მტრად მოკიდებული დედინაცვალი და ცოლის გამო უარყოფილი მამა
font-large font-small
მტრად მოკიდებული დედინაცვალი და ცოლის გამო უარყოფილი მამა
"გამარჯობა. ვიცი, ვერაფრით დამეხმარებით, რადგან ჩემი სატკივარი ოჯახურ პრობლემას უკავშირდება, რომელზე ლაპარაკსაც აქამდე ყოველთვის გავურბოდი.

უბრალოდ, მინდა, გული გადაგიშალოთ, მკითხველების კომენტარების მიხედვით კი მივხვდები, რამდენად სწორად ვიცხოვრე... იმისთვის, რომ ჩემით დაინტერესდეთ და შემომეხმიანოთ. აქვე გეტყვით, რომ დედა 2 წლის ასაკში დავკარგე. მას მერე, ჯერ მამა მზრდიდა, მერე - მამიდა, შემდეგ ისევ მამამ წამიყვანა, რადგან დაოჯახდა ქალზე, რომელიც ამბობდა: ქმრის შვილს ისე მოვუვლი, როგორც საკუთარს; პატარას დედობას გავუწევო. სინამდვილეში კი, მეც ისე დამემართა, როგორც ზღაპრებში ხდება: ძალიან უცნაური და ცუდი დედინაცვალი შემხვდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მან ცხოვრება არა მარტო მე, არამედ მამასაც გაუმწარა და კაცი აიძულა, ოჯახი დაეტოვებინა... ნანჩო, 38 წლის", - ამ მესიჯის ავტორი ჩემთან შესახვედრად სოფლიდან ჩამოვიდა. არ დაზარებია კილომეტრების გამოვლა იმისთვის, რომ ჩემთვის გული გადაეშალა. მას ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები აქვს; ეტყობა, რომ ოდესღაც მშვენიერი გოგონა იყო, მაგრამ ასაკისთვის შეუფერებლად კი გამოიყურება. ალბათ სწორედ ასეთებზე ამბობენ, - შრომამ და წლებმა წელში გატეხაო.

- მოყოლას ცოტა შორიდან ანუ დედ-მამის ქორწინებიდან დავიწყებ. ოჯახი გარიგებით შექმნეს. ერთსა და იმავე რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. როცა დედიკო 17 წლის გამხდარა, მის სახლს თურმე, მაჭანკალი მიადგა და დედას მშობლებს უთხრა: სასიძოდ კარგი ბიჭი შეგირჩიეთ. მართლაც, თქვენი შვილის შესაფერისაო. თურმე, მამას მშობლები მდიდრებად მიიჩნეოდნენ. ბაბუა თავის დროზე კომუნისტებისგან დაფასებული კაცი ყოფილა და შესაბამისად, რაიონშიც ყველა პატივს სცემდა. ექიმი იყო და არც ფულს აკლებდნენ მადლიერი პაციენტები და არც - სურსათ-სანოვაგეს (ანუ ქრთამს იღებდა, რა). მამა ამბობდა, მთელი წელი ხელი რომ არ გაენძრია და მიწა არ გაეთოხნა, მოსავალი არ მოეყვანა, თავისი საქმით იმდენს შოულობდა, მჭადი და პური არ მოგვაკლდებოდა. მახსოვს, ჩვენს სახლში ზოგს ტომრებით მოჰქონდა ფქვილი, ღერღილი, რაღაც პროდუქტები, ზოგს კი - ჯამით და ამით ვხვდებოდი, ვინ იყო ცოტათი შეძლებული და ვინ - ძალიან ღარიბიო... რაღა ბევრი გავაგრძელო და დედას მშობლებს მაჭანკალმა ამ ექიმის სახელი რომ უთხრა, - ამა და ამ კაცის რძალი უნდა გახდესო, გადარეულან: კი, მაგრამ ჩვენ რა მაგ ოჯახის საკადრისები ვართ? თანხმობაც რომ გითხრათ, იქნებ ისინი არიან უარზეო? - რას ამბობთ, თქვენი გოგო ქორწილში უნახავს კოსტას (ასე ერქვა ბაბუას), ძალიან მოსწონებია და მთხოვა, ეს საქმე მომიგვარეო. თავად ვერ შემოგბედათ გოგოს გათხოვებაზე ლაპარაკი. რადგან მას მოეწონა ქალიშვილი, ბიჭიც უარს ვერ იტყვისო. შეთანხმებულან მაჭანკალი და დედას მშობლები.

- ისე შეთანხმდნენ, რომ დედაშენისთვის არაფერი უკითხავთ, არა?
- ასეა. ეს ამბავი რომ გაუგია, დედა თურმე, თავის მოკვლას აპირებდა, - როგორ გავყვე ვიღაც უცხოს, ერთხელაც რომ არ მყავს ნანახიო?! მისი არც ხვეწნა გაითვალისწინეს, არც მუდარა და ქორწილის წინადღეს შეახვედრეს საქმროს. დედა იხსენებდა თურმე (ეს მამასგან ვიცი): ვიდრე ვნახავდი, გული მიმდიოდა. მეგონა, ვიღაც ბებერი კაცი დამხვდებოდა; მახინჯი, ოფლის სუნად აყროლებული მამის ნებიერაო... მამაჩემს კი პირიქით, დედას ნახვა ძალიან ეჩქარებოდა ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კოსტას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მეორეც - ფიქრობდა: ასე რამ გააგიჟა მამა? ეტყობა, მართლა ლამაზი გოგოაო. შეხვედრისთანავე მიხვდნენ, რომ ტყუილად ღელავდნენ, რადგან ერთმანეთი ძალიან მოეწონათ...

გადაიხადეს ქორწილი. ამბობენ, ჩიტის რძეც არ აკლდა სუფრასო. მერე მამა სახლის საქმეებს აკეთებდა, დედა დიასახლისობდა, ბაბუ ოჯახს მატერიალურად აძლიერებდა, ბებო კი ლოგინიდან ვერ დგებოდა და აბა, რაღას გააკეთებდა? თურმე, რაღაც უცნაური დაავადება დაემართა, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. არაფერი სტკიოდა, უბრალოდ, ფეხებში ძალა გამოეცალა და ვეღარ დგებოდა. ასე, ლოგინად ჩავარდნილმა იცოცხლა 4 წელი, მერე კი გარდაიცვალა... დედ-მამას შვილი კარგა ხანს არ ეყოლათ. თურმე, უშვილობის სამკურნალოდ სად არ დადიოდნენ, რას არ სვამდნენ და ბოლოს, როცა იმედი გადაეწურათ, გავჩნდი მე. რატომღაც, გარდაცვლილი ბებიას სახელი - ნანული დამარქვეს.

- დედაშენის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა?
- მოულოდნელად, ლეიკემია დაუდგინეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალს... დედის სიკვდილმა თურმე, მამა გაანადგურა. ბაბუა ამოუდგა მხარში, ამხნევებდა და ეუბნებოდა: დარდით თავს თუ მოიკლავ, ამ ბავშვს ვის დაუტოვებ? მის ცოდვაში ნუ ჩადგამ ფეხს. ერთად გავზარდოთ, წამოვაჩიტოთ. ტირილით ცოლს ვერაფერს უშველი, პატარას კი ნერვები გაუფუჭდებაო... თურმე, მამას ნათესავები სთავაზობდნენ, - შენს შვილს ჩვენ წავიყვანთ, გავზრდითო, მაგრამ არავის გაატანა ჩემი თავი. მოგვიანებით მიხვდა, რომ ქალის ხელი მჭირდებოდა და მამიდას მიმაბარა. როცა მისგან წამომიყვანეს, თურმე, ბევრი ვიტირე. მამიდა ამბობს, - თავიდან საჭმელსაც არ ჭამდი, ბავშვებთან არ თამაშობდიო, - მაგრამ მერე შევეჩვიე ამ უცხო გარემოსაც და მამა დამავიწყდა.

- შენს სანახავად არ მოდიოდა?
- როგორ არა, მაგრამ - იშვიათად... როცა გავიგე, რომ ცოლი მოიყვანა, გამიხარდა, ახლა მაინც დამანებებს თავს და აღარ მოვა-მეთქი (ეტყობა, გაბრაზებულიც ვიყავი, რომ მიმატოვა), მაგრამ ის ჩემს წასაყვანად მოვიდა. ცოლიც თან ახლდა. მამიდამ მითხრა: შენ ჭკვიანი გოგო ხარ. ახლა მამას გაჰყევი და როცა მოგენატრები, წამოგიყვან. ეს ქალი შენი დედაა, მას უნდა დაუჯერო, ჩაეხუტოო. დედა არ მახსოვდა და ეს სიტყვა რომ გავიგონე, დავიბენი. ვთქვი:Mმე ხომ დედა არ მყავს-მეთქი? - ახლა გყავსო, - მითხრა მამიდამ და თავზე ხელი გადამისვა. ის ქალი ადგილიდან არ იძვროდა, ამიტომ მასთან თავად მივედი, თავი კალთაში ჩავუდე. ხელი გადამისვა თმაზე, მაგრამ მისი ალერსი სულაც არ მესიამოვნა. თითქოს მივხვდი, რომ სინამდვილეში, ბავშვები არ უყვარდა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს მამას სახლში გავყევი. მეგონა, ახალი დედას შეყვარებას მოვახერხებდი და როგორც ყველა ბავშვს, მეც მეყოლებოდა გვერდით მზრუნველი ადამიანი, რომელიც თმას დამვარცხნიდა, ათასნაირად გამიკეთებდა ნაწნავს... მამიდა შვილებს რომ ეფერებოდა, ვეჭვიანობდი. ვხვდებოდი, ისინი ჩემზე მეტად უყვარდა. არა, საყვედურს არ ვამბობ, უბრალოდ, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ შვილი უფრო საყვარელია, ვიდრე ძმისშვილი. სხვათა შორის, მე უფრო ხშირად მეფერებოდა, რადგან ყველაზე უმცროსი ვიყავი, მაგრამ მათ სხვანაირად უყურებდა, ელაპარაკებოდა... ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ; ეს რომ გაიგო, თავადაც უნდა იგრძნო მსგავსი რამ...

- რა ხდებოდა შენს ახალ ოჯახში? დედინაცვლის შეყვარება მოახერხე?
- მას არც მე ვუყვარდი და არც - მამა. ეტყობა, გათხოვება უნდოდა და მხოლოდ ამიტომ დათანხმდა ცოლობაზე. მამამ ისიც გარიგებთ შეირთო. ვიღაცას უთქვამს: აუცილებლად, ქალი უნდა მოიყვანო. ის შენც მოგივლის და შენს გოგონასაც დაგიბრუნებსო. ეტყობა, ეს სიტყვები ჭკუაში დაუჯდა მარტოობამობეზრებულს: - კი, მაგრამ ქვრივს ვინ გამომყვებაო? - ასეთ ქალს მე გაპოვნინებო, - უთქვამს მაჭანკალს და ჩემი მომავალი დედინაცვალი მეზობელ რაიონში "გამოუჩხრეკია". ის მამაზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მაგრამ მამამ მის გარეგნობასა და ასაკზე თვალი დახუჭა, რადგან საცოლემ დააიმედა: შენს შვილს ისე შევიყვარებ, როგორც საკუთარი მეყვარებაო. მამამ გულის კარნახს ყურადღება არ მიაქცია და ამ ქალის სიტყვები დაიჯერა... თავიდან ცდილობდა, ჩემ მიმართ ყურადღება გამოეჩინა და საჭმელს მაგიდაზე მიდებდა, სუფთა სამოსს საწოლთან აწყობდა, ძილის წინ ზღაპარსაც მიყვებოდა, მაგრამ მერე თითქოს, ბზიკმა უკბინა და შემიძულა. სიძულვილია, აბა, რა არის, როცა მამას მცირეწლოვანი შვილის წინააღმდეგ აამხედრებ! ამბობდა: ეს ბავშვი ურჩხულად გაგიზრდიათ. ძალიან ცუდად მექცევა. სახლში რომ არ ხარ, მჩქმეტს, მკბენს და საშინელ სიტყვებს მეუბნებაო. ვცდილობდი, მამისთვის დამემატკიცებინა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო, მაგრამ იმ ქალს რატომღაც, მკლავი მართლაც, ყოველთვის დაჩქმეტილი ან დაკბენილი ჰქონდა და აბა, მე როგორ დამიჯერებდნენ?! ბაბუც მირჩევდა, დედიკო შემეყვარებინა. გულს ნუ ატკენო, მარიგებდა. ერთხელ მამამ მითხრა: ასეთ საქციელს თუ არ მოეშვები, მეც აღარ მეყვარები, გაგყიდიო. მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა და რამდენიმე წელი (ოღონდ, მართლა) ხმას აღარ ვცემდი. დედინაცვალსაც გავებუტე და რამდენიმე დღე მხოლოდ პურს ვჭამდი, პროტესტის ნიშნად. მხოლოდ ბაბუს ვეცოდებოდი. ერთხელ მთხოვა: მიამბე, როცა აქ არ ვარ, რა ხდებაო? მოვუყევი, რომ დედინაცვალი სახლიდან ხშირად მიდიოდა, მე კი რაღაცების გაკეთებას მავალებდა, შინ დაბრუნებული ყურადღებასაც არ მაქცევდა. მხოლოდ მამას ან ბაბუს დაბრუნების შემდეგ მეძახდა, - შვილოო... ერთხელ ბაბუს რძალთან შელაპარაკება მოუხდა, მაგრამ რის გამო, ვერ მივხვდი. შინ დაბრუნებულ მამას იმ ქალმა ბაბუზეც საშინელებები უთხრა. თურმე, ისიც იკადრა და თქვა, რომ ბაბუმ მას უხამსი სიტყვები ეძახა, ოთახში დაუკაკუნებლად შეეჭრა და შიშველს დაადგა თავზე. მოკლედ, მამას გონება აუმღვრია, მოწამლა კაცი. ბაბუს თავის დაცვა არც უფიქრია. უბრალოდ, მამას უთხრა: ან ეს ქალი წავა აქედან, ან - მეო. - მერე, რაღას ელოდები, წადიო, - უთხრა მამამ, რომელსაც ცოლის კეთილშობილებაში ეჭვიც არ ეპარებოდა.

- კი, მაგრამ ის ქალი თუ არ უყვარდა, მას რატომ უჯერებდა? როგორ ვერ მოახერხეთ იმის დამტკიცება, რომ იტყუებოდა?
- შეაყარე კედელს ცერცვი, - ასე იყო მამას საქმე. არ ვიცი, ეტყობა, დროთა განმავლობაში ის ქალი შუყვარდა კიდეც. სოფელში ამბობდნენ, - ჯადო გაუკეთაო. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ფაქტია, მამა სრულ ჭკუაზე არ იყო, როცა ბაბუას უთხრა, შეგიძლია, ამ სახლიდან მიბრძანდეო. არადა, ყველაფერი - სახლიც, ნივთებიც მისი წყალობით გვქონდა. თავისი სახლიდან გააგდო ბერიკაცი, რომელმაც წასვლის წინ უთხრა: შვილო, თუ შენ გჯერა იმის, რასაც ეს ქალი ამბობს, მაშინ აღარ ვიცი, რა უნდა გითხრა. ამდენი წელია, გზრდი, გზრდი და თურმე, ვერ გამიზრდიხარო. ის საცხოვრებლად ქალიშვილთან გადავიდა. ეს ამბავი რომ გაიგო, მამიდა ჩემს წასაყვანად მოვიდა, მაგრამ მამამ უთხრა: შენთან რომ იზრდებოდა, იმიტომაც დაიგრძელა ენა. შვილი ჩემს ნებაზე უნდა გავზარდოო. დედინაცვალმაც თავი გამოიდო: ბავშვს რატომ გვართმევ? ხომ ხედავ, შვილი არ მიჩნდება და რატომ ცდილობ, ერთადერთ ქალიშვილს დამაშორო? ჩემი ოჯახის დანგრევა რაში გაწყობს? იქნებ ძმის ქონებაზე გიჭირავს თვალიო?Mმოკლედ, მამამ ერთადერთი დაც დაკარგა... ყველაფერი რომ გიამბოთ, ერთი ჟურნალიც არ გვეყოფა ამის დასაწერად. ამიტომ მოკლედ ვიტყვი: დედინაცვალმა მეზობლებთანაც ამიკრძალა კონტაქტი. მთელი დღე შინ ვიყავი გამოკეტილი, მხოლოდ სკოლაში წასვლის უფლება მქონდა, სხვა დროს კი ან გაკვეთილები უნდა მომემზადებინა, ან მემუშავა: სახლი დამელაგებინა, ფიჩხები შემეგროვებინა და დამეტეხა... სამწუხაროდ, ბაბუის ნახვის უფლებასაც არ მაძლევდნენ და ჩემი მოხუცი ისე მოკვდა, ვერ ვნახე. თურმე, სიკვდილის წინ მე მახსენებდა და ყველას ემუდარებოდა: ნუ დამიჩაგრავთ, მიმიხედეთო. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმი იყო და იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ იმდენად ამაყი იყო, იხტიბარი არ გაიტეხა, კოლეგები არ შეაწუხა; ცდილობდა, არავისთვის ეგრძნობინებინა, რომ საშინელ დღეში აღმოჩნდა შვილის უტიფრობის გამო... თუმცა იმედია, მან მამას აპატია ეს ღალატი.

- მამაშენი როდის მიხვდა, რომ შეცდა, როცა არჩევანი ცოლის სასარგებლოდ გააკეთა, მამა კი სახლიდან გააგდო?
- ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მიხვდა... სკოლა ისე დავამთავრე, გართობა რა იყო, არ ვიცოდი. ბაბუას წასვლის შემდეგ, ჩვენს ოჯახს მატერიალურადაც ძალიან გაუჭირდა და თუ ადრე ყველაფერი საუკეთესო მქონდა, ახლა დედინაცვლის ტანისამოსის გადაკეთებას ვცდილობდი, გარეთ გასვლის რომ არ შემრცხვენოდა. დრო რაც უფრო გადიოდა, მამას ის ქალი მით უფრო მეტად უყვარდებოდა. მეზობლები ხშირად ჩურჩულებდნენ ჩემს ოჯახზე და ამისთვის არაერთხელ მომიკრავს ყური. ზოგი მამას დასცინოდა, ზოგს ეცოდებოდა, რადგან მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, ვირის ტვინი ჰქონდა ნაჭამი. ერთხელ, ქუჩაში მივდიოდი, როცა ყური მოვკარი ჭორიკანა ქალების ზუზუნს. ერთი ამბობდა: ის ქალი ჩემს მეზობელთან დაეთრევა, უკვე რამდენიმე წელიაო. ეს რომ გავიგონე, სიბრაზისგან ლამის გავიგუდე. იმ ქალს ვეჩხუბე: ყველაფერი შეიძლება თქვა, მაგრამ ადამიანს ასეთი ცილი როგორ უნდა დასწამო-მეთქი? - შვილო, შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი. დედინაცვალს გულზე რომ არ ეხატები, ეს ვიცით და დავიწვით შენი საცოდაობით, შენ კიდევ მას იცავო?! - ეს თქვენი საქმე არ არის. ჭორებს ნუ იგონებთ-მეთქი. - თუ ჭორია, ჭორი იყოს, ეტყობა, შენც გამოგაშტერა იმ დედაკაცმაო. სახლში გავიქეცი. დაბოღმილმა გადავწყვიტე, სიმართლე გამერკვია. ერთხელ, როცა დედინაცვალი გამოეწყო და ქუჩაში გავიდა, ჩუმად ავედევნე. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მამას მართლაც დაადგა რქები.

- ეს ამბავი მამას უთხარი, არა?
- ჯერ დედინაცვალს ვუთხარი, - შენზე ყველაფერი ვიცი-მეთქი. სიბრაზისგან გაწითლებულმა მიყვირა: ბოღმავ, რა იციო? არ ვუთხარი, რაც ვიცოდი, მაგრამ ეჭვებში ჩავაგდე. მინდოდა, მეწვალებინა. თან, სიმართლე გითხრათ, მამისთვის სიმართლის თქმას ვერ ვბედავდი. ვიფიქრე, ცოტა დრო გავიდეს და მამას თვალს როგორმე ავუხელ-მეთქი. ერთ დღეს, როცა სამივე შინ ვიყავით, მან ქმარს უთხრა: გავიგე, რომ შენი გოგო შეყვარებულიაო და ის კაცი დაუსახელა, ვისთანაც თვითონ დაეთრეოდა. მამა ლამის გადაირია, - ბაბუისტოლა კაცთან რა გესაქმებაო?! ავყვირდი: მე კი არა, შენი ცოლი დადის იმ კაცის სახლში-მეთქი, მაგრამ ცხადია, აღარავინ დამიჯერა. მამამ საბოლოოდ გამომკეტა სახლში, ეზოს გარეთ ცხვირსაც არ მაყოფინებდა. დედინაცვალი ყოველდღე აბუჩად მიგდებდა და როცა გასართობად მიდიოდა, მიბარებდა: აბა, შენ იცი, კიდევ რამე მოიფიქრე ჩემს გასამწარებლად, რათა მერე კიდევ უფრო მეტად დაგაჭირო წიხლიო.

- ეს ყველაფერი დაუჯერებელია. ნუთუ, ჭორიკანა ქალების ნათქვამი მაინც არ მივიდა მამაშენის ყურამდე? ნუთუ, არ დაინტერესებულა, იმ კაცთან მართლა გქონდა თუ არა რომანი?
- დაინტერესდა და იმ კაცმაც დაადასტურა: ხშირად მოდის ჩემს სახლთან, მდარაჯობს და მერე უკან დამყვება. ეტყობა, მისი ბავშვური გატაცება ვარ და შენს ცოლს ეს ამბავი ამიტომაც ვუთხარი. მრცხვენია, პატარა გოგონა რომ დამდევსო... ჩემს სოფელში ეს ამბავი ყველამ იცის და იწვიან ჩვენი საცოდაობით... რაღაც პერიოდის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მამას ყურამდეც მივიდა ცოლის ღალატის ამბავი და ერთხელაც მოღალატეებს ოთახშიც შეუსწრო. ატყდა ვაი-უშველებელი. ის ქალი თავს არ იმართლებდა. ამბობდა: შტერ კაცს აბა, რა უნდა უყო? ღალატის ღირსი არ იყავი? ჩემ გამო ჯერ მამა გააგდე სახლიდან, შვილსაც სუნთქვა აუკრძალე, ჰოდა, ახლა მოსავალს იმკი. მამა და შვილი არ დაინდე და ცოლს როგორ დამინდობდიო? - ამას ეუბნებოდა ურცხვად და თან, დასცინოდა. მამა ცულით გაეკიდა, ისევ მეზობლებმა იხსნეს ის ქალი. მერე შინ თავის ნათესავებთან ერთად მოგვადგა, - აქაურობა დატოვეთო და მამას რაღაც ფურცელი აუფრიალა ცხვირწინ.

- რა ფურცელი იყო?
- ბაბუს სიკვდილის შემდეგ, მამას სახლი რატომღაც, მის სახელზე გაუფორმებია. ჰოდა, მისი სიშტერის გამო დავრჩით ქუჩაში. ისევ მამიდამ შეგვიფარა. მერე დედინაცვალმა იმ სახლის გაყიდვა რომ გადაწყვიტა, მამიდამ მყიდველები გაუგზავნა, სახლი გამოისყიდა და უკან დაგვაბრუნა, მაგრამ ამ სახლს რა თავში ვიხლით, როცა ადამიანებად აღარ ვვარგივართ?.. მას მერე წლები გავიდა, მაგრამ ის ლაქა, რაც დედინაცვალმა დააჩნია ჩვენს სულს, ვერა და ვერ მოვიცილეთ. ჩვენს ამბავს სოფელში ხშირად უყვებიან ერთმანეთს. დღემდე, ქუჩაში ისე გვაყოლებენ თვალს, როგორც მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს. მეც დავრჩი უსწავლელი, ყოველგვარი პროფესიის გარეშე და ამიტომაც, დღე და ღამე მიწას ჩავკირკიტებ; ვეღარც გათხოვება მოვასწარი, ვერც ახალგაზრდობასა და გართობას გავუგე გემო, ჩემი ბოროტი დედინაცვალი კი უკვე მეორედ, ბედს ეწია. როგორც ვიცი, ვიღაც ბერძენს გაჰყვა ცოლად და ცხოვრობს ფუფუნებაში. მას არც ჩემი წყევლა აუხდა და არც მამას ცოდვამ უწია.

- ასეთი ამბის გამოქვეყნებას ბევრი არ დათანხმდებოდა...
- როცა თქვენს ჟურნალში რამდენიმე ოჯახური კონფლიქტის შესახებ წავიკითხე, მომინდა, ჩემი თავგადასავალიც მომეთხრო. ვინ იცის, იქნებ ვინმესთვის მაგალითიც იყოს ეს ამბავი. მინდა, ყველა მამას, ვისაც გვერდით ცოლი აღარ ჰყავს, ვთხოვო, - ყურადღებით იყავით! პირველ რიგში, შვილს ეცით პატივი და მერე - სხვას. ტყუილად კი არ არის ზღაპრებში დედინაცვალი ბოროტ პერსონაჟად გამოყვანილი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ხშირად - რეალობაა და ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს. ნუ გაიმეტებთ შვილებს დასაღუპავად. მე ვარ მაგალითი იმისა, თუ როგორ გაწირა შვილი ტანჯვისთვის მამამ, რომელსაც ქალმა რქები წარმატებულად დაადგა. მე წამართვეს არა მარტო ბავშვობა, არამედ ახალგაზრდობაც, მომავალი ტკბილი სიბერეც. ვეღარც მეზობლებს ვეკონტაქტები იმის შიშით, რომ წარსულის გახსენება არ მომიხდეს. გაცილებით ადვილია ლაპარაკი ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ იცნობ და რომელსაც ერთხელ გადაუშლი გულს, მერე კი შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერსად შეხვდე... ახლა მე და მამა ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. ის ხშირად მიდის ბაბუას საფლავთან და დასტირის, პატიებას სთხოვს, მაგრამ ეს განა შვებაა უკვე სულგაცლილი ბაბუსთვის? აღარ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ ჩემი ცხოვრება სხვანაირად რომ წარმართულიყო, მეც წარმატებული ადამიანი ვიქნებოდი. ყოველთვის ექიმობაზე ვოცნებობდი და ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომივიდოდა. ერთადერთი რამ, რაც ახლა მახალისებს, ოცნებაა. წარმოსახვაში ხშირად მაცვია თეთრი ხალათი და ჩემი წარმოსახვითი ზღაპარი იცით, როგორ სრულდება? დაახლოებით ისე, როგორც ერთ-ერთ ფილმშია: ჩემთან სამკურნალოდ მოჰყავთ ის ადამიანი, რომელმაც ცხოვრება გამიმწარა, მე კი იძულებული ვარ, გადავარჩინო. ჰოდა, ხან უარს ვამბობ მის გადარჩენაზე, ხანაც - სასწრაფოდ ვიწყებ ოპერაციას... ეტყობა, ბოღმით სავსე ჩემი გული ამ გრძნობისგან გათავისუფლებას ლამობს. ბოლოს და ბოლოს, მე ბოღმიანი არ დავბადებულვარ, ასეთად ცხოვრებამ მაქცია.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
17.11.2014
ჩემზეც რომ ეფიქრა Mამას კარგი იქნებოდა Mაგრამ...
Lუსი
11.11.2014
მწიმე ისტორიაა .რას ვიზამტ დაუნდობელია ზოგჯერ ადამიანის ბედი.მიტუმეტეს როცა საკუტარი ზედმეტად მიმდობი მამის ხელსსჰია ის
rusa
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
"ოჯახური იდილია განაპირობებს წარმატებას ადამიანის ცხოვრებაში..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2088 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი