დუ­შე­ლი "ტიგ­რა­ნას" ცხოვ­რე­ბის გზა - რო­გორ აჩუ­ქეს ელე­ნე ყიფ­ში­ძეს მსუ­ბუ­ქი ქმა­რი... - გზაპრესი

დუ­შე­ლი "ტიგ­რა­ნას" ცხოვ­რე­ბის გზა - რო­გორ აჩუ­ქეს ელე­ნე ყიფ­ში­ძეს მსუ­ბუ­ქი ქმა­რი...

იოსებ კაკალაშვილს დუშეთის სახალხო თეატრში 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, 30 წლის მანძილზე კი დუშეთის კულტურის სახლის დირექტორი იყო. ბევრ ცნობილ მსახიობთან ერთად უთამაშია სცენაზე. ბატონი იოსები 82 წლისაა და დღემდე სახალხო თეატრის მსახიობია. არაჩვეულებრივად მხნედ გამოიყურებით-მეთქი, რომ ვუთხარი, ვითომო? - დაეჭვებით მკითხა. არადა, წლები მართლაც არ ეტყობა, კვლავაც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას და თავის მაყურებელს კვლავაც უხარებს გულს. დუშელებს დღემდე ახსოვთ მისი შესრულებული ტიგრანა და იოსკას (როგორც იქაურები ეძახიან) დანახვაზე ერთმანეთს ეუბნებიან: ნახეთ, ტიგრანა მოდისო...

- დუშეთში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი 1937 წელს დაიჭირეს და ტაშკენტში გადაასახლეს, რაღაც ზედმეტი სიტყვა წამოსცდა ეტყობა და ვიღაცას არ მოეწონა. დედას 5 შვილი დავრჩით. 4 და მყავდა, ნაბოლარა მე ვიყავი. დღემდე შენახული გვაქვს ციხიდან და მერე უკვე ომიდან გამოგზავნილი მამაჩემის სამკუთხა წერილები. ბოლო წერილი არხანგელსკიდან გამოუგზავნია. დედაჩემს სწერდა, რომ სასამართლო უკვე ჰქონდა და ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლებდნენ. მეორე წერილში კი ეწერა: ომი დაიწყო, პატიმრებს ფორმები ჩაგვაცვეს და სად მივყავართ, არავინ ვიცითო. პირველსავე წელს დაიღუპა. არც მახსოვს მამაჩემი. რომ გადაუსახლებიათ, მაშინ 2 წლის ვყოფილვარ.

- მერე, როგორ გზრდიდათ დედა 5 შვილს მარტო?

- იცით, რა დიდი გაჭირვებით გვზრდიდა? დედა დამლაგებლად მუშაობდა სანეპიდსადგურში. საჭმელი თითქოს გვქონდა, მაგრამ სულ გვშიოდა - სამყოფი არასდროს იყო, ყველაფერს გამოზომილად ვჭამდით. მომჭირნეობით ვცხოვრობდით. დედას ხელსაქმე ეხერხებოდა და ულამაზეს რაღაცებს ქსოვდა: ტანსაცმელს, თავსაფრებს, გადასაფარებლებს და ა.შ. ერთ ჟაკეტს რომ მოქსოვდა, ერთ ფუთ სიმინდში ცვლიდა. მერე წყლის წისქვილზე სიმინდის დაფქვაც რომ გაჭირდა, ერთ ფუთ ფქვილზე დაიწყო გადაცვლა. მახსოვს, ტალონებით 2 კილოსა და 600 გრამ პურს ვიღებდით. დედა მჭადს გამოაცხობდა და პატარ-პატარა ნაჭრებად ჭრიდა, ყველას რომ შეხვედროდა. ასეთ ტანჯვასა და წვალებაში გავიზარდეთ. ყოფილა შემთხვევა, სიცივესა და ყინვაში სკოლაში ფეხშიშველა წავსულვარ. მივიდოდით და კლასშიც სიცივე იყო. ამის მიუხედავად, დედა ერთ დღესაც არ მაცდენინებდა სკოლას. სამებზე და ოთხებზე ვსწავლობდი, მაგრამ მაშინ ისეთი სიმკაცრე იყო, დღევანდელ ათებს სჯობს ის ნიშნები. არ გაუჯავრდე ბავშვს, ზედმეტი არაფერი უთხრა, - დღეს ასეა მიღებული. არა, შენ შემოგევლე, ასე როგორ აღზრდი სახლში შვილს და სკოლაში - მოსწავლეს? მასწავლებელს წინ როგორ გადაუსწრებდი, გერიდებოდა ყველაფრის. ახლა პირდაპირ სახელებით მიმართავენ. შეიცვალა ხალხი. ჩვენ, ძველი დუშელები ერთმანეთს შენ შემოგევლე, შენ გენაცვალეთი ველაპარაკებით, ახლანდელები კი უწმაწური სიტყვებით იწონებენ თავს.

- თქვენს ოჯახზეც მითხარით, როგორ დაქორწინდით, რამდენი შვილი გყავთ?

- სხვათა შორის, ცოლისდად მეკუთვნი (იცინის) - ჩემი ცოლიც ჯავახიშვილია. გულო აფთიაქში მუშაობდა ბუღალტრად. 29 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი, მომეწონა და შევუღლდით კიდეც. ძალიან მეოჯახე და კარგი მეუღლეა. 3 შვილი - 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი გვყავს.

- ახლა თეატრზეც მიამბეთ. პროფესიით მსახიობი ხართ?

- აგრონომი ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ მიმუშავია პროფესიით. 1956 წლიდან ხელოვნებას ვემსახურები. თეატრია ჩემი ცხოვრება. სკოლაში კარგი პედაგოგი გვყავდა - თამარა ბუზალაძე, რუსულს გვასწავლიდა. თეატრზე შეყვარებული იყო და სკოლაში ხშირად დგამდა რუსულენოვან სპექტაკლებს. მაშინ პირველად გამოვედი სცენაზე, პირველი როლი შევასრულე და იმის შემდეგ ხიბლში ჩავვარდი. 30 წელი დუშეთის კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ კომედია დავდგით და ერთ-ერთი წარმოდგენის დაწყებამდე ნასვამმა ბიჭებმა რაღაც ჩოჩქოლი ატეხეს დარბაზში. ვინ არის დირექტორიო? - ერთმა გაბრაზებით იკითხა. - დირექტორი მე ვარ-მეთქი, - მოვახსენე. - უფროსო, შემოსვლა მინდა და კლუბის გამგემ მითხრა, დირექტორის ბრძანებით ნასვამ ხალხს არ ვუშვებ, მე კი სპექტაკლის ყურება მინდაო. - შემოდი, ოღონდ წყნარად იყავი-მეთქი. ამასობაში ჩემი სცენაზე გასვლის დროც მოვიდა და ისე ხარხარებდა ხალხი, პაუზებს ვაკეთებდი, რომ ჩემი სიტყვები მეთქვა. უცებ, მესმის ხმამაღალი ძახილი: "მოიცა, მოიცა". გავიხედე კულისებისკენ და ისევ ის ბიჭია: უფროსო, შენ რომ ლაპარაკობ, მეცინება, კლუბის გამგე კი მეუბნება, არ გაიცინოო და გავიცინო თუ არ გავიცინო, ვეღარ გავიგეო. ყველამ სიცილი დაიწყო... დღემდე ამ თეატრში მსახიობად ვმუშაობ. 30 წლის მანძილზე შესრულებული მაქვს 70-ზე მეტი როლი. არაერთ ცნობილ რეჟისორს დაუდგამს აქ სპექტაკლი და ცნობილ მსახიობებსაც უთამაშიათ ჩვენს სცენაზე.

- თქვენი შესრულებული როლებიდან ყველაზე მეტად, რომელი მოგწონდათ?

- "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრანას ვთამაშობდი. დღემდე ახსოვთ ჩემი შესრულებული როლი. ახლაც კი, როდესაც ქუჩაში მივდივარ, ამბობენ: ნახეთ, ტიგრანა მოდისო. თეატრში ბევრი საინტერესო მთავარი როლი შევასრულე, კინოში კი - ორი ეპიზოდური როლი. ეს ფილმებია: "ზოგი ჭირი მარგებელია" და "ცეცხლთან თამაში". ორივეგან მწყემსის როლი შევასრულე, მაგრამ ფილმში "ზოგი ჭირი მარგებელია" რეჟისორის მაკრატელს შევეწირე.

- მითხარით, რომ არაერთ ცნობილ მსახიობთან ერთად გითამაშიათ და ბუნებრივია, მოსაგონარიც ბევრი გექნებათ.

- რა დამავიწყებს იმ უბედნიერეს წლებს?!. სახალხო არტისტი ვასო გოძიაშვილი ხშირად სტუმრობდა დუშეთს. ერთმანეთს სუფრაზეც ხშირად შევხვედრივართ. ენამოსწრებული და იუმორის მოყვარული გახლდათ. 22 წლის ვიყავი, მასთან ერთად რომ ვითამაშე "მაია წყნეთელში". მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა ეს სპექტაკლი და ვასო მეფის როლს ასრულებდა. ამიტომ, როდესაც ჩვენც დავდგით ეს სპექტაკლი, ის კვლავ მეფის როლზე მოვიწვიეთ. ვთამაშობდი მიხოს და ტყვეების გამყიდველს. ერთ ეპიზოდში, როდესაც მე, ტყვეების გამყიდველი, მივყავართ ჯვარზე გაკრული და ქალის კაბაგადაცმული, გზადაგზა ვიძახი: "დიდო მეფეო, დიდო მეფეო". სასახლიდან გამოდიოდა მეფე - ვასო გოძიაშვილი და ამბობდა: "რა ამბავია, რად შეყრილხართ, ჩემო შვილებო?" და მახსოვს, ისეთი შემართებითა და რიხით თქვა ეს სიტყვები, რომ რამდენიმე მსახიობი მოულოდნელობისგან დაიძაბა და გაშეშდა. მიხვდა ამას დიდი მსახიობი და მაშინვე ტონს დაუწია. ის ჩვენი თეატრის გულშემატკივარი გახდა. მერე, კულტურის ახალი სახლი რომ გაიხსნა დუშეთში, 1957 წლის 10 მარტს გავიმეორეთ "მაია წყნეთელი" და მაიას როლის შემსრულებლად ელენე ყიფშიძეც მოვიწვიეთ. ვახტანგ გოზიტაშვილი იყო ჩვენი თეატრის წამყვანი მსახიობი და მას უნდა ეთამაშა მეფის როლი, მაგრამ დაიჟინა: დღეს ვერ ვითამაშებ და ჩემმა დუბლიორმა ითამაშოსო. მეფე ერეკლე მაიას რომ აჯილდოებს, ასეთ სიტყვებს ამბობს: ვერცხლის უნაგირით შეკაზმული ლურჯა ცხენი და მსუბუქი ხმალი ჩემგან საჩუქრად მიბოძებიაო, დუბლიორმა კი ასე გაიმეორა: "...ლურჯა ცხენი და მსუბუქი ქმარი ჩემგან საჩუქრად მიბოძებია". ხშირად მიწევდა მარჯანიშვილის თეატრში მისვლა და ელენე ყიფშიძე რომ მხვდებოდა, სიცილით მეკითხებოდა: აბა, როგორ მყავს ის მსახიობი, მსუბუქი ქმრით რომ დამასაჩუქრაო? ახლოს ვიცნობდი საქართველოს სახალხო არტისტ ვახტანგ ნინუასაც - "უდიპლომო სასიძოში" ნიკოლოზის როლს რომ ასრულებდა. ვახტანგი ხალისით ჰყვებოდა ხოლმე იმ ეპიზოდის გადაღების მომენტს, როდესაც ღორისთვის უნდა ეკოცნა: ღორისთვის კოცნა არ მინდოდა, უარზე ვიყავი, ტუჩებში რომ ეკბინა, მერე რა უნდა მექნაო? ამიტომ რეჟისორმა 70 მანეთი ზედმეტად მომცა, ოღონდ უარი არ მეთქვა ამ სცენაზე და რომ ვწევარ და ღორს ვკოცნი, აი, მაგ დროს 70 მანეთი ჯიბეში მედოო...

ნინო ჯავახიშვილი