ხოჯორნული ჩანაწერები - გზაპრესი

ხოჯორნული ჩანაწერები

ლალი მარგიანი მესტიელია, მისი სახლი მესტია-უშგულის გზის პირასაა, ძალიან ახლოს მესტიის მუზეუმთან. არც გაგიკვირდეთ და გაბედულად ვიტყვი, ახლა მესტია ევროპული ყაიდის ქალაქია. ლალიმ ევროპული ყაიდის ქალაქი დატოვა და წავიდა მარნეულის საზღვრისპირა სოფელში. ეს მასწავლებელი იქაა, სადაც პრობლემებია, მშობლიური სახლიდან შორს, მაგრამ ძალიან ბედნიერია, რადგან თავის საქმეს აკეთებს!

გავადევნოთ თვალი ლალი მასწავლებლის ჩანაწერებს და თვალწინ გადაგეშლებათ საზღვრისპირა სოფელი თავისი პრობლემებითა და მომხიბვლელობით.

ჩანაწერი პირველი:

"მარნეულიდან სადახლომდე გზა ნორმალურია და მიკროავტობუსი "მშვიდად" მოძრაობს. აი, სადახლოდან უკვე ტიპური, მოუწყობელი 15-კილომეტრიანი სოფლის გზა იწყება. მძღოლმა იოსიფმა მითხრა, რომ ამ დანგრეულ გზაზე დროც მეტი სჭირდება და საწვავიც. უკვე მესამე გზობაა, მივდივარ "ჩემს" სოფელში, ახალ სახლში, ახალ გარემოში, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვევი. ვფიქრობ, ნამდვილად კარგი უნარი მაქვს ადაპტაციის... მიკროავტობუსში უცხოდ ვგრძნობ თავს. მგზავრები ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ. ყურები დაცქვეტილი მაქვს, მაგრამ აბა, რას გავიგებ?! ვიღაცას რაღაც აქვს საყიდი. ვჩერდებით. ჩამოვდივარ. ცხელა, დუღს ქვეყანა! განზე მდგარი ვაკვირდები ადამიანებს. - მასწავლებელო! - მომმართავენ და მანიშნებენ, რომ ჩასხდომის დროა. რაღაც თბება შიგნით, ვიღიმი: იციან, რომ ახალი მასწავლებელი ვარ! ცოფში (აბრას რუსულად აწერია ცოფი!) შუახნის კაცი ჩადის. ვიდრე ბარგდება, მძღოლი ქლიავის ტოტს დაითრევს და ნაყოფს მთავაზობს. სიამოვნებით მივირთმევ. ჩასული მგზავრიც რამდენიმე მსხმოიარე ტოტს ტეხავს და ფანჯრიდან მაწვდის... ისევ რაღაც თბება შიგნით და სახლამდე გაღიმებული მივდივარ. - თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოთ, ნომერი ხომ გაქვთ, დამირეკეთ! - დამშვიდობებისას მეუბნება მძღოლი...

ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ჩემს მოსწავლეებს და თანაც, მინდა მათ იმ კონკურსზე დაველაპარაკო, რომლის პირობებსაც ინტერნეტში წავაწყდი... მეორე დღეს გაკვეთილზე ბავშვებს ვეკითხები, როგორ გაატარეს დრო და რით იყვნენ დაკავებული შაბათ-კვირას? კარინა მეუბნება, რომ კარტოფილის მოსავალს იღებდა და ძალიან დაიღალა, მაგრამ სკოლაში მაინც მოვიდა. კარინას სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება და დიდი მაღაზიის მენეჯერობა უნდა. სონია ოჯახური საქმეებით იყო დაკავებული და გაკვეთილებიც მოამზადა. ის ნაზი, ფარატინა გოგონაა, ქართულიც ყველაზე უკეთ იცის კლასში. მას ეკონომისტობა სურს. არტაკი სამი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს და ფეხით დადის. დაღლილი სახე აქვს. ჩემს შეკითხვაა ჯერ სომხურად პასუხობს და მიმიკაზე ვხვდები, რომ "არ გამახსენოს" ნიშნავს, მერე ქართულად მეუბნება, დავიღალეო. ანაიტს სტილისტობა უნდა და სომხეთში წასვლას აპირებს პროფესიის დასაუფლებლად. დაბრუნდება თუ არა საქართველოში, ჯერ არ იცის. რუბიკს რუსეთში უცხოვრია, ამიტომ ქართული, სამწუხაროდ, არ ესმის და არც იცის. თანაკლასელები ჩემს შეკითხვებს უთარგმნიან და ვარკვევ, რომ მას პროგრამისტობა უნდა, კომპიუტერი კარგად იცის. ნათელას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა უნდა, მაგრამ სწავლის გაგრძელებაზე ისიც ოცნებობს. ყველაზე მხიარული ბიჭუნა მოსი, წერილობით დავალებას ილუსტრირებულს მაწვდის და ვხვდები, ეს ჩემთვის გააკეთა! აი, მეთორმეტეკლასელები ჩემთან ერთად თქვენც გაიცანით. ახლა კონკურსის შესახებ უნდა ვესაუბრო... მათ პირობები გავაცანი, ინსტრუქცია მივაწოდე და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ბავშვებმა სწორად მიიღეს და გაიგეს, რა უნდა გააკეთონ. კლასი სამად გაიყო. არტაკი და კარინა ინდივიდუალურად იმუშავებენ, დანარჩენები ერთ ჯგუფად. ყველაზე მეტად მახარებს, რომ რუბიკი ხალისით ჩაერთო, რადგან მას დიზაინი და კომპიუტერთან მუშაობა დავავალეთ..."

ჩანაწერი მეორე:

"ხოჯორნელი მეთერთმეტეკლასელები არიან ასევე: ეთერა, ლუსინე, მარტინა, ნელი და სეირანი, რომლის სახელიც მანამ ვერ დავიმახსოვრე, სანამ მოთმინების ფიალაავსებულმა არ მითხრა, სურენი კი არა, სეირანი მქვიაო! ძალიან უნდა, ქართული ისწავლოს და ცდილობს, ყოველდღე სამ-ოთხსიტყვიანი დიალოგით მოიწონოს თავი. მხიარული ბიჭია, უბოროტოდ უციმციმებს თვალები, კეთილია და რაც მთავარია, მშრომელი! მარტინა პატარა, მოცუცქნული გოგონაა. ნამდვილად ბეჯითია, მოწადინებულია გაიუმჯობესოს ქართული ენის ცოდნა. ნელი სულ თვალებში შემოგციცინებს, ზღვისფერი თვალები აქვს და ცდილობს არაფერი გამორჩეს. ეთერა თეთრი, ნათელი სახის გოგოა და ჭკვიანი თვალები აქვს, დაკვირვებული და დინჯია. ძალიან უხდება ღიმილი! ლუსინ - სომხურად მთვარეს ნიშნავს თურმე და როცა ლუსინე იღიმის, შავგვრემანი სახე მთვარესავით უნათდება და თვალებშიც ვარსკვლავები უციმციმებს. ჯერ არ მახსოვს, მოუმზადებელი მოსულიყვნენ!

ქართველი პოეტების ლექსები მოიძიეთ-მეთქი და ანას ლექსები მომიტანეს, ლუსიმ განსხვავებულად - მანანა ჩიტიშვილის. ჩაწერა გადავწყვიტე და არ გამოაქვეყნოთ, მასწავლებელო, დაგვცინებენ, კარგად რომ ვერ ვკითხულობთო. დავამშვიდე, ჩემი მეგობრები არავის დასცინიან და პირიქით, ესიამოვნებათ, გაუხარდებათ-მეთქი... ნათქვამია, ყველა დედას თავისი შვილი მოსწონსო და მეც ყველა ჩემი მოსწავლე, ყოფილიც და ახალიც, ქვეყნად ყველაზე ლამაზი, კარგი და ჭკვიანი მგონია!"

ჩანაწერი მესამე:

"...ჯერ შეგუების ფაზაში ვარ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ვარ. ყოველ პარასკევს მგონია, რომ ვბრუნდები ჩემს საქართველოში, მაგრამ აქაც ხომ ჩემი საქართველოა და თანაც როგორი? ძირძველი, ისტორიული!.. ათიდან ერთ მოსწავლეში რომ გავაღვიძო საქართველო, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია რაღაც დოზით შესრულებულია. ერთადერთი ქართველი ვარ სოფელში, თუმცა გავიგე, რომ ორი ქართველი რძალი ჰყოლიათ, მაგრამ შვილებმა მხოლოდ სკოლაში ნასწავლი ქართული სიტყვები იციან... ამიტომ ვთვლი, რომ ერთადერთი ქართველი ვარ. სამწუხაროდ, მეც რუსულ ენაზე მიწევს მოსახლეობასთან, კოლეგების ნაწილთან კონტაქტი. ეს კია, სოფელში ყველა მცნობს და ცდილობენ, ქართულად მომესალმონ, ღიმილით მხვდებიან. ახალი მისული ვიყავი, ერთმა კოლეგამ სვანეთზე მკითხა და მეორემ რუკაზე მოძებნა. საიდან სად წამოსულხარო, გაუკვირდა. მესამემ მკითხა, გამარჯობა როგორაა სვანურადო? ერთი კვირის შემდეგ შევდივარ სამასწავლებლოში, ვჯდები და უცებ: "ხოჩა ლადაღ" მესმის. მიხარია და ვიცინი ხმამაღლა, მავიწყდება, სად ვარ. არა, ნამდვილად თბილი ხალხია, ყურადღებიანი, სტუმართმოყვარე!"

ჩანაწერი მეოთხე:

"- როგორ მოგწონთ ჩვენი სოფელი, ქალბატონო? - სუფთა ქართული მაფხიზლებს აბურდული ფიქრების გორგლიდან. გაკვირვებული თავს ვაბრუნებ და ასაკოვანი კაცი მიღიმის. რა თქმა უნდა, ვპასუხობ და კითხვას ვუბრუნებ: საიდან ასეთი ქართული? ის მიხსნის, რომ თბილისში ცხოვრობს, მაგრამ სოფელში ზაფხულობით ჩამოდის და შემოდგომამდე რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და უკვე აღარ ვგრძნობ უსაქართველოობას, აქ არის ჩემი საქართველო, აქ, სადაც ხელის გაწვდენაზე მეორე სახელმწიფოს საზღვარია.

უკვე ვიცი აქაურების პრობლემები, უპირველესი და უსაჭიროესი კი წყალია! ეს ბატონიც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ რამდენჯერ დაისვა წყლის საკითხი და ვერ გადაჭრეს. ზამთარში იყინება და სადღაც შორს მდებარე წყაროდან ეზიდება დიდ-პატარა..."

ჩანაწერი მეხუთე:

"ხოჯორნში ტყე არის, მაგრამ უკვე ჩვენი აღარაა ის ტერიტორია, ამიტომ შეშას ძვირად ვყიდულობთ. ადრე ტყეში სოკოს, კენკრას აგროვებდნენ, ყიდდნენ და მცირედი შემოსავალი მაინც ჰქონიათ, საფლავების ნაწილიც იქითაა (მიცვალებულს საზღვარგარეთ ვინ მარხავს!) მოქცეულიო, მაგრამ დღეს ფეხი რომ გადაგიცდეს, საზღვრის დარღვევისთვის დაგიჭერენ და დაგაჯარიმებენო... ეს რომ მოვისმინე, გული მეტკინა, რა იოლად ვვიწროვდებით და ნეტავ, ბოლო რა იქნება?! ღმერთმა არ ქნას, წლების შემდეგ აქაურობაც აღარ იყოს საქართველო..."

ჩანაწერი მეექვსე:

"ეს ბავშვები ისეთი საყვარლები არიან, ერთს რომ გამიღიმებენ, ყველა ტკივილი და დარდი მავიწყდება! აი, მარტუნი, მესამეკლასელი ისე შემომანათებს დიდრონ შავ თვალებს და გამიღიმებს, თან კურდღლის ორ კბილს გამოაჩენს, რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მაშინვე მეხსნება შუბლი. მარიამიც შავგვრემანია, მაგრამ მზეს რომ ხატავენ გაღიმებულს, ისაა ნამდვილად! ანუში და გიორგი ტყუპია. გოგონა მარცხენა ხელით წერს, აუჩქარებლად, მაგრამ ვაღიარებ, ლამაზად. არტური მას შემდეგ, რაც უფროსი და გაუთხოვდა, იშვიათად იღიმის, არადა, მასაც უხდება ღიმილი. პირველკლასელი მილენას დანახვაზე ნამცეცა მახსენდება. მეორეკლასელი მეხაკი "ერალაშის" ბიჭუნას მაგონებს. დაფასთან გამოსულს მარცხენა ხელის საჩვენებელი შუბლთან მიაქვს, ცარციან მარჯვენას გამწარებული იქნევს, სახეს ისე ძაბავს, თითქოს გაუგონარი უნდა გამოიგონოს. ზინას სიმღერა უყვარს, ნარეკი ლიდერია! მეექვსეკლასელ გაგიკს ერთხელ ძმაკაცივით ხელის აწევით მივესალმე და მას მერე ასე მესალმება. რვა გოგონას ეს ერთი ბიჭი ჰყავს კლასში... მეხუთეკლასელი ნარეკი სიმშვიდის, შინაგანი ინტელექტის, დახვეწილი მანერების მქონე ბიჭუნაა. აი, იური კი მისი ანტიპოდია. სულ არ უნდა სწავლა, თუმცა მასწავლებლობის დიდი სურვილი აქვს და უნდა სომხური მასწავლოს. ქართული ასოებით სომხურ წინადადებებს მიწერს... ანი კეკლუცია, სედა - დინჯი, სერიოზული. მეოთხეკლასელებს მოუსვენარი გრიქორი და ემი ჰყავთ, ნარე და ლილითი ხშირად კამათობენ. ვხვდები, დინჯ ნარეს არ მოსწონს ლილითის შენიშვნები. რაც შეეხება შავარშს, მეტად გაწონასწორებულია და ყოველთვის მზადაა სწორი პასუხის გასაცემად...

აზერბაიჯანელ ბავშვებს არ ვასწავლი, მაგრამ დილაობით და შესვენებებზეც პატარები ცდილობენ თავი მომაწონონ, მესალმებიან, მომიკითხავენ ქართულად და თვალები უბრწყინავთ... აქ ეროვნებას და რწმენას საზღვარი არ აქვს, აქ კეთილი თანაცხოვრებაა, საზღვრისპირა სოფელ ხოჯორნში!.."

როლანდ ხოჯანაშვილი