ავი ძაღლისგან დაკბენილი... - გზაპრესი

ავი ძაღლისგან დაკბენილი...

როცა გავიგე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ახალი 2018 წელი ძაღლისაა, გული გავუწყალე ახლობლებსა თუ მეგობრებს: ძაღლთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი თუ იცით რამე, რომელიც ამავდროულად ახალ წელთანაც არის კავშირში, მიამბეთ და სანაცვლოდ რაც გინდათ, მთხოვეთ-მეთქი...

ყველა უარით მიშორებდა თავიდან და ლამის იმედიც გადავიწურე, რომ რამეს "მაინც ამოვქექავდი", როცა მეგობარმა დამირეკა: ჩვენთან მოდი სასწრაფოდ, მამიდაჩემი იხსენებდა ახლა ახალ წელს როგორ დაკბინა მათმა ავმა ძაღლმა ახალგაზრდა კურიერი, რომელმაც შეყვარებულისგან წერილი და საჩუქარი მოუტანაო...

ნელი დეიდას დიდი ხანია ვიცნობ და მათ ოჯახშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი ჩემი მეგობრის წყალობით. გავიქეცი და ორმაგი სარგებელიც ვნახე: მასპინძელმა კარგი ამბავი კი არ "გამომაცხობინა" მხოლოდ თქვენთვის, ჩემი საყვარელი იმერული ხაჭაპურიც დამახვედრა იმ რეცეპტით გამოცხობილი, ცოცხალი თავით რომ არ უმხელს არავის და ისეთი გემრიელია, აღარც დიეტა გახსენდება და აღარც კალორიები...

_ ეს ამბავი რომ მოხდა, ოცი წლის გოგო ვიყავი და მართლა ბევრ ბიჭს ვუყვარდი, მოტაცებით მემუქრებოდნენ. მარტოს ვერ მიშვებდნენ მშობლები სახლიდან. სხვანაირად რომ ვერ დამიკავშირდა შეყვარებული, ფოსტაში მივიდა და იქიდან გამომიგზავნა საჩუქარი. ორმაგი გადაუხდია იმისთვის, რომ მაინცდამაინც ღამის თორმეტ საათზე მოეტანათ ჩემთან საჩუქარი. მაშინ დღევანდელივით არც ფოსტა იყო განვითარებული და არც კურიერებს ევალებოდათ ღამით კლიენტის მომსახურება, მაგრამ ბიჭი, რომელიც რაიონიდან ჩამოსული ღარიბი სტუდენტი იყო და სწავლის პარალელურად მუშაობდა, ფულის ხათრით იმასაც დათანხმდა, რომ ახალი წლის შინ შეხვედრის ნაცვლად, სამუშაოდ ქუჩაში გამოსულიყო და ასე მოადგა ჩვენს ჭიშკარს.

კარგა ხანს იძახდა თურმე, მაგრამ ვერ გაგვაგონა სუფრასთან ისეთი ჟრიამული და ხმაური იყო. გაურისკავს და ეზოში შემოვიდა, სადაც ჩვენი ძაღლი ბასარა აკონტროლებდა სიტუაციას და უცხო კაცი რომ დაინახა, არც დაუყეფა, ისე დაეტაკა და გააკრა თურმე მიწას. შეშინებულმა ბიჭმა წამოხტომა და გაქცევა რომ დააპირა, გადაირია და კბილებით საჯდომზე ისე ჩააფრინდა, მისი ღრიალი ცას მისწვდა და ჩვენც გამოვცვივდით ეზოში...

მამაჩემმა ბასარა გვერდზე გააგდო და ატირებულ ბიჭს წამოდგომაში დაეხმარა, ამოგლეჯილი ხორცი რომ დაუნახა, მაშინვე მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში გააქანა...

საწყალს გამოსაცვლელი შარვალიც არ ჰქონდა მაშინ და ტკივილზე მეტად, დახეული შარვალი ატირებდა და ადარდებდა თურმე, როგორც მოგვიანებით იხსენებდა...

რომ გვითხრა, რისთვისაც შემოვიდა ეზოში, მამაჩემს მაინც არ მოსწონდა ის ჩემი შეყვარებული და ჯერ კარგად აგინა: "ეს სისულელე რამ მოაფიქრაო" და მერე დაემუქრა: ჩემი გოგოსკენ გამოხედვა არ გაბედოს, თორემ ჩემი ხელით მივუსევ ძაღლსო...

რეზო კი, როცა გაიგო, მარტო ცხოვრობდა ნაქირავებში, არც მომვლელი ეყოლებოდა და არც სუფრას გაუშლიდა ვინმე, მას შემდეგ, რაც ჭრილობა დაუმუშავეს და გაუკერეს, ჩვენთან წამოიყვანა...

ამ ერთ კვირაში კი ახლოს გავიცანით ერთმანეთი და ისე მალე შეგვიყვარდა, ძველი შეყვარებული და მისი საჩუქარი აღარც გამხსენებია. რეზო მამაჩემსაც ძალიან მოეწონა. რომ შეატყო, სხვანაირად მიჟუჟუნებდა თვალებს, პირდაპირ უთხრა: ნელის იმდენი ემუქრება მოტაცებით, ქუჩაში ვერ გამიშვია და თუ მართლა მოგწონს, დაგაქორწინებთ. შენნაირ პატიოსან და მშრომელ ბიჭს ვნატრულობდი მაინცო...

მაშინ ასტროლოგიას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და არც ის ვიცოდით, ძაღლის წელიწადი თუ შემოდიოდა. საავადმყოფოში რომ წავიყვანეთ რეზო, ქირურგს ჰქონდა უცხოური ჟურნალი და იქიდან ამოჭრილი კალენდარი ეკიდა კაბინეტში. იმან გვითხრა: ძაღლის წელიწადი შემოვიდა და ასე რომ "დაგღეჭა" პირველსავე დღეს, წარმომიდგენია, მერე რას გიზამსო, მაგრამ თუ იმ ნაკბენს არ ჩავთვლით, რომლის გამოც თითქოს მთელი ცხოვრებაა გვებოდიშება განგება, ჩვენი შეხვედრა ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. ორმოც წელიწადზე მეტია, ერთად ვართ და ერთი ავი სიტყვა არ მახსოვს ქმრისგან. ჩემს მშობლებსაც პატივს სცემდა და მამაჩემი გახარებული ამბობდა: ნანატრი ბიჭი შევიძინეო...

სხვათა შორის, ძაღლის წელიწადმა კიდევ ერთი დიდი სიხარული გვაჩუქა: სამი გოგონა შეგვეძინა ზედიზედ. არადა, ჩემს ქმარს და განსაკუთრებით მამაჩემს ძალიან უნდოდათ ბიჭიც გვყოლოდა. ჰოდა, ჩვენი მეოთხე შვილი, გიორგი სწორედ იმ ახალ წელს დაიბადა (ორ იანვარს), თორმეტი წლის შემდეგ, ისევ ძაღლის წელიწადი რომ დადგა...

რა გასაკვირია, რომ ძაღლი ყველას უყვარდეს ჩვენს სახლში და ერთი კი არა, რამდენიმე ძაღლი დარბის ეზოში... მისი წელიწადიც რომ არ მოდიოდეს, ისედაც საოცრად ერთგული და მოსიყვარულე ცხოველია და ეჭვიც არ მეპარება, 2018 მრავალ სიხარულს აჩუქებს სრულიად საქართველოს...

ინგა ჯაყელი