საახალწლო პრასი - გზაპრესი

საახალწლო პრასი

იმ სოფელში, სადაც მარინა დაიბადა, ყველა ისეთი მშრომელია, სიზარმაცე რაა, არც იციან. უნაყოფო მიწა იმდენად გულუხვი მაინცაა, რომ ადრიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სარჩოს არ აკლებს გამრჯე გლეხობას.

მარინა ოდნავ სახეშებრტყელებული და ქერა ახალგაზრდა ქალია. თვალების ფერი ზუსტად ემთხვევა მისსავე თხების თვალის ფერს და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ თხებს მარინას ფერი ბეწვი აქვთ! ამ ბეწვს რატომღაც იმ სოფელში ბანალს ეძახიან, თუმცა, ყველამ იცის, რომ ბალანია სწორი! ფხლის სეზონი რომ მოილევა, მერე იწყება ახალი ტყემლის დრო! ტყემალს ნიგოზი არ სჭირდება, მაგრამ ომბალოა საჭირო, ნიორი და ისევ ქინძი! ქინძი კი ისევ ფოთოლშეხუხული უნდა იყოს, ოღონდ არა ყინვით, არამედ _ ადრეული გაზაფხულის მზით. ამ სოფელში ყველა ცდილობს, ბოსტანი კეცივით აყუდებულ სამზეოზე გააკეთოს, ადრიანი მზე ადრევე "მოაკვიტინებს" ბოსტნეულს და ეს უკვე ბიზნესია! მერე გაზაფხულის მწველი სხივები ცოტათი კი წააჭკნობს ხოლმე ფაქიზი მწვანილის ფურცლებს, მაგრამ "გემო მაგას აქვს!"

ჯერ კიდევ წყალწყალა კურკა ვიდრე აქვს ტყემალს, მანამდე უნდა მოასწრონ და გაყიდონ უმჟავესი ნაყოფი. ზოგ ტყემალს ისეთი სიმჟავე აქვს, ბულბულსაც რომ ააჩხავლებს. აქაურები დაკვირვებული არიან _ თუ ნაყოფი წაგრძელებული და სუსტყუნწიანია, ძალიან მჟავე გამოდის საწებელი, თუ მრგვალი ნაყოფი აქვს ტყემალს, "ქე იქნება ბადაგივით". როცა დედაკაცობა სწორედ იმ წაგრძელებულ ტყემლებს გაყიდის ქინძის, ნივრისა და ომბალოს პატარა კონების თანხლებით, იქვე უვიც ქალაქელ კოხტაპრუწა ქალებს საწებლის მომზადების წესს ასწავლიან ისე, თითქოს მხოლოდ მათთვის გაიმეტეს საიდუმლო რეცეპტი:

"ამ ტყმლებს (და არა ტყემლებს) რო გაახაჩხაჩებ წყალში, მერე ქვაბში უნდა ჩაყარო, ემალი ჯობია, ალუმინის იწამლება! ერთ ჭიქა წყალს უზამ, წამოათუხთუხებ ერთს, მეტი არ მოგივიდეს, თუ არა, კურკის გემო გამოჰყვება! მერე გააცივებ, საჩხაკზე დაყრი, წვენს გამოაცლი და მაშინვე გადაღვრი! საჩხაკზე რო მოჩხაკავ ამათ, მერე როდინში დანაყული ქინძი, ნივორი და ომბალო უხთება ნამეტანი. ა, აგერ, პაწია კონა კლდის ქონდარსაც გაჩუქებ, ძაან აკეთილშობილებს, მარა ზედმეტი არ მოგივიდეს! გაჩხაკულს ხამი წყალი უნდა დაასხა, აურევ, დაურევ, ცოტა პიმპილაი და მარილი, მერე ჭამით ვერ გაძღები!" _ ესაა ის რეცეპტი, ზოგიერთ დიასახლისს რომ ქართული სამზარეულოს ყველაზე დიდი საიდუმლო ჰგონია! ისე, ეს ტყემლის გამყიდველი დედაკაცობა ერთობ გამომწნილია კლიენტის აღმოჩენა-გამოჭერაში. ბრიყვებს ამ რეცეპტით მოთაფლავენ, გამოცდილებას ოდნავ მეტ მწვანილს წაუმატებენ და ბედნიერები არიან გამყიდველებიც და მყიდველებიც. მინახავს, როგორ მოჰქონდა ერთ ახალგაზრდა დიასახლისს თავი იმით, რომ მარინასგან ყიდულობს მუდამ ჯანმრთელ გარემოში მოყვანილ ფხალეულს, ეკალას, ტყემალს, დონიკა ბებიას სახესავით კანდამჭკნარ ვაშლს, მზისფერ კარალიოკებს, გულდათოლხოვებულ ხურმას, ჭიაშეპარებულ ბალს, ათასგვარ ბოსტნეულს და ჰყავს ოჯახი კმაყოფილი, ბედნიერი და მაძღარი! იქვე დაურთავს, რომ თურმე, ეს ყველაფერი ნამდვილი მენდელეევის ტაბულაა _ ე.ი. ყველა საჭირო ელემენტია ამ პროდუქტებში (სავარაუდოდ, ვერცხლისწყლის და დარიშხანის არსებობა არ უნდა იცოდეს დიასახლისმა!), ტყემალი ვიტამინებით სჯობს ლიმონს, კარალიოკი _ ქათმის კვერცხს, პრასი და ფხალეული ხომ ჯანმრთელი მომავლის წინაპირობაა!

მარინა ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია. უფროსი და ქუთაისში სწავლობდა ტექნიკუმში და იქ ვიღაც ბედოვლათი გაიცნო. მთავარი ის იყო, რომ ქალაქში გათხოვდა, გორაზე. მართალია, გორაც აღარ ეთქმოდა იმ უბანს, მაგრამ გორა მართლა იყო ასავლელი, მერე გადასავლელიც და პატარა ეზოში ჩაკარგულ პატარა სახლში ოჯახი მოიწყო! ეს მაშინ არ იყო პატარა საქმე... ძმა რკინიგზელია და ისეთი მაღალი ცოლი შეირთო, იმხელა მარტო კაკლის საბერტყი ჯოხი თუ მინახავს. ხარაგაულის რომელიღაც სოფლიდან იყო რძალი, ცოტა მიმოხრაში უჭირდა, მაგრამ ტყემალს ისე გაკრეფდა, ხეზე წამლადაც არ ტოვებდა. საბერტყელას ეძახდნენ მეზობლები ჩუმ-ჩუმად, თან ფხუკუნებდნენ, _ არ გაგვიგოს, თორემ პანტაზე სარეცხივით გაგვფენსო. საბერტყელას მინდვრის ფხალეულის შეგროვება უჭირდა, ვიდრე წელში მოიხრებოდა და გაიმართებოდა, ნახევარი დღე უკვე გასული იყო, ამიტომ მარინა იყო ფხალ-ბოსტნეულზე მიგეზებული, ხილის კრეფაზე _ რძალი.

დრო გადიოდა, მარინას შებრტყელებული სახის გამო გამოცდილი მაჭანკლებიც კი ისე უვლიდნენ გვერდს. მარინა მიხვდა, რომ ფუცია მაჭანკალიც არ იღებდა თავის თავზე მის დაქორწინებას და დის მაგალითით იმედმიცემული თავად შეუდგა ბედის ძიებას.

ერთხელაც, მატარებელში, ყველა ადამიანს რომ ვაგონი თავის ჭკუაზე აქანავებდა, ქალაქიდან მომავალ მარინას ერთი თმააჩეჩილი ახალგაზრდა კაცი მოხვდა თვალში. ბადიაში კომბოსტოს სამი თავი, ორი პური და ტომატის ქილა ეწყო კაცს. "მეოჯახე იქნება ეს უბედური, მარა მოუვლელია, სამოსი ისე მიუყრია ტანზე, თითქოს "ვეშოლკას" შორიდან ესროლეს შარვალიც და ბლუზაც, თუ უცოლოა, ეგ ხელიდან არ უნდა გამექცეს!" _ იფიქრა მარინამ და იმ კაცის გვერდით ჩამოსკუპდა. კოხტა, საბაზრო ჩანთა ისე ჩამოდო გვერდით, რომ განჯღრევისთანავე სკამიდან ძირს გაადინა ტყაპანი. კაცი წამოხტა, აიღო და ჯენტლმენურად მიაწოდა ქალს შეწუხებული სახით. "გასატეხი იყო რამე შიდა?!" _ იკითხა კაცმა. მარინამ ყურების გასწვრივ თმა ჩამოისწორა, გაიღიმა და არაფერია გასატეხიო, უპასუხა.

მომდევნო საბაზრო დღეს ისევ დაემგზავრნენ ერთმანეთს და მარინა დიდი ხნის ნაცნობივით მიუსკუპდა გვერდით ვალოზის. უცნაური სახელი ძლივს დაიმახსოვრა ქალმა, მაგრამ ეს არაფერი, მთავარია, ახლა გეგმა შემუშავებულიყო სწორად. როგორღაც მოახერხა და სრულიად უადგილოდ შეაპარა კაცს თავისი სახელიცა და სიმარჯვეც.

არ გაუვლია დიდხანს და მარინას სახლს იმ სოფლიდან გამოცდილი ეთერა მაჭანკალი მოადგა. ფრიად სახელგატეხილი იყო ეთერა. სოფლის ბიჭბუჭობა ქირქილებდა, სასიძოებს პირველად თავის საწოლში ცდის და ტემპერამენტის მიხედვით ურჩევს საცოლეებსო; იმასაც ამბობდნენ, იმდენ ოსტატურ ტყუილს ამბობს, თავადაც სჯერა ზოგჯერო.

მარინა ამას უკვე აღარ ჩიოდა, ვალოზის ისე მივხედავ, ისე გამოვაბრწყინებ, მთელი სოფლის გაუთხოვრები შურით სკდებოდნენო. რკინიგზაში მუშაობს, კარგი ხელფასი აქვს, "დვარეცი" უდგას სოფელში, მოხუცი მშობლები ჰყავს, დღეს თუ ხვალ მარილზე გავლენ ანუ წერილს წაიღებენო და ათასი რამ თქვა ეთერამ.

საბერტყელას მსგავსმა რძალმა თქვა, _ ოჯახი თუ არ ვნახეთ, სად მყავს გადასაგდები მული მეო? მაგრამ ეთერამ მარინას ოსტატურად ჩასჩურჩულა, მაგას არ უგდო ყური, თავისი ოჯახის მოსამსახურედ უნდევხარ და ჭკუა დაატანე საქმესო. ამის თქმაც არ უნდოდა მარინას, ქმარი უნდოდა და წამოაყრანტალა: ვიცი, ვინცაა, მე ვთანხმდებიო. მომდევნო შაბათს დათქვეს ნიშნობა. მზე ახალი ამოწვერილი იყო და საპატარძლოს უკვე სუფრა გაეწყო. ნასუქები ვარიები, წითელი ღვინო, მწვანილი, მწნილი და ხილი ამშვენებდა მაგიდას. თეთრ ტილოში გადახვეული ხაჭაპური, ჭადი და თონეულები სითბოს ინარჩუნებდა სასიძოს მოლოდინში.

შუადღეზე, როცა მზე უკვე "იკბინება", ეთერა ისე შემოვიდა ეზოში, თითქოს და ოჯახის ყოველდღიური სტუმარი იყო. მოჰქონდა მხრებით ჰაერი და უკან მოსდევდა სასიძო ორი ნათესავით. ხელის ჩამორთმევა, აქეთ-იქიდან თვალის გაპარება დამხვდურ-მოსულების, დაბრძანდი, მიირთვი, გედეიღე სანამ ცხელია და მისთანანი ხშირად ისმოდა სუფრასთან. ბოლოს ამოალაგეს ნიშნობის ბეჭედი, ლაკის ტუფლები, თეთრი წინდები, წელში გამოყვანილი, მანჟეტიანი ფერადი კაბა. ამ დროს უკვე მარინა მეცხრე ცაზე დაფრინავდა. რაღას უნდა ვუცადოთო და ეზოს წინ გაჩხერილი "პობედისკენ" წააკუნკულეს. ვალოზიმ ეთერა მაჭანკალი მძღოლის გვერდით დასვა, თავად ნათესავებიანად უკან ჩაეკვეხა, ოღონდ პირველად პატარძალი შეაბრძანა, მერე თავად შეიძუძგა და გასჭყივლა ნათესავებს ცალყბად, თუ მოდიხართ, წამოდითო...

მილახლახებდა მანქანა და მარინა უკვე ოჯახის გეგმებს აწყობდა. ორი გოგო და ერთი ბიჭი საკმარისია, გზაზე უნდა დაყენება შვილების, სახლიც მისახედი ექნება და კარიც... დედამთილ-მამამთილიც სათანადოდ დასაფასებელი!

არც გაუგია, როგორ გაიარა ამხელა გზა, რადგან გვერდით თავისი ვალოზი ჰყავდა. სოფელში სიძეს ვალოდიად გააცნობს ხალხს, აბა, ვალოზის ვინ დაიმახსოვრებს?! ეზო მოზრდილი იყო, მის ბოლოში ორი კოლოფი იყო ერთმანეთზე შედგმული: ესეც ორსართულიანი სახლი! დერეფნის ფანჯრებში ზოგან მინა იყო, ზოგან ფიცარი და ერთგან კიდევ ბალიში! გამოცუხცუხდა მრგვალი, დაბალი და თავწაკრული ქალი, _ მოდი, შვილო, მოდიო და ჩაიხუტა გულში მარინა. პირის დაღებისთანავე მორიგეობით ამოკლებული კბილის სიცარიელეები რაღაც ტრაგიკომიკურ შესახედაობას აძლევდა მოხუცს. იშვიათი იუმორი ჰქონდა დედაბერს: კბილები აღარ მაქვს, ასე რომ, რძალს დედამთილისგან კბენის არ შეეშინდესო. მამამთილი წელში მოხრილი კაცი იყო, უხმოდ გადაკოცნა რძალი და შელაგდნენ სახლში მიმსვლელ-დამხვდურნი.

აქ კი მარინას ეუცნაურა სიღატაკე. ჭიანაჭამ კედლებსა და იატაკს ქალის ხელი აკლდა, მაგრამ ვერც ერთი ქალის ხელი იმ სიძველეს ვერ დაამარცხებდა, მოუწესრიგებლობას რომ ახლდა. პატარა სუფრასთან მიმყოლებმა ორიოდე ჭიქით დალოცეს წყვილი და გაქრნენ. "აქ ყველაფერს უნდა მივხედო, მარტო ეს საცოდავი კი არაა მისახედი", _ იფიქრა მარინამ. მეორე დილით, დედამთილს ახალი დაჭყლეტილი რომ ჰქონდა თვალები, მარინა უკვე ალაგებდა, აწესრიგებდა და გეგმავდა ყველაფერს...

ბოსტანი, ხეხილი, ყანა და ვენახი იმავე დღეს გადაამოწმა, სადღაც ეკლები გაჩეხა, სადღაც მიწა ამობარა, საქათმეში შეიჭყიტა, მოსაგებად გამზადებულ ძროხას ცური დაუზილა. ერთი კვირის მერე სახელმწიფო ბანკში მივიდნენ, სესხი აიღეს და მშენებლებს მოურიგდნენ. ვალოზი კი წუწუნებდა, ამ სესხს როგორ გავისტუმრებთო, მაგრამ მარინა რისი მარინა იქნებოდა, თუ რამეს შეუშინდებოდა? გაგეცინებათ და მერე, რამდენიმე წელში, საბანკო ვალი ერთი ინდაურის ფასად გამოიქვითა _ საბჭოური მანეთის კურსი დაეცა...

მომდევნო გაზაფხულის პირზე შებრტყელებულ ყვითელ სახეზე ლაქები გაუჩნდა მარინას, ნამზითევ თხას _ თიკნები, უშობელს _ ხბო. ბოსტანში 17 კვალი პრასი დარგო, სხვა დანარჩენი მწვანილიც ააბიბინა. უკვირდათ, რამ გაამწარა ეს ქალიო, მაგრამ მარინას გეგმა ჰქონდა... დეკემბრის ბოლოსთვის უკვე აკვანში ჩაკრულ ბავშვს დედამთილი ანანავებდა, მამამთილმაც ფეხი აუწყო რძალს, ასაკის შეუსაბამო სიმკვირცხლით უვლიდა თხა-ძროხას და ბარაქა სიმარჯვეს მოსდევდა. ახალი წლის წინა დღეებში მეზობლის ორი ქალი მოიხმარა, გადათხარა 17-ვე კვალი პრასი, საგულდაგულოდ დაარჩია, გაყვითლებული ფოთლები წააცალა, დიდ ტომრებში შეკონილი ფრთხილად ჩაალაგა. წინდაწინ დარჩეული ნიგოზიც თითო კონის შესაბამისად დაანაწილა, შეწითლებულფოთლებიანი ქინძიც გაამზადა. დიდძალი ტვირთი მოგროვდა, მაგრამ თბილისის მატარებელში მაინც შეტენა, "პრავადნიკს" მოელაპარაკა და თბილისის სადგურთან ახლოს, ქმართან ერთად ფაცხაფუცხით გადმოზიდა, ყმაწვილქალობის დროინდელი მარიფათით პრასის მყიდველებს რეცეპტს ჩაურაკრაკებდა, ნიგოზს შესთავაზებდა და ქინძს საჩუქრად ატანდა... ვინ იფიქრებდა, თუ ამოდენა პრასს გაასაღებდა, მაგრამ კლიენტი კლიენტს მოსდევდა, ვიღაც წამხედურობით ყიდულობდა, ვიღაც ინტერესის გამო!

საღამოს უკვე სახლში იყვნენ ვალოზი და მარინა. არავის სჯეროდა, პრასს ამდენი ფული თუ მოჰყვებოდა, თუმცა, ზოგს ისიც არ ეგონა, რომ სახეშებრტყელებული მარინა გათხოვდებოდა და ცხოვრებას მოიწყობდა...

როლანდ ხოჯანაშვილი