"მანქანა იწვოდა და ჩვენს დახმარებას ვერავინ ბედავდა. მხოლოდ ერთმა ბიჭმა გარისკა" - გზაპრესი

"მანქანა იწვოდა და ჩვენს დახმარებას ვერავინ ბედავდა. მხოლოდ ერთმა ბიჭმა გარისკა"

ზოგჯერ ახლობლებსაც ვერ უმხელს, რა აწუხებს. ცრემლებს არასდროს არავის აჩვენებს და ჰგონიათ, არასდროს ტირის. არადა, საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს 35 წლის გოგოს - სტელა ანდრიუკს. უბედურმა შემთხვევამ მას 30 წლის ასაკში ორივე ფეხი წაართვა და ახლა პროთეზებით სარგებლობს, მაგრამ ამან სიცოცხლე და ადამიანები კიდევ უფრო მეტად შეაყვარა და ბრძოლა ასწავლა... სტელა მშვილდოსნობითაა დაინტერესებული. მასთან შესახვედრად სავარჯიშო დარბაზში მივედი.

- წარმოშობით უკრაინელი ვარ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. მამა ხარკოვიდან არის, საქართველოში საცხოვრებლად დედამისთან ერთად ჩამოსულა და საშვილიშვილოდ დაფუძნებულან აქ. დედაც რუსი მყავს. 6 დედმამიშვილი ვართ - 3 გოგო და 3 ბიჭი. უფროსი მე ვარ, უმცროსი ძმა კი 26 წლისაა. ის ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია, რადგან დედა მუშაობდა, მასზე მე ვზრუნავდი. ჰოდა, დედას მეძახდა და მიუხედავად იმისა, რომ 16 წლისა გავთხოვდი, შვილების გაზრდა არ გამჭირვებია. მე-9 კლასიდან გამოვედი და სწავლა კოლეჯში გავაგრძელე, გინეკოლოგობა მინდოდა, მაგრამ დაოჯახებამ ხელი შემიშალა. მე და ჩემს მეუღლეს, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. 7 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა და ბარემ დამიტოვა (იცინის). მაშინ 16 წლის ვიყავი, ის - 19-ის. თავიდან არ ვუნდოდი მისი ოჯახის წევრებს, რუსია და არ გამოგვადგებაო, მაგრამ ამის მიუხედავად, კარგად მიმიღეს და საკმაოდ თბილი ურთიერთობა მქონდა მათთან ჩემი მეუღლის გარდაცვალებამდე. 30 წლის იყო, ავადმყოფობით რომ დაიღუპა. რთული პერიოდი მქონდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი, როდესაც ჩემს ხელებში დალია სული და ჩვენი შვილები ამ ამბავს შეესწრნენ. ორ პატარასთან ერთად სრულიად მარტო დავრჩი. მაშინ მეორე-მესამე კლასში იყვნენ ბავშვები, ახლა ბიჭი უკვე 18 წლისაა და გოგო - 16-ის. მათთვის დედაც მე ვიყავი და მამაც.

- მერე როგორ გააგრძელე ცხოვრება?

- მეუღლის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი და რესტორანში მიმტანად დავიწყე მუშაობა. თითქმის 24 საათი ვმუშაობდი, ზეზეულად მეძინებოდა. მერე კონსულტანტი ვიყავი ტექნიკის მაღაზიაში. სწორედ ჩემს უფროსთან და მის ნათესავთან (ვიტალი ერქვა იმ ბიჭს და ისიც იქ მუშაობდა) ერთად მოვხვდი ავარიაში.

GzaPress

- სტელა, ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ შეგიძლია გაიხსენო ის დღე?

- იმ ზაფხულს ბავშვები ქობულეთში მყავდა გაშვებული. 26 ივნისს მეც ვაპირებდი წასვლას და წინადღეს, სამსახურიდან წამოსულმა, ბაზრობაზე შევიარე რაღაცების საყიდლად. მეტროდან სახლში ავდიოდი, როცა თანამშრომლებმა დამირეკეს, რესტორანში ვიკრიბებით და შენც წამოდიო. ისე მთხოვეს, უხერხულად ვიგრძენი თავი და წავედი. ბელიაშვილის ქუჩაზე ვიყავით ერთ-ერთ რესტორანში, იქიდან შინ ვბრუნდებოდით, როცა ავარიაში მოვყევით. მძღოლი ნასვამი იყო და თან, დიდი სისწრაფით მიდიოდა. გზაში ჩემმა შვილმა რამდენჯერმე დამირეკა: დედი, სად ხარო? გავუბრაზდი, რა ყოველ წუთში მირეკავ და მკითხულობ, ხომ არ ვკვდები-მეთქი?..

ვიტალიმ მძღოლს უთხრა, ნელა იარე, რატომ ჩქარობო? მეც დავაპირე მანქანიდან გადმოსვლა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი... მოსახვევიდან გამოვარდნილმა ტაქსიმ გზა გადაგვიჭრა, ჩვენმა მძღოლმა საჭე მარცხენა მხარეს მოატრიალა და ელექტროგაყვანილობის ბოძს შეეჯახა. წამებში მოხდა ეს ყველაფერი... რამდენჯერმე გადავტრიალდით, თუმცა გონება არ დამიკარგავს. მივხვდი, ვიწვოდით და მანქანა მალე აფეთქდებოდა. ვფიქრობდი, როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ფეხები წინა სავარძელში მქონდა გაჭედილი. ერთხანს ხელის ტკივილი ვიგრძენი და ეს ტკივილიც მალე გაქრა, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ვნატრობდი, - ღმერთო, ოღონდ გონება არ დავკარგო და გადავრჩე-მეთქი. მანქანა იწვოდა და ჩვენს დახმარებას ვერავინ ბედავდა. მმხოლოდ ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა გარისკა ჩვენამდე მოსვლა. მას შემდეგ, შარშან ვნახე პირველად ის ბიჭი და მიყვებოდა: არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა და გამბედაობა, მანქანის კარი გამოვგლიჯე, პირველად მძღოლი გამოვიყვანე, მერე შენ და მესამის შველა ვეღარ მოვასწარიო. ვიტალი ცოცხლად დაიწვა... მას წინადღეს ჰქონდა დაბადების დღე - 29 წლის გახდა. პატარაობაში მამა ჰყავდა გარდაცვლილი, ობლობაში იყო გაზრდილი. ავარიის წინა საღამოს მითხრა, მამა არასდროს დამსიზმრებია და გუშინ დამესიზმრა, მეძახდა და გავყევიო... რაღაცნაირად, არ მესიამოვნა ეს სიზმარი, მით უფრო, რომ იმ დღეებში მეც ვნახე სიზმარში ჩემი ქმარი და ეს ცუდად მენიშნა: რაღაცაზე ვჩხუბობდით, ხელი დამავლო და ორმოში მაგდებდა. მე ვეჩხუბებოდი, არ მინდოდა არსად წასვლა, ის კი ძალით მიმათრევდა. მერე ვიღაცამ ხელი მომკიდა და იმ ორმოდან ამომიყვანა... ცუდ ხასიათზე დამაყენა ამ სიზმარმა და შეშინებულმა, იმ საღამოს ხატებთან სანთელი დავანთე. დღესაც არ ვიცი, როგორ, ხატს ცეცხლი მოეკიდა...

- სხეულის 55%-იანი დამწვრობა მიიღე. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდი...

- სახე არ დამწვია, მაგრამ მახსოვს, ფეხები მეწვოდა. ის ბიჭი, ვინც მანქანიდან გადმომიყვანა, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე რაღაცებს მეკითხებოდა: რა გქვია, ვის დავურეკოო? მამაჩემის ნომერი ტელეფონში მიწერია-მეთქი, ვუთხარი. ფეხსაცმელი გავიხადე და მამასაც კი დაველაპარაკე ტელეფონით, მერე გავითიშე. ვხედავდი, გვირაბში ვიყავი, მაგრამ ვიღაცები მაგდებდნენ იქიდან... ფეხები სულ დანახშირებული მქონდა. 3 დღის მანძილზე აპარატზე ვიყავი შეერთებული და მაშინ მამასთვის უთქვამთ: ეკლესიაში წადით და ილოცეთო. მესამე დღეს მოვედი გონს. საავადმყოფოში 6 თვე ვიწექი, გადავიტანე 29 ოპერაცია, თუმცა დამწვრობის გამო მაინც ორივე ფეხი დავკარგე. პირველი ოპერაცია ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე გამიკეთეს, ორ აგვისტოს. გარისკეს, რადგან განგრენა მეწყებოდა და დასაკარგიც არაფერი იყო. მახსოვს, მამამ ხელის კანკალით როგორ მოაწერა ხელი რაღაც საბუთებს. თვითონაც ექიმი იყო და კარგად ხვდებოდა, რაც მჭირდა. ტიროდა და ექიმებს ეუბნებოდა, - რამდენადაც შეგიძლიათ, მუხლები გადაურჩინეთო...

- ყველაზე მძაფრად რა დაგამახსოვრდა იმ დღეებიდან?

- დედაჩემთან შეხვედრა. დედამ ის 3 დღე არ იცოდა, რა მჭირდა, უმალავდნენ. ჩემს სანახავად რომ მოვიდა და დავინახე, როგორი არაადამიანური სახე ჰქონდა, დამშვიდება დავუწყე. - არაფერია, დედა, მთავარია, ცოცხალი ვარ-მეთქი, - ვეუბნებოდი წყნარად, არადა, ძლივს ვიკავებდი ცრემლს. ტირილი მინდოდა, მაგრამ როცა ვუყურებდი დედას, ცრემლებს ვყლაპავდი. არ მინდოდა, ვინმეს მოტირალი ვენახე და თუ მაინც ვერ ვერეოდი თავს, ვამბობდი, - ტკივილმა შემაწუხა და ამიტომ ვტირი-მეთქი.

- სტელა, პირველი ოპერაციის შემდეგ გონს რომ მოხვედი და გაიაზრე, რა პრობლემების წინაშე იდექი, როგორ მონახე ძალა ამ ყველაფრის გადასატანად?

- გონს რომ მოვედი, მთელი სხეული მტკიოდა, მუმიასავით ვიყავი დაბინტული. პატარა შეხებაც კი აუტანელ ტკივილს მაგრძნობინებდა. მორფზე გადამიყვანეს. როდესაც ზეწარი გადავიძვრე და დავინახე, ფეხები აღარ მქონდა, ისტერიკაში ჩავვარდი... გულწრფელად გეტყვი, თავის მოკვლაც ვიფიქრე. ექიმი მიმიხვდა განზრახვას და ლექციები მიკითხა: ასე როგორ შეიძლება, სტელა, შეხედე შენებს, რა დღეში არიან და კიდევ ახალ სადარდებელს ნუ დაუმატებო. აი, მაშინ ვიფიქრე: უბრალოდ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო, უნდა ვიცოცხლო, უნდა ვიბრძოლო და არ უნდა დავნებდე! ახლა ვფიქრობ, გამოუსწორებელი შეცდომაა თვითმკვლელობაზე ფიქრი. ერთხელ გავიგე ექიმი ამბობდა ჩემზე, ამას აუცილებლად დასჭირდება ფსიქოლოგიო და ამ სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა. ახლა ზუსტად ვიცი, საკუთარ თავს თვითონ თუ არ უშველი, სხვა ვერავინ დაგეხმარება.

- და დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისათვის, არა?

- ერთადერთი, რაც მინდოდა, ის იყო, რომ მალე დავმდგარიყავი ფეხზე. ადგომა მინდა-მეთქი, დაჟინებით ვიმეორებდი და მეუბნებოდნენ, გიჟი ხარ, ასეთი დამწვრობის შემდეგ როგორ გაივლიო? მხოლოდ მამას სჯეროდა ჩემი. პირველი ოპერაციის შემდეგ მითხრა: რაკი ეს ოპერაცია გადაიტანე, ყველაფერს გაუძლებ და გაივლი კიდეცო. სირთულეებთან გამკლავების ძალა მშობლებმა მომცეს. მამა გააჭაღარავა ჩემზე დარდმა, ჩემი შვილებისთვისაც მტკივნეული იყო ეს ამბავი: ბავშვები თურმე, მთელი თვე ხმას არავის სცემდნენ და აბა, მათ ხომ არ გავუმტყუნებდი იმედს? ჩემმა ბიჭმა მითხრა: დე, მე ყველაზე ძლიერი დედა მყავს და ვიცი, კარგად იქნებიო! აი, ამ სიტყვებმა ძალა მომცა. თან, ყოველ დილას რომ გავიღვიძებდი და მზე აჭყიტებდა, ჩიტების ხმა ან წვიმის წკაპაწკუპი მესმოდა, ასეთ დროს სიცოცხლის წყურვილი ასიათასჯერ მიმძაფრდებოდა. ერთხელ მამამ მაჩვენა ვიდეო, როგორ ცეკვავდა გოგონა პროთეზებით (ეს გოგონა ამელია მიშელ პურდი იყო, ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პარაოლიმპიელი, ჩემპიონი სნოუბორდში) და მითხრა: არ დანებდე, ვიცი, შეძლებ და შენც ასე იცეკვებო! ერთ დღეს ფეხების ამოძრავება შევძელი - ავწიე, ჩამოვწიე. მთელი ღამე ვივარჯიშე და დილით მამას რომ ვაჩვენე, რისი გაკეთება შემეძლო, კაცმა სიხარულისგან ტირილი დაიწყო: ვიცოდი, რომ ძლიერი გოგო მყავდიო. იმ დღეს ექთანს ვუთხარი, რომ დაჯდომა მინდოდა. პატარა ბავშვივით ვყირაობდი აქეთ-იქით. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ წუთითაც აღარ მომისვენია, სულ ვმოძრაობდი, ვვარჯიშობდი და კანმაც უკეთესად დაიწყო შეხორცება. არც დავაცადე ბოლომდე მოშუშება და პროთეზების გაკეთება მოვინდომე. ეტლი არ დამჭირდა, ისე გავიარე...

სხვათა შორის, თანამედროვე პროთეზები ძალიან ძვირი ღირს - 8.000 ლარი ჯდება. სილიკონი, რომელიც წესით, ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალო, 950 დოლარი ღირს. თანაც, შეკვეთით უნდა ჩამოატანინო გერმანიიდან. ექვს თვეს კი არა, წელიწადსაც ვატარებ სილიკონებს, რადგან მიჭირს წელიწადში ორჯერ 950 დოლარის გადახდა. იქნებ სახელმწიფომ გაითვალისწინოს ჩემი და ჩემს დღეში მყოფთა ბედი. პროთეზების გარეშე კი უნდა ჩავჯდე ეტლში და დამოუკიდებლად ქუჩაშიც ვერ გავალ.

- სტელა, ამჟამად რას საქმიანობ?

- მშვილდოსნობით ვარ დაკავებული. ჯერჯერობით, სუსტი ხელი მაქვს და შეჯიბრებებზე ვერ გავდივარ. სამსახურზე კი უკვე ჩავიქნიე ხელი, არადა, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მხოლოდ დიდ მანძილს ვერ გავივლი, აი, ამაში ვარ შეზღუდული, მაგრამ მაინც არავის ვჭირდები. ხშირად გამიგონია ქუჩაში: ვაიმე, საწყალი, როგორი ახალგაზრდა და ლამაზია, არადა, პროთეზებით დადისო. მათმა ასეთმა დამოკიდებულებამაც მაიძულა, ფეხზე დავმდგარიყავი. ახლა უკვე აღარ ვმალავ პროთეზებს და თუ ვინმე მაშტერდება, სიცილით ვეუბნები: რატომ მიყურებ, ტერმინატორი ვარ-მეთქი?..

- ბოლოს ისიც მითხარი, ვინც საჭესთან იჯდა, მას თუ აპატიე?

- თავიდან მისი დანახვაც არ მინდოდა. მოდიოდა ჩემს სანახავად, უხერხულად გრძნობდა თავს... მერე შემეცოდა. რამხელა ცოდვა დაიდო - მის გამო მოკვდა ვიტალი და მისი წყალობით მეც ცუდ დღეში ჩავვარდი. თავისი დარდიც ეყოფა-მეთქი, ვიფიქრე. ცოლ-შვილი ჰყავდა და ამიტომაც არ ვუჩივლე. როგორც კი ხელი მოვაწერე საბუთს, რომ არანაირი პრეტენზია არ მქონდა, მაშინვე დაიკარგა. მე გავითვალისწინე მისი გაჭირვება, მან კი - არა. მითხრა: შენს თავს თვითონ მიხედე და თუ გინდა, სამსახურში დაბრუნდიო, მაგრამ იქ ვერაფრით დავბრუნდები. იმ ადგილას როცა ვხვდები, ყველაფერი კადრებივით ჩამირბენს ხოლმე თვალწინ და ძალიან ვიტანჯები!..

ნინო ჯავახიშვილი