ქართველი მინისტრით აღფრთოვანებული იტალიელი დომენიკო
font-large font-small
ქართველი მინისტრით აღფრთოვანებული იტალიელი დომენიკო
ქუთაისელი, 44 წლის ლელა თოლორდავა გვიამბობს, იტალიაში გატარებულ 3 თვეზე და იმის შესახებაც მოგვიყვება. თუ რა შედეგები მოჰყვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს სათაურით: "ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!" გთავაზობთ ამ პოსტიდან ამონარიდებს:

"ბატონო მინისტრო, ეს წუთია მოვისმინე თქვენი საგანგებო განცხადება. გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო. თქვენს ამ ინიციატივას ერთხმად დაუჭერს მხარს ყველა მშობელი, მაგრამ, ბატონო მინისტრო, კორუფციას როდის აღმოფხვრით სკოლებში?! რატომ ერთი სიტყვით არ ახსენეთ ეს თემა?! ღიად ვადანაშაულებ თქვენს სამინისტროს და ვამბობ, რომ სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე, თუ რატომ, აგიხსნით: ჩემი შვილი მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, მაგრამ სკოლაში მიღებული ცოდნით, შიშობს, რომ საატესტატო გამოცდებს ღირსეულად ვერ ჩააბარებს. სწორედ ამან გამხადა იძულებული, გადმოვხვეწილიყავი უცხო ქვეყანაში, რათა შემძლებოდა კერძო მასწავლებლებთან სწავლის საფასურის გადახდა და ეს საფასური არც ისე მცირე თანხაა, ყოველ შემთხვევაში, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტის შემოსავალს ბევრად აღემატება. ერთი საგნის მომზადება საატესტატო გამოცდისთვის 500 ლარია და სულ ასეთი ოთხი საგანია, ზედ დამატებული უცხო ენები და მათემატიკა, რომლის საფუძვლიანი ცოდნა სამომავლოდ გაგვიადვილებს უნარების სწავლას... თვეში 400 ლარი მხოლოდ ჩემს ერთ შვილს სჭირდება. მეორე შვილიც მყავს, ის მე-9 კლასშია და მასაც აქვს ორი გამოცდა. უთქმელადაც მიხვდებით, რომ ისიც ემზადება. თითქმის 600 ლარი მჭირდება თვეში, რომ პირნათელი ვიყო მასწავლებლებთან... აღარაფერს ვამბობ ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან მომზადებაზე - აქ უკვე ლარზე ბოდიში, დოლარებზეა ლაპარაკი... თქვენ ხომ არ გაქვთ იმის ილუზია, რომ აბიტურიენტი საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნით აბარებს ეროვნულ გამოცდებს?!
ბატონო მიხეილ, არ იფიქროთ, პირად პრობლემაზე გაკარგვინებდეთ ძვირფას დროს, ეს პრობლემა დგას თითქმის ყველა ოჯახში, სადაც სკოლის მოსწავლეა. ამ პრობლემის გამო ბევრმა დედამ დატოვა შვილები და გადმოიხვეწა საზღვარგარეთ. ვინც ვერ გაიღო შვილის მომავლისთვის ეს შეუფასებელი მსხვერპლი, თავში ხელებს იცემს და კრედიტებს იღებს ბანკებიდან იმის იმედად, რომ რაღაც გამოჩნდება...
მინდა მჯეროდეს, რომ გულთან მიიტანთ ჩემს გულისტკივილს და დამეხმარებით სახლში დაბრუნებაში... კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება და აუკრძალოთ საჯარო სკოლის პედაგოგებს თავისივე მოსწავლეების მომზადება და მოსთხოვეთ ჩაატარონ გაკვეთილები ისე, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ...
ბატონო მინისტრო, მომავალი ეღუპება ჩვენს ქვეყანას! საჯიშე ბიჭები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. დღე არ გავა, შემზარავი ამბის მომსწრე არ გავხდეთ. სიყვარულის დეფიციტია ქვეყანაში! უდედოდ იზრდებიან თაობები! უდედოდ გაზრდილი თაობა კი, დამერწმუნეთ, უკეთეს ქვეყანას ვერ ააშენებს!
ბოლოს ისევ თქვენი საგანგებო განცხადების თემას დავუბრუნდები: ვერც ერთი ფსიქოლიგი ვერ შეძლებს მოსწავლის შერყეულ ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენას, თუ დედა არ დაუდგა გვერდით. დედები კი გადახვეწილები ვართ, სხვის ბებია-ბაბუებს ვუვლით და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. იცით, რა უთხრა ჩემს იტალიელ მოხუცს ოჯახის ექიმმა? გაგმართლებია, მომვლელად "ჯორჯიანა" რომ გყავს, დიდხანს იცოცხლებო!
სინიორ დომენიკოს კი გაუმართლა, მაგრამ ჩემს შვილებს?! ჩემი შვილები უკრუხო წიწილებივით არიან და რა დროს დაეცემათ ქორი თავზე, არავინ იცის... და მაშინ ვინ გაუწევს კრუხობას, ვინ შეიფარებს ფრთებქვეშ?!.
მგონია, რომ აუცილებლად დამირეკავთ. მე რომ მინისტრი ვიყო, ამ ღია წერილის ავტორ ემიგრანტ დედას აუცილებლად დავურეკავდი და ვანუგეშებდი; ეს მარტო ერთი, შვილებს მონატრებული დედის ნუგეში, არამედ ყველა ემიგრანტი დედის ნუგეში იქნებოდა და სამშობლოში უდედოდ მიტოვებულ ყველა შვილს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ დედა მალე დაუბრუნდება...
გთხოვთ, დაუბრუნეთ დედები შვილებს, გადაარჩინეთ ქვეყანა!.."

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ვმუშაობდი სხვადასხვა გამოცემაში, 2 წელი კი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის "ფეისბუკ"-გვერდის ადმინისტრატორი ვიყავი. წყალდიდობის დროს, სვანეთის ქუჩაზე, სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი. ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ იტალიაში გატარებული ეს სამი თვე ჩემთვის მთელი ცხოვრება იყო, არ ვაჭარბებ... წასვლის გადაწყვეტილება უცებ მივიღე: 29 სექტემბერს გადავწყვიტე და 3 ოქტომბერს უკვე რომში ვიყავი. მუშაობა დავიწყე რეჯჯიო დი კალაბრიაში (ქალაქია იტალიის უკიდურეს სამხრეთში), მარრების (იტალიური გვარია) ოჯახში, მოხუცის მომვლელად. ჩემად მივიღე დომენიკო ბაბუა, ასე ვეძახდი - ჩავთვალე, რომ მამაჩემს ან ბაბუას ვუვლიდი და ისე ვექცეოდი, როგორც საკუთარს, რაც ყველას აკვირვებდა, მის შვილსაც კი. რთული მოსავლელი იყო, წელს ქვემოთ მოწყვეტილი. ერთი ეგ იყო, საჭმელს თავისი ხელით მიირთმევდა. 3.000 ევრო ჰქონდა პენსია, მაგრამ ძალიან ძუნწი ქალიშვილი ჰყავდა - პინა. ენანებოდა მოხუცისთვის ფულის ხარჯვა. 5 ლუკმა პურს აჭმევდნენ დღეში და მე გავუზარდე ეს ნორმა. მეცოდებოდა, 5 ლუკმა პური და 2 მარცვალი ყურძენი როგორ ეყოფოდა? მის ქალიშვილს ხშირად ერთი ბადრიჯანი მოჰქონდა, რომლიდანაც 4 ნაჭერი გამოდიოდა. ზოგჯერ პურიც ისეთი ცოტა გვქონდა, რომ მოხუცს ვაჭმევდი და მე მცირედით ვკმაყოფილდებოდი. უფასოდ ჰქონდათ პამპერსები და ამის მიუხედავად, პინა მეუბნებოდა, დღეში მხო­ლოდ ორჯერ გამოუცვალეო. ღამე 8 საათზე რომ დავაწვენდი, დილის 9-მდე აღარ მევალებოდა მის ოთახში შესვლა, მაგრამ მთელი ღამე წუხდა და მეც ვერ ვისვენებდი, მეცოდებოდა. თურმე ჩემამდე, მაროკოელი მომვლელი ფატიმა სულ ეჩხუბებოდა, მუჯლუგუნებითაც ანებივრებდა და მისი ეშინოდა მოხუცს... მიუხედავად ჩემი საფიქრალისა და საწუხარისა, მთელი დღე ვუმღეროდი და ვართობდი, ამიტომაც დამარქვა: "მია ფელიჩიტა". ჩემი ბედნიერება ხარო, - მეუბნებოდა...
- ლელა, შენი ემიგრაციაში წასვლის უპირველესი მიზეზი რა იყო?
- ლილესა და ლუკას მოსამზადებლად თვეში დაახლოებით 500-600 ლარი მჭირდებოდა. წავედი იმ განწყობით, რომ საქართველოში კარგა ხანს არ დავბრუნდებოდი. ვფიქრობდი, ჯერ ლილე დაამთავრებს, მერე ჩააბარებს, მას მეორეც მოჰყვება და ა.შ. მაგრამ როგორც კი იტალიაში ჩავედი და მუშაობა დავიწყე, მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი. ბევრს ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ კორუმპირებული განათლების სისტემის მსხვერპლი გავხდი. არანაირი სხვა პრობლემა არ მქონდა, რის გამოც უცხო ქვეყანაში გადავიხვეწებოდი - არ მშიოდა, არ მწყუროდა და თავზე არ მაწვიმდა. ვდარდობდი, რომ მეც დაკარგული ვიყავი იმ დედებივით, რომლებიც იქ არიან უკვე ათეული წლებია და ვერასდროს დაბრუნდებიან. იცი, რატომ? აქ მადა გაეხსნათ მათი ოჯახის წევრებს და უფრო მეტი მოუნდათ: ამდენი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და აბა, როგორ ჩამოვა დედაო? ემიგრანტი ქალები საკუთარი ოჯახის მონები არიან! მონა ხარ, რადგან ყველაფერზე უარს ამბობ - პროფესიაზე, სახლზე, შვილებზე, დედაზე, ნათესავებზე, მეგობრებზე, ურთიერთობებზე და ხარ ცოცხალ-მკვდარი. იქ არავინ არ ხარ - სახელი და გვარიც კი არ გაქვს. მე გამიმართლა, ადვილად წარმოსათქმელი სახელი რომ მქვია. მაგალითად, ჩემს მეგობარს დარიას ეძახდნენ - დარეჯანს ვერ ამბობდნენ, ბიცოლაჩემს მზია ჰქვია და მარიას ეძახიან, იტალიელები ზ-ს ვერ გამოთქვამენ. სახელსაც კი კარგავ იქ... თვალი გავუსწორე რეალობას და მივხვდი, მეც დაკარგული ვიყავი და საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა. ვიფიქრე: ახლა რომ ასე უბრალოდ, უხმაუროდ ავდგე და დავბრუნდე, არაფერიც არ იქნება, მე უნდა ავიმაღლო ხმა და ავუმხედრდე იმ პრობლემას, რის გამოც გადმოვიხვეწე-მეთქი და ერთი ამოსუნთქვით დავწერე წერილი, რომელიც "ფეისბუკზე" განვათავსე. 3.000-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა ჩემს პოსტს და მივხვდი, ეს თემა არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც აქტუალური იყო. მეორე წერილში ჩემი იქაური ნომერიც გავასაჯაროე. მირეკავდა უამრავი ადამიანი, უცნობი თუ ნაცნობი...
- და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც არ დააყოვნა გამოხმაურება, ხომ?
- პირველ წერილს გამოხმაურება არ ჰქონდა, არც მეორეს, მაგრამ აი, მესამე წერილში, როდესაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული ერთ კარგ ამბავს მოვყევი და წერილს ბოლოში მივაწერე: ბატონო მინისტრო, იჩქარეთ, ახლაც ვანო მერაბიშვილმა არ დაგასწროთ დარეკვა-მეთქი, ამ წერილის გამოქვეყნების მეორე დღესვე დამიკავშირდა.
- საინტერესოა, ასეთი რა გაიხსენეთ მერაბიშვილზე?
- ეს ამბავი სააკაშვილის დროს მოხდა. ვანო მერაბიშვილი ქუთაისელ პედაგოგებს ხვდებოდა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ერთ შეხვედრაზე ვერ მოხერხდა ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მინისტრი პედაგოგებს დაჰპირდა, რომ მათი არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩებოდა და შესთავაზა, სცენის კუთხეში დადგმულ ყუთში ჩაეყარათ წერილები. მოკლედ, ერთმა ქუთაისელმა პედაგოგმა, რომელიც სხვა ღირსებებთან ერთად იუმორის გრძნობითაც იყო დაჯილდოებული, დაახლოებით ასეთი წერილი მისწერა: ბატონო მინისტრო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ უამრავ პრობლემასთან ერთად, კიდევ ერთი რამ გვაწუხებს: რა გვეშველება ჩვენ, გაუთხოვარ პედაგოგებს? თქვენს რიგებში ბევრი პოლიციელია უცოლო და გთხოვთ, ამ საკითხსაც მიხედეთ. მკაცრად მოსთხოვეთ პასუხი ყველა უცოლო პოლიციელს, ჩვენც გვეშველება და იმათაცო. თავისი მობილურის ნომერიც მიაწერა და ჩააგდო ყუთში, მეტი არაა ჩემი მტერი, ვანომ ეს წერილი ნახოსო. თურმე, რამდენიმე ხნის შემდეგ ურეკავს ტელეფონი: ძალიან მომეწონა თქვენი გულახდილობა და იუმორი, კარგი შენიშვნაა და ამ საკითხსაც მივხედავო, - უთქვამს ვანო მერაბიშვილს და თავისი ნომერიც მიუცია, თუ რამე დაგჭირდეთ, დამირეკეთო...
- ახლა ის დღე გაიხსენე, როდესაც შენ და მიხეილ ჩხენკელს სატელეფონო საუბარი გქონდათ.
- სადილის დრო იყო, ჩემს ტელეფონზე ზარი რომ გაისმა: გამარჯობა, ქალბატონო ლელა, მიხეილ ჩხენკელი ვარო. სიმართლე გითხრა, დავიბენი, მაინც არ მეგონა, თუ დარეკავდა. ცუდ დროს ხომ არ გირეკავთო? - მკითხა. - დიახ, ახლა ბაბუ უნდა ვასადილო და თუ შეძლებთ, ცოტა ხანში დამირეკეთ-მეთქი. - მაინც რამდენ წუთშიო? - ასე, 10-15 წუთში-მეთქი. მე ხომ დავიბენი და უნდა გენახათ დომენიკოს - ჩემს მოხუცს რა რეაქცია ჰქონდა, ყვიროდა: "ვივა, ლელა! ვივა, მინისტრი! ვივა, ჯორჯია!" აღარაფერი აღარ მიირთვა. მანაც და მისი ოჯახის წევრებმაც იცოდნენ ეს ამბავი და მგულშემატკივრობდნენ. მოკლედ, მეორედაც დარეკა და ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ რასაც ვწერდი, ეს ჩემი დიდი გულისტკივილი და სამწუხარო რეალობა იყო. დამპირდა, შევეცდები განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას და როდესაც საქართველოში ჩამოხვალთ, უფრო დეტალურად ვისაუბროთო.
სხვათა შორის, პრობლემაზე თვალი არასდროს დამიხუჭავს. ჩემი შვილი მე-5 კლასში იყო, როცა დამრიგებელმა მშობლებს უთხრა, თუ გვინდა კლასში ბევრი ათოსანი იყოს და პრობლემები არ გვქონდეს, ჟურნალისტი მშობელი რომ გვყავს, ის უნდა მოვიშოროთო. მან მშობლები და ბავშვები ერთმანეთთან დააპირისპირა, რასაც თვითონვე შეეწირა. ერთხელ ტელევიზიით გამოვედი და ვთქვი, ჩემი შვილი მაქსიმალისტია და უნდა, სკოლიდან მეტი მიიღოს-მეთქი, ლოზუნგებით გამოვიდნენ მისი კლასელები, ლილე სკოლიდან გადაიყვანეთო. ასე ვიბრძვით პირველი კლასიდან. ბოლოდროინდელი ჩემი აქტიურობის შედეგად, ლილეს კლასში 4 მასწავლებელი შეიცვალა და უფასო კონსულტაციები დაენიშნათ ბავშვებს, ვისაც ამის სურვილი და საჭიროება ექნება. მოკლედ, სწორედ წამოწყებული ბრძოლის გასაგრძელებლად დავბრუნდი საქართველოში, თანაც, მოულოდნელად... 28 დეკემბერს დედაჩემს და ქალიშვილს ვესაუბრებოდი მესინჯერით, როცა უნებურად ავტირდი. ავად ხომ არ არის დედა, რა გატირებსო? - მკითხა დომენიკომ და აი, მაშინ გადავწყვიტე და ვუთხარი: კი, დედა ძალიან ცუდად მყავს და აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი... ჰოდა, ჩემს შვილებს დედა დავუბრუნე! საბედნიეროდ, ჩემი შვილებიც მიხვდნენ, რომ დედა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ნებისმიერი საჩუქარი. თვითმფრინავის ტრაპიდან ბავშვებთან როგორ მივედი, არ მახსოვს. მეცოდებიან ის დედები, რომლებიც ვერასდროს ან ძალიან დიდხანს ვერ დაბრუნდებიან... არადა, განა ღირს სახლის რემონტი, ოქრო-ვერცხლი, ფული ან ძვირად ღირებული მანქანები იმად, რომ შვილები უდედოდ იზრდებოდნენ? მე ყველას შვილს ვთხოვ, დააბრუნეთ თქვენი დედები სამშობლოში, სთხოვეთ, ემუდარეთ, დაბრუნდნენ, თორემ იქ დაიხოცებიან. 5.000 ევრო უნდა გადმოსვენებას და ვშიშობ, ბევრ ქართველ დედას უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ!
P.S. გასულ კვირას ლელა თოლორდავა მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. როგორც ლელამ მითხრა, მინისტრისთვის ნაცნობია სკოლებში არსებული პრობლემები. ის, პირველ რიგში, სახელმძღვანელოების შეცვლას და პედაგოგთა გადამზადებას გეგმავს, ასევე, განათლების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მუშაობს საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებზე.
დაბოლოს, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსწავლე სკოლაში სიხარულით მიდიოდეს და სწავლობდეს არა გამოცდების ჩაბარების, არამედ ცოდნის მიღების მიზნით. რაღა დაგიმალოთ და ჩვენც მოუთმენლად ველოდებით ამ ცვლილებებს ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გოგონა, რომელმაც საყვარელი მწერლის გამო რეჟისორობა გადაწყვიტა
ცხოვრება იტალიაში და შორიდან დანახული ქართული რეალობა
ამერიკაში წარმატებული ქართველი ექიმის გულახდილი ინტერვიუ
34-წლიანი თანაცხოვრება და გურამ ფირცხალავას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები
"შეიძლება, ჭკუის სწავლას ვიმსახურებდი, მაგრამ ასე მძიმე სასჯელს - არა!"
მწარე რეალობა და სხვების კეთილდღეობაზე მეოცნებე ქალბატონი
სოფელზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ფერმერობაზე ოცნებობს
ემიგრანტები სტამბოლში ქართველების დასახმარებლად გაერთიანდნენ
უცხოელები, რომლებსაც საქართველოში დარჩენა სურთ და ქართველები, რომლებმაც საკუთარი ენა არ იციან
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი