვის ის ბევრად უფრო ფასეული შეიძლება გახდეს. ცხოვრებაში ყველაფერი გვხვდება, ტალახიანი ქუჩა, უღრუბლო ცაც, მაგრამ ღირსეულად უნდა გაიარო მკაცრი და შავი რეალობის მიუხედავად იმ დაკლაკნილ გზაზე, ადამიანის სიცოცხლე რომ ჰქვია..."


როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ლარა იანი - მოდელი, რომელიც მილანში ცხოვრებამ შეცვალა
თიკო მოსემღვდლიშვილი სიყვარულსა და თავისუფლებაზე
"ჩეკისტებთან ერთსაათიანი კონსილიუმი ნიკოს მეუღლეს თმის გათეთრებად დაუჯდა"
მოსკოვის ცნობილი თეატრი, "სოვრემენნიკი", თბილისს პირველად 1961 წელს ესტუმრა.
"თუ სურვილი ქმედებაშიც აისახება, საბოლოო ჯამში, მიდიხარ მიზნამდე"
2017 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი