"ოქროს თევზი" - გზაპრესი

"ოქროს თევზი"

"ხარბი და ბოროტი ვერაფერს მოიგებს!/ ყველაფერს დაკარგავს, ცხოვრებას მოილევს!/ ბოლოს კი ინანებს!" - პუშკინის ცნობილი ნაწარმოების, "მებადურისა და ოქროს თევზის" ამ მარად აქტუალური შეგონების გააზრების საშუალება მოზარდებს რეჟისორმა ლალი თაბაგარმა 8 თებერვალს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამართულ საპრემიერო ჩვენებაზე კიდევ ერთხელ მისცა...

მრავალფეროვანი დეკორაციის, კოსტიუმების, სიმღერებისა და საცეკვაო ნომრების, ვიდეოპროექციისა და მსახიობების მკვეთრად გამომსახველობითი ოსტატობის ზეგავლენით სპექტაკლის დინამიკაში თავადაც აქტიურად ჩართული მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. პატარების ემოციების გათვალისწინებით რეჟისორის მიზანი - ბავშვებისთვის ყველა დროის საჭირბოროტო ჭეშმარიტება ხარბი ადამიანისა და სიხარბით გამოწვეული გარდაუვალი შედეგის შესახებ ფაქიზად, მარტივად და მსუბუქად მიეწოდებინა - მიღწეულია...

ლალი თაბაგარი, რეჟისორი:

- ამ პიესაზე დიდი ხანია, არავის უმუშავია. არადა, მოგეხსენებათ, მისი მთავარი იდეა ყოველთვის აქტუალურია. ამ საბავშვო სპექტაკლის მთავარი სათქმელი ბავშვებისათვის მარტივი და მსუბუქად მისაწოდებელია. სასიხარულოა, რომ მაყურებლისგან დადებითი შეფასებები მოვისმინეთ.

- რა სპეციფიკა ახასიათებს საბავშვო სპექტაკლზე მუშაობას?

- როცა სპექტაკლის მაყურებელი ბავშვია, ის მას ბევრად უფრო ფრთხილად, ფაქიზად, ლამაზად და მარტივად უნდა მიაწოდო. შესაბამისად, დასსაც მეტი გამომსახველობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა ევალება. ბავშვობაში ემოციით მიღებული შთაბეჭდილება ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება. შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი არ გახსოვდეს, ბავშვობის ემოციები კი ძალიან ღრმადაა სულში დალექილი.

- სპექტაკლების სახით მოზარდებისთვის სულიერი საკვების მიწოდებას, ალბათ, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება, მით უმეტეს, დღეისათვის შესამჩნევად მოჭარბებული აგრესიის ფონზე...

- რასაკვირველია. თეატრი სინთეზური ხელოვნებაა, აქ მაყურებელი ყველაფერს ერთად ეზიარება - გრძნობს და აღიქვამს მუსიკას, მხატვრობას, ქორეოგრაფიას, სიტყვის ხელოვნებას, დრამატურგიას... სცენიდან ბავშვი დადებით ემოციას და სულიერი განვითარებისთვის საჭირო სწორ მიმართულებას იძენს. სპექტაკლი სარკესავით უნდა იყოს და ყოველთვის პასუხობდეს დროის მოთხოვნებს. რაც შეეხება "ოქროს თევზის" მთავარ თემას, ჩვენ გარშემო მუდამ არიან მსგავსი პერსონაჟები, მხოლოდ სხვადასხვა ფორმითა თუ როლით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობა გადავუხადო თეატრის დირექციას, თეატრთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მომეცა. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული, მეტად აქტიური შემოქმედებითი რეჟიმი აქვთ, მოახერხეს ჩემთვის დრო და სცენა დაეთმოთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო როგორც შემოქმედებით, ისე ტექნიკურ პერსონალთან მუშაობა.

გია მარღანია, ქორეოგრაფი:

- დღეს მთელი მსოფლიო პლასტიკის ენაზე იწყებს "მეტყველებას". გარდა ამისა, საბავშვო სპექტაკლში ვიზუალურ მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბავშვებს ნაკლებად აინტერესებთ მონოლოგები, დიალოგები. საბავშვო სპექტაკლში ტექსტი მინიმალური, ვიზუალური მხარე კი მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი. გადავწყვიტე, ყველა პერსონაჟს თავისი პლასტიკური მონახაზი ჰქონოდა, წარმოდგენა ცეკვით დამეტვირთა. ამ დროს პროცესში ბავშვებიც ერთვებიან და ის ბევრად უფრო სახალისო ხდება.

- რთულია მსახიობებთან ამ მიმართულებით მუშაობა?

- თუ მსახიობი "მოგყვება", რთული არ არის. როცა თემაზე მუშაობას ვიწყებ, სპექტაკლს ქორეოგრაფიულ ჭრილში წარმოვიდგენ ხოლმე. შესაძლებელია, მსახიობმა კონკრეტულ ილეთს, მანერას თავი აარიდოს და თავისი ინტერპრეტაცია შემომთავაზოს. თუ მივიჩნევ, რომ ეს სპექტაკლის ჩარჩოს, სტრუქტურას ესადაგება, ვტოვებ. ამ მხრივ არ ვარ დიქტატორი, პირიქით, ინტერესების გაერთიანების მომხრე ვარ. როცა პლასტიკურ სპექტაკლზე ვმუშაობ, იქ ლავირების საშუალება არა აქვთ მსახიობებს.

ანო მღებრიშვილი, მსახიობი:

- ზღაპარში როლის განსახიერებას თავისი სპეციფიკა და განსხვავებული მიდგომები ახლავს. ტრაგედია იქნება, ზღაპარი თუ კომედია, თითოეულ როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსახიობისთვის. მუშაობის პროცესი არც ისე სახალისოა, როგორც ეს შესაძლოა, მაყურებელს ეგონოს. ბავშვების წინაშე პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია. ყველა სპექტაკლის შემდეგ ვფიქრობ თითოეულ დეტალზე, წვრილმანზე, ყოველ მოძრაობას ვაანალიზებ, მაგრამ თამაშის პარალელურად იმავეს გაკეთება რთულია.

ვახტანგ ახალაძე, მსახიობი:

- საბავშვო სპექტაკლში როლის განსახიერებით, ფაქტობრივად, მოზარდების აღზრდის პროცესში მონაწილეობა გვეკისრება. სპექტაკლის საშუალებით ისინი თეთრისა და შავის, კარგისა და ცუდის, კეთილისა და ბოროტის გარჩევას სწავლობენ. წლების შემდეგ კი აკადემიური თეატრის მაყურებლებად ყალიბდებიან. დღეს ინფორმაცია იმდენად ბევრი და "მძიმეა", ბავშვებისთვის ეს სტრესადაა ქცეული. მათ საჭირო ინფორმაცია მსუბუქად, ფაქიზად უნდა მიეწოდოთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გატაცებით ადევნებენ თვალს სპექტაკლის მსვლელობას. ბავშვი ყველაზე მართალი მაყურებელია... თუ სიმართლის დახელოვნებულად გათამაშება არ მოხდა, რთულია მისი დამორჩილება. დღეს თეატრს კიდევ უფრო მეტი როლი აქვს ბავშვის ცხოვრებაში, ვიდრე ეს ადრე იყო. მშობლების უმრავლესობას შვილისთვის ზღაპრის წაკითხვის დროც კი არ აქვს. ჩვენი თაობა ბებიებისგან იყო განებივრებული. ეს თაობა კი ამ ფუფუნებასაც მოკლებულია. ასე რომ, ზღაპრის გათამაშების ფუნქცია თეატრს ეკისრება და დამეთანხმებით, პასუხისმგებლობა, რომ მათ ერთმანეთი უფრო მეტად შევაყვაროთ - საკმაოდ სერიოზულია.

- სპექტაკლში მებადურის სათნო და მორჩილი მეუღლე ფუფუნებამ ურჩხულად აქცია. როგორ ფიქრობთ, ადამიანში არსებული სიხარბის მაჩვენებელი ფუფუნებაში იმატებს და უფრო თვალსაჩინო ხდება?

- საერთოდ, ამა თუ იმ სახის ცდუნება, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანშია. მთავარი მისი დაძლევა, დამარცხებაა. პუშკინის მიხედვით ცოლ-ქმარი ხანდაზმულია, სპექტაკლში კი ისინი რეჟისორმა ახალგაზრდებად წარმოაჩინა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ცდუნება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს. მთავარია, არ ავყვეთ მას და მართალ, ჭეშმარიტი ღირებულებების გზაზე ვიაროთ...

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება გაქვთ. საბავშვო სპექტაკლის მსვლელობისას რაიმე უცნაურ ან სახალისო შემთხვევას ხომ არ გაიხსენებთ?

- ერთ-ერთ სპექტაკლში მეზღაპრის როლი მქონდა. პარტერიდან უცებ პატარა ლამაზი გოგონა მომიახლოვდა, თავი დამახრევინა და ჩამჩურჩულა, რომ საპირფარეშოში სურდა... სპექტაკლი შევწყვიტე, გავიყვანე, კაპელდინერს მისი პრობლემის მოგვარება ვთხოვე და მხოლოდ ამის შემდეგ დავუბრუნდი სცენას (იცინის)... გამორჩეულად უშუალოები და თბილები არიან. მათთვის ხომ სამყარო ძალიან ლამაზია, ჩვენი მისია კი - მისი უფრო მკვეთრ ფერებად წარმოჩენაა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლალის საინტერესო სამუშაოსთვის. მსახიობისთვის უფრო მეტად, მუშაობის პროცესია საინტერესო, ვიდრე უკვე ათვისებული როლის განსახიერება.

შორენა ლაბაძე