"ა­რას­დ­როს მო­მე­ნატ­რე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, არას­დ­როს!"- გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სევ­დი­ა­ნი წარ­სუ­ლი - გზაპრესი

"ა­რას­დ­როს მო­მე­ნატ­რე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, არას­დ­როს!"- გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სევ­დი­ა­ნი წარ­სუ­ლი

მსახიობები საინტერესო ადამიანები არიან. ისინი ბევრჯერ საკუთარი ბუნების მიღმა რამდენჯერმე პოულობენ მეორე "მეს" და ყველა "მეს" ისე ოსტატურად ასრულებენ, რომ ძნელია გაარჩიო ნამდვილი და გამოგონილი. გამონაკლისი არც გორელი მსახიობი კობა (იაკობ) კოპაძეა, რომელთანაც ეს ინტერვიუ სწრაფად და ემოციურად ჩაიწერა.

- ვინ არის კობა კოპაძე?

- დროებით დავივიწყებ თავმდაბლობას და ვიტყვი, რომ ვარ ერთ-ერთი კარგი და ნიჭიერი მსახიობი ქართულ თეატრში, რომელიც ხუთიანზე თუ არა, ოთხიანზე პლუსით მაინც ასრულებს როლებს. დავიბადე ქართლის შუაგულში, ქალაქ გორში, 1972 წლის 20 ვარდობისთვეს. ზოდიაქო მაქვს უცნაური: კურო და ვირთხა. ჩემს დაბადებას არც თოფის გასროლა მოჰყოლია და არც შამპანურების ბათქაბუთქი. ამის მიზეზი ის იყო, რომ დედა ჩემი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. მყავს უფროსი ძმა, რომლის დაბადება სასწაული იყო ჩვენს ოჯახში და დიდი სიხარულიც, რადგან ჩემს მშობლებს 18 წელი შვილი არ უჩნდებოდათ. როდესაც დედა ჩემზე დარჩენილა ფეხმძიმედ, ექიმებს უთქვამთ, რომ არ შეიძლებოდა მეორე შვილის გაჩენა, ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, მაგრამ მან გარისკა... გამზარდა ბებომ (დედის დედამ). როგორც ბავშვების უმრავლესობა, მეც დავდიოდი ბაგა-ბაღში, შემდეგ - სკოლაში და როდესაც მამაც გარდამეცვალა (სკოლას ვამთავრებდი), ნათესავებმა გადაწყვიტეს, მე და ჩემს ძმას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩაგვებარებინა (ობლებს გამოცდაზე შეღავათი ჰქონდათ და კიდევ, სტიპენდია 80 მანეთი). ჩემი ძმა თევზის ტექნოლოგი და მე - აგრონომი უნდა გავმხდარიყავი. ვერ დავიტრაბახებ, რომ ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ ნამუსი მქონდა...

- ჩანს, აგრონომი არ გამოვიდა შენგან...

- მესამე კურსზე ავიღე აკადემიური და დღემდე აკადემიური სტუდენტი ვარ (იღიმება).

- და მსახიობის საინტერესო და საპასუხისმგებლო მანტია როგორ მოირგე?

- სკოლის პერიოდში დავდიოდი კულტურის სახლში დრამატულ წრეზე (პედაგოგი ნაირა გრიგალაშვილი). მერე დავკავდი საბავშვო და თოჯინების სახალხო თეატრში მსახიობად. მსახიობობა უცხო და საინტერესო იყო ჩემთვის.

- გორის თეატრის მსახიობად თავი წარმოგედგინა?

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ თეატრში და იმ მსახიობების გვერდით მოვხვდებოდი, რომლებსაც, როგორც მაყურებელი, დარბაზიდან და ქუჩაში შევციცინებდი. მოხდა ისე, რომ 1994 წლის 9 ივლისს ერისთავის თეატრში მოვხვდი რადისტად. ამავე წელს თეატრში ჩამოყალიბდა სტუდია, სადაც 18 ახალგაზრდა სწავლობდა და მეც მათ შორის აღმოვჩნდი: ხან სპექტაკლის მუსიკალური გახმოვანება მევალებოდა, ზოგჯერ სცენაზე ვიდექი თანასტუდიელებთან ერთად, "მასოვკაში". ერთ მშვენიერ დღეს განაწილდა ბიუჰნერის პიესა "ვოიცეკი", რომლის რეჟისორი ალექსი ჯაყელია. უცებ გაისმა: მთავარი როლი ვოიცეკი - კობა კოპაძე! შემეშინდა და შემრცხვა ძალიან, როცა ამდენ უნიჭიერეს მსახიობებთან ხარ და მთავარ როლს გაძლევენ! თან გამიხარდა და წარმატებულადაც ჩაიარა პრემიერამ. ბედნიერი ვიყავი, რომ ერისთავის თეატრში, პროფესიულ თეატრში და პროფესიონალ მსახიობებთან ვითამაშე პირველი როლი, თანაც, მთავარი როლი რომ გაქვს და 500 ადამიანი "პაკლონზე" წამოგიდგება, "ბრავოს" დაგიძახებენ, ეს ენით აღუწერელი ბედნიერებაა.GzaPress

- ვიცი, რომ ხშირად საბავშვო სპექტაკლებში იყავი დაკავებული...

- ერთი პერიოდი მართლაც, ყველა საბავშვო სპექტაკლში ვიყავი დაკავებული და როდესაც სხვა როლს მაძლევდნენ, ძალიან მიჭირდა გადართვა, სულ ჭიდილში ვიყავი ზღაპრის გმირებთან... ყველა როლი რაღაცნაირად, თავისებურად მიყვარს და ყველა როლი საინტერესო იყო ჩემთვის, მაგრამ ზოგს თავისებურად სითბო მოაქვს და თავის ისტორია აქვს. ანტონ ჩეხოვის "ალუბლის ბაღში" არის პატარა როლი, გამვლელი ჰქვია პერსონაჟს. ძალიან მიყვარს ეს როლი. მიყვარს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა "ალუბლის ბაღში" თამაში და ვითამაშე; მიყვარს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი სპექტაკლია და ძლიერ არტისტებთან ერთად ვარ პიესაში, რომლის ავტორიც ჩეხოვია! 1994 წლიდან დღემდე უამრავ რეჟისორთან, სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორთან მომიწია მუშაობამ. ფაქტი ისაა, რომ მე ძალიან ბევრი რამ მასწავლეს ამ ადამიანებმა და ამისთვის მადლობას ვწირავ ყველას.

- თეატრში იმ დროს მიხვედი, როცა თეატრალური ცხოვრება კვდომას იწყებდა, ბევრი თეატრალი იძულებულიც კი გახდა, პროფესია შეეცვალა.

- ახლანდელმა თაობამ გადმოცემით იცის ის გასაჭირი, რომელიც საქართველომ გამოიარა: არა სინათლე, არა გაზი, არა წყალი და არა პური. აი, ამ პერიოდშიც კი არ გაჩერებულა თეატრი. ლამპის შუქზეც გვითამაშია სპექტაკლები! რეპეტიციები ინიშნებოდა ღამის პირველი საათიდან, როცა სინათლე ირთვებოდა ქალაქში. გაყინულ თეატრში ნაბდებში გახვეულები დავდიოდით და თეატრი მაინც ცოცხლობდა თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარით! თეატრი არ მოკვდა, რადგან ის ძალიან სიცოცხლისუნარიანია; სიცოცხლისუნარიანი კი იმიტომაა, რომ თეატრი სჭირდება საზოგადოებას!.. მეამაყება, რომ ვარ პროვინციული თეატრის მსახიობი. იმ თეატრისა, რომელიც ამბობს თეატრალურ ოჯახში ჯანსაღ სიტყვას და მომავალში არაერთხელ იტყვის!

- ვის ეტყოდი გორის თეატრის ბოლო წარმატებების გამო მადლობას?

- არ შემიძლია, მადლობა და დიდი პატივისცემა არ გამოვხატო ბატონი სოსო ნემსაძისადმი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელობის პერიოდში დიდ წარმატებებს მიაღწია თეატრმა და მე, როგორც მსახიობს, მომეცა საშუალება, სხვადასხვა როლი შემესრულებინა. ერისთავის თეატრის დასი არის ძალიან ძლიერი და ნიჭიერი. დღესდღეობით ჩვენი პროვინციული (კარგი გაგებით) თეატრი, თავის რეპერტუარითა და უნიჭიერესი არტისტებით ბევრ თეატრს თამამად დაუდგება გვერდში.

ბევრი ქება რომ არ გამომივიდეს, იმასაც გეტყვით, რომ გორს ჰყავს არაჩვეულებრივი მაყურებელი, გემოვნებიანი და ნამდვილი თეატრალები. ოთხი წელია, რაც გორს აქვს "კომედიის ფესტივალი", ჩამოდიან ქართული და უცხოეთის თეატრალური დასები. ამ ფესტივალის ფონზე, გორის მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, შედარებები გააკეთოს ჩვენსა და სხვა თეატრებს შორის.

- ალბათ, გრჩებათ თავისუფალი დროც...

- თავისუფალი დრო კი მაქვს და მას ჩემს ალპინისტ მეგობრებთან ერთად, მთაში ვატარებ. საერთოდ, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და მხიარულება, იუმორის მქონე ადამიანები მაბედნიერებენ. მარტოობა საძინებელშიც მეყოფა.

- არასდროს ყოფილხარ დაოჯახებული?

- დასაოჯახებული ვარ! შეყვარებულიც ვიყავი ერთ დროს!

- ახლა არ ხარ შეყვარებული?

- მიყვარს ყველა ადამიანი და მიყვარს ჩემი თეატრი.

- დაბოლოს, არის რამე, რაც არასდროს მოგენატრება?

- არასდროს მომენატრება ბავშვობა, არასდროს!

როლანდ ხოჯანაშვილი