"ქეთო და კოტეს" გადაღებაში გათენებული ღამეები და დაუვიწყარი მედეა ჯაფარიძე
font-large font-small
"ქეთო და კოტეს" გადაღებაში გათენებული ღამეები და დაუვიწყარი მედეა ჯაფარიძე
ჩვენ გასული საუკუნის შედევრს, რეჟისორების, ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მიერ 1948 წელს გადაღებულ "ქეთო და კოტეს" - პირველ ქართულ მუსიკალურ მხატვრულ ფილმს გავიხსენებთ.
ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფიდან, ფაქტობრივად, აღარავინაა ცოცხალი, თუმცა... მართალია, მსახიობები - არა, მაგრამ ორი ადამიანი, და-ძმა მაინც აღმოვაჩინეთ, მათგან ერთ-ერთი, ქალბატონი დუდანა ალაშვილი 70 წლისაა და ხალისით იხსენებს ბავშვობის საუკეთესო მოგონებას:

GzaPress- ფილმის გადაღებისას, 4-5 წლის ვიქნებოდი. როგორ მოვხვდი? ბებიაჩემი - ოლიკო ყიფიანი კინომსახიობი იყო და "ქეთო და კოტეში" მჭედლების დედის როლს ასრულებდა. ამ წუთას სხვა ფილმებს ვერ ვიხსენებ მისი მონაწილეობით, მაგრამ "ქეთო და კოტემდე" "ჯურღაის ფარში" რომ მონაწილეობდა, ვიცი. რეჟისორს, ვახტანგ ტაბლიაშვილს მასობრივ ეპიზოდებში ბავშვები დასჭირვებია და სხვებთან ერთად ბებიაჩემისთვისაც უთხოვია, შენი პატარა შვილიშვილები მოიყვანეო. ასე აღმოვჩნდით მე და ჩემი ძმა - ალეკო გადასაღებ მოედანზე. ერთ-ერთი მასობრივი ეპიზოდის გადაღება იმჟამინდელ პიონერთა სასახლეში მწარედ დამამახსოვრდა - დაუვიწყარი ეპიზოდია, ე. წ. მასკარადი რომ მოაწყვეს ხანუმამ, სიკომ და ნიკომ მაკარის სასახლეში და ქეთოს გასაცნობად მისული თავადი ლევანი და მისი ამალა რომ გააბითურეს. ქაბატოს გასროლის შემდეგ შეშინებული სტუმრები ხომ თავქუდმოგლეჯილი გარბიან? ჰოდა, მე და ჩემი ძმაც მათთან ერთად მოვრბოდით კიბეებზე. ამ აურზაურში ფეხი დამიცდა, წავიქეცი და თავი დავარტყი კიბის საფეხურს. რასაკვირველია, შუბლი გამისკდა, სისხლიც თქრიალით წამომივიდა და ყველა მომცვივდა: რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობები. დამეხვივნენ, მეფერებოდნენ, მერე ხელში აყვანილი გამიყვანეს. მართალია, თავი ძალიან მტკიოდა, მაგრამ ასეთი გამორჩეული ყურადღება აშკარად მესიამოვნა. ხომ ამდენი ადამიანი მონაწილეობდა ფილმში? - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი მედიკო ჯაფარიძე იყო. ალბათ იმიტომ, რომ ეს ულამაზესი ქალი ყოველთვის განსაკუთრებულად მეალერსებოდა. ისე მომწონდა მისი კაბა, თეთრი, ფუმფულა საყელოთი, მივუცუცქდებოდი ხოლმე, ჩუმად ვაპარებდი ხელს ბეწვისკენ და ვუთათუნებდი, ვეფერებოდი. რამდენჯერ უთქვამს, ჩემი ეპიზოდის გადაღებას რომ დავასრულებ, ბაღში დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. რაც მთავარია, დანაპირებს ყოველთვის მისრულებდა. წარმოგიდგენია, ეს ჩემთვის რას ნიშნავდა?

GzaPress- რაზე საუბრობდით?
- რაღაც ამბებს მიყვებოდა... რა ვიცი, რა მახსოვს - მაშინ 4-5 წლის ვიყავი და ახლა 70-ის ვარ (იცინის)... ბებიაჩემი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო და ვგრძნობდი, მთელ შემოქმედებით ჯგუფს უყვარდა. მე კი ის მიხაროდა, ბებიას ჩემზე რომ ეუბნებოდნენ, - ოლია დეიდა, რა კარგი შვილიშვილი გყავთ, რა ჭკვიანი გოგონააო. ნეტავ, იმხანად რა ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი, პატარა ბავშვი? ახლანდელი ბავშვები სრულიად განსხვავებულები არიან და მათზე კი შეიძლება ამის თქმა, მაგრამ - ჩვენზე (იცინის)?

- ამდენი ლამაზი ადამიანი მიმოდიოდა ირგვლივ, გადასაღებ მოედანზე. ალბათ, გულმოდგინეთ აკვირდებოდით, რა ეცვათ, როგორ დადიოდნენ, რას ამბობდნენ, რას აკეთებდნენ...
- მახსოვს, თვალს ვერ ვაცილებდი მოცეკვავეებს. ულამაზესი სანახაობა იყო. ხშირად ძალიანაც ვიღლებოდით მე და ჩემი ძმა, რადგან ღამითაც გვიხდებოდა იქ დარჩენა. რამდენჯერ ბებიას კალთაში ჩამოგვიდევს თავი და ჩაგვძინებია, ვიდრე ჩვენი გამოსვლის ჯერი დადგებოდა.

- კონკრეტულად რა კადრებში გადაგიღეს?
- ყველა მასობრივ კადრში, განსაკუთრებით, წვეულებების გადაღებისას. ბებია ასაკოვანი კი იყო, მაგრამ როგორც თავადის ქალს შეეფერებოდა, ჩინებული მოჯირითე გახლდათ. ამიტომ ცხენოსნებთან ერთად მასაც ყოველთვის ეძახდნენ. შესაბამისად, ჩვენც არ გვტოვებდნენ უყურადღებოდ და გადაღებისას ხან ვინ მოგვისვამდა ხოლმე ცხენზე, ხან - ვინ... მეც და ალეკოსაც ტრადიციულად, ქართულად გვეცვა: მე - ქართული კაბა, ჩემს ძმას - ჩოხა-ახალუხი. კინოსტუდიას საკუთარი საბავშვო ბაღი ჰქონდა და ფილმში ჩვენთან ერთად იმ ბაღის მასწავლებელიც გადაიღეს, რადგან ჩვენ გვპატრონობდა.

- სამწუხაროდ, იმ ულამაზესი და უსაყვარლესი მსახიობებიდან აღარავინაა ცოცხალი. რით დაგამახსოვრეს თავი?
GzaPress- მედეაზე აღარაფერს ვამბობ - ის ჩემი რჩეული იყო (იღიმის). ყოველთვის გადასაღებ მოედანზე ტრიალებდნენ და კარგად დამამახსოვდნენ ვასო გოძიაშვილი და გიორგი (ჟორა) შავგულიძე - სიკო და ნიკო. მით უფრო, რომ ბებიას ნათქვამი ჰქონდა, ესენი ძალიან კარგი მსახიობები არიანო. გაფართოებული თვალებით ვაშტერდებოდი ხოლმე. ხშირად ქილიკობდნენ, ოხუნჯობდნენ. ჟორა შავგულიძე მაღალი კაცი იყო და ძალიან ლამაზი, სულ გარბოდა-გამორბოდა, თითქოს ეჩქარება სადმეო. ვასო გოძიაშვილი კი მუდამ "შპილკაობდა". მაშინ ამას რას მივხვდებოდი, მაგრამ უფროსების კომენტარები ხომ მესმოდა? დღეს რომ ვაანალიზებ მათ ნათქვამს, ვხვდები, როგორც ჩანს, ვასოს ცოტა მწარე ლაპარაკი უყვარდა. ჟორა კი ძალიან უშუალო და კეთილი იყო და ამიტომაც მომწონდა გამორჩეულად... კოტეს როლის შემსრულებელი, ბათუ კრავეიშვილი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა გადაღებაზე. მოირბენდა, თავის კადრებს გადაიღებდა და გარბოდა. ქაბატო (მერი დავითაშვილი) და ხანუმა (თამარ ჭავჭავაძე) კი კარგად მახსოვს. ქაბატო რატომღაც არ მიყვარდა, წუნკალი ქალის შეხედულება ჰქონდა (იცინის). ალბათ როლიდან გამომდინარე მრჩებოდა ასეთი შთაბეჭდილება. ხანუმა კი ფაშფაშა და ხალისიანი ქალი იყო, ძირითადად, რუსულად ლაპარაკობდა და ხშირად მეფერებოდა, ამიტომ ძალიან მომწონდა. თავადი ლევანის როლის შემსრულებელი პეტრე ამირანაშვილი ძალიან წარმოსადეგი და ხმაურიანი კაცი იყო. მახსოვს, მუდამ ამაყად თავაღერებული და სიმღერით-სიმღერით დაიარებოდა. ხანდახან მსახიობებს თუ გაეხუმრებოდა ხოლმე, თორემ ჩვენ, მგონი, ვერც გვამჩნევდა, რადგან არასდროს მოგვფერებია.

- თქვენ და თქვენი ძმა ფეხებში არ ედებოდით მსახიობებს, არ ცელქობდით?
- არა, რადგან ბებია მკაცრი და მოწესრიგებული ქალი იყო. წინასწარ გვარიგებდა, არავის შეაწყინოთ თავი და მხოლოდ მაშინ ილაპარაკეთ, როდესაც რაიმეს შეგეკითხებიანო. ამიტომ მივსხდებოდით ხოლმე ჩვენთვის, კუთხეში და ვიდრე არ დაგვიძახებდნენ, ადგილიდან არ ვიძროდით. ერთადერთი, გითხარი კიდეც, მედეას ვეტმასნებოდი ხოლმე, რადგან ჩაცმულობითაც და გარეგნობითაც აღმაფრთოვანებდა და რაც მთავარია, თვითონაც მაძლევდა ასეთი სიახლოვის საშუალებას. ხომ პატარა ვიყავი და მას შემდეგ ამდენი წელიწადი გავიდა? - ახლაც თვალწინ მიდგას ქეთოს პეტერბურგიდან შინ დაბრუნების ეპიზოდის გადაღება, მედეა რომ შემორბის სასახლეში... ულამაზესი იყო... საუცხოო... მახსოვს კიდევ, ფილმის რეჟისორს, ვახტანგ ტაბლიაშვილს ვუყვარდი ძალიან. საოცრად თბილი კაცი იყო და მუდამ ხელჩაკიდებული დავყავდი. განსაკუთრებით მას შემდეგ მპატრონობდა, შუბლი რომ გავიტეხე.

GzaPress- კანფეტები არ მოჰქონდათ თქვენთვის?
- უი, არა... იმხანად ისეთი გაჭირვება იყო, კანფეტი ვის ჰქონდა! მახსოვს, ბებია ერბოკვერცხს გააკეთებდა ხოლმე, პურის ორ ნაჭერში ჩადებდა (ანუ ბუტერბროდის "წინაპარს" ამზადებდა), ქაღალდში გადაახვევდა და საგზლად მოჰქონდა ჩვენთვის, გადაღებებს შორის, შესვენებაზე რომ გვეჭამა. განა არ ვიღლებოდი, მაგრამ რა უნდა მექნა? ხანდახან კი ვეტყოდი ხოლმე ბებიას, - დავიღალე, წავიდეთ-მეთქი, მაგრამ მომეფერებოდა და, - კალთაში ჩამიდე თავი და დაისვენეო, - მირჩევდა.

- ჰონორარი გადაგიხადეს?
- აბა რა... ალბათ ესეც იყო მიზეზი, საწყალი ბებიაჩემი რომ წვალობდა და ჩვენც თან დავყავდით გადაღებებზე. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი გადაგვიხადეს, მაგრამ ომის შემდგომი პერიოდი იყო და ჩემი და ალეკოს ჰონორარი ცოტათი მაინც წაადგებოდა ჩვენს ოჯახს.

- ფილმის პრემიერას დაესწარით?
- სად იყო პრემიერა? იმხანად ძალიან ცუდი პერიოდი იყო და მეეჭვება, პომპეზური ჩვენება მოეწყოთ... ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი მახსოვს. ერთადერთი, მეხუთე კლასში სწავლისას რომ ვუყურე ფილმს, იმან მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. მას შემდეგ, ყოველი ნახვისას, მუდამ ახალ-ახალ აღმოჩენას ვაკეთებდი და უფრო და უფრო მომწონდა. და რაც მთავარია, მეამაყებოდა და დღემდე მეამაყება, რომ საქართველოს საუკეთესო და ულამაზესი არტისტების გვერდით ვიყავი და ამ შესანიშნავი ფილმის ისტორიაში ერთი ციცქნა ადგილი მაინც მერგო (იღიმის).
მარიამ ლეჟავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2142 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი