ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ებ­ში გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი - გზაპრესი

ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ებ­ში გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ხევ­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი

63 წლის რუსთაველი ქალბატონის, მანანა მჭედლიძის ნამუშევრები რომ ვნახე, ვიფიქრე, ნეტავ, როგორ ახერხებს, ყველაფერ ძველს ახალი სული შთაბეროს და ორიგინალური და ამავე დროს, ულამაზესი სამკაულები შექმნას-მეთქი? - მაძიებელი ვარ და მინდა, ის გავაკეთო, რაც ჯერ არავის გაუკეთებიაო, - მითხრა საუბრისას ოსტატმა. მართლაც, რა აღარ გამოდის ხელიდან: ქარგავს წიგნების გადასაკრავებს, ხევსურული ორნამენტებით აფორმებს კაბებს, თავსამკაულებს, საყურეებს, ყელსაბამებს, ქამრებს, ჩანთებსა და ზარდახშებს. ამ ბოლო დროს საახალწლო აქსესუარების კეთებასაც მიჰყო ხელი. არადა, პროფესიით გამოთვლითი ტექნიკის სპეციალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამოთვლით ცენტრებში თბილისში, ბათუმსა და ბოლოს - რუსთავში.

- ქალბატონო მანანა, რატომ დაინტერესდით ნაქარგობით? ამ სფეროში სპეციალური განათლება გაქვთ მიღებული?

- ალბათ გახსოვთ 90-იანი წლები: გაჭირვება, უგაზობა, უშუქობა, ქურდობა და ყაჩაღობა, ამიტომ სამსახურს თავი დავანებე და ვარჩიე, შვილების აღზრდისთვის მეტი დრო დამეთმო. დედის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გამიჭირდა, მთელი ზამთარი სახლიდან ფეხი არ გამიდგამს. ბოლოს მივხვდი, თუ ცხოვრების გაგრძელება მინდოდა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. გიორგი მთაწმინდელის სამრევლო სკოლის შესახებ გაგონილი მქონდა და ვიცოდი, რომ იქ გალობასთან, მედავითნეობასა და ხალხურ სიმღერასთან ერთად ხელსაქმესაც ასწავლიდნენ. ქსოვის წრეზე უფრო დროის გასაყვანად მივედი, თორემ ქსოვა არც მიყვარდა და არც მეხერხებოდა. სულ მქონდა სურვილი, რაღაც გამორჩეული გამეკეთებინა, მაგრამ არ შემეძლო. ერთხელ ქარგვის გაკვეთილს დავესწარი და გავგიჟდი, ისე მომეწონა. მაყურებინეთ მაინც, როგორ კეთდება-მეთქი, - ვთხოვე მასწავლებელს. მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა და ძალიან მიჭირდა ქარგვა, მაგრამ მაინც არ დავნებდი და ვისწავლე. მთავარია, ალღო აუღო - გეპეის დამთავრების შემდეგ ქარგვის ნახაზები რთულად აღარ მომეჩვენა. რამდენიმე "უზორი" ვისწავლე. მერე უკვე შენს გემოვნებასა და წარმოსახვაზეა, როგორ აარჩევ და შეუხამებ ფერებს, რა ნივთებს გააკეთებ. სახლში მუშაობა დავიწყე. მალე მეუღლეც გარდამეცვალა და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ეს 7 წლის წინ იყო. აქტიურად დავიწყე ქსოვა და ქარგვა. თოჯინებიდან დაწყებული, რაზე აღარ ვმუშაობდი - ვქსოვდი ქუდებს, წინდებს და ვაბარებდი. მერე გადავწყვიტე, რომ საფულეებისა და ჩანთების კერვა უფრო მომგები იქნებოდა ჩემთვის. სამკაულების კეთებაც რომ დავიწყე, ძალიან ბევრს მოეწონა და წამოვიდა შეკვეთები, ვის რა ფერებში და რისი გაკეთება უნდოდა.

- თქვენი ბეჭედი, რომელიც გამშვენებთ, მართლაც ულამაზესია. როგორ ახერხებთ ძველისა და ახლის ერთმანეთთან ასე დახვეწილად შეხამებას?

- სამუშაო პროცესში თავისთავად ჩნდება იდეები. მასალა მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო მისგან. ერთ-ერთი "უზორის" სწავლისას რატომღაც წამოვიძახე, საყურე-მეთქი. ყველას გაეცინა, ვერ მიხვდნენ, სანამ არ გავაკეთე და არ ვაჩვენე მათ. დღესდღეობით აღარ მაქვს იმის პრობლემა, რომ მხოლოდ ანაზღაურების გამო ვიმუშაო. ახლა უკვე იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და ეს განვითარებაში ძალიან მიწყობს ხელს. ტრადიციული მეთოდების სწავლა აუცილებელია, მაგრამ შემდგომ განვითარებასა და გათანამედროვეობაზე ხელოვანმა უნდა იზრუნოს. ერთი ზამთარი სურამში გავატარე და იტრიის დედათა მონასტრის დედაოებმა შემომთავაზეს, იქაურებისთვის ხელსაქმე მესწავლებინა. სამაჯურებსა და ფსალმუნებს ვქარგავდით და ჩემ თვალწინ ვიღაცამ ერთი უბრალო ელემენტით ისე გაამშვენიერა ეს ნივთები, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. ასეა, პროცესში ჩნდება იდეები. მთავარია, ტრადიციულს ისე შეუხამო სიახლე, რომ ამოვარდნილი არ იყოს მთლიანობიდან. ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი წრეები მხოლოდ თბილისსა და რუსთავში კი არა, რეგიონებშიც იქნება და იქ მცხოვრები ქალებიც შეისწავლიან ხელსაქმეს. რაც ღმერთს მოუცია და ჩვენშია ჩადებული, უქმად იკარგება და ეს დაუშვებელია. თურმე ნებისმიერ ასაკში შეიძლება რაღაც ახალი ისწავლო და წარმატებას მიაღწიო. აუცილებლად უნდა ასწავლო გოგონას ხელსაქმე - არ იცი, ცხოვრება ვის რას უმზადებს. როცა თავზე გაწვიმს, არ შეიძლება, ვინმეს ელოდო, როდის მოვა და შიფერს როდის დაგაფარებს. იმ გაჭირვების წლებში ჩემი ხელობით გადავარჩინე საკუთარი თავიცა და შვილებიც.

GzaPress

- ძირითადად, რა მასალაზე მუშაობთ?

- კანვაზე ვმუშაობ, უჯრედებიანი ქსოვილია, რაც ქარგვას აიოლებს. ტილოს ნაჭერსაც ვიყენებ, მჭირდება ძაფები, ტყავი, თვლები, რომლებიც ქსოვილზე უნდა მიაკერონ. საქართველოში უფრო თვლებით გაწყობილი სამკაულები მოსწონთ, უცხოელები კი სადას ანიჭებენ უპირატესობას. 2 ერთნაირ ნივთს მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როცა მთხოვენ. ძალიან შრომატევადია, ერთი ნივთის დამთავრება ერთ დღეში რთულია. 7 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და რაც გამიკეთებია, გასაყიდი არაფერი დამრჩენია. თავიდანვე აქცენტი გავაკეთე იმაზე, თუ რა მჭირდებოდა და რაში მეხარჯებოდა ფული. მაგალითად, თავზე დასაბნევი, ბეჭედი, ყელსაბამი, სამაჯური და ა.შ.

- გამოფენაზე არ გიფიქრიათ?

- გამოფენებში ფრაგმენტულად ვმონაწილეობდი. ამ გაზაფხულზე დაგეგმილი მქონდა, მაგრამ ვერ მოხერხდა მოულოდნელი პრობლემების გამო. ვნახოთ, 2018 წელს რას ვიზამ...

- როგორც ვიცი, საახალწლო თემატიკაზეც მუშაობთ?

- თოვლის პაპები ადრეც გამიკეთებია, ნაძვის ხის სათამაშოები კი შარშან პირველად გავაკეთე, ახალი სიცოცხლე შევძინე ხევსურულ ორნამენტებს. ჩემმა შვილმა მთხოვა, რომ მათი ნაძვის ხისთვის დიდი სათამაშოები გამეკეთებინა. ვცადე და მართლაც ძალიან ლამაზები გამომივიდა.

- საუბრისას მითხარით, ნაქარგობის სწავლა უფლის საჩუქარი იყო ჩემთვისო...

- 63 წლისამ გავეცი ამ კითხვას პასუხი: რა არის ბედნიერება? ამ გადასახედიდან ბედნიერებაა, როდესაც გრძელვადიანი შრომის შედეგს მიიღებ! ვგულისხმობ საქმესაც და შვილებსაც. მე უბედნიერესი ქალი ვარ, რადგან თუ რამე გამიკეთებია, ღვთისგან დაუნახავი არ დარჩენილა და ასმაგად დამბრუნებია უკან. თითქოს ვსაჩუქრდები გამჩენისგან! ნაქარგობის შესწავლა ჩემთვის უფლის საჩუქარი იყო - მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მატერიალურადაც გადამარჩინა და სულიერადაც. ადამიანის ცნობიერებაში ფუნდამენტური საწყისი რწმენაა და მინდა, "გზის" საშუალებით ყველას მივულოცო 2018 წელი და ვუსურვო, რომ ეს რწმენა არასდროს დაეკარგოთ!

ნინო ჯავახიშვილი