რო­გორ იქ­მ­ნე­ბა "ე­რუ­დი­ტი"? ის, რაც სტა­ტი­ის მიღ­მა რჩე­ბა - გზაპრესი

რო­გორ იქ­მ­ნე­ბა "ე­რუ­დი­ტი"? ის, რაც სტა­ტი­ის მიღ­მა რჩე­ბა

10 წლის წინ, "გზის" რედაქციას ახალი რუბრიკის იდეა შევთავაზე: ეს იქნებოდა სხვა სტატიებისგან სრულიად განსხვავებული, ერთგვარი ინტელექტუალური "თამაში", სადაც რესპონდენტთან სხვადასხვა სფეროდან წინასწარ მომზადებული კითხვები დაისმებოდა. ბუნებრივია, იმ სირთულესაც ვაცნობიერებდი, ცნობილი ადამიანების დათანხმება რომ გამიჭირდებოდა. მითხრეს, საინტერესოა, სცადე, როგორი გამოვაო და ასე დაიბადა "ერუდიტი".

რუბრიკის სახელი მთავარი რედაქტორის, ზურაბ აბაშიძის იდეა იყო.

პირველი სტუმარი ლეიბორისტი გიორგი გუგავა გახლდათ. "გუგავა მოვა" გაგახსენდათ, ხომ? 10 წლის წინ მივედი გუგავასთან და სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ფეხბედნიერი რესპონდენტი აღმოჩნდა.

თავდაპირველად რუბრიკა ჟურნალის ყოველ მეორე ნომერში იბეჭდებოდა და მკითხველთა მოწონებაც მალე დაიმსახურა. რედაქტორის შემოთავაზებამ, სტატია ყველა ნომრისთვის მომემზადებინა, თავდაპირველად ცოტათი შემაშინა, მაგრამ ეს გამოწვევა მივიღე. დიდი ძალისხმევაა საჭირო, ცნობილი სახე საკუთარი ერუდიციის საჯაროდ გამოტანაზე რომ დაითანხმო. რუბრიკაზე მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა. მათ შორის - ურჩი რესპონდენტების დათანხმების ხერხები, პატარა პროფესიული ეშმაკობები. ბუნებრივია, ჯერ ვერ გავთქვამ, მაგრამ ამის დროც დადგება.

10 წელია, ჩემთვის "გზის" ყოველ ახალ ნომერზე მუშაობა, "ერუდიტის" რესპონდენტის ძიებით იწყება. ეს ყველაზე რთული საქმეა. მინიმუმ 5 ადამიანს მაინც უნდა დავურეკო, ერთი თანხმობა რომ მივიღო. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან სახალისო ამბებიც ახლავს.

შეთანხმებული ინტერვიუდან რესპონდენტი მხოლოდ ერთხელ გამექცა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სხვებსაც ჰქონდათ მცდელობები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

გაქცეულ რესპონდენტზე გიამბობთ: ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახლდათ. ინტერვიუს ჩასაწერად საკანონმდებლო ორგანოში დამიბარა. მე და ჩვენი ფოტოგრაფი, მიშა როსტომაშვილი პარლამენტში დათქმულ დროს გამოვცხადდით, მაგრამ თავად არ დაგვხვდა. სამაგიეროდ, უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ, დამირეკა, მოიბოდიშა, სულ რაღაც 10 წუთით მაგვიანდება, დამელოდეთო. ეს ერთადერთი ზარი და ბოდიში არ ყოფილა, ლამის ყოველ 2 წუთში რეკავდა: უკვე მოვდივარ, უკვე მოგიახლოვდით, ბოდიშს გიხდით, აი, უკვე მანქანიდან გადმოვდივარ, ბოდიშს გიხდით... მოკლედ ათი წუთი ნამდვილად არ მოგვიწყენია. კაბინეტში ავედით, ზამთარი იყო, პალტო ჩამომართვა, შემოგვთავაზა ყავა, ჩაი, რომელი გესიამოვნებათ? მისი თავაზიანობა თავდაპირველად დამაჯერებელი მომეჩვენა, მაგრამ მალე მივხვდი, შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ. მოგეხსენებათ, შესავალში საყვარელ ავტორებზე, ნაწარმობებზე, პერსონაჟებზე ვსაუბრობთ. ეს რესპონდენტიც ლაპარაკობდა. ვერ ვიტყვი, რომ საინტერესოდ, მაგრამ ლაპარაკობდა. აი, კითხვებზე რომ გადავედით, მაშინ კი დამუნჯდა. პირველი კითხვა რომ მოისმინა, მითხრა, პასუხი არ ვიციო. მეორე შეკითხვის შემდეგ მკითხა, სულ ასეთები უნდა მკითხოო? მესამე შეკითხვაზე წარბები შეკრა, სახე შეეცვალა, პასუხი არც მეოთხე შეკითხვაზე იცოდა, არც მეხუთეზე... ეს ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, გავიფიქრე, შესაძლოა, პროტესტის ნიშნად არ მპასუხობს-მეთქი და მორიგი შეკითხვა ჩემი ეჭვის გადასამოწმებლად დავუსვი.

- რა ჰქვია საარჩევნო ყუთში ჩასაგდებ ფურცელს?

- ბიულეტენი, - საოცარი სისხარტე გამოავლინა და უეცრად თვალებიც გაუბრწყინდა.

ამ გამონათებას ისევ მისთვის "გაუგებარი" კითხვები მოჰყვა. მდგომარეობას დიდხანს ვეღარ გაუძლო და უეცრად მითხრა, - დამირეკეს, უნდა წავიდეო. - დაგირეკეს? თქვენს ტელეფონზე ზარი არ შემოსულა-მეთქი. როგორც ჩანს, მიხვდა, უნიჭოდ რომ მოიტყუა და უხერხული პაუზის შემდეგ, ფეხზე წამოდგა, - არა, არა, უნდა წავიდე. მაგიდიდან მობილური ტელეფონი, გასაღები აიღო, კაბინეტიდან გავიდა და კართან გველოდებოდა, მე და მიშაც რომ გავსულიყავით. ჩვენ არ გავდიოდით. ავუხსენი, რომ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა, რომ ეს ინტერვიუ მეორე დღისთვის მზად უნდა მქონოდა, მაგრამ... წავიდა და დაგვტოვა. ვინაობას არ ვასახელებ, რადგან დღეს ის საჯარო პირი აღარ არის. პოლიტიკიდანაც ისე გაიქცა, როგორც - ინტერვიუდან.

- კითხვებით ჩემს ერუდიციას ამოწმებთ, ამან შეიძლება ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენოს... მერჩივნა პოლიტიკაზე გვესაუბრა. - ინტერვიუს შეწყვეტა "ქართული პოლიტიკის" ლიდერმა, გოჩა ფიფიამაც სცადა, შემდეგ კი "შეტევაზე" გადმოვიდა:

- თუ იცით, დავით აღმაშენებელი რომელ წლებში მეფობდა?

- ამას რატომ მეკითხებით?

- ისე, არ შეიძლება?

- რომ არ იფიქროთ, ჩამჭრელი შეკითხვა დამისვით, გიპასუხებთ, - 1089-1125 წლებში.

პასუხით აშკარად უკმაყოფილო დარჩა, შემდეგი "ჩამჭრელი" შეკითხვის დასმა აღარც კი უცდია.

რესპონდენტებით სასიამოვნოდ გაოცებულიც ხშირად დავრჩენილვარ, მაგრამ არასდროს დამავიწყდება წინადადებები: "ანსამბლ ჯაზს ვუსმენ", "მურვან ყრუ თუ რა გვარი იყო?" სხვათა შორის, ამ "მარგალიტების" ავტორიც ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარი იყო.

ვრცელია იმ რესპონდენტთა ჩამონათვალი, რომელიც რუბრიკაში ჩაწერაზე დღემდე ვერაფრით დავითანხმე. მათი უმეტესობა ისეთია, ვფიქრობ, "წლის ერუდიტიც" შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ... რა არგუმენტები აღარ მომისმენია: "იმიჯს, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი, 10 წუთში დამინგრევ", "ოღონდ "ერუდიტი" არ მიხსენო და სხვა ნებისმიერ თემაზე დაგელაპარაკები". "შენ ძალიან საშიში ხარ", "ეგ "გზაში" ყველაზე სანერვიულო რუბრიკაა"...

GzaPress

მსახიობი გიორგი მარშანია იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა. როცა დავურეკე, მისმა რეაქციამ გამაკვირვა, - უი "ერუდიტში" უნდა ჩამწერო? მიხარია. შეხვედრის დროს კი "სიხარულის" მიზეზი ასე ახსნა: - "განა იმიტომ მიხარია, რომ ძალიან დიდი ერუდიტი ვარ და ყველა კითხვას პასუხს გავცემ. რომელ კითხვაზეც პასუხი არ მეცოდინება, შემრცხვება. მომავალში მეტის წაკითხვასა და ცოდნის შეძენას შევეცდები. რომ გითხრა, ჟურნალებს ხშირად ვკითხულობ-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ "გზაში" ამ რუბრიკას წაუკითხავს არასდროს ვტოვებ. იმასაც ვაღიარებ, რომ ბევრი რამ მისწავლია".

"რომ მცოდნოდა, ამ რუბრიკისთვის მწერდი, არ შეგხვდებოდი", - ის ფრაზაა, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის.

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის ინტერვიუდან თავის დაღწევის მცდელობამ ძალიან გამახალისა. შეხვედრაზე ისე დამთანხმდა, არც უკითხავს, რა თემაზე უნდა გვესაუბრა. როგორც კი რუბრიკის დასახელება გაიგო, თავში ხელი შემოირტყა. ბევრი ეცადა, მაგრამ თავიდან ვერაფრით მომიშორა. განსაკუთრებით ლუდის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის არცოდნამ "გაანერვიულა".

- რა იყიდება მსოფლიოში ცნობილ "სოთბის" და "კრისტის" აუქციონებზე?

- (დედას ეძახის) დედა!!! გააცილე რა ჟურნალისტი (იცინის)... სულ ეგეთები უნდა მკითხო?

ჰო, კიდევ ერთი შემთხვევა გამახსენდა და ამასაც გიამბობთ: ჩემმა კოლეგამ, ეთო ყორღანაშვილმა მითხრა, ამ რუბრიკაში რესპონდენტებს როგორ წერ, ძალიან მინდა, ერთხელ ინტერვიუზე დაგესწროო. იმ საღამოს ერთ სამოქალაქო აქტივისტთან შეხვედრაზე ვიყავი შეთანხმებული. დღეს ის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის პიარის სამსახურს ხელმძღვანელობს. მარტივად რომ გითხრათ, თავი არაკომფორტულად იგრძნო. ოღონდ ახლა მე შემეშვი და თუ გინდა, გოგა ხაინდრავას შეგახვედრებო. ბატონ გოგასთან იმ დღეს თავად მქონდა დარეკილი და ვიცოდი, თბილისში არ იყო. დავინტერესდი, კიდევ რა შეთავაზებებს მოიფიქრებდა, - დარეკე-მეთქი. - ქალაქიდან გასული ყოფილა, - ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა. მას შემდეგ რამდენიმე კანდიდატურა კიდევ შემომთავაზა. ის პერიოდი იყო, გია გაჩეჩილაძე "საკანში" რომ იჯდა. "მაესტროში" წავიდეთ, გიას ჩაგაწერინებო; წყნეთში წავიდეთ, მეგობრები მწვადის შეწვას ვაპირებთ და ჩვენთან ერთად იყავიო... მოკლედ, ძალიან ბევრი იწვალა, მაგრამ ვერ "მომქრთამა". დაჩი ცაგურია, წლების შემდეგ მოგიკითხავ, ეს ყველაფერი გახსოვს? უნდა ვაღიარო, კარგი რესპონდენტი იყავი და თავის დაძვრენას რატომ ცდილობდი?

წლის განმავლობაში 52 ნომერი გამოდის და იმდენი "ერუდიტი" მაქვს დაწერილი, რამდენიც 10-ისა და 52-ის ნამრავლია. ვაღიარებ, ეს რუბრიკა მხოლოდ რესპონდენტებისთვის კი არა, ჩემთვისაც დიდი წვალებაა. მიუხედავად იმისა, რომ "გზაში" სულ 4 საავტორო რუბრიკა მაქვს, "ერუდიტი" გამორჩეულად მიყვარს. ჟურნალი ამ რუბრიკის გარეშე ძალიან იშვიათად თუ გამოსულა. ასეთ დროს კი მკითხველს რედაქციაში დაურეკავს და საყვედური უთქვამს. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა საყვედურიც კი სასიამოვნო მოსასმენია.

ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით დავწერე, დეტალების გახსენებით, 10 წლის ერთ სტატიაში ჩატევა შეუძლებელია. წლის შემაჯამებელ სტატიას ყოველი წლის ბოლოს ვამზადებ. დასმულ შეკითხვებზე სწორად გაცემული პასუხების რაოდენობის მიხედვით, ვავლენ "წლის ერუდიტს", "ანტიერუდიტს", ყველაზე მხიარულ, ბუზღუნა, დაბნეულ, შარიან რესპონდენტებს და მათ სამახსოვრო საჩუქრებს გადავცემთ. "წლის ერუდიტები" ყოველთვის მოდიან, წლის "ანტიერუდიტები" - იშვიათად. ესეც გასაგებია. "ანტიერუდიტებიდან" გამორჩეულად ხალისიანი დიზაინერი ბიჭოლა იყო. რომ დავურეკე და ეს ამბავი ვუთხარი, ძალიან გახალისდა. მერე კი რედაქციაში კუთვნილი პრიზის წასაღებადაც მოვიდა. - წლის "ანტიერუდიტი" მოვედი, ჩემი პრიზი სად არისო? შინ "დედა ენით" ხელდამშვენებული დაბრუნდა.

წლების განმავლობაში, "წლის ერუდიტების" ჩამონათვალი ასეთია: გია თორთლაძე, ირაკლი ღვალაძე (ის ერთადერთი მინისტრი იყო, რომელიც ამ რუბრიკაში ჩაწერაზე დაგვთანხმდა), კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად ქორიძე, 12 წლის ცოტნე გვასალია, გია ცაგარეიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ბაქრაძე, 2015 წელს, თანაბარი ქულებით დიმა ხვთისიაშვილი და კრისტი ყიფშიძე, დავით ველიჯანაშვილი. წელს 50 რესპონდენტს შორის საუკეთესო მსახიობი პაატა კიკვაძე გახლდათ.

დაბოლოს, მადლობა თქვენ ყველას, ვინც კითხულობთ ჟურნალს და "გზაში" "ერუდიტს" ელოდებით.

ბედნიერ 2018 წელს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე