რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად! - გზაპრესი

რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად!

"დღეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ყოველგვარ რეალურ ზღვარს გასცდა, აზარტულ თამაშებზე, უკვე საჭირო და უფრო მეტიც, აუცილებელიც კი არის განგაშის ზარების შემოკვრა. ადამიანები ყველაზე მეტად შვილების ლუდომანიით დაავადებას უჩივიან. ბავშვები ამ სენით უკვე თინეიჯერული ასაკიდან ავადდებიან", - ამბობს სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი, ქალბატონი თამრიკო ჯაფარიძე, რომელიც ამ პრობლემაზე სასაუბროდ რედაქციაში გვესტუმრა.

- ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოსწავლეთა 44% ბიჭების და 15% გოგონების ონლაინთამაშებით არის გატაცებული. ჩემი უშუალო მონიტორინგით ასი გამოკითხულიდან 10-12 ქალბატონი არის თამაშზე დამოკიდებული. მინდა ერთი ამბავი გიამბოთ, რომელსაც უშუალოდ შევესწარი ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში. სამი მოზარდი თამაშობდა. მათგან ერთ-ერთმა წააგო 300 ლარი, მეორემ ჰკითხა, რითი აპირებდა აღნიშნული თანხის გადახდას? მოთამაშემ მიუგო, რომ დაალომბარდებდა 200 ლარად თავის ტელეფონს, ხოლო 100 ლარს როგორმე იშოვიდა. ვერ მოვითმინე და გამოველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ ის მოზარდი, ვინც წააგო, 20 წლის, ხოლო მისი მეგობრები 18-19 წლისანი იყვნენ. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, მოზარდებს გამოუვალ სიტუაციაში აგდებს და განვითარების შანსს უკარგავს, ართმევს ხალისს ცხოვრების მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში.

- თქვენი მოძრაობის მიზანი რა არის?

- ჩემი და ჩემი მოძრაობის - "დედები-აზარტული თამაშების წინააღმდეგ" მიზანი ამ მწარე რეალობის დამსხვრევა და თაობების გადარჩენაა. ოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი მოთამაშეა რეგისტრირებული. ქვეყანაში, სადაც რეგისტრირებული მოსახლეობა სამმილიონ-ნახევარია, დამეთანხმებით, რომ მოთამაშეთა ეს რაოდენობა კატასტროფულად დიდია, მით უმეტეს, რომ არ ვიცით, რამდენია არარეგისტრირებული.

აქვე გეტყვით, რომ თამაშზე დამოკიდებულებს ხშირად კრიმინალური ქმედების განხორციელებაც უხდებათ, 2015 წლის მონაცემებით, მსგავსი მიზნით ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა 2283 შემთხვევაა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი აზარტულ თამაშებზე რეგულაციების ისეთი ფორმატი შემოიღოს, რაც საქართველოს მოქალაქეს მაქსიმალურად შეუზღუდავს მსგავსი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას. დღეს შემუშავებული კანონპროექტი ვერაფრით იქნება სიმშვიდის მომტანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოჯახში ჰყავს ლუდომანიით დაავადებული პირი. სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 40% აზარტული თამაშებიდან შემოსული თანხებია და მესმის სახელმწიფოსიც, ძნელია ამხელა თანხების დათმობა, მაგრამ უფრო მძიმე და ქვეყნისთვის საზიანოა მოსახლეობის ნახევარი ლუდომანიით იყოს დაავადებული, რითაც იკარგება თაობები და ნადგურდება გენოფონდი.

- რას აპირებთ და რა მიზნები გაქვთ დასახული პრობლემის აღმოსაფხვრელად?

- ამ პრობლემასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ გონივრული ნაბიჯებით. არ შეიძლება გამუდმებით ითხოვდე დახმარებას, ფულს და ამით შვილს უწევდე დათვურ სამსახურს. ძნელია უშველო ადამიანს, რომელიც აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ძნელია იმაში დარწმუნებაც, რომ კონკრეტული ადამიანი ბოლომდე გათავისუფლდა ამ სენისგან. მშობელი თუ ახლობელი ადამიანები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ, ლუდომანის დახმარებას და თუ ფიქრობენ, რომ ის შეეშვა თამაშს, მუდმივად მაინც უნდა აკონტროლონ, ისევ ხომ არ გახდა თამაშზე დამოკიდებული?!

- თქვენი დაკვირვებით, ეს ე.წ. დაავადება უკურნებელია?

- ეს უკურნებელი სენი ნამდვილად არ არის. სიკვდილის გარდა, ყველაფერს ეშველება! როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ მაგალითად, ლუდომანთან ურთიერთობის ყველა რესურსი ამოწურა, მაშინაც არ უნდა დაკარგოს იმედი და უფალს უნდა მიენდოს. სანამ ხელს ჩაიქნევ, მანამდე უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს უამრავი რესურსი, საყვარელი ადამიანი რომ შემოაბრუნო ჯანსაღი ცხოვრებისკენ. იბრძოლეთ იმისთვის, რომ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახის წევრები. ასეთ ადამიანებთან გულცივი დამოკიდებულება დამღუპველია. ამ სენით დაავადებულები ძალიან ფაქიზები და ემოციურები არიან. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, საკუთარ თავსაც კი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ. ძალიან ძნელია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, ყველაფერი ყელში ამოგივა, მაგრამ ის უარეს დღეშია, რაც უნდა გავითვალისწინოთ და მოვითმინოთ, დავეხმაროთ. არის ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრიც, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია, ერთი ვიზიტი 60 ლარი ღირს და ეს არის ზუსტად პრობლემა! თამაშზე დამოკიდებულები უმეტესად არიან სოციალურად შეჭირვებული ხალხი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დღეს თუ დადებენ ვინ იცის, რა გზით ნაშოვნ 10 ლარს, ამით იშოვიან ათასობით თანხას. ეს ტყუილია, ილუზიაა! ბევრი ისეთი ადამიანი ვნახეთ, რომლებიც თამაშობდნენ და დაკარგეს ყველაფერი. აღარ შერჩათ ოჯახი, ცოლ-შვილი, სახლ-კარი, მანქანა. ბევრი მათგანი ხელს აწერს ჩვენს მოთხოვნას, რომ თამაში აიკრძალოს, ზოგი კი ამასაც გაურბის. იცით, რა მითხრა ერთმა ადამიანმა? - სად იყავით მაშინ, როცა მე მიჭირდაო? გაბოროტებულიც ბევრია, რა თქმა უნდა!

- მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა როდის გაჩნდა?

- ჩვენი მოძრაობა აპრილიდან დაფუძნდა. მაშინ აბსოლუტურად უცნობი ადამიანები შევხვდით ერთმანეთს. მანამდე "ფეისბუკზე" დავდე წერილი: მოდი, შევიკრიბოთ ასეთი პრობლემის წინაშე მდგარი ადამიანები-მეთქი და იმ დღეს უამრავი ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. დავთქვით შეხვედრა და შევარჩიეთ ადგილი, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ გულისტკივილი. ზარები იყო საზღვარგარეთიდანაც. ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ სახელიც "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ". არ მოვიდნენ მამაკაცები, მაგრამ ხელმოწერებს როცა ვაგროვებდით, ბევრი მამაკაცი შეეცადა დაგვკონტაქტებოდა. ჩვენ შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა და დავუკავშირდით არასამთავრობო ფინანსისტთა ორგანიზაციას, რომელსაც ბატონი ზურაბ ოკულაძე ხელმძღვანელობს. ეს ის ადამიანია, რომელიც წლების წინ ხმამაღლა ამბობდა, რომ ეს დამღუპველი სენია. გავიარეთ კონსულტაცია და შემდეგ მოლაპარაკება გავმართეთ მთავრობის წევრებთან. შევეხმიანეთ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს. მივაწოდეთ ჩვენი სამუშაო პროგრამა, მოთხოვნები და მას მერე, თითქმის ყოველ მეორე კვირას პარლამენტში გვიბარებდნენ სამუშაო შეხვედრებზე. ბატონმა ლევანმა აიღო ინიციატივა, შექმნა კომისია და ამ საკითხს ჩაუდგა სათავეში. უკვე დამუშავების პროცესშია კანონპროექტი, რომელიც განხილვაზე უნდა გავიდეს.

სხვათა შორის, ფინანსთა სამინისტრომ შემოიტანა პროექტი, რომელიც ერთი შეხედვით შვებაა, მაგრამ იქ იმდენი "შავი ხვრელია" დატოვებული, რომ წარმოუდგენელია, მოქალაქე ამ უბედურებისგან დაიცვა.

- რას გულისხმობთ "შავ ხვრელებში"?

- ეს არის პირველ რიგში, ასაკი. ამბობენ, რომ მოთამაშეთა ასაკი 21 წლამდე უნდა შეიზღუდოს, მაგრამ დამიჯერეთ, 34 ან 45 წლის კაცმაც შეიძლება საკუთარ თავს და ოჯახს დაუშავოს, შვილები ქუჩაში დატოვოს. ამას წინათ უცნობმა ასაკოვანმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა: ქალბატონო თამრიკო, არ გიცნობთ, მაგრამ თქვენგან შველას ველი, აღარ მაქვს სახლი, ტელეფონი, ტელევიზორი, აღარ მყავს ქმარიო. ჰოდა, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის მამაკაცი დაღუპავს და დაანგრევს ოჯახს?..

მეორე საკითხი, რაშიც სირთულეს ვხედავ, თვითაკრძალვის პრობლემაა, როდესაც დაავადებული მოთამაშე უნდა მივიდეს იუსტიციის სახლში და თქვას: გეხვეწებით, ამიკრძალეთ თამაშიო. ეს არასერიოზულად მეჩვენება. თუ მაინც ითამაშებს, სახელმწიფო კონკრეტულ ობიექტს (და არა თავად პიროვნებას) დააჯარიმებს 5.000 ლარით და მეორე შემთხვევაში, 10.000 ლარით... დამიჯერეთ, ეს თანხა არის წამში შესული თანხა ნებისმიერი სათამაშო ობიექტისთვის. და კიდევ, ძალიან გვინდა ნებისმიერი ონლაინთამაში "ჩაიხსნას". "ლურჯი ვეშაპი" იქნება თუ რულეტკის დატრიალება, სულერთია, ფინანსთა სამინისტროს პროექტში კი აღნიშნულია, არ "ჩაიხსნას" და მოხდეს მკაცრი კონტროლიო. ვერ მოხდება მკაცრი კონტროლი, რაღაც მაინც გაიპარება. მოკლედ, პროექტში არის ლაფსუსები. ჩვენ ვითხოვთ, რომ ოჯახის წევრებს მიეცეთ მოთამაშის "გაშავების" უფლება ქვეყნის მასშტაბით. ისინი კი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, უნდა წავიდეს ოჯახის წევრი სასამართლოში, დაწეროს განცხადება, რომ ოჯახში ჰყავს მოძალადე და ა.შ. ეს აბსურდია.

ასაკრძალია ყოველგვარი რეკლამა, რომელიც ეხება აზარტულ თამაშებს და ეს გათვალისწინებული და გაწერილი უნდა იქნეს ახალ ნორმატიულ აქტში. მიუღებელია "შავ სიაში" შეყვანის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ანუ პირს ეკრძალება თამაში 3 წლით და ეს სამი წელი უნდა იყოს მოქალაქის გამოჯანმრთელების, მისი რესოციალიზაციისთვის გამოყენებული დრო. ამისთვის კი საჭიროა ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ(ებ)ის მუნიციპალურ დონეზე არსებობა, სადაც ჩართული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განათლების სამინისტრო, რომ ადამიანი, რომელსაც აეკრძალა თამაში, კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ ისევ არ გახდეს მოთამაშე...

კანონპროექტში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს მოთამაშეთა მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, თუმცა არ არის განსაზღვრული, როგორ მოხდება მოქალაქის იდენტიფიცირება მისი შემოსავლების მიხედვით. ვის ვაძლევთ თამაშის უფლებას? ყველას თუ ადამიანს, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავალი? რა ითვლება მაღალ ანაზღაურებად, ეს კიდევ ცალკე საკითხია, ალბათ უნდა მოხდეს ზედა ზღვრის განსაზღვრა წლიური შემოსავლის მიხედვით და მცირე შემოსავლის მქონე პირს არ ექნება წვდომა აზარტულ თამაშებთან - დამერწმუნეთ, აუცილებელია მსგავსი დეფინიცია, რადგან დღეს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არიან დაკავებული მსგავსი "გასართობით", მათ კი არ აქვთ თავიანთი შემოსავალი და საკუთარი ქმედებებით ოჯახებს აგდებენ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, სჩადიან უამრავ დანაშაულს თანხის საშოვნელად და ა.შ.

დასახვეწია ასევე, ონლაინთამაშების თემა. ეს არის საკითხი, რომლის აკრძალვაც აუცილებელია, თუნდაც იმ მილიონების საფასურად, რაც სახელმწიფომ მის გასაუქმებლად უნდა გაიღოს.

ონლაინთამაშები ეს არის ე.წ. მინიკაზინო ოჯახში. უამრავი შემზარავი ფაქტი მიამბეს მოთამაშეთა დედებმა, მეუღლეებმა, დებმა. ვიცი ამბები, თუ როგორ ხდებიან პიროვნებები მოძალადეები. არის შემთხვევები, ოჯახის წევრების მიმართ თანხის გამოძალვის მცდელობების, სუიციდის, თავის დაზიანების, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახიდან ნივთების გატანაზე. გააქვთ ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორიც არის მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ამ ყველაფერს ლომბარდები ჩვეულებრივად იბარებენ. ლომბარდების თემა, ეს კიდევ ცალკე და ფართოდ გასაშლელი საკითხია, რასაც ჩვენი მოძრაობა ცალკე შეეხება. მანამდე კი მინდა ერთი ოჯახის მაგალითი გიამბოთ, რომელსაც ჰყავს 33 წლის შვილი (დედა დამიკავშირდა). ის ლუდომანიის უმძიმესი ფორმითაა დაავადებული. დღეს ისეა ამ ადამიანის მდგომარეობა, რომ ლოგინად არის ჩავარდნილი, ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი. ოჯახი აღმოჩნდა უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში. ჩვენი მოძრაობის დახმარებით მოახერხეს ფსიქიატრთან დაკავშირება, რომელიც უწევს თერაპიულ მკურნალობას არა მხოლოდ სეანსების სახით, არამედ მედიკამენტურ დონეზეც და იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელდება.

დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან. პირველ რიგში, გვინდა შევხვდეთ განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სასწავლო დაწესებულებებში ანტირეკლამის კუთხით ჩატარდეს ლექცია-სემინარები თემაზე. თუ სადამდე შეიძლება მივიდეს თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება.

ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველას, ვისაც აწუხებს ეს საკითხი, დაგვიკავშირდნენ სოციალურ გვერდზე, სახელწოდებით (ქართულად) "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

გავერთიანდეთ ამ საშინელი სენის დასამარცხებლად!

აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა და უჩვეულო სიმპტომები

მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. მკურნალი.გე-ზე ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო თემას წავაწყდით, სადაც ლუდომანია განხილულია სულ სხვა ჭრილში: აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის ახლავს დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და იოლად ანგრევენ ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად იცვლიან.

რა ახასიათებს ლუდომანიას?

თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, კაზინოში და აპარატებთან უფრო და უფრო მეტი ხნის გატარება;

ინტერესთა სფეროს შეცვლა _ თამაში ადამიანის ცხოვრებიდან თანდათან დევნის სხვა ინტერესებს; ლუდომანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, გონებაში სათამაშო კომბინაციებს და მასთან დაკავშირებულ სიტუაციებს წარმოისახავს;

თვითკონტროლის დაკარგვა _ ლუდომანი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ახერხებს თამაშისთვის თავის დანებებას, განურჩევლად იმისა, იგებს თუ გამუდმებით აგებს;

ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას, რადგან თამაშის სურვილი ძნელი გადასალახია. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

თამაშის გახშირება, ამასთან, მომატებული რისკის ხარჯზე;

გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ გაეკაროს სათამაშო ადგილს, საკმარისია უმნიშვნელო პროვოკაცია და თამაშზე დამოკიდებულება უახლდება.

თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება: მოგებათა სტადია; წაგებათა სტადია; განხიბვლის სტადია.

მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება _ ხშირი, ფსონები თანდათან იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი. წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები. ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს, ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, უიმედობის, თავის მოკვლის სურვილი იპყრობს; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება ემოციური აშლილობა.

ლიკა ქაჯაია