"როცა საყვარელ ადამიანთან ყოფნა გინდა, ყველაფერს უნდა გაუძლო" - გზაპრესი

"როცა საყვარელ ადამიანთან ყოფნა გინდა, ყველაფერს უნდა გაუძლო"

წყალტუბოელი სპორტსმენები, 22 წლის ტყუპი ძმები - ლაშა და გიორგი ჯანელიძეები შშმ პირები არიან. 15 წლიდან ჭიდაობენ და სხვადასხვა ტურნირში იმარჯვებდნენ კიდეც. წელს კი თურქეთში ჩატარებულ 23-ე ოლიმპიადაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღეს. ამჟამად ბიჭები უფროს ძმასთან ერთად თბილისში, ქირით ცხოვრობენ და ცდილობენ, საკუთარი ძალებით გაიკვალონ გზა. დამხმარე არავინ ჰყავთ, მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა - 49 წლის ნატალია კორშუნოვა, რომელსაც ახალგაზრდობისას იმერელი ბიჭი შეჰყვარებია და დაუფიქრებლად გამოჰყოლია საქართველოში. როგორ გახდა ჯანელიძეების რძალი და რა გზა გაიარა ტყუპმა გამარჯვებამდე - ამის შესახებ ნატალიას და ბიჭებს ვესაუბრე.

ნატალია კორშუნოვა-ჯანელიძე:

- ჩემი ქმარი იაროსლავში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. იქ გავიცანით ერთმანეთი და შეგვიყვარდა. ოჯახი მალე შევქმენით. მაშინ 19 წლის ვიყავი. დაუსწრებლის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ გავთხოვდი და სწავლის დამთავრება ვეღარ შევძელი. 1997 წელს ჩამოვედით აქ საცხოვრებლად.

- იმერული კილოც მიგიღიათ...

- (იცინის) აბა, რა იქნებოდა? უკვე 20 წელია, აქ ვცხოვრობ.

- მაინც, რით მოგხიბლათ ქართველმა კაცმა?

- ჯონი კარგი ბიჭი იყო - მომღერალი, მოცეკვავე, ყოფილი სპორტსმენი - ჭიდაობდა. საყვარელი, ძალიან კარგი ბიჭი... თავიდანვე ვიცოდი, რომ საქართველოში მომიწევდა ჩამოსვლა და ცხოვრება. ამიტომაც დავიწყე ქართული წერა-კითხვის სწავლა, თქვენებური საჭმელების მომზადება. მანამდეც ხშირად ჩამოვდიოდით ხოლმე დასასვენებლად არდადეგებზე. მომეწონა აქაური ბუნება, ხალხი, ცხოვრებაც. კაი ცხოვრება იყო მაშინ... როცა გათხოვდები, შენი ქმარი სადაც წავა და იცხოვრებს, შენც იქ უნდა გაჰყვე. თუ გიყვარს, თუ აფასებ მეუღლეს და თუ ოჯახი გინდა, ასეა! აქ ჩამოსვლის შემდეგ ბევრი გაჭირვება გადავიტანეთ: უფულობა, უშუქობა, საშინელი წლები იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, გვერდით ქმარი მყავდა და არაფრის მეშინოდა. არასდროს მიფიქრია უკან დაბრუნებაზე. რთულია ქართველების რძლობა, მაგრამ არც ამას შევუშინებივარ.

- მეუღლე საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაგეღუპათ. როგორ მოახერხეთ სამი შვილის გაზრდა?

- ძალიან მინდოდა, რომ ჩვენი ოჯახი არ წაქცეულიყო და მტრის ჯინაზე, ფუძე არ დაცარიელებულიყო. საერთოდ, ჟინიანი ვარ. რა თქმა უნდა, რუსეთიდან მშობლებიც მეხმარებოდნენ, ვიდრე ცოცხლები იყვნენ და ჩემი დაც მიწყობდა ხელს. დიდი გაჭირვებითა და წვალებით მოვედი აქამდე.

- როდის შეამჩნიეთ, რომ ბიჭებს არ ესმოდათ?

- გვიან შევამჩნიე, დღენაკლულები არიან - 6 თვისა და ერთი კვირის დაიბადნენ. საქართველოში რომ ჩამოვედით, 2 წლის იყვნენ. ლაპარაკი რომ უჭირდათ, მეგონა, უბრალოდ, გვიან ამოიდგამდნენ ენას. თან სოფელში ბევრი საქმე მქონდა - ეზო, ბოსტანი, საქონელი, ოჯახი და როგორც ჩანს, გამომეპარა ეს ამბავი. როდესაც შევატყვე, განგაში ავტეხე და ექიმთან მივიყვანე, ქუთაისში. მან ყურები ამოურეცხა ორივეს და დაგვამშვიდა: ყველაფერი კარგად არისო. ექიმს ხომ ენდობი და მეც ველოდი, როდის დაიწყებდნენ გამართულად საუბარს, მაგრამ ახალი სიტყვები არ ემატებოდა მათ ლექსიკონს და კვლავ დავეჭვდი.

გიორგი:

- ბუნდოვნად გვესმოდა ხმა, შორიდან კი საერთოდ ვერაფერს ვიგებდით. 4 წლის ვიყავით, როდესაც სასმენი აპარატები ჩავიდგით და მახსოვს პირველი ემოციები: გვესმოდა ხალხის ლაპარაკი, მანქანების ხმა, ფოთლების შრიალისა და წვიმის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი და ბედნიერები ვიყავით. მხოლოდ 3 წელი გვქონდა ეს აპარატები, მერე ბავშვებთან ჩხუბის დროს გაგვიფუჭდა და მას შემდეგ, სიძვირის გამო, ყიდვა ვეღარ მოვახერხეთ. მამას გარდაცვალების შემდეგ ძალიან გვიჭირდა. მხოლოდ 2 წლის წინ შევძელით კვლავ გვესარგებლა აპარატებით.

- ნატალია, ამბობენ, ტყუპს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთანო. გიორგი და ლაშა როგორი ბავშვები იყვნენ?

- ძალიან მოძრავი, ცელქი და ეშმაკი ბავშვები იყვნენ. სულ იმის შიში მქონდა, არ დაშავებულიყვნენ. ცოტა არ იყოს, გამიჭირდა მათი მორჯულება. სკოლაში სმენის პრობლემის გამო გვიან, 8 წლის ასაკში შევიყვანე. ლაშა უფრო დამთმობი და რბილია, უფრო თბილიც, დამჯერი და საქმის გამკეთებელი. გიორგი უფრო ამაყი და ხისტი ხასიათისაა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული.

- ბიჭების წარმატების ამბავი რომ გაიგეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- უზარმაზარი სიხარული და სიამაყე ვიგრძენი, ლამის ჭკუიდან გადავედი. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით რომ იასპარეზეს, პირველად მაშინ გამახარეს.

- ბიჭებო, ჭიდაობით როდის და რატომ დაინტერესდით?

ლაშა:

- სმენის გამო სკოლაში სწავლა ძალიან გვიჭირდა და მეცხრე კლასიდან გამოვედით. 15 წლისები ვიყავით, როდესაც ბაბუამ მწვრთნელთან მიგვიყვანა: ქუჩაში ტყუილად დგომას, ჯობია, სპორტით მაინც დაკავდეთო. დავიწყეთ ვარჯიში და ორივეს ძალიან მოგვეწონა სპორტის ეს სახეობა. ჭიდაობას მარტო ფიზიკური ძალა კი არა, ჭკუა და მოხერხებაც სჭირდება. შემდეგ წარმატებით ვმონაწილეობდით სხვადასხვა ტურნირში.

დემურ კირტავა, მწვრთნელი:

- ეს ბიჭები წყალტუბოში მათმა ბაბუამ მომიყვანა და დავიწყეთ ვარჯიში. პირველად მონაწილეობდნენ 2015 წელს თბილისში ჩატარებულ სმენადაქვეითებულთა ევროპის ჩემპიონატში, სადაც გიორგი გახდა ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ხოლო თავისუფალში - მესამე ადგილი მოიპოვა. ლაშამ მესამე ადგილი დაიკავა. მხოლოდ სმენადაქვეითებულთა კი არა, ჩვეულებრივ ტურნირებზეც გამოდიან. წელს ჩატარდა ყრუთა (ასე უწოდებენ იქ) 23-ე საზაფხულო ოლიმპიადა თურქეთში, სადაც ასევე წარმატებით გამოვიდნენ. ახლა ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატისთვის. პერსპექტივა ნამდვილად აქვთ ამ ბიჭებს და მეტი ყურადღება სჭირდებათ. თურქეთში ჩატარებულ ოლიმპიადაში გამარჯვების შემთხვევაში, სმენადაქვეითებულთა ასოციაცია დაგვპირდა, რომ მისცემდნენ პრემიას, მაგრამ მხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა, გამგებლის ინიციატივით დააჯილდოვა ისინი 200-200 ლარით და მე, როგორც მწვრთნელი, 200 ლარით, მაგრამ ეს თანხაც ბიჭებს ვაჩუქე. სხვა არაფრით შემიძლია მათი თანადგომა. საქართველოდან ორი მედალი აიღეს და ორივე ამ ძმებმა. ეს ბიჭები თავის სათქმელს კიდევ იტყვიან.

გიორგი:

- ამ ოლიმპიადაზე თითქმის მთელი მსოფლიოდან იყვნენ მონაწილეები, 95 ქვეყნიდან. მე 59 კგ წონით კატეგორიაში ვიჭიდავე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, ლაშამ კი 66 კგ წონით კატეგორიაში და უფრო კარგი შედეგი აჩვენა, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოწინააღმდეგეები კარგად იყვნენ მომზადებულები, მე და ლაშა კი ფინანსების არქონის გამო სახლში ვვარჯიშობდით.

- თქვენს სამომავლო გეგმებზეც მითხარით...

- ჭიდაობის ფედერაციის ფალავანდთა კლუბში ყოველდღე დავდივართ და საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადებით. არ გვაქვს საშუალება, რომ მწვრთნელი გვყავდეს. ვნახოთ, მხოლოდ საკუთარი ძალებითა და შესაძლებლობებით, რას მივაღწევთ და როგორი შედეგი გვექნება...

- წარმატებებს გისურვებთ ორივეს!

ნინო ჯავახიშვილი